რჩეული წიგნები

ნესტან ნენე კვინიკაძისგან

10.12.2021

ცუდი  დრო  პოეზიისთვის

ბერტოლდ  ბრეხტი

მთარგმნელი: ზვიად რატიანი

გამომცემლობა  მელანი

მრავალმხრივ და ხელოვნების ფუნქციის გარდამქმნელ ბერტოლდ ბრეხტს, ჩვენში, მეტწილად, „კავკასიური ცარცის წრით“ და 1990-იანი წლების ბოლოს, თეტრალურ სარდაფში გათამაშებული „სამგროშიანი ოპერით“ იცნობენ.

როგორც ამ გამოცემის, წინასიტყვაობაში წერს ლუკა ნახუცრიშვილი,  შესაძლოა, ცივი წყლის გადასხმასავით გამომაფხიზლებელი იყოს წინამდებარე კრებულისთვის შერჩეული ლექსები, რადგან ისინი დაშორებულია რიტმისა და რითმის კლასიკურ სტანდარტებს და ერთგვარი უსამკაულობა ახასიათებს.

ბრეხტი წერს: „ეს ხე არც ისე ლამაზია, რადგან თავად ნიადაგია უვარგისი“.  ასე, თითქოს, ნიადაგამდე და ძვლამდე ჩადის ავტორი.

„თუ ბრეხტის პოეზია უსტილოა, ეს უსტილობა მეთოდურია. მეთოდი კი იმაში მდგომარეობს, რომ ლამაზი ხის ესთეტიზაციის ნაცვლად, მკითხველი ხის ქვეშ, უვარგისი ნიადაგის სანახავად მიიყვანო“.

ამას ბრეხტი ყოფით ენასთან სიახლოვით და ტრადიციული ლირიკული „მეს“ დემონტაჟით ახერხებს.

ლუკა ნახუცრიშვილს ჰანა არენდტის ზუსტი შენიშვნაც მოჰყავს, ბრეხტის შემოქმედების ლაიტმოტივს წარმოადგენს კიდევაც ცდუნება, იყო კეთილი ისეთ სამყაროსა და გარემო-პირობებში, რომლებიც სიკეთეს შეუძლებელს ხდიან.

ეს კრებეული სიკეთის არსებობის შესაძლებლობაში ვარჯიშია, ასევე,იმის მტკიცებულება, რომ პოეზიისთვის კარგი დრო არ არსებობს.

„უახლესი ანტენები გადმოსცემენ უძველეს ბოდვებს. სიბრძნე კი ვრცელდება ისევ ჩურჩულით“.

ოსკარ  უაოს  უჩვეულო  და  ხანმოკლე  ცხოვრება

ჯუნოუ  დიაზი

მთარგმნელი: თამარ  ჯაფარიძე

გამომცემლობა  პალიტრა L

ჯუნოუ დიაზის „ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრებას“  2008 წელს პულიცერის პრემია მიენიჭა.  „ბიბისი“-ს გამოკითხვით, ის კრიტიკოსთა მიერ ახალი ათასწლეულის საუკეთესო რომანადაა აღიარებული. 

ეს ტექსტი  ისტორიის, სამეცნიერო ფანტასტიკის და მაგიური რეალიზმის ერთობლიობას წარმოადგენს.

ოსკარ უაო  თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი გმირია, კომპიუტერული თამაშების მოყვარული, კეთილი, ჩაკეტილი და გარიყული. ჭარბწონიანი დომინიკელი ემიგრანტი, რომელიც გატაცებულია ფენტეზით  და კომიქსებით, ოთახშია გამოკეტილი, ოცნებობს სამეცნიერო – ფანტასტიკური რომანის დაწერაზე  და  საყვარელ გოგონებთან ურთიერთობაზე, რაც მეტისმეტად რთული აღმოჩნდება მისთვის.

ეს, მრავალფეროვანი რომანის მხოლოდ ერთი პლასტია. ტექსტი  დე ლეონების ოჯახის სამი თაობის პერიოდს ფარავს, 1944-1946 აბელარი, 1955-1962 ბელი და 1974 – 1995 ოსკარი.

მწერალმა ბნელი გარემო და ირონიული ინტონაცია შეარჩია დიქტატორ ტრუხილიოს მსხვერპლთა უმძიმესი ამბების მოსაყოლად.

ნიუ ჯერსი და დომინიკის რესპუბლიკა მთავარი სცენებია.  ამ სცენაზე

ნარატორი და პროცესებზე დამკვირვებელი  ჯუნიორია – დომინიკელი მაჩო, რომელიც, სავარაუდოდ ამ ისტორიის  მოყოლით, ოსკარის და ოსკარის დის მიმართ ჩადენილ დანაშაულს ინანიებს.

ოსკარის და, ლოლა  დედის სასტიკი ძალადობისაგან დასახსნელად სახლიდან შორს გაქცევაზე ოცნებობს; თუმცა თავად დედაც, ბელი ძალადობის მსხვერპლია. ისე, როგორც ოსკარის და ლოლას ბაბუა.

დიქტატორი ტრუხილიო დარწმუნებული იყო, რომ დომინიკის რესპუბლიკაში ყველა ქალი და პატარა გოგო მისი საკუთრებაა. მამას, რომელიც ოჯახში ქალიშვილს დამალავდა, რვაზვიგენიან აბაზანაში ბანაობას აიძულებდნენ.

ქალიშვილების გადარჩენას შეეწირება აბელარიც.

ალბერ კამიუ და რენე შარი

მიმოწერა

მთარგმნელი: ქეთევან კოკოზაშვილი

ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა

პირადი მიმოწერის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული წიგნი, სადაც ალბერ კამიუს და რენე შარის 13 წლიანი მიმოწერის მასალაა შემონახული, 180-ზე მეტ წერილს აერთიანებს.

მათ მეგობრობას უცნაურად აღიქვამდნენ, რადგან მიიჩნეოდა, რომ ისინი განსხვავებულ კულტურებს და მემკვიდრეობას წარმოადგენენ. რენე შარი მდინარეების ადამიანია, კამიუ – სანაპიროების.

ტემპერამენტით და ლიტერატურული სივრცეებით დაშორებულები, მაინც ერთნი იყვნენ. დიალოგებმა და მეგობრობამ, ერთგვარად, დახვეწა და ერთ სულად აქცია ორი ადამიანი.

ამ მიმოწერაში ინტიმური და ღრმა გრძნობებია: გულახდილობა; ჩივილები, ვის რა სტკივა; ცუდად ყოფნა; გულისტკენა „ამბოხებული ადამიანის“ კრიტიკის გამო; კონკრეტული ნაწარმოების სათაურზე მსჯელობა;  „ანუველ რევიუ ფრანსეზის“ სექტემბრის ნომერზე ქილიკი; პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხების დეტალური განხილვა.

ისინი ზოგჯერ იშვიათად წერენ ერთმანეთს, ზოგჯერ ძალიან ხშირად.

გარდა ისტორიული, თუ ბიოგრაფიული მნიშვნელობისა, წერილები საოცრად ატმოსფერულია, იქ გეოგრაფიული კალეიდოსკოპი იშლება.

მთელი სერიაა, სადაც კამიუ რენე შარს, მის საცხოვრებელთან ახლოს სახლების შერჩევას სთხოვს.

„ვფიქრობ, ჩვენი ძმობა უფრო ღრმად წავა, ვიდრე გვგონია და ვიდრე ვგრძნობთ“, წერს რენე შარი. „უეცრად ვგრძნობთ, რომ ვიღაც ვართ“, – ვკითხულობთ კამის წერილში.

ცხადია, მიმოწერა და მეგობრობა 1960 წლის 4 იანვრამდე გაგრძელდა, თუმცა ეს წერილები იმის დასტურია, რომ განსაკუთრებული ურთიერთობა არც ალბერ კამიუს დაღუპვის შემდეგ დასრულდებოდა.

ალბერმა და რენემ, თავის დროზე ეს მეგობრობა განთიადს შეადარეს.

მათი ურთიერთობა ძალიან ჰგავდა დღის მონაკვეთის ამ იდუმალ და საჩუქარივით ძვირფას წუთებს, განთიადს;  და ამ განთიადში მათ ისიც შეძლეს, რომ სხეულის ერთი ნაწილით ბრძოლის ველზე, დემონსტრაციებზე ყოფილიყვნენ და მეორე ნაწილს პროვანსულ სოფლებში, ან ალჟირულ საღამოებში ბრწყინვალე შემოქმედებითობით ესუნთქა.

საკუთარი ნახატი

ქრისტინე კაკაბაძე, ნეო ბარისაშვილი და ნინო ძანძავა

გამომცემლობა  მელანი

საკუთარი ნახატი უჩვეულო ექსპერიმენტია, როდესაც ტექსტი ხდება ილუსტრაციის კომენტარი.

დედების, შვილების და ორი მეგობრის დამოუკიდებლად შექმნილი ნიმუშები ჩვენი ცუდად და ზოგჯერ კარგად ყოფნის საერთო ილუსტრაციაა. ახალგაზრდა ქალების მდგომარეობის ზუსტი, მგრძნობიარე და შთამბეჭდავი გადმოცემა განსაკუთრებულად ზემოქმედებს.

მხატვარ ქრისტინე კაკაბაძის ნამუშევრებს და მინაწერს მიუყვები, მაგრამ საკუთარ თავს პოულობ, რადგან ჩვენ ერთნაირად ვშფოთავთ, ერთნაირად ვდარდობთ ძილის წინ მოუთხრობელი ზღაპრის გამო, ერთნაირად დაძაბულები ვაკონტროლებთ წვნიანის ჩამონათვალს, საწერ ბადეში მოხაზულ ასოებს ხან ალმაცერად, ხან სიხარულით შევცქერით…

ამ ექსპოზიციას მედიტაციური მოქმედების ძალა აქვს. ის საკუთარ თავში მივიწყებული ადგილების მოხილვაში გეხმარება.

რაც უფრო შორს მიდიხარ, მეტი სირთულე გხვდება. ქრისტინეს სივრციდან, ნინო ძანძავას სივრცეში ინაცვლებ, 3-4 გვერდში ჩატეულია ერთი ადამიანის რთული და ტკივილით სავსე ბიოგრაფია. თუმცა, ცალსახად ბიოგრაფიასაც ვერ უწოდებ. სწორედ ესაა საინტერესო. ძველი გრძნობები უახლესი ჭურჭლით აღწევს ჩვენამდე.

კინომცოდნის და არაერთი მნიშვნელოვანი გამოცემის ავტორის, ნინო ძანძავას მოყოლილ ამბავს, საკუთარი სივრცის ძებნის პროცესს სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში, თან სდევს წამლეკავი სიმძაფრის ისტორიები, რომლებიც მოჩვენებებივით კივიან ტექსტში.

ამ მოგონებებს, ამ ილუსტრაციებს, რომელსაც ნინო ძანძავას შვილი ნეო მოხაზავს და დედას გასაფერადებლად გაუწვდის, პანდემია განსაზღვრავს.

ყველანი ცუდად ვართ ნარატორის მსგავსად და იმ დიდ ტკივილებს, ადამიანების სიკვდილს, სამსახურების დაკარგვას, ზოგისთვის შიმშილს და ზოგისთვის ღრმა დეპრესიას, ბავშვები ფლომასტერებით, პასტელებით და ფანქრებით დაუპირისპირდებიან. ჩაკეტილ სამყაროს ნამუშევრით უპასუხებენ.

ბიჭი ჩვენი კლასის ბოლო მერხზე

ონჯალი რაუფი

მთარგმნელი: მაია წითაძე

სულაკაურის  გამომცემლობა

„ბიჭი ჩვენი კლასის ბოლო მერხზე“  ბავშვის პერსპექტივიდან ლტოლვილთა კრიზისის შესახებ იუმორით და გულით მოყოლილი ამბავია.

ალექსას კლასში, ბოლო მერხთან, დიდხანს იდგა ცარიელი სკამი. ახლა იქ ახალი მოსწავლე, აჰმეტი ზის. ის ცხრა წლისაა (როგორც დანარჩენები), მაგრამ ძალიან უცნაური ბიჭია – არავის ელაპარაკება, არც იღიმება. მალე თანაკლასელები მასზე სიმართლეს იგებენ: აჰმეტი სულაც არ არის უცნაური. ის ლტოლვილია, რომელიც ნამდვილ ომს გამოექცა – ვკითხულობთ ანოტაციაში.

ალექსა, ჯოზი, მაიკლი და ტომი რაც უფრო მეტს იგებენ ახალი თანაკლასელის შესახებ, მით უფრო უძლიერდებათ სურვილი, მას ოჯახის პოვნაში დაეხმარონ.

მეგობრობის, სიკეთის, მგრძნობელობის ეს ერთგავრი გაკვეთილი, ბავშვებში ემპათიის განცდას განაპირობებს.

ავტორმა ლტოლვითა ბანაკებში მუშაობის გამოცდილება ტექსტად აქცია და საბავშვო ლიტერატურას, მოზარდებისთვის გასაგები ენით დაწერილი კიდევ ერთი იმედისმომცემი და აუცილებელი წიგნი შემატა.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top