ექიმი დერმატოლოგი მაკა მანჯგალაძე

ნიღბები კანის
სხვადასხვა სცენარისთვის

თქვენ ფიქრობთ, რომ აქ სამედიცინო ნიღაბზე ვილაპარაკებთ, რომელმაც ასე დაგვღალა (უკვე მერამდენე წელიწადია) კოვიდთან ბრძოლაში? ნამდვილად არა! დღეს იმ ნიღბების ამბავს მოგიყვებით, რომლებიც სასიამოვნოა და ამავდროულად სამკურნალოც, რადგან შექმნილია ყველა იმ სცენარისთვის, რომელიც შეიძლება ჩვენმა კანმა შემოგვთავაზოს. ნიღბის „ჯადოქრობა“ სულაც არ არის ძნელი გამოსაცნობი; „მასში არსებული გასაღები ინგრედიენტები დიდხანს არიან კანთან კონტაქტში ნიღბის ოკლუზიური (კანზე გადაკვრის) ფენომენის გამო“ – ეს დერმატოლოგ Dr. Ditre-ის სიტყვებია. ნიღაბი ისე გადაეკვრება კანს, როგორც შრე, აპკი; მისკენ ექაჩება სინოტივეს და ამ გზით ახერხებს საოცრებას: ატენიანებს, კვებავს, ხან აშრობს და აშრევებს, ხანაც ექსფოლიაციას უკეთებს კანს. ეს ხდება იმისდა მიხედვით, თუ რა მიზანი და შემადგენლობა აქვს მას. და კიდევ: იმ მცირე დროში, როცა ნიღაბი განთავსებულია კანზე, მთავარი ინგრედიენტები უკეთ შეიწოვება. სალიცილის მჟავა აკნესთვის, ვიტამინი C წვრილი ხაზებისთვის, რეტინოიდები პიგმენტური ლაქებისთვის – ამ ინგრედიენტებს ნიღაბი მაღალი დოზით და ინტენსივობით გთავაზობთ და სწორედ ეს გამოარჩევს ნიღაბს სხვა აპლიკაციებისგან.
მოდით, უფრო მეტად მივუახლოვდეთ ნიღბებს გასაცნობად. დავიწყოთ იმით, თუ რა მოთხოვნა გვაქვს მათ მიმართ. ჩვენ გვსურს მათგან მყისიერი ეფექტი: ჰიდრატაცია და დატენიანება, კანის ფორების ზომის შემცირება, ტექსტურის გაუმჯობესება, ჭარბი ცხიმის შეწოვა, წვრილი ხაზების გადაგლუვება, ელასტიურობის გაძლიერება, მუქი ლაქების გაფერმკრთალება… თითოეული ამ მოთხოვნის შესასრულებლად უნდა ვიცოდეთ ნიღბის ტიპი:
  • კრემ-ნიღბები: მშრალი, დეჰიდრირებული, ასაკოვანი კანისთვის, მკვებავი და დამატენიანებელი უნარებით;
  • გელ-ნიღბები: მოსარგები ნორმალური და ცხიმიანი კანისთვის, მსუბუქი ტექსტურით, ზედმეტი ცხიმის შემწოვი და ფორების შემავიწროვებელი თვისებებით;
  • თიხოვან/კაოლინური ნიღბები: გამიზნული აკნესთვის და წერტილოვანი მკურნალობისთვის, აბსორბენტული და ექსფოლიაციური თვისებებით;
  • ექსფოლიაციური ნიღბები: წვრილი ნაწილაკებით, ფორმულირებული მკვდარი უჯრედების ჩამოფრცქვნისთვის და უჯრედული ცვლის გასაძლიერებლად;
  • თბილი ნიღბები: სპეციებით, რომლებიც იწვევენ მჩხვლეტავ ეფექტს და აძლიერებენ სისხლის მოდინებას, რომ გააუმჯობესონ კანის კომპლექცია-ფერი და კვებიერება;
  • ფურცლოვანი/დასაფენი ნიღბები: ანტიოქსიდანტებით და შესაბამისად, ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი ეფექტით;
  • ღამის ნიღბები: მკვებავი, დამატენიანებელი, დამამშვიდებელი, გამაახალგაზრდავებელი ეფექტების პაკეტით, რომელიც მიიღწევა მთელი ღამის განმავლობაში, როცა თქვენ გძინავთ.
თქვენ ირჩევთ თქვენი კანისთვის კომფორტულ ნიღაბს და „აცმევთ“ მას თქვენს კანს არჩეული დროით: 10 წუთის, 15-20 წუთის ან მთელი ღამის განმავლობაში. ნიღბისგან მიღებული სარგებელი ზუსტად თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული და მივადექით კიდეც ყველაზე საკვანძო მომენტს – მიზანმიმართული არჩევანი. რას ეძებთ? დამატენიანებელ ნიღაბს ზამთრის მკაცრ და ცივ თვეებში? დაბერების ნაადრევ ნიშნებთან ბრძოლას? იქნებ შვებას ცენტრალური T ზონისთვის, რომელიც გამონაყრისკენ არის მიდრეკილი. შედეგი დამოკიდებულია მხოლოდ ინგრედიენტებზე:
  • აკნე: სალიცილის მჟავა ან ალფა-ჰიდროქსი მჟავები;
  • წვრილი ხაზები და ნაოჭები: ანტიოქსიდანტები. მაგალითად ვიტამინი C, E, რეზვერატროლი, ფერულის მჟავა; ასევე რეტინოიდები – რეტინოლი, რეტრინალდეჰიდები და ჰუმაქტანტები, როგორიცაა ჰიალურონი;
  • სიწითლე (როზაცეა): ნიაცინამიდი, ბისაბოლოლი;
  • პიგმენტური ლაქები: კოჯის მჟავა, რეტინოიდები, ვიტამინი C.
იპოვეთ თქვენი კანისთვის მორგებული და შესაფერი ნიღაბი? მაშინ ჩასვით ის თქვენს რუტინაში. დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ ის მოიხმაროთ სამკურნალო შრატის შემდგომ და დამატენიანებლის წინ, ან ღამის დამატენიანებლის მაგივრად, თუკი ნიღაბი ღამისთვის არის განკუთვნილი. არ დაგავიწყდეთ, ნიღაბი ისეთი სასიამოვნოა, რომ ხანდახან ცდუნებას უნდა გაუძლოთ და არ მოიხმაროთ ის იმაზე ხშირად, ვიდრე ეს საჭიროა (კვირაში ერთჯერ ან ორჯერ). ნიღაბის შემადგენლობა უნდა იყოს მარტივი, არ უნდა შეიცავდეს ინგრედიენტთა გრძელ სიას. ამ შემთხვევაში ის ნაკლებად გამაღიზიანებელია კანისთვის. ნიღბების სიკეთეზე საუბარს ბოლო არ უჩანს, თუმცა ყოველთვის იყავით ფრთხილად, რადგან მათ შეუძლიათ კანის გაღიზიანების გამოწვევა. გააკეთეთ სწორი არჩევანი და მოირგეთ თქვენი კანისთვის განკუთვნილი ნიღაბი, რომელიც შესძენს მას ახალ სიცოცხლეს, ფერს, სიჯანსაღეს, სიგლუვეს და სინათლეს.
Hyaluronic Acid – ჰიალურონის მჟავა. კანის შეუდარებელი დამანოტივებელი, რომელიც აცოცხლებს კანის ფერს, ტექსტურას და ამავდროულად, არ გეშინია გვერდითი ეფექტების, იმდენად ახლობელი და მონათესავე ინგრედიენტია. ჰიალურონის მჟავა გარშემო იკრებს წყალს და შესაბამისად, აძლიერებს კანის ბარიერულ ფუნქციას. ეს კი უპირველესია კანის სიჯანსაღის და დაზიანებების უკუქცევის საქმეში.
Peptides – ამინომჟავები, რომლებიც მონაწილეობენ კანის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურების – კოლაგენისა და ელასტინის შენებაში.
Tocopherols – ბუნებრივი წყაროებიდან მიღებული ვიტამინი E, არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტი, თავისუფალი რადიკალებისგან მიღებული დაზიანებების აღმომფხვრელი და კანის ბარიერული ფუნქციის გამაძლიერებელი.
Shea-butter – ცხიმოვანმა მჟავებმა და ვიტამინებმა მისგან იდეალური კოსმეტიკური ინგრედიენტი შექმნეს. ის არბილებს კანს, აქვს ანტიანთებითი და აღდგენითი უნარები.
Ceramides – ისინი ბუნებრივად არსებობენ ჩვენს კანში. ამ ინგრედიენტების გარედან მიწოდება კიდევ უფრო აძლიერებს კანის ბარიერულ ფუნქციას: არ დაკარგოს წყალი და დაბლოკოს გარემოსგან გამოწვეული დაზიანებები.
Novexpert Repulp Mask
ეს არის ნიღაბი-გადარჩენა, თუ გნებავთ, ნიღაბი-სასწრაფო დახმარება იმ კანისთვის, რომელმაც გამოიარა ყინვის, მზის, დაბინძურების, დეჰიდრატაციის ქარტეხილები. მდიდარი არსენალი: ანტიოქსიდანტები, ელიტარული მკვებავი მცენარეული ექსტრაქტები, ქსიმენიას ზეთის ნაზავი ალოე ვერასთან და შიის კარაქთან მყისიერად ანიჭებს კანს სიფუმფულეს, კვებიერებას და დატენიანებას. მისი დატოვება კანზე შეგიძლიათ 15 წუთით ან სურვილის შემთხვევაში მთელი ღამითაც.
Payot Global Youth Illuminating Mask
ფუნჯის თითოეული მოსმა ამ ნიღბით არის კანზე დაფენილი მაგნოლიის და თეთრი ორხიდეის, ყავისფერი ალგეს, ვაკამის ექსტრაქტები და საყოველთაო კლასიკოსები: ჰიალურონი და ვიტამინი C. ეს კი დამატენიანებელი და კანის გამანათებელი, ანუ ლაქების საღინააღმდეგო ეფექტის საწინდარია.
Arnaud Hydrating Face Mask
ის ფლობს წითელი წყალმცენარის ექსტრაქტს კანის ბარიერული ფუნქციის გასაძლიერებლად და მუდმივად ოქსიგენირებულ ზღვის წყალს (ბრიტანიის სანაპირო, საფრანგეთი) გარემოს სტრესულ ფაქტორებთან გასამკლავებლად. კანის დამცავი მექანიზმის ბუსტერი – ასე ვუწოდეთ ამ ნიღაბს.
Polaar Night Revitilizing Mask
კანის რეგენერაცია, კვებიერების აღდგენა, დამშვიდება, დატენიანება – ეს ყველაფერი იმ დროს ხდება, როცა გძინავთ. ბეტა-ენდორფინები, ვარსკვლავური საკვები ინგრედიენტები, ბორეალ ალგე – ყველაფერი ეს აგლუვებს, აცოცხლებს, ათავისუფლებს ტოქსინებისგან და კანს აძლევს მატე ტექსტურას. თქვენ გძინავთ, ამ ნიღაბს კი არა.
Leave a Reply

Your email address will not be published.

You May Also Like

ნანკა კალატოზიშვილის წარმატების ფორმულა

Facebook Twitter LinkedIn Copy Link

ნუ დავუშვებთ ფოტოდაბერებას!!!

ექიმი დერმატოლოგი მაკა მანჯგალაძე ნუ დავუშვებთ ფოტოდაბერებას!!! ფოტოდაბერება, იგივე სოლარული ანუ მზისგან…

Biotherm Routine – Nanka Kalatozishvili

Facebook Twitter LinkedIn Copy Link