26.11.2023
თანამედროვე სამყარო აწესებს განსხვავებულად ყოფნის ვალდებულებას. „იყავი გამორჩეული“ ნიშნავს გამიჯვნას, გამოცალკევებას, საკუთარ ორბიტაში გამოკეტვას, რაც დაგაჯერებს (ამისთვის მღერიან, ცეკვავენ და ტირიან ვარსკვლავები) რომ „ყველაზე მაგარი“ ხარ. ასეთ სამყაროში მრავალფეროვნება თვითმიზანია. მეორე მხრივ, სწორედ გლობალური ინდუსტრიები აქრობენ კულტურულ მრავალფეროვნებას, სანაცვლოდ კი ხელოვნური მრავალფეროვნების აჩრდილებს ქმნიან გენდერული კატეგორიებითა და ქვეკატეგორიებით, მენტალური აშლილობების სულ უფრო მზარდი ჩამონათვალითა (რაც მხოლოდ და მხოლოდ ამ ინდუსტრიების ბრალია) და მულტიკულტურალიზმის ბუნდოვანი იდეებით. ინდივიდმა თავი არა ფართო საზოგადოების, არამედ მცირე ჯგუფის წევრად უნდა იგრძნოს. მულტიკულტურალიზმი ნიშნავს კულტურებს შორის საზღვრების დაწესებას და არა დიალოგს.
კულტურათა დიალოგს არ ესაჭიროება ადამიანთა რელოკაცია, ის ბუნებრივად, ძირითადად ხელოვნების საშუალებით მიმდინარეობს. ადამიანთა განსახლებაში თანამედროვე ტიპის ბიუროკრატიის მოტივებში ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკა ამოიკითხება. 87 წლის ლეგენდარული რეჟისორის კენ ლოუჩის უკანასკნელ და შესაძლოა მართლაც ბოლო ფილმში „ბებერი მუხა“ (The Old Oak) მღელვარებისა და დაპირისპირების მიზეზი ინგლისის ერთ-ერთ პატარა ქალაქში სირიელი ლტოლვილების ჯგუფის ჩასახლება ხდება.
სახელმწიფო უზრუნველყოფს მიგრანტების რელოკაციას, მაგრამ ამავდროულად არ ღელავს ამ ადამიანების ღირსეულ ცხოვრებაზე. სახელმწიფო არ ღელავს საკუთარ მოქალაქეებზეც. ერთ-ერთ ეპიზოდში ფილმის მთავარი გმირი იარა (ებლა მარი) სკოლის მოსწავლეს სახლში მიაცილებს, რადგან გოგონამ სპორტის გაკვეთილზე გონება დაკარგა. იარა სამზარეულოში ტკბილეულის მოსაძებნად შედის და იქ მხოლოდ ცარიელი უჯრები და მაცივარი ხვდება.
კენ ლოუჩის ფილმებში ყველაზე შემზარავი შიმშილის სცენებია ხოლმე, საჭმლის ნაკლებობა პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის გამომხატველია. „ბებერ მუხაში“ საკვები კულტურის ნიშანია. ღარიბ სირიელ ლტოლვილებს არაფერი აქვთ, მაგრამ აქვთ მდიდარი სამზარეულო და კულტურა, რომლითაც მადლიერებას, მეგობრობასა თუ თანადგომას სწორედ საკვების გაზიარების მეშვეობით გამოხატავენ.
„ბებერი მუხა“ ორ ინგლისზეა, უფრო სწორედ, ინგლისზე, რომელიც მეინსტრიმულ მედიებსა და კულტურაში ნაკლებად ჩანს და ამავდროულად რეალური ინგლისის არც თუ ისე მცირე ნაწილია. საშუალო, მშრომელი კლასის გაფიცვების ისტორია ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, დასახლების ერთადერთი ბარის შუახნის მფლობელის თიჯეის უკანა ოთახის კედლებზე გამოფენილ ფოტოებზეა ასახული. თიჯეი ამავდროულად არასამთავრობო ორგანიზაციაში მოხალისედ მუშაობს, რომელიც ლტოლვილებს საკვებსა და ნივთებს ურიგებს. ასე დაუმეგობრდება ის იარას, რომელსაც პირველივე დღეს ადგილობრივი ბიჭი კამერას გაუტეხს, თიჯეი კი შეკეთებას შესთავაზებს.
იარა კამერის გასაკეთებლად ახალ მეგობარს ბარში მიაკითხავს, თიჯეი მას უკანა ოთახში შეიყვანს და თანამედროვე ინგლისის ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიას ანახებს – პროფკავშირების წინააღმდეგობის ამსახველ ფოტოებს. ისინი ერთ-ერთ სურათთან ჩერდებიან, რომელსაც ასეთი წარწერა აქვს: When you eat together, you stick together („როცა ერთად ჭამთ, ერთად ხართ“). გაფიცვები უსამართლობის წინააღმდეგ ხალხთა გაერთიანებას გულისხმობს, საკვების გაზიარება და მირთმევაც სწორედ ასეთ ერთობებს ქმნის. კენ ლოუჩი ამ ორ მოვლენას აკავშირებს, რადგან მას, როგორც მემარცხენე რეჟისორს სწამს, რომ ინდივიდთა კეთილდღეობა მხოლოდ საყოველთაო მოძრაობით მიიღწევა, საერთოს გამონახვით, ერთმანეთის ტკივილისა და ბედნიერების გაზიარებით და არა იმის მტკიცებით, ვინ უფრო „უნიკალური“, „გამორჩეული“ და „ნიჭიერია“.
ქველმოქმედება დეზინტეგრაციის საფუძველია, აღიზიანებს მკვიდრ მოსახლეობასაც, რომელსაც ასევე ესაჭიროება დახმარება. ერთ-ერთ ეპიზოდში თიჯეი მიგრანტების შვილს ველოსიპედს აჩუქებს, იქვე დგანან სხვა ბავშვები, რომლებსაც ასევე არ აქვთ ველოსიპედი და ალბათ ისინიც სიამოვნებით მიიღებდნენ მსგავს საჩუქრებს. ლტოლვილებმა ყველაფერი დაკარგეს და საჭიროებენ დახმარებას – ამის ახსნას თიჯეი მეტ-ნაკლებად ახერხებს, მაგრამ ეს ინფორმაცია არაფერს აძლევს ბავშვს, რომელსაც ასევე სურს ველოსიპედი.
სიღარიბეს არ აქვს ეროვნება, მაგრამ სიღარიბეს სხვისი ტკივილის გაგების უნარის გაძლიერება შეუძლია. თიჯეი თანხმდება იდეას, რომ ბარის უკანა ოთახში გაიხსნას უფასო სამზარეულო, სადაც სირიელები და ადგილობრივები უფასო სადილს მიიღებენ. საკვები, უფრო ზუსტად კი მისი უქონლობა გააერთიანებს ადამიანებს. ბარი გადაიქცევა ადგილად, სადაც დამარცხდება უქონლობის გამო არსებული კონკურენცია, ერთმანეთის საფრთხედ აღქმის ინსტინქტი და შიში. დასავლეთში ისლამოფობიის და იმიგრანტთა მიუღებლობის მზარდ ტენდენციას აქვს მთავარი არგუმენტი, რომ „ჩამოსულები“ ადგილობრივებს რესურსებს ართმევენ. კენ ლოუჩი კი მიიჩნევს, რესურსებს არა მიგრანტები, არამედ მდიდრები გვართმევენ და სწორი ორგანიზების შემთხვევაში ისეთი საბაზისო მოთხოვნები, როგორიცაა კვება, სწავლა და განათლება, ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს (ამის გამოსათვლელად დაწყებითი კლასების ალგებრაც საკმარისია).
სოლიდარობის და არა მულტიკულტურალიზმის კლუბში კულტურული საღამოებიც ეწყობა. შეკრებილი საზოგადოება დიდი ინტერესით უყურებს იარას შავ-თეთრ ფოტოებს. ინგლისის სოფლის მოსახლეობის ცხოვრების სლაიდშოუ აღმოსავლური მუსიკის ცოცხალი შესრულებით მიმდინარეობს. ორი კულტურის ერთმანეთზე „დადება“ მხოლოდ საბაზისო პრობლემების გადაწყვეტის შემდეგ მოხერხდა, რასაც ჩვენ ფილმის ფინალშიც დავინახავთ, როდესაც თანადგომისა და სხვისი ტკივილის გაზიარების ემოციურ ეპიზოდს ვიხილავთ.
იარა ერთ-ერთ კონსერვატორ ინგლისელს უპასუხებს, რომ სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდება ასადის რეჟიმის დასრულების შემდეგ. კენ ლოუჩი არ ხედავს კულტურათა აღრევას როგორც გამოსავალს. თავისთავად მშვენიერია ინგლისური და სირიული სოფელი, პალმირაცა და დარემის კათედრალი – მთავარია, სუფევდეს მშვიდობა და ცხოვრების ღირსეული დონე.
„ბებერი მუხა“ კანის კინოფესტივალის უკანასკნელ საკონკურსო დღეს აჩვენეს და ის პრიზის გარეშე დარჩა. კენ ლოუჩი თითქოს იმეორებს „მე, დენიელ ბლეიკის“ სტრუქტურას (უფროსი კაცისა და ახალგაზრდა გოგოს დამეგობრების ხაზს), ასევე ამ ფილმში რეჟისორი შედარებით უფრო სენტიმენტალურია, რის გამოც მესმის მიზეზები, თუ რატომ არ დააფასეს კანში „ბებერი მუხა“. თუმცა გავა დრო და ეს ფილმი სავარჯიშო გახდება მკვდრადშობილი მულტიკულტურალიზმის შემდგომ სამყაროში, რომელშიც ეთნიკური პრობლემები და შუღლი მხოლოდ იმატებს, გამოსავალი კი არსად იქნება, გარდა საყოველთაო სამართლიანობის მოთხოვნისა. ფილმის ფინალში ხალხის გაერთიანება მართლაც ხდება და მნიშვნელოვანია, რომ ეს ადგილი შრომის ფესტივალია.
გიორგი რაზმაძე