ექიმი დერმატოლოგი მაკა მანჯგალაძე

ნუ დავუშვებთ ფოტოდაბერებას!!!

ფოტოდაბერება, იგივე სოლარული ანუ მზისგან გამოწვეული ნაადრევი დაბერება, დერმატოჰელიოზი… ეს სახელები გამოხატავენ კანის იმ დაზიანებებს, რომელთა გამომწვევიც მზის ულტრაიისფერი (UV) გამოსხივებაა, რომელიც დაუცველ კანში უჯრედულ დონეზე დნმ-ის ცვლილებებს იწვევს. სიმპტომები კი საყოველთაოდ ცნობილია: ხაზები და ნაოჭები, დაკარგული ელასტიურობა, პიგმენტური ლაქები, დაზიანებული კაპილარები და ბოლოს, პრეკანცერული თუ კანცერული წარმონაქმნები კანზე. მზისგან გამოწვეული დაზიანებების უმრავლესობა 18 წლამდე ასაკშია მიღებული, ხოლო ამ დაზიანებების კლინიკური გამოაშკარავება დაახლოებით 20 წლის მანძილზე შეიძლება მოხდეს. რას ნიშნავს ეს? საქმე იმაშია, რომ მზისგან გამოწვეულ ღრმა დაზიანებებს კუმულაციური ეფექტი აქვს და ერთ დღესაც, მაშინ როცა საერთოდ არ ველით,  მზის სიყვარულს და კანის დაუცველობას სააშკარაო განაჩენი გამოაქვს ჩვენთვის.

მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან კანის დაცვა უნდა გადაიქცეს ჩვენი ყოველდღიურობის უპირველეს ჩვევად!!! ეს იმპერატიული მოთხოვნაა საყოველთაო ჯანდაცვის ნებისმიერი ინსტანციიდან.

არასდროს არის გვიან: დაიწყეთ მზის დამცავის რეგულარული მოხმარება! დერმატოლოგების ეს სამართლიანი მოთხოვნა რევიზიას არ ექვემდებარება. მზისგან დამცავი ფაქტორი, ანუ SPF (Sun Protection Factor) ბრძანდება უპირველესი და უმთავრესი პროდუქტი კანის მოვლის საქმეში. ყველა პროცედურა, განკუთვნილი კანის დაზიანების აღმოსაფხვრელად,  ყველა რუტინა, ყველა სამკურნალო საშუალება ნაადრევი დაბერების საწინააღმდეგოდ, აზრს მოკლებულია მზისგან დამცავი საშუალებების გარეშე. სილამაზე და ჯანმრთელი კანი უბრალოდ წარმოუდგენელია ამ პროდუქტების გარეშე.

რომელია ჩვენთვის საუკეთესო დამცავი საშუალება და რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ?

თქვენი კანისთვის მზისგან საუკეთესო დამცავი უნდა იყოს ის პროდუქტი, რომელსაც უყოყმანოდ მოიხმართ ყოველდღიურად, ასე მარტივად და მტკიცედ  გიპასუხებენ დერმატოლოგები.

ექსპერტები გვირჩევენ შევჩერდეთ SPF 30-სა და SPF 50-ზე, რადგან ამ შემთხვევაში მათ მიერ დაბლოკილი UVB გამოსხივება 97-98%-ს შეადგენს შესაბამისად.

დარწმუნდით, რომ თქვენი პროდუქტი ფართე სპექტრის დამცავია, რაც იმას ნიშნავს, რომ გიცავთ ორივე: UVA და UVB გამოსხივებისგან, რომელთა კომბინირებული მოქმედება იწვევს დაბერებას და კანის კიბოს.

არსებობს ორი მთავარი კატეგორია მზისგან დამცავ პროდუქტებში: ფიზიკური/მინერალური (Mineral Sunscreens) და ქიმიური დამცავები (Chemical Sunscreens).

ქიმიური დამცავები (Chemical Sunscreens)

ისინი ქიმიურ ფილტრებს შეიცავენ. უამრავ SPF ინგრედიენტებს შორის ცნობილია: oxybenzone, avobenzone, octinoxate, octisalate. ზუსტად ეს ენისგასატეხი დასახელებები წარმოადგენენ ფორმულაში იმ „ღრუბელს“, რომელიც იწოვს ულტრაიისფერ რადიაციას.

ქიმიური დამცავის კომფორტულობა იმაშია, რომ თითქმის უკვალოდ და სწრაფად შეიწოვება კანში. არ არის მძიმე, ანუ შედარებით მსუბუქია და კანზე თეთრ, ცარცისებრ კვალს არ ტოვებს. ეს მნიშვნელოვანია მუქი ტონების მქონე კანისთვის.

ფიზიკური/მინერალური (Mineral Sunscreens)

ამ ტიპის დამცავები თავიანთი აქტიური ნივთიერებებით: Zinc Oxide, Titanium Dioxide, კი არ შთანთქავენ არამედ ფიზიკურად ბლოკავენ გამოსხივებას და დაცვის ასეთი უნარით  არაფრით ჩამოუვარდებიან ქიმიურ ფორმულებს.

ზოგადად, სენსიტიურ, გაღიზიანებულ ან აკნესკენ მიდრეკილ კანს განსაკუთრებით შეიძლება მოეწონოს მინერალური დამცავი, რადგან ის არ იწვევს ქიმიური ინგრედიენტებისთვის ჩვეულ რეაქციებს. ეს ფორმულები მშვენიერია ბავშვებისთვის.

01edte3d

შეცდომები, რომელთა დაშვებაც არ გვეპატიება:

  • ნუ დაუცდით გარეთ გასვლას. დაიწყეთ დილიდანვე მზისგან დამცავის რუტინაში ჩართვა;
  • არ გამოტოვოთ ტუჩის არე;
  • არ დაივიწყოთ პროდუქტი ხელახლა დაიტანოთ გარკვეული დროის შემდეგ;
  • ის მოიხმარეთ ყოველთვის: მიუხედავად სეზონისა და უმზეო ამინდისა. არ გამოტოვოთ დღე!
  • ის უნდა მოიხმაროთ საკმაო რაოდენობით ანუ უხვად, იმისათვის, რომ დაფარვა მოხდეს სრულფასოვნად;
  • ყურადღებით იყავით ვარგისიანობის ვადასთან;
  • კავშირი მზისგან დამცავი პროდუქტების მოხმარებასა და D ვიტამინის დეფიციტთან არ დასტურდება კვლევებით. 

Dior Bronze

Beautifying protective milky mist sublime glow SPF50

იპკურეთ ის უხვად ხელზე და გადაინაწილეთ სახესა თუ ტანზე.   რძისებრი სითხე როგორც ვუალი, ისე ეფინება კანის ზედაპირს და მყისიერად სძენს მას ბუნებრივ და შთამბეჭდავ ელფერს. გარდა UVA/UVB ფილტრებისა, შეიცავს ანტიოქსიდანტს და კიდევ უფრო აძლიერებს კანის დამცველობით უნარს ფოტოდაზიანებისადმი.

Guerlain

Abeille Royale Skin Defense

ეს პროდუქტი უზრუნველყოფს თქვენს ყოველდღიურ დაცვას იმ არასასურველი შედეგისგან, რომელიც გამოწვეულია სინათლის 4 წყაროს მოქმედებით: UVA,UVB, ლურჯი და ინფრაწითელი გამოსხივებები. და კიდევ, მასში შედის უნიკალური ბუნებრივი ინგრედიენტები (Black Bee Honey, Royale Jelly, Euphorbia Honey), რომელთა მოქმედება იცავს კოლაგენის უძვირფასეს ბოჭკოებს დესტრუქციისგან.

Givenchy Le Soin Noir

Protection UV Fluide SPF50

განსაკუთრებული სიმსუბუქის, დამატენიანებელი და გამანათებელი ეფექტის მქონე ტექსტურა მსუბუქად დაიტანება კანზე და იცავს უჯრედს ფოტოდაზიანებისგან თუ გარემოს სტრესისგან. გამორჩეულია  ბრიტანიის ალგეს შემცველობით, და იმითაც, რომ ადვილად გამოიყენებთ მაკიაჟის ქვეშ, როგორც ბაზას.

Guerlain  Orchidée Impériale

The Brightening and Perfecting UV Protector SPF 50

გამანათებელი, კანისთვის ერთგვაროვანი ფერის მიმნიჭებელი და ამავდროულად დამცავი ეკრანი დამაზიანებელი გამოსხივებისგან – გთავაზობთ გამაახალგაზრდავებელ ეფექტს, კანისთვის განსაკუთრებულ ელფერს, რაც ფორმულაში პიგმენტისა და მიკრო-ნაწილაკების (micro-pearls) კომბინაციით მიიღწევა.

არ დაგავიწყდეთ,  თქვენთვის საუკეთესო ის დამცავია, რომელსაც დაზარების გარეშე მოიხმართ ყოველდღიურად იმ განზრახვით, რომ დიდხანს შეინარჩუნოთ ჯანმრთელი კანი, ანუ სილამაზე!

Leave a Reply

Your email address will not be published.

You May Also Like

ნანკა კალატოზიშვილის წარმატების ფორმულა

Facebook Twitter LinkedIn Copy Link

Biotherm Routine – Nanka Kalatozishvili

Facebook Twitter LinkedIn Copy Link