ექიმი დერმატოლოგი მაკა მანჯგალაძე

შრატი - ფავორიტი
კოსმეტიკურ დერმატოლოგიაში

წარმოიდგინეთ პატარა ბოთლი თავისივე პიპეტით, რომელიც გთავაზობთ სულ რამდენიმე წვეთს თქვენი კანის სილამაზისთვის -სილამაზის ელექსირია? დიახ, ნამდვილად. მის გარეშე ვერც კი წარმოვიდგენთ ყველაზე ეფექტურ შედეგს კანის გაჯანსაღების საქმეში და ის განსაკუთრებული ფავორიტია კოსმეტიკურ დერმატოლოგიაში.
შრატი არის ნახევრად თხევადი, ვისკოზური, ადვილად შეწოვადი ზეთოვანი ან წყლის ბაზაზე დამზადებული პროდუქტი. ის არ არის მკვებავი ან დამატენიანებელი, ან თუნდაც, ლოსიონი. ის წარმოადგენს მაღალი კონცენტრაციის ფორმულას, რომელიც შექმნილია კანში სწრაფი შეწოვისთვის, რათა მიიტანოს ინტენსიური დოზის ინგრედიენტები ღრმად, სპეციფიკურ სამიზნემდე. „მე ყველას ვუწევ შრატის რეკომენდაციას, ვისაც გაახალგაზრდავება სურს. ის ნამდვილი გზაა დაბერების წინააღმდეგ, უკეთესი საშუალება, ვიდრე თუნდაც საუკეთესო დამატენიანებელი“, ეს ცნობილი Dr. Waldman-ის სიტყვებია.
კოსმეტიკური დერმატოლოგიის კვლევითი ლიტერატურა გვირჩევს შრატებს ინგრედიენტთა კომბინაციით. მაგალითად: ვიტამინი C, E და ფერულის მჟავა. კონკრეტულად, ვიტამინი C გვიცავს მზის ლაქებისგან, მზის დაზიანების სხვა ეფექტებისგან და ასტიმულირებს ახალ კოლაგენს. სხვა გამაახალგაზრდავებელ შრატებში ვხვდებით ნაოჭთან მებრძოლ ანტიოქსიდანტებს: პოლიფენოლებს და რეზვერატროლს; ან რეტინოლს და ნიაცინამიდებს.
თუკი ებრძვით ყავისფერ ლაქებს, მაშინ ეძებეთ ფორმულა კოჯის და რძის მჟავებით, რომლებიც კანის გამანათებელ ინგრედიენტებს წარმოადგენენ. თუკი ძალიან მშრალი კანი გაქვთ, მაშინ ის შრატი ჩართეთ თქვენს რუტინაში, რომელიც მოგაწვდით ვიტამინ E-ს, ნიაცინამიდს ან კერამიდებს. ასევე წარმატებით ეძებეთ ჰიალურონის მჟავის, პეპტიდების, ეპიდერმალური ზრდის ფაქტორების და ღეროვანი უჯრედების შემცველი შრატები.
რა გამოარჩევს შრატს და მის ეფექტურობას? რატომ არის ის ასეთი ტრენდული სილამაზის ინდუსტრიაში? ცნობილი ბრენდები თუ ფარმაცევტული კომპანიები შრატის ღირსებად თვლიან ფორმულაში არსებულ ინგრედიენტებს, შემადგენლობის სტაბილურობას და სისტემას, ანუ სპეციალურ მექანიზმს, რომელიც ამ შემადგენლობას სამიზნემდე მიიტანს კანში. სწორედ ამით განისაზღვრება შრატის განსაკუთრებულობა და სიძვირფასე. ამ კომპონენტებით იწონებენ თავს შრატის ფორმულის დიზაინერებიც. რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი კანის მოვლის საქმეში სწორი არჩევანია, სასურველია შრატის არჩევისას გავითვალისწინოთ შემდეგი კატეგორიები: დაბერებასთან მებრძოლი შრატები, კანის გამანათებელი (პიგმენტაციასთან მებრძოლი) შრატები, დამატენიანებელი შრატები, თავისუფალ რადიკალებთან მებრძოლი შრატები, აკნესთან მებრძოლი შრატები. სად და როგორ განვათავსოთ ჩვენი შრატი ჩვენი კანის რუტინაში? რასაკვირველია, საუკეთესოა მისი დატანა დამატენიანებლის და მზის დამცავის წინ. ის გამოიყენება დღეში ერთჯერ ან ორჯერ დაბანილ სახეზე ტონალური სითხის შემდეგ. ხომ გვახსოვთ ოქროს წესი? კანის მოვლის პროდუქტები რიგში დგანან ყველაზე თხელი კონსისტენციიდან სქელი კონსისტენციისკენ – Cleanser, Toner, Serum, Moisturiser და SPF.
ყველა შრატი უნიკალურია თავისი ინგრედიენტების წყალობით. დამატენიანებელი შრატები, როგორც წესი, გამოიყენება დილას და საღამოს. ანტიოქსიდანტური და თავისუფალ რადიკალებთან მებრძოლი შრატები მოიხმარება დილას, დღისით. რაც შეეხება ნაოჭებთან მებრძოლ შრატებს, ისინი უმეტეს შემთხვევაში დაიტანება ძილის წინ. ყველა ეს ნიუანსი კი თვითონ შრატის ფორმულის კომპონენტებით არის ნაკარნახევი და ჩვენ ეს არ უნდა გამოგვრჩეს.
ბოლოს კი, კიდევ ერთხელ ვაღიაროთ ის ეფექტები და ღირსებები, რომელთა წყალობითაც შრატი წითელ ხალიჩაზე დგას და ნამდვილად დამსახურებულადაც.
  • შეიწოვება ძალიან სწრაფად;
  • ამშვიდებს სენსიტიურ კანს;
  • აგლუვებს წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს და ებრძვის ნაადრევი დაბერების პროცესს;
  • იცავს კანს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან;
  • აქვს მაღალი პოტენცია ხილული შედეგების მიღწევაში;
  • მსუბუქი და კომფორტულია კანისთვის
BIOTHERM Blue Therapy Accelerated Anti Aging Serum
„გამაახალგაზრდავებელი ალგე“ კონცენტრირებულია ერთ ფორმულაში, რომელიც ერთდროულად ებრძვის ნაადრევი დაბერების 3 უტყუარ ნიშანს: ხაზები, მუქი ლაქები და დაკარგული სიმკვრივე. ასე ახასიათებს თვით ბრენდი ამ შესანიშნავ შრატს. ცოცხალი პლანქტონი, სუფთა თერმალური პლანქტონის ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს 35 ნივთიერებას, პროტეინებს, ამინო მჟავებს, გლუციდებს, ლიპიდებს და უამრავ წვრილ მინერალებს – და ეს ყველაფერი ერთ ფორმულაში, რომ კანს შესძინოს ვიტალური ფუნქცია.
LANCOME Advanced Genifique Youth Activating Concentrate
კონცენტრატი შექმნილი სამი უძლიერესი მეომრით: ბიფიდუს პრებიოტიკით (რომელიც ქმნის ოპტიმალურ გარემოს კანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბაქტერიებისთვის), ჰიალურონის მჟავით და C ვიტამინით ( ეს ორი არაჩვეულებრივი კომპონენტი არაერთხელ გვაქვს ხოტბაშესხმული ზემოთ). ერთ წვეთშია ის ძლიერება, რასაც კანის ბარიერული ფუნქცია ეწოდება და რომლითაც ის იგერიებს გარეგან სტრესულ აგრესორებს. ზუსტად ამ ერთ წვეთშია კანის ადაპტაციური უნარი გარემოს მიმართ.
GUERLAIN Super-Aqua Serum
„Aquacomplex-Advance“ – კანის მოვლის უახლესი ტექნოლოგია, რომელიც განაპირობებს წყლის მიდინებას კანის გულში, ანუ კანის მორწყვას და დეჰიდრატაციისგან დაცვას. დაბალმოლეკულური წონის ჰიალურონი გპირდებათ დატენიანებას 30 საათის განმავლობაში. „super -aqua“ კი ნამდვილი სუპერმენია კანის გამოშრობისგან გადასარჩენად.
DIOR Capture Youth Matte Maximizer
ეს სამკურნალო ფორმულა აკონტროლებს ცხიმის ჭარბ გამოყოფას და მისგან გამოწვეულ სიპრიალეს; ამიტომაც შესანიშნავია აკნეს შემთხვევაშიც. რძემჟავის, ვარდისფერი თიხის და ცინკის გლუკონატის კომბინაცია კანს მატე ხავერდისფერ იერს აძლევს. ანტიოქსიდანტებით გამდიდრებული ეს შრატი, ნაზად ეკვრის კანს და სიმსუბუქესთან ერთად ანთებასაც ებრძვის. ის ნამდვილი ელექსირია კანის დაბალანსებისთვის..
Leave a Reply

Your email address will not be published.

You May Also Like

ნანკა კალატოზიშვილის წარმატების ფორმულა

Facebook Twitter LinkedIn Copy Link

ნუ დავუშვებთ ფოტოდაბერებას!!!

ექიმი დერმატოლოგი მაკა მანჯგალაძე ნუ დავუშვებთ ფოტოდაბერებას!!! ფოტოდაბერება, იგივე სოლარული ანუ მზისგან…

Biotherm Routine – Nanka Kalatozishvili

Facebook Twitter LinkedIn Copy Link