BERNARDO BERTOLUCCI

იტალიური კინოს უკანასკნელი იმპერატორი

© JORDI SOCIAS

ვიდრე ხელოვნება არსებობს, ყოველთვის იარსებებს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ხელოვანთა კლასიფიკაცია გამართლებულია და რომ ვიღაცა ვიღაცაზე უკეთესია, მნიშვნელოვანია, ან უფრო გავლენიანი. დიდი იტალიელი კინორეჟისორის, ბერნარდო ბერტოლუჩის შემთხვევაში, ამგვარი კლასიფიკაცია საჭირო არც არის, ის უბრალოდ დიდი ხელოვანია.

როგორც არ უნდა შევაფასოთ ბერტოლუჩის მრავალფეროვანი და იდეოლოგიური წინააღმდეგობებით აღსავსე შემოქმედება (უტოპიურ-სოციალისტური და ანტიფაშისტური შეხედულებებით დაწყებული, ფსიქოანალიზით გაზავებული მარქსიზმით დამთავრებული), ის ყოველთვის დიდ რეჟისორთა შორის იქნება – როსელინი, დე სიკა, ვისკონტი, ფელინი, ანტონიონი, პაზოლინი… ასე რომ, გინდა ამ საპატიო სიის თავში მოვაქციოთ, გინდა ბოლოში, ის მაინც იტალიური კინოს ერთ-ერთი უკანასკნელი იმპერატორია!

ბერნარდო ბერტოლუჩი რომში, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო ათი წლის განმავლობაში ის ბევრს ავადმყოფობდა და ცოტა ფილმს იღებდა. ამდენად, ზოგჯერ უხერხული და უადგილო შეკითხვებისთვის კრიტიკოსებს მიზეზი ჰქონდათ: ჯერ კიდევ ფილმს იღებთ? ისევ მემარცხენე მეოცნებებზე?  

ახალგაზრდობაში პოეზიით იყო გატაცებული და რამდენიმე კრებულიც გამოსცა, თუმცა პიერ-პაოლო პაზოლინისთან შეხვედრამ მასზე უდიდესი გავლენა მოახდინა და ფილოსოფიის ფაკულტეტის (სადაც სწავლობდა) სტუდენტის გეგმები რადიკალურად შეიცვალა. პაზოლინიმ ის „აკატონეს“ გადაღებაზე ასისტენტად აიყვანა და ბუნებრივია, ბერტოლუჩის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმებში, რომელიც 60-იანი წლების დასაწყისში გადაიღო – „კოჭლი ნათლია“ და „რევოლუციის წინ“, მისი გავლენა შესამჩნევი და საგრძნობია. თუმცა არც „ფრანგული „ახალი ტალღის“ პოეზიის დავიწყება შეიძლება.

ბერტოლუჩის ხელწერა შესამჩნევად იცვლება და იხვეწება მომდევნო ფილმში „ობობას სტრატეგია“ (1968, ბორხესის მოთხრობის მიხედვით) და განსაკუთრებით, ფილმში „კონფორმისტი“ (1970), რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. პაზოლინის გავლენისა და გოდარის „ნერვული მონტაჟისგან“ უკვე სრულიად გათავისუფლებული რეჟისორი ეპიკურ, მძაფრ და პოლიტიკურ თხრობას ირჩევს, სადაც სექსუალური პერვერსიები განსაკუთრებულ ფონს ქმნის პიროვნების დახასიათებისათვის ფაშისტურ იტალიაში.

ორივე ფილმში ანტიფაშისტური თემები განსაკუთრებით მძაფრია.  პირველ შემთხვევაში ის გარითმულია სოციალურ და პოლიტიკურ  დრამასთან (მთავარი გმირი, ათოს მანიანი თავის მეგობრებთან ერთად, მუსოლინიზე თავდასხმას გეგმავს), ხოლო „კონფორმისტში“ – არისტოკრატიის მანკიერებასთან და პარალელურად, მთავარი გმირის, მარჩელო კლერიჩის სექსუალურ ტრავმებთან (მთავარ როლში ჟან-ლუი ტრენტინიანი). 

ფილმს კრიტიკოსთა აღფრთოვანება მოჰყვა, ხოლო 1971 წელს იტალიის უმაღლესი კინემატოგრაფიული ჯილდოთი – „დონატელოს დავითით“ დააჯილდოვეს. ალბერტო მორავიას რომანის სრულიად ახლებურმა ადაპტაციამ, დახვეწილმა რეჟისურამ, ოპერატორ ვიტორიო სტორაროს ბრწყინვალე ნამუშევარმა და მსახიობთა შესანიშნავმა ანსამბლმა (ტრენტინიანის გარდა ფილმში მონაწილეობენ სტეფანია სანდრელი,  დომინიკ სანდა, ენცო ტარაშო) განაპირობა კიდეც „კონფორმისტის“ უდიდესი წარმატება. ფილმის პრემიერა დასავლეთ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც მას კრიტიკოსთა და ჟურნალისტთა სპეციალური პრიზი გადაეცა.   

უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კინოგაქირავებაში ბერტოლუჩის ამ ფილმს ცენზურის გამო ნამდვილად არ გაუმართლა. ჯერ ერთი, ეკრანებზე ის რატომღაც შავ-თეთრი გადიოდა, მეორეც -მარჩერლო კლერიჩის ჰომოსექსუალური შინაარსის ეპიზოდები ფილმიდან საერთოდ ამოიღეს! ამის გამო რეჟისორმა საერთაშორისო დონეზე მძაფრი პროტესტი განაცხადა და მოითხოვა მისი ფილმი საერთოდ ამოეღოთ საბჭოთა კინოგაქირავებიდან, თუმცა ამ პროტესტმა შედეგი არ გამოიღო. მხოლოდ „პერესტროიკის“ შემდეგ, უკვე 80-იანი წლების ბოლოს მიეცა მაყურებელს საშუალება „კონფორმისტი“ სრული ვერსიით და ფერადად ენახა. 

ბერტოლუჩის თანამშრომლობა ვიტორიო სტორაროსთან კვლავაც გაგრძელდა მის მომდევნო და ყველაზე სკანდალურ ფილმში „უკანასკნელი ტანგო პარიზში“ (1972), სადაც რეჟისორმა მთავარ როლზე მარლონ ბრანდო მიიწვია, ხოლო მის საყვარელ ახალგაზრდა ქალს – ჟანას, მარია შნაიდერი ანსახიერებდა. ფილმის ბრწინვალე გამომსახველობას ერთად (ოპერატორი – ვიტორიო სტორარო, მხატვარი – ფრენსის ბეკონი) ძალიან მნიშვნელოვანია კომპოზიტორ გატო ბარბიერის მუსიკა, რომელიც ფილმში წარმოუდგენლად მგრძნობიარე და ხატოვან ატმოსფეროს ქმნის. თუმცა ყველაზე სკანდალური მაინც პოლის მიერ ჟანას გაუპატიურების ცნობილი ეპიზოდია, რომელიც როგორც წლების შემდეგ რეჟისორთან ინტერვიუში გაირკვა, სრული იმპროვიზაცია იყო და რომელმაც მას ბევჯერ შეუქმნა უხერხულობა, განსაკუთრებით ქალთა უფლებების დამცველთა მხრიდან. 

შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო ფილმი „მეოცე საუკუნე“ (1976) ერთგვარად, Оpus magnum აღმოჩნდა რეჟისორისათვის, რომელშიც ასევე მსახიობთა მთელი თანავარსკვლავედი მონაწილეობს (რობერტ დე ნირო, ჟერარ დეპარდიე, დონალდ საზერლენდი, დომინიკ სანდა, ლაურა ბეტი, ბერტ ლანკასტერი, სტეფანია სანდრელი, ალიდა ვალი…). 

ეს არის ხუთსაათიანი, ეპიკური ტილო მეოცე საუკუნის იტალიაზე, რომელიც იწყება ვერდის სიკვდილით, ანუ 1901 წლით და მთავრდება 70-იანი წლების სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებებით. ორი მთავარი გმირისა და თანატოლის – ალფრედოსა (დე ნირო) და ოლმოს (დეპარდიე) ურთიერთობის ფონზე ჩაივლის მთელი მეოცე საუკუნე თავისი კატაკლიზმებით, ფაშიზმითა და სოციალიზმით, გლეხებსა და მიწათმფლობელებს შორის ბრძოლით, პოლიტიკური და პოეტური მეტაფორების დაპირისპირებით. ამ ფილმშიც გვაოცებს ვიტორიო სტორაროს კამერის მზერა, მასშტაბი, მზით განათებული ველებით, დახვეწილი ინტერიერებითა თუ სოფლის პეიზაჟებით.  

ტრიუმფალური „მეოცე საუკუნის“ შემდეგ ბერტოლუჩი რთულ და ბევრისათვის დამაბნეველ, მოულოდნელ და ფსიქოანალიზით გაჯერებულ „მთვარეს“ იღებს, რომელშიც ჩატეულია ანტიკური ტრაგედიის თემებიც, დედა-შვილის ინცესტიც, ვერდის ოპერაც და სკეიტზე მოსრიალე თინეიჯერებიც. ნარკომანი ჯოსა და დედამისის (ჯილ კლაიბერგი, რომელიც ცნობილი ოპერის მომღერალს თამაშობს) დაძაბული, რთული ურთიერთობა იწყება ერთდროულად ამერიკასა და იტალიაში და მთავრდება საოპერო მუსიკის ფესტივალზე, სადაც ჯო მამას „აღმოაჩენს“ და შემდეგ დედას შეურიგდება. თანაც, ეს ყველაფერი ვერდის მუსიკის ფონზე ხდება.

საერთოდ, ჯუზეპე ვერდის მუსიკას ბერტოლუჩის  შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ჯერ კიდევ ფილმში „რევოლუციის შემდეგ“ ვრცელი ეპიზოდია გამოყენებული ვერდის ოპერიდან „მაკბეტი“, რომელსაც პარმის ოპერაში მთავარი გმირები ესწრებიან. ბერტოლუჩი სწორედ პარმაში დაიბადა და ვერდის მუსიკას პირველად ამ ცნობილი ქალაქის ოპერაში ეზიარა. ასევე, „ობობას სტრატეგიას“ მთავარ თემად გასდევს „რიგოლეტოს“ მუსიკა და არიები, ხოლო ფილმი „მეოცე საუკუნე“ პირდაპირ იწყება ვერდის მუსიკითა და სიტყვებით – „ვერდი მოკვდა, ვერდი მოკვდა!“ რაც შეეხება „მთვარეს“, აქ ჟღერს „ტრუბადური“ და „ბალ-მასკარადი“, ხოლო ფილმის ფინალში მთელი ეპიზოდია წარმოდგენილი ასევე „ბალ-მასკარადის“ ფინალიდან, სადაც ამელიას პარტიას სახელოვანი სოპრანო, მარტინა აროიო მღერის. 

„მთვარის“ ინცესტური „დაბნელების“ ფაზიდან ბერტოლუჩი შეეცადა სოციალური სატირის დახმარებით გამოსულიყო და გადაიღო ფილმი „სასაცილო კაცის ტრაგედია“ (1981), რომელშიც მთავარ როლს ცნობილი იტალიელი მსახიობი უგო ტონიაცი ასრულებს. ფილმი ნამდვილად არის  მის შემოქმედებაში განსაკუთრებით გამორჩეული, თუმცა უნდა ითქვას, რომ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის უგო ტონიაცის სპეციალური პრიზი გადაეცა.

კადრები ფილმიდან „კონფორმისტი“. რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდგ ბერტოლუჩიმ დაიბრუნა ეპიკური სუნთქვა და მასშტაბი – გადაიღო თავის შემოქმედებაში ყველაზე წარმატებული, „ოსკარებით“ დახუნძლული ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმი ჩინეთის უკანასკნელ იმპერატორზე.  ეს რაღაცით გავდა დაბრუნებას „მეოცე საუკუნის“ ეპიკურ და პოეტურ სტილთან, ოღონდ აღმოსავლური ორიენტირების გათვალისწინებით. ერთმანეთს შეერწყა ევროპელი რეჟისორის გარინდებული მზერა და მოახლოებული ჩინური რევოლუციის საშიში სიჩუმე, ანუ ახალი და ძველი დროების სუნთქვა, მასების ამბოხი და იმპერატორთა ქალაქის ხელუხლებელი მისტიკა, გრანდიოზულობა და სიფაქიზე. ფილმმა 1988 წელს რვა „ოსკარი“ დაიმსახურა, მათ შორის საუკეთესო ფილმის, რეჟისურისა და სცენარისათვის. მოკლედ, ეს გლობალიზმის ნამდვილი გამარჯვება იყო, რადგან ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარებით“ აავსო იტალიელი რეჟისორი, რომელმაც  ჩინეთში გადაიღო ფილმი.

უკვე ასაკოვანო რეჟისორი  90-იანი წლების დასაწყისში პოლ ბოულზის რომანის მიხედვით აფრიკაში იღებს ფილმს „გახლეჩილი ცა“ (ჯონ მალკოვიჩისა და დებორა უინგერის მონაწილეობით); შემდეგ ნეპალში ერთგვარი ბუდისტური გამონათება-განწმენდას ცდილობს ფილმში „პატარა ბუდა“ (მთავარ როლში კიანუ რივზი) და მრავალწლიანი „ხეტიალის“ შემდეგ ისევ მშობლიურ იტალიას უბრუნდება, სადაც 1996 წელს იღებს ფილმს „მოპარული სილამაზე“. მთავარ როლში ულამაზესი ლივ ტაილერი, რომელსაც ჯერემი აირონსი, სტეფანია სანდრელი და უხუცესი ჟან მარეც კი ეტრფიან. მიუხედავად ნაწვალები სილამაზისა, რომელსაც ბერტოლუჩი რეჟისორული კლასის წყალობით მაინც ახერხებს, მთელი ფილმი იმის მოლოდინში ვართ, როდის დაკარგავს მშობლიურ ტოსკანაში დაბრუნებული ლივ ტაილერის გმირი ვენახში ქალწულობას და პრინციპში, „მოპარული სილამაზეც“ სწორედ აქ მთავრდება.

ახალგაზრდობითა და სილამაზით ტკბობა ერთგვარად, გაგრძელდება ბოლო პერიოდის ყველაზე პოეტურ და ვნებებით გაჯერებულ ფილმში „მეოცნებენი“ (2003), რომელიც მეოცე საუკუნის 60-იანი წლების რევოლუციურ პარიზს ეძღვნება. უცნაური „პა-დე-ტრუა“ (ფრანგი და-ძმა და ამერიკელი სტუდენტი ბიჭი) გვაბრუნებენ რეჟისორის ოცნებებთან და მისი ახაგაზრდობის საუკეთესო წლებთან. ეს მარტო წითელი დროშების ფრიალი, ფრანგულ სინემატეკში სიარული, ან აბაზანაში ერთმანეთის სხეულების კვლევა-ძიება არ არის, ეს გარდასული ევროპული ესთეტიზმის ნაშთების აღმოჩენაცაა, რომელთა აჩრდილები დღესაც დაძრწიან პარიზში. 

გახსენება წარსულსა და გლოვა „მოპარულ სილამაზეზე“ ისევ იგრძობა ათი წლის ინტერვალით გადაღებულ, ძალიან უბრალო და ვიტყოდი, „უმტკივნეულო“ ინცესტით გაფერადებულ ფილმში „შენ და მე“, რომელიც ბერტოლუჩის ბოლო ნამუშევარია. მოზარდისა და მისი ნარკომანი ნახევარ-დის ამბავი არც დაკარგულ სილამაზეს წააგავს, არც მთლად ინცესტს და არც 1968 წლის თაობის გოგო-ბიჭების პროტესტს. უფრო უბრალო სიყვარულის გახსენებას გავს, რადგან ნამდვლი და დიდი გრძნობა უკვე წავიდა!

დავით ბუხრიკიძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top