ინტერიერში
10.09.2021
თუ ოდესმე ისეთი არტისტის გაცნობას გადაწყვეტთ, რომელიც ერთდროულად საინტერესოცაა და ესთეტიც, აუცილებლად შეაჩერეთ არჩევანი ბარნაბა ფორნასეტიზე – იტალიელ სკულპტორსა და კონცეპტუალისტზე. ბარნაბა ფორნასეტის ისტორია მამამისისგან – პიერო ფორნასეტისგან იწყება და დღესაც გრძელდება. ბარნაბა ფორნასეტის სამშობლო იტალიაა. ქვეყანა, რომელიც ყოველთვის იყო არქიტექტურის, არტის, მხატვრობის, მოდის მექა. ამგვარად, შეგვიძლია თამამად დავუშვათ, რომ გენეტიკური და ეთნიკური კოდი ადამიანს საინტერესო ინდივიდად აყალიბებს. იტალიური ტემპერამენტი ყოველთვის გამორჩეული, დასამახსოვრებელი და თვითმყოფადია, არ აქვს მნიშვნელობა საქმე ეხება ხელოვნებას, კულტურას, არქიტექტურას თუ სპორტს.
1950 წელს, პიერო ფორნასეტის შემოქმედების საინტერესო ეტაპზე დაიბადა მისი ერთადერთი ვაჟი, რომელიც წარმატებით გაჰყვა მამის კვალს. ის მცირე ასაკიდან აქტიურად იყო ჩართული მამის შემოქმედებაში, იზრდებოდა გარემოში, სადაც მიმდინარეობდა მუდმივი შემოქმედებითი წვა და ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ დღეს ის „პრაქტიკული ხელოვნების ჯადოქარია“. ბარნაბა ფორნასეტი „ამარტა“-ს ექსკლუზიური სტუმარია. საბოლოო ჯამში, დღის სინათლეს იხილავს ინტერვიუ, რომელიც ნამდვილად ამაყად შეგიძლიათ განათავსოთ აუცილებლად წასაკითხი ინტერვიუების სიაში.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნებაში ისაა, რომ არასდროს მოექცე ბაზრის გავლენის ქვეშ! ჩემს შემოქმედებაში უდიდესი მნიშვნელობის მქონე ფაქტია ის, რომ ვქმნი პროდუქტს, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალია მარკეტინგული სტრატეგიების გავლენებისგან. ყურადღებას ვაქცევ გემოვნებას და ვკონცენტრირდები კულტურულ მესიჯებზე, რაც დეკორმა უნდა გადმოსცეს ცალსახად და თვალშისაცემად!“ – ამბობს ჩვენი სტუმარი.
მოგვიყევით თქვენი ინსპირაციის წყაროს შესახებ..
ინსპირაციის უდიდესი წყარო მამაჩემი – პიერო ფორნასეტი და მისი არქივია. შემიძლია ვთქვა, რომ იდეებს მის არქივში დაკარგული ვეძებ. ასევე, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ დასვენებას. გულწრფელად ვფიქრობ, რომ გენიალური იდეები სწორედ ასეთ დროს იბადება. მაგალითად, აუზში, ან რაიმე სხვა ისეთის კეთებისას, რაც ადამიანს ძალიან უყვარს.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი რეალური ცხოვრების მუზა ვალერიაა (მანცი). ჩვენ, რაღაც ენითაღუწერელი კავშირი გვაქვს, ასე ვთქვათ, ქიმია არამარტო ემოციური, არამედ პროფესინალური თვალსაზრისითაც. ვალერია უდიდესი გამოცდილების მქონე პოეტი და არტისტია. ის ინსპირაციის განგრძობითი წყაროა, ფიქრის და გაოცების მუდმივი მამოტივირებელი ფაქტორი.
ცოტა რამ პიერო ფორნასეტის შოურუმზე….
ჩემი ინსპირაცია, მამაჩემი პიერო ფორნასეტი ყოველთვის გამოირჩეოდა ხელოვნებისადმი საინტერესო მიდგომებითა და ინოვაციებით; ამიტომ, ბუნებრივია, ამჟამად მისი შემოქმედებისთვის თვალის შევლება მისსავე შოურუმშია შესაძლებელი. შოურუმი მილანში მდებარეობს. მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ მან შეძლო ადგილის დაზოგვა, შექმნა ხელოვნების მინიატურული ნიმუშები, რომლებმაც შემდეგ დღის სინათლე იხილეს.
მიუხედავად იმისა, რომ შოურუმში წარმოდგენილი თითოეული ქმნილება მინიატურულია, სწორედ ისეთივე ტექნიკითაა შექმნილი, როგორც ორიგინალი ზომების შემთხვევაში, ჩემი მხრიდან, მათ შორის მინიატურულ სკამებს გამოვყოფდი.
როგორი პროცესია „ფორნასეტის სახლში“ გაზრდა? ვისაუბროთ გავლენების შესახებ..
„ფორნასეტის სახლი“ ერთდროულად არის გასაოცარი რეალობაც და სურეალიზმიც. როდესაც მოვლენების აღქმა დავიწყე და შევადარე საზოგადოდ არსებული და ჩემს გარშემო რეალობას, მივხვდი, რამდენად არაჩვეულებრივი და არასტანდარტული იყო ყველაფერი, რასაც მამა ჩემს გარშემო ქმნიდა და საბოლოოდ ყალიბდებოდა იმად, რამაც გამზარდა და შემდეგ მეც ჩამომაყალიბა. ბუნებრივია, მამაჩემის გაწეულმა სამუშაომ უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემზე, მომცა უდიდესი გამოცდილებაც. მეც მისი შექმნილი გარემოს ერთ-ერთი „ხელოვნების ნიმუში“ ვარ.
ვიზუალურმა და ემოციურმა ასპექტმა, რომელთან შეხებაც მამაჩემის გამო მქონდა, უდიდესი კვალი დატოვა ჩემს ცნობიერებაში. გულახდილად რომ ვთქვა, იმდენად ვიყავი შეპყრობილი იმ გარემოთი, რომელშიც გავიზარდე, რომ ცოტა მიჭირს კიდეც ამ თემაზე დალაგებულად საუბარი.
მართლაც, ფორნასეტის სახლი განსაკუთრებული მიკროსამყაროა – აქ ყველაფერი ხელით არის შექმნილი. ავეჯის უმრავლესობა ბარნაბა ფორნასეტის მიერ, პიერო ფორნასეტის შექმნილი ორიგინალი ნიმუშების გადათამაშებაა. მნიშვნელოვანია ნებისმიერი დეტალი და დიდი ყურადღება ექცევა მათ შექმნასაც. პიერო ფორნასეტის არქივი 11 000-მდე ნამუშევარს მოიცავს, გამომდინარე აქედან, უდიდესი პასუხისმგებლობით ხდება მათ შორის ახლად გამოსაცემის შერჩევა და შემდეგ შეზღუდული რაოდენობით შექმნა. მათი უმრავლესობა უნიკალური დიზაინის მატარებელია.
ფორნასეტის სახლს უდიდესი ისტორია აქვს. ის მეცხრამეტე საუკუნეში აშენდა პიერო ფორნასეტის მშობლების მიერ. სახლის წყობამ, ფერთა გამამ, განლაგებამ გასაოცარი გავლენა მოახდინა ფორნასეტის ხაზის ჩამოყალიბებაში. პიერო ფორნასეტის ცხოვრებამ სახლი წლების განმავლობაში ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად აქცია. შეიძლება ითქვას, რომ ამ კონკრეტულმა გარემომ თავად შექმნა ჯერ პიერო, ხოლო შემდეგ ბარნაბა ფორნასეტი.
ამჟამად, ბარნაბა ფორნასეტის ნამდვილად თავბრუდამხვევი ცხოვრება აქვს, ქმნილებიდან ქმნილებამდე, შემოქმედებითი წვიდან შემოქმედებით წვამდე, გამოფენიდან გამოფენამდე. მისი მუდმივად აქტუალურობის დასამტკიცებლად, საკმარისია თვალი გადავავლოთ მის უკანასკნელ აქტივობებსა და მიღწევებს.
საინტერესოა ბარნაბა ფორნასეტისა და Comme des Garçons-ის (ცნობილი იაპონური მოდის სახლი) კოლაბორაცია – ინსტალაცია ნიუ იორკში. ფორნასეტიმ შეიმუშავა „მილანის მოდის კინო-ფესტივალის“ ჯილდოების დიზაინი და კონცეფცია. თავის მხრივ, ეს ფესტივალი კონსტანცა კავალიმ დაარსა და ამ ფორმით უჭერს მხარს და სცენას უთმობს ახალგაზრდა ტალანტებს.
The Mad Visionaries!
ბარნაბა ფორნასეტიმ სრულიად დამსახურებულად მიიღო ჯილდო, რომელსაც ნიუ იორკის ხელოვნების და დიზაინის მუზეუმი გასცემს – The MAD Visionaries. აღნიშნული ჯილდო ნამდვილად განკუთვნილია მათთვის, ვინც გულწრფელად დგას ინოვაციის სადარაჯოზე. ბარნაბას შემთხვევაში ჯილდო სწორედ იმ ტრადიციების გაგრძელების დაფასებაა, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ მამამისმა ჩაუყარა. ხელნაკეთი წიგნი, რომელმაც ჯილდო დაიმსახურა, საკმაოდ პროვოკაციული ნამუშევარია დღევანდელ ციფრულ ეპოქაში და ხაზს უსვამს ფორნასეტის მიდგომას – არ არის აუცილებელი, მიჰყვებოდე ტრენდებს, მნიშვნელოვანია ფიზიკური ხელობა და ადამიანის ხელით შექმნილი ხარისხის ძიება.
ფორნასეტის ნამუშევრები არც მოდის სამყაროს დარჩენია უყურადღებოდ. Louis Vuitton-ის 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის შთაგონების წყარო სწორედ ფორნასეტის სახლი გახდა.
ნატა ბეშიძე