ექიმი დერმატოლოგი მაკა მანჯგალაძე

გააცანით ექსფოლიანტი
თქვენს კანს

კანის უჯრედული ცვლა ბუნებრივი პროცესია. ახლადწარმოქმნილი უჯრედები ქვემოდან ზემოთ მოიწევენ, მათ უნდა ჩაანაცვლონ მკვდარი გარქოვანებული უჯრედები – კორნეოციტები, რომლებიც კანის ზედაპირს ეკვრიან და ხანდახან არც კი ცდილობენ ამ ზედაპირის დატოვებას. სწორედ აქ გვჭირდება კარგი ექსფოლიანტი და ის მნიშვნელოვანი რგოლი კანის მოვლის რუტინაში, რასაც ექსფოლიაცია, ანუ მოცილება/ჩამოფრცქვნა ჰქვია. არ იფიქროთ ეს სახელი სრულად გადმოსცემდეს პროცესის არსს; გარდა ზემოხსენებულისა, ექსფოლიაცია, ზოგადად, აუმჯობესებს და ასტიმულირებს  უჯრედული ცვლის პროცესს, რაც კანის ახალგაზრდობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ამასთან ერთად, ზრდის სისხლმომარაგებას კანის შრეებში და განაპირობებს სამკურნალო თუ დამატენიანებელი ინგრედიენტების უკეთ შეწოვას.

გომაჟი (gommage) ფრანგული სიტყვაა, მსუბუქ ექსფოლიაციას ნიშნავს და ამ მეთოდს 1700-იანი წლების საფრანგეთში მარი ანტუანეტმა ჩაუყარა საფუძველი. მის ხელში მხოლოდ ნატურალური პროდუქტები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, თანამედროვე გომაჟი კი დამატებით იყენებს იმ ინგრედიენტების კომბინაციას, რომელთაც ქიმიური ექსფოლიაციის უნარი აქვთ.   გომაჟი თავის თავში მოიცავს ფიზიკურ და ქიმიურ ექსფოლიაციას, რაც კანზე მსუბუქი მასაჟის გზით ხდება. ეს ყველაფერი კი კანს სძენს სიგლუვეს, სისუფთავეს და არაჩვეულებრივ ელფერს; ამიტომაც სასურველია, გააცნოთ ექსფოლიანტი თქვენს კანს და დაასაჩუქროთ იმ სასიამოვნო შეგრძნებით, რაც თან ახლავს თქვენი რუტინის ამ რგოლს. 

არსებობს ექსფოლიაციის 3 ტიპი: ფიზიკური, ქიმიური და მექანიკური.

ფიზიკური ექსფოლიანტი გრანულების შემცველი ე.წ. სქრაბია. ეს გრანულარული კრისტალები ჩვენი კონტროლის ქვეშ აცილებენ კანს რქოვან უჯრედებს და აუმჯობესებენ კანის ტექსტურას და ტონს/ელფერს. 

ქიმიური ექსფოლიანტი შეიცავს სხვადასხვა ენზიმებს – ფერმენტებს  და მჟავებს პროტეოლიზური ეფექტით. ეს ნიშნავს, რომ ისინი ასუსტებენ, არღვევენ უჯრედშორის ბმებს – დესმოსომებს და ამ გზით ადვილად აცილებენ მათ ზედაპირიდან. Papain, Liquorice, Colloidal Oatmeal, Mandelic acid – ეს ინგრედიენტები საყოველთაოდ ცნობილია ანთების, ჰიპერპიგმენტაციის, მსუბუქი გამონაყრის საწინააღმდეგო ეფექტებით. მჟავების არსებობა ამ ექსფოლიანტებში იგრძნობა კანზე ჩხვლეტის, მსუბუქი წიწკნის შეგრძნებით და ეს ყველაფერი კი გიტოვებთ კანის განათებულ და განახლებულ  ზედაპირს. 

მექანიკური ექსფოლიაცია იყენებს სპეციალურ მოწყობილობას ან აპარატს და ამ მხრივ ცნობილია მიკროდერმაბრაზია ან ლაზერული პროცედურები.

რა შეცდომა შეიძლება დავუშვათ ექსფოლიაციის დროს?

უხეში ექსფოლიაცია: ზედმეტი ძალის/დაწოლის შემთხვევაში კანის ექსფოლიაცია კი არ ძლიერდება, არამედ კანის დაზიანებას იწვევს და განსაკუთრებით ეს ეხება კაპილარულ ქსელს; 

ექსფოლიაცია ზედმეტად ხშირად ან პირიქით, ზედმეტად იშვიათად: ეს პროცესი სავსებით საკმარისია 2-3 ჯერ კვირაში. ინტერვალი საშუალებას აძლევს თქვენს კანს აღდგეს, აღიდგინოს ლიპიდური ბარიერი და არ გამოშრეს ზედმეტად;

თქვენი კანისთვის შეუსაბამო ექსფოლიანტების გამოყენება: თუკი კანი შესამჩნევად გაღიზიანდა (თქვენი უნიკალური კანი ყოველთვის გამოავლენს პროდუქტის ან პროცედურის არმოწონებას), აუცილებლად უნდა შეცვალოთ პროდუქტი; გაღიზიანებამ შეიძლება მოგვცეს ანთება და ანთების შემდგომი ჰიპერპიგმენტაციაც კი;

მზისგან დამცავი დამატენიანებლის არგამოყენება: ეს უდიდესი შეცდომაა. ახალ უჯრედებს განსაკუთრებული დაცვა სჭირდებათ; მიმართეთ ანტიოქსიდანტებით მდიდარ დამატენიანებელს და არ დაივიწყოთ SPF.

NOVEXPERT – Velvety Scrub

ის არ ეუხეშება თქვენს კანს და არათუ მხოლოდ კანზე, ტუჩზეც დელიკატურად მუშაობს. ეს პროდუქტი ადვილად უმეგობრდება ყველაზე სენსიტიურ კანსაც კი. ის არ აშრობს და არ არის ზედმეტად შემაწუხებელი. პირიქით, ამშვიდებს, ხელს უწყობს ეპიდერმისის მკვდარი უჯრედების მოცილებას სიწითლის, გაღიზიანების გარეშე და ამით ამზადებს კანს მომდევნო პროდუქტის მისაწოდებლად. შეიცავს ჰოჰობის სანთლის ნაწილაკებს, ზეთებს, გლიცერინთან და ალოესთან ერთად და მაგნიუმს, რომელიც გამორჩეულია დამამშვიდებელი ეფექტით. 

PAYOT – Exfoliating Gel in Oil

ის თითქოს ადნება კანს. შეიცავს ნამდვილი ჟოლოს მარცვლებს და ამიტომაც არის ასე ბუნებრივი და სასიამოვნო. თავდაპირველად თითებქვეშ გელი შეიგრძნობა, რომელიც გომაჟის პროცესში ზეთოვანი ხდება. თუკი წყალს დაუმატებთ, რძისებრი ხდება და ტოვებს თქვენს კანს სირბილის და საოცარი კომფორტის შეგრძნებით. კანი კი ანათებს, სუნთქავს, თავისუფალია მკვდარი უჯრედებისგან და რაც მთავარია, თუკი მგრძნობიარე კანი გაქვთ, ეს პროდუქტი არაფრით გაგაწბილებთ.

ARNAUD –  Rituel Visage Exfoliating Cream

ნახეთ, თითქოს ვარდის ფურცელი გეხებათ კანზე… ჯერ გადაისვამთ და შემდეგ აათამაშებთ თითებს. უმსუბუქესი კრემისებრი ფორმულა შეიცავს  სფერულ მიკროკრისტალებს. თქვენ წრიულ მოძრაობებს ასრულებთ და პროდუქტის შემადგენელი ვარდის წყალი, რომელიც მოროკოს დამასკური ვარდისგან არის მიღებული, ვარდივით ხავერდოვანს ხდის თქვენს კანს, მაშინაც კი თუკი ის პრობლემატურია.

Thalgo Refreshing Exfoliator

ეს გელი გამდიდრებულია სილიციუმით, მანგანეზით და ცინკით.  ეს ნივთიერებები ჭარბი კონცენტრაციით გვხვდებიან ამ ფორმულაში და ამიტომაც არ გვიკვირს ის სამმაგი ეფექტი, რაც ამ ექსფოლიანტს უპირატესობას ანიჭებს:  ის აძლიერებს კანის უჯრედულ სტრუქტურას, აცხრობს ზედმეტ სენსიტიურობას და ცდილობს კანის ჰიდრატაციას. ეს გელი არაჩვეულებრივია ნორმალური თუ კომბინირებული კანისთვის და მისი შეყვარება უადვილესია პირველივე მოხმარების შემდეგ. 

Leave a Reply

Your email address will not be published.

You May Also Like

ნანკა კალატოზიშვილის წარმატების ფორმულა

Facebook Twitter LinkedIn Copy Link

ნუ დავუშვებთ ფოტოდაბერებას!!!

ექიმი დერმატოლოგი მაკა მანჯგალაძე ნუ დავუშვებთ ფოტოდაბერებას!!! ფოტოდაბერება, იგივე სოლარული ანუ მზისგან…

Biotherm Routine – Nanka Kalatozishvili

Facebook Twitter LinkedIn Copy Link