თეონა თავართქილაძე და ირაკლი ნადარეიშვილი უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს. ერთის დაწყებულ წინადადებას მეორე ამთავრებს და ეს ბუნებრივია, უკვე დიდი ხანია ასეა. მეგობრობა, რომელიც მათ აერთიანებთ, გაცილებით უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ბიზნეს თანამშრომლობა. თეონა ის იშვიათი ადამიანია, რომელსაც შინაგანი კულტურა ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას კარნახობს, იქნება ეს იდეალური თმის ფერი, დახვეწილი გარდერობი თუ წვრილ მაჯაზე მოელვარე მოხდენილი სამაჯური. როგორც ჩანს ინტუიცია მას არც მეგობრების არჩევაში ღალატობს და ცხადია, რომ როცა ახალი საქმის წამოწყება გადაწყვიტა, პირველი ვისაც მიმართა დახმარებისთვის – მისი მეგობრები იყვნენ.
საქმეც, ერთი შეხედვით, სრულიად შესანიშნავად აერთიანებდა სიამოვნებასა და ბიზნესს, თუმცა როგორც გაირკვა საქმე, სიამოვნებაზე გაცილებით მეტი აღმოჩნდა.
თვიდან თვემდე მთელს მსოფლიოში ათასობით ქალი მოუთმენლად და გულის ფანცქალით ელის, ოცნებობს, ნატრობს, ცდილობს გამოიცნოს. გამოიცნოს ერთი პატარა ყუთის შიგთავსი, რომელიც თვის ბოლოს აუცილებლად მოვა და რომელსაც ზოგი მოუთმენლად გაგლეჯს ფოსტალიონის თვალწინ, ზოგიც კი მყუდრო ადგილას მოიკალათებს და დღის ბოლოს სილამაზის ექსპერიმენტებით გაერთობა.
ეს ეგრეთწოდებული Beauty box -ის ფენომენი საყოველთაოდაა ცნობილი. მიუხედავად ამისა ბევრისთვის გაუგებარია, როგორ მუშაობს ეს ბიზნესი. სამაგიეროდ მარკეტოლოგებმა იციან, კოსმეტოლოგიური ფირმებისთვის ეს რეკლამის საუკეთესო საშუალებაა.
ყუთის არსი შემდეგია. რეგისტრირდებით საიტზე, ავსებთ მარტივ ანკეტას, სადაც თქვენი კანის ტიპს, თვალისა და თმის ფერს მიუთითებთ. შემდეგ ყოველთვიურად იხდით მაგალითად 10 დოლარს და ასევე ყოველთვიურად იღებთ ყუთს, რომელშიც 10 დოლარზე გაცილებით მეტი ღირებულების პროდუქტი დევს. ძირითადად ეს ტესტერები ან ეგრეთწოდებული სამოგზაურო ზომის შეფუთვებია, მაგრამ არის სრული ზომის პროდუქტებიც, მაგალითად ტუჩის საცხი ან ფანქარი.
ხშირად დასმულ კითხვებს შორის ლიდერის პოზიციას არ თმობს: რა ინტერესი აქვს კომპანიას, რომ ასეთ მოკრძალებულ ფასად ამდენი პროდუქტი შემომთავაზოს?
პასუხი ძალიან მარტივია. კომპანია, რომელიც ბოქს გთავაზობთ, მხოლოდ შუამავალია თქვენსა და ბევრ სხვა დიდ კოსმეტოლოგიურ ჯგუფს შორის. მათი უშუალო ინტერესი კი, თავის მომხმარებელთან, ფოკუს ჯგუფთან წვდომაა. ყველა პროდუქტს გასასინჯად ვერ იყიდი, ამ ტესტერების მეშვეობით კი შესაძლოა შენ საყვარელ სახის მოვლის საშუალებას გადააწყდე და მის ერთგულ მომხმარებლად ჩამოყალიბდე.
საქართველოში მიუხედევად იმისა, რომ მაღალი კლასის, თუ სააფთიაქო, სახის მოვლის საშუალებებისა და კოსმეტკის მოხმარების ტრადიცია უკვე არსებობს, Beauty box-ის მაგვარი პროდუქტი არსად ჩანდა, სანამ თეონა თავართქილაძე ამ იდეამ არ შეიპყრო.
თეონა თავართქილაძე: „პირველად რომ ეს ბოქსი ვნახე – გადავირიე (იცინის). ეს იდეა ზუსტად ჩემ ხასიათზეა მორგებული. ძალიან მიყვარს ეს მოლოდინი, გამოცნობა რა იქნება შიგ, მერე გახსნისა და აღმოჩენის პროცესი. ეს ყველაფერი ისე მახარებს, რომ გეგონება პირველად ვეხები ასეთ პროდუქტებს. ამიტომ ამ საქმის იდეამ ისე გამიტაცა, რომ ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობდი ამის გარდა. ჯერ ყველაფერი ადვილი მეგონა, მაგრამ თანდათან დაგეგმვის დროს, როცა მეგობრებთან ერთად დავიწყე ფიქრი, თუ როგორ უნდა გაგვეკეთებინა ეს საქმე, მივხვდი, რომ ურთულესი ბიზნესია. უამრავი რამაა გასათვალისწინებელი და ყველა დეტალს უნდა მიაქციო ყურადღება.“
ის რომ ქართული ბაზარი მზად იყო ამ ბიზნესისთვის ცხადია. რამდენიმე თვეში Beauty and the box -ის მომხმარებლების რაოდენობამ 4 ჯერ მოიმატა.
ირაკლი ნადარეიშვილი: „ინტერესს ველოდით, მაგრამ ასეთი ვერ წარმოგვედგინა. ეს საქმე თეონასთვისაა ზედგამოჭრილი. ის საოცრად სკურპულიოზური ადამიანია, პასუხისმგებლობის ისეთი გამძაფრებული გრძნობით, რომ თქვენ წარმოიდგინეთ ყველა ბოქსის ჩალაგებაში თავად თუ არ მიიღო მოაწილეობა, ვერ ისვენებს. ამ საქმეს ვერავის ანდობს. ყველა ბოქსს, რომელსაც სარკესავით პრიალა ფაქტურა აქვს, ნათითურები რომ არ დაეტყოს, სათითაოდ სათვალის საწმენდით აპრიალებს და ისე დებს ცელოფნის პაკში (იცინის). მომხმარებლებსაც თავად პასუხობს კითხვებზე.“
თეონა: „თავიდანვე გადავწყვიტე, რომ რადგან ამ ბოქსს ჩემი სახელი ერქვა პროდუქტების ისეთი ჩამონათვალი შემეთავაზებინა კლიენტებისთვის, რომელიც ლოგიკურად მიმაჩნია თავის მოვლის პროცესში. თავის მოვლა, ცხადია, დასაბანი და კანის მოვლის საშუალებებით იწყება. შემდეგ ემატება სახის, ტანისა თუ თმის საცხები, ნიღბები და შრატები. მხოლოდ მერე კარგად მოვლილ და დატენიანებულ კანზე შეგვიძლია დეკორატიული კოსმეტიკის საშუალებები მოვიხმაროთ. ახლა ზაფხული მოდის და ჩვენ ბოქსში სეზონური აუცილებლობების მიხედვით ვათავსებთ პროდუქტებს, მაგალითად მზისგან დამცავ კრემს და ასე შემდეგ.“
Beauty and the box-ში მოთავსებული პროდუქტების უმეტესობა საქართველოშია ხელმისაწვდომი, თუმცა არის ისეთი ნიმუშებიც, რომლებიც აქ არ იყიდება, მაგრამ მაინც ხვდება თეონას არჩევანში.
თეონა: „მე არ მინდოდა, რომ მთელი ყუთი ისეთი კოსმეტიკით შეგვევსო, რომ პროდუქტის შეძენით დაიტერესებული კლიენტისთვის მხოლოდ ინტერნეტ მაღაზიის ლინქების შეთავაზება შეგვძლებოდა. ამიტომაც ყველაფერი, რასაც ყუთში ხედავთ, არა მხოლოდ სკურპულიოზურადაა შერჩეული, არამედ დატესტილიც. მე არასოდეს მოვათავსებ ყუთში ისეთ პროდუქტს, რომელსაც თავად არ ვიხმარ. რაც შეეხება სრული მოცულობის პროდუქტებს, მაგალითად KIKO-ს ტონალურ კრემს, რომელიც ერთერთ ყუთში იდო, ეს ჩემი საჩუქარია კლიენტებისადმი. აქ ეს პროდუქტი არ იყიდება, მაგრამ მიმაჩნია, რომ კარგი ხარისხისაა და მისი გასინჯვა ღირს.“
ყოველ ყუთში მოთავსებული ბუკლეტი, სადაც პროდუქტების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ამოიკითხავთ, ასევე ბონუს ბარათია. მისი მეშვეობით კლიენტებს ზოგიერთ პროდუქტზე შეუძლიათ განსაკუთრებული ფასდაკლებით ისარგებლონ.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონები ასე აქტიურობენ. ამიტომაც როცა ბონუსებზე ვმუშაობთ, ისეთ კომპანიებს ვანიჭებთ უპირატესობას, რომლებსაც ფილიალები საქართველოს სხვა ქალაქებშიც აქვთ. არ გვინდა ვიღაცას, მაგალითად ტანის კორექციის პროცედურებზე ფასდაკლების ბარათი შევთავაზოთ და ეს სერვისი მხოლოდ თბილისში იყოს ხელმისაწვდომი. ამაზე განსაკუთრებით ვზრუნავთ.“
ერთი შეხედვით მარტივ ყუთზე თეონამ და მისმა გუნდმა ძალიან ბევრი იფიქრეს. ყუთის გახსნისას ოთახში სასიამოვნო სურნელი დგება. ამ არომატს სპეციაურად Beauty and the box -ისთვის ქმნიან.
ირაკლი: „ვერ წარმოიდგენთ რამდენი ექსპერიმენტი ჩავატარეთ იმის გასარკვევად რამდენი დასხურება იყო საჭირო ერთი თუ ორი. მერე დახურული ყუთი გვედო 3-4 დღე, რომ გვენახა გახსნისას რამდენად ინტენსიური იქნებოდა სუნი. ძალიან ყურადღებით ვუსმენთ ჩვენს მომხმარებელს და ვცდილობთ მის სურვილებს დავყვეთ.“
ყუთის გახსნისას ბუკლეტიდან თვის გოგოს სახეც შემოგანათებთ. თეონას სპეციალურად არ უნდოდა ერთი სახის შერჩევა და მითუმეტეს მხოლოდ მოდელებითა და მსახიობებით შემოფარგვლა.
„ჩემი ბოქსი ყველა გოგონასთვის და ქალისთვისაა. ამიტომაც არ მინდოდა, რომ Beauty and the box-ის სახე ერთი მოდელი ყოფილიყო. თავიდან რამდენიმე ისეთი სახე შევარჩიეთ, რომელიც მე მომწონდა, შემდეგ კი ჩვენს მომხმარებელზე გადავედით. ჩვენი კლიენტები გვიგზავნიან თავიანთ ფოტოებს, ჩვენ ვარჩევთ და თვის გოგოც ნაპოვნია. ასე ვაპირებთ გაგრძელებას.“
ყოველ თვე, უკვე საქართველოშიც, უამრავი ქალი ელის, ცდილობს გამოიცნოს, ოცნებობს. ნეტავ რა იქნება ამჯერად იმ ყუთში…
ფოტო ©Levan Leko Tchkonia. MUA©Lana Matakheria
სალომე დადუნაშვილი