
02.05.2022
ბოლო ათწლეულის მანძილზე, ნიშური სუნამოებით გატაცება მოლეკულური სიჩქარით მოედო საერთაშორისო აუდიტორიას და მომხმარებელთა ყოველდღიურობაში რიტუალური განწყობა და პოეზია შემოიტანა. ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ფრანგული კომპანია Beauty Success, რომელიც ერთ სივრცეში თავს უყრის, როგორც, გამორჩეული ბრენდების კოსმეტიკას, პარფიუმერიას, თავის მოვლის საშუალებებს, საუკეთესო დერმატოლოგიურ პროდუქციას და სილამაზის პროცედურებისთვის განკუთვნილ სივრცეს – სილამაზის ინსტიტუტს, უკვე ‘ნიშ’ პარფიუმერიის მიმართულებასაც ითავსებს და პირველს, 170 წლიანი ისტორიის მქონე ბრენდს Molinard-ს გვაცნობს.

ახლა უკვე ცოცხალ მემკვიდრეობად წოდებული საპარფიუმერო სახლის დამფუძნებელი, მოლინარ უმცროსი, ფრანგული რივიერის მწველი მზით გამთბარ ლაბორატორიაში განმარტოვებით შეყუჟული აზავებს არომატებს, ხოლო ისტორია იწყება 1849 წელს, როდესაც ქმნის სუნამოებს Eaux de Fleurs და Eaux de Cologne, მათ გასაყიდად კი მოკრძალებულ ბუტიკს ხსნის ქალაქის ცენტრში. გრასში გავლისას მოლინარ ბუტიკი დედოფალი ვიქტორიას ყურადღებას იპყრობს, რაც ხდება საყოველთაო გატაცების გარანტი. მომაჯადოვებელ ვილაში, საპარფიუმერო ინოვაციისთვის განკუთვნილი ინდუსტრიული ნაგებობათა კომპლექსი, რომლის სუნამოს სახდელი ქარხანაც თავად გუსტავ ეიფელმა ააგო, 1900 წლიდან ხდება მოლინარის სათაო ოფისი, სადაც ის ყვავილებზე ექსპერიმენტს აგრძელებს. ამას მოსდევს ოლფაქტორული და ფორმალური სენსაციების სერია – გამბედავი Habanita (1921 წ.) ორიენტული სუნამო ქალისთვის ვეტივერის შემცველობით, სტერეოტიპულად მასკულინური არომატის ხელახალი განსაზღვრება და Le Concreta (1925 წ.), პირველი მყარი სახის კონცენტრირებული სუნამო, დამზადებული ყვავილოვანი ცვილისგან.

მოლინარის პრაქტიკა საპარფიუმერო მიღწევების გარდა აღსანიშნავ მხატვრულ გადაწყვეტილებებს მოითვლის, რაც მისი თანამშრომლობის შედეგია არტიზანებთან, რენე ლალიკთან და ბაკარასთან; მათმა კოლაბორაციამ დაბადა საკოლექციო ელეგანტური მინის ფლაკონები, მათ შორის Le Baiser du Faune-სთვის გაკუთვნილი სანელსაცხებლე ბოთლი, რომელიც 1939 წლის ნიუ-იორკის მსოფლიო გამოფენაზე ყველაზე ლამაზი ბოთლის ნომინაციაში იმარჯვებს.

დღეს უკვე მოლინარის მეხუთე თაობის შთამომავალი სელია ლერუჟ-ბენარდი უძღვება საპარფიუმერო სახლს და მეთვალყურეობს დამკვიდრებული სუნამოებისა და ტრადიციის გადახალისების პროცესში შენარჩუნების საკითხს.

Beauty Success-ში წარმოდგენილია Molinard-ის ოთხი კლასიკად ქცეული კოლექცია: Collection Icons, The Materials Collection, Private collection და Habanita Collection; ვინაიდან თითოეულ კოლექციას მოგვიანებით განვავრცობთ ინდივიდუალურ სტატიებში, ამჯერად მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ.

Collection Icons გრასისთვის ემბლემური ყვავილების არომატების პალიტრას კრავს ოთხი სუნამოს სახით ალმასისებრ შუშის ფლაკონებში, რომელთა ფემინურ მოტკბო სურნელებში ნებისმიერი ქალი მოირგებს მისთვის შესაბამისს, რომანტიული განწყობისთვის.

პარფიუმერიისთვის სიმბოლური ნედლი მასალების ძიებაში The Materials Collection უბრუნდება მოლინარ უმცროსის 1849 წლის აღმოჩენას Eaux de Fleur-ს და 2021 წლის ინტერპრეტაცით სამ განსხვავებულ რეცეპტს გვთავაზობს.

მცენარეებისა და ყვავილების ესენსი, რომელიც ხშირად მეორდება მოლინარის ლექსიკონში, Private collection-ის შემთხვევაში სამეტყველო ენას ცვლის. მოლინარის ისტორიაზე საუბრისას კოლექცია უბრუნდება გრასის პარფიუმერიამდელ ისტორიას – ტყავის მთრიმლავების ქალაქს და შესაბამისად ხაზის ხუთ სუნამოში, რომელიც ასევე სახლის ხუთ თაობას ეძღვნება, წინა პლანზე სწორედ ტყავის მსუყე მათრობელა ნოტებს წამოწევს.

ტყავის არომატზე საუბრისას მახსენდება ვეტივერით შეზავებული სახლის პიონერი სუნამო და ფრანგული მაღალი პარფიუმერიის ხატი Habanita, რომელიც „მღელვარე ოციანების“ შესაბამისი სკანდალური, მეამბოხე და განსაკუთრებით, ემანსიპირებული ქალის სულისკვეთებით აღმოჩნდა 1921 წელს ქალთა სიგარეტის კოლოფებში, ტაბაკოს სუნის შესანიღბად და შემდეგ კი ორიენტული სტილის მითიური სუნამოს სახელს იმკვიდრებს. Habanita Collection სხვადასხვა გამოშვების რვა სუნამოს გვთავაზობს ორიგინალი Habanita-ს მოტივებზე.
კონტრიბუტორი გვანცა ჯგუშია