Balenciaga მაღალი მოდის სამყაროში დაბრუნდა

12.07.2023

დღესდღეობით, მხოლოდ 14 ბრენდია, რომელიც ჯერ კიდევ ატარებს მაღალი მოდის ლეიბლს, მათ შორის: Dior, Chanel, Elie Saab, Versace და რა თქმა უნდა Balenciaga. 2022 წლის ბოლოს სარეკლამო სკანდალის შემდეგ, Balenciaga  52-ე მაღალი მოდის ჩვენებით საბოლოოდ დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დემნა გვასალიას ნოვატორულ ნიჭს.

ჩვენება დემნას პოდიუმის მუზამ, ელაიზა დუგლასმა პრიალა, ქრომინირებული და ლამინირებული სამგანზომილებიანი პრინტით დაბეჭდილი კაბა-აბჯრით დახურა, რომელიც ჟანა დარკის თანამედროვე ინკარნაციას წარმოადგენდა. „იქნებ ის კოცონზე არ დაეწვათ მამაკაცის სამოსის მაგივრად ეს რომ ჩაეცვა“ – განაცხადა ქართველმა დიზაინერმა.

კოლექცია ღრმა და პერსონალური ნარატივის მატარებელია დემნასთვის, რომელიც კრიტიკის წინააღმდეგ „ციხესიმაგრის“ სიმბოლოდ იქცა, ისევე როგორც მისი თვითგამოხატვის ფორმის. „ტანსაცმლის შექმნა ჩემი ჯავშანია“ – აღნიშნა მან. „მე მთელი ცხოვრება წნეხის ქვეშ ვიყავი იმის გამო, რაც მეცვა.“ ეს „ჯავშანი“ არის ის, რასაც, დამცავ ფენად ვდებთ საკუთარ თავსა და სამყაროს შორის, ამით კი ჩვენს დაუცველობას ვნიღბავთ.

ჩვენებამ ისეთი შეგრძნება დაგვიტოვა, თითქოს დემნა ლეგენდარული მოდის სახლის და ზოგადად მაღალი მოდის ფესვებს დაუბრუნდა. მან მაღალი მოდა პოდიუმზე თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, ორი წლის წინ დააბრუნა, რომელთან მიმართებაშიც დემნას ხედვა გაცილებით ტრადიციულია ვიდრე მზა ტანსაცმელთან. მეტიც, დიზაინერმა პირდაპირი მნიშვნელობით არქივი გამოიყენა და ჩვენება კრისტობალ ბალენსიაგას მაღალი მოდის შავი ხავერდის კაბით გახსნა. კაბა დანიელ სკავიკს ეცვა, რომელიც წარსულში სწორედ Balenciaga-სთვის მოდელობდა. მოდელმა აღნიშნა, რომ ეს მისი ყველაზე საყვარელი კაბა იყო. აღნიშნული სამოსი გრეის კელიმ შეუკვეთა და 40 წლის იუბილეზე ეცვა.

ჩვენების კონცეფცია სრულყოფილებისკენ სწრაფვას ეძღვნებოდა. „მიუხედავად იმისა, რომ ჭეშმარიტი სრულყოფილება არ არსებობს, ის ყოველთვის არის მაღალი მოდის დიზაინერის გონებაში“, ამბობს დემნა. ჩვენება 10 Avenue George V-ის ისტორიულ სალონებში ჩატარდა. საუნდტრეკზე ტრადიციულად მუსიკოსმა და დემნას პარტნიორმა BFRND-მა იმუშავა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ჩვენება მარია კალასის აკაპელა ჩანაწერით გაახმოვანა. ორკესტრის აკომპანიმენტის გარეშე ცნობილი სოპრანოს ხმამ ჩვენების ემოციური განზომილება კიდევ უფრო გაამძაფრა.

ბოლო რამდნეიმე წლის განმავლობაში, ტექნოლოგიასა და მხატვრულობას შორის ურთიერთკავშირი Balenciaga-ს ხელწერა გახდა. Mercedes-Benz Formula 1-ის რბოლის ინჟინრების მიერ შემუშავებული ნიღბები და ჩანთა-დინამიკები Balenciaga Couture-ის მაღაზიებში ყველაზე გაყიდვადი პროდუქტები იყო. 2023 წლის მაღალი მოდის შემოდგომა/ზამთრის ჩვენება არა მხოლოდ კოსტიუმების „აღლუმი“, არამედ იდენტობისა და კულტურის მრავალმხრივი ბუნების შესწავლაა. ეს არის ერთგვარი „ცეკვა“ წარსულსა და მომავალს შორის, რომლითაც დიზაინერი მაღალ მოდასა და ქუჩის ტანსაცმელს შორის ხიდს აშენებს – ამ მეთოდით კი couture ურბანულ სცენაზე  გაჰყავს. სამყაროში, სადაც მოდა ხშირად სიმდიდრესთან და პრივილეგიასთან ასოცირდება, Balenciaga-ს მაღალი მოდის კოლექცია ეჭქვეშ აყენებს ფუფუნების საერთო აღქმას და უპირატესობას ანიჭებს ინოვაციასა და ოსტატობას.

ნინკა მამულაშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top