ბახვა ბრეგვაძე & ანდრო ჭიჭინაძე

რთულის მარტივად კეთება

20.06.2023

ნიშანდობლივია რომ კანში ყოველწლიურად არამხოლოდ კინოფესტივალი, არამედ რეკლამის ფესტივალიც იმართება. „კანის ლომები“ კრეატიული რეკლამის საუკეთესო პლაფტორმაა, რომელიც ყოველწლიურად კომერციულ ხელოვნებაში საუკეთესოების გამოვლენაზეა ორიენტირებული. მსოფლიოში რეკლამა სულ უფრო მეტ მხატვრულ ელემენტს იძენს, რასაც, მართალია დიდი დაგვიანებით, მაგრამ საქართველოც ფეხდაფეხ მიყვება და შედარებით უკეთესი მომავლის იმედის ნიშნებს აჩენს.

ქართული რეკლამა 30 წლისაა, რომელმაც ზუსტად ის გზა განვლო, რასაც ქვეყანა და საზოგადოება გადიოდა. საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლა და კაპიტალიზმის წესების დაუფლება ყველას მოუმზადებლად, შოკურად მოუწია. უკანაკსნელი 30 წლის განმავლობაში ტრანსფორმაციის ეს გზა ხელოვნების ყველა სხვა დარგზე უკეთ სწორედ რეკლამაში აისახა, რომელმაც საუკეთესოდ შემოინახა ამ პერიოდის სოციალური კონტექსტიც. მეორე მხრივ, რეკლამა გავს მუზეუმს, სადაც სულ უფრო იშვიათად წარმოებული არქეტიპების კოლექციებს ვხვდებით. ამრიგად, რეკლამას მართლაც შეუძლია მაყურებელზე ზემოქმედება, თუმცა კარგ რეკლამას გაცილებით დიდი ეფექტის მოხდენა შეუძლია. ამისთვის კომერციული მხარის ჩაჩოჩება და გაცილებით სხვა ღირებულებების წინ წამოწევაა საჭირო.

ბახვა ბრეგვაძის ათ სერიანი პროექტი, რომელიც კომპანია „სარაჯიშვილი“-სთვის შეიქმნა, მიზნად ისახავს უძველესი ქართული ალკოჰოლური სასმელის პოპულარიზაციას. პროექტმა ათი ისტორია მოიცვა, რომელიც სამწუთიანი რგოლით გვირგვინდება ნინო კასრაძის, ნიკა მაჩაიძისა და ანდრო ჭიჭინაძის მონაწილეობით. რეკლამად ჩაფიქრებული ნამუშევარი მადრიდის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი მთავარი პრიზით დაჯილდოვდა – საუკეთესო რეჟისურისა და მსახიობისთვის. „ამარტა“, რომელიც წლებია ქართული კრეატიული ხელოვნების განვითარებას ადევნებს თვალს, პროექტის შესახებ ლაურეატებს შეხვდა.

ბახვა ბრეგვაძე: სწავლობდა სამართალსა და მარკეტინგს, იყო საფრანგეთის ეროვნული კინემატოგრაფიის სკოლის სტუდენტიც. 2018 წლიდან რამდენიმე პოპულარული გადაცემის ტელეწამყვანია. დიდ დროს უთმობს ქართული თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობას.

ანდრო ჭიჭინაძე: მსახიობი. დაამთავრა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. აქტიურად არის დაკავებული მხატვრულ ფილმებში, მათ შორის თამაშობდა დიტო ცინცაძის „შინდისსა“ და უტა ბერიას „ნეგატიურ რიცხვებში“.

რა იყო ამ ჯილდომდე?

ბახვა: კომპანია „სარაჯიშვილი“-სთვის გადავიღეთ 10 სარეკლამო რგოლი. პირველი, რომელიც ამ სერიაში არ შედის, შევუკვეთეთ „ჰემოკს“ და შედეგით ძალიან კმაყოფილები დავრჩით; მაგრამ, ვიდეორგოლის გადაღების დროს, მივხვდით, რომ ჩვენც შეგვეძლო მათი შექმნა; მით უმეტეს, მქონდა სერიალსა და კინოში გადაღების გამოციდლება, ამიტომ კომპანიას შევთავაზე, რომ ჩვენი ძალებით გვეცადა შემდეგი სერიები. პირველი, რაც გავაკეთეთ იყო გიგაშასთვის, ჯანგოსა და ნინი ნუცუბიძისთვის მუსიკის დაწერის თხოვნა. პირველი რეკლამა ერთგვარი კლიპია მათ მიერ დაწერილ მუსიკაზე. კომპანიას შევთავაზე, რომ თუ კარგი გამოვიდოდა გავასაჯაროებდით და თუ არც ისე, მაშინ გადაღებულ მასალას თაროზე შემოვდებდით. ექსპერიმენტმა გაამართლა, მივიღეთ ის შედეგი რაც გვსურდა, ამიტომ დანარჩენი რგოლების გადაღებაც გავაგრძელეთ.

ძალიან გამიმართლა გადამღებ ჯგუფში. სერიის ოპერატორია გიორგი შველიძე, რომელიც ჩემთვის საუკეთესო ოპერატორია, პროდიუსერი – ნინია შერპა, ტატა თავაძე, მარიამ ცქიტიშვილი, კოსტიუმები – ქეთი ხერხეულიძე („მუზარადი“), მუსიკა – გიგაშა, ჯანგო, ნინი და მსახიობები, რომლებიც გადასაღებ მოედანზე უზომოდ კომფორტულ გარემოს ქმნიდნენ. ყველა მსახიობს განსაკუთრებული შტრიხი შემოჰქონდა პროექტში და ჩვენც ვცდილობდით ამ ადამიანების ხასიათების დაჭერას. არც ერთი ვიდეო არ გავს მეორეს. ამას დიდ მიღწევად ვუთვლი თავს.

რა აერთიანებს ამ განსხვავებულ რგოლებს?

ბახვა: კომპანიაში 15 წელია რაც ვმუშაობ და ვიცნობ ჩვენ მომხარებლებს, თუმცა კამპანიის მიზანი არ იყო მხოლოდ ძველ თუ ახალ მომხმარებლებზე გათვლა, რომლებსაც საკუთარი თავი უნდა დაენახათ ამ რგოლებში. მართალია თავიდან ჩაფიქრებული გქვონდა მხოლოდ ლამაზი, „განწყობის“ ვიდეოების გადაღება, თუმცა დროთა განმავლობაში უფრო გავთამამდით და პროექტში მეტი შინაარსი ჩავდეთ. ჩვენი მიზანი სხვადასხვა გარემოში ერთი სასმელის მოხმარება იყო. საზოგადოებაც ხომ ჭრელია, მაგრამ ყველას რაღაც გვაერთიანებს.

თანდათან ნამუშევრებში აქცენტი ამბავზე გადაგვქონდა და ბოლო რგოლი, რომელიც მთელ სერიას აერთიანებს, ქრონომეტრაჟითაც ყველაზე დიდია და მართლაც ერთ ისტორიას გვიყვება. გიორგი შველიძემ თქვა პირველად, რომ ეს რგოლი ფილმს გავს. შემდეგ უკვე პროდიუსერებმა გააგზავნეს სხვადასხვა კინოფორუმზე და მოულოდნელად მადრიდის საერთაშორისო ფესტივალიდან მივიღეთ მოწვევა. იმდენად მოულოდნელი იყო ეს შეტყობინება, რომ ესპანეთში გამგზავრებაზე დიდხანს ვყოყმანობდით. თუმცა უკვე იქ ჩასულები პირველივე დღეს იმდენი კომპლიმენტით აგვავსეს (და რაც მთავარია, ყველა აღიქვამდა ამ რგოლს როგორც ფილმს), რომ ჩვენი ნაბიჯის სისწორეში უმალ დავრწმუნდით. ამას მოყვა პრიზები, რომლებიც მართლა ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვისაც და ანდროსთვისაც.

თქვენ თუ აღიქვამდით ამ რგოლს ფილმად?

ანდრო: როდესაც ბახვამ სატესტო ვერსია მაჩვენა, ვუთხარი რომ ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო. უკვე გადასაღებ მოედანზეც ამ განწყობით ვმუშაობდით, სადაც განსაკუთრებული აურა იყო შექმნილი. მსახიობებისთვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან თუ გადასაღებ მოედანზე თავს კომფორტულად არ იგრძნობ, საბოლოო შედეგიც შესაბამისი იქნება. შემიძლია ვთქვა, რომ კინოში გადაღების რა გამოცდილებაც მაქვს, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სწორედ ამ ფილმზე მუშაობის პროცესი და საბოლოო შედეგი იყო.

ბახვა: ყველაზე მეტად მახარებდა ის ნდობა, რაც გადამღები ჯგუფის წევრებსა და მსახიობებს ჩემს მიმართ გაუჩნდათ. ბუნებრივია, დასაწყისში ჰქონდათ სკეპტიციზმი, თუმცა მალევე გამომყვნენ, როცა დარწმუნდნენ, რომ ზუსტად ვიცოდი რასაც ვაკეთებდით. გადაღების დროს ნდობის დამსახურებაა ჩემი მთავარი გამარჯვება.

გადაღების დროს „იქეცი“ რეჟისორად?

ბახვა: ხმამარალი ნათქვამია, მაგრამ პროექტის სერიებზე მუშაობის დროს მართლაც მოვირგე რეჟისორის როლი. ეს პროფესია ხომ გარდა მხატვრული ხედვისა, მთლიანი პროცესის მართვასაც გულისხმობს და ამ პასუხისმგებლობას, ვფიქრობ, გავართვი თავი. პერსონალურად ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ რაც ჩავიფიქრე, ზუსტად შევძელი ამის განხორციელება. სხვა საკითხია, საბოლოო შედეგი ვის მოეწონა ან არ მოეწონება. თან მარტივი ამოცანა არ გვქონდა დასახული, რადგან ათი ვიდეოდან ცხრა რგოლი „სარაჯიშვილის“ ქარხანაშია გადაღებული, სადაც მოვაწყეთ კაფე, სახლი, საგამოფენო დარბაზი… აქვე დიდი მადლობა D.Tale-ის გოგოებს: სოფო ჯაფარიძეს, ნინიკო ვასაძეს და რუსო აბზიანიძეს, რომლებიც საუკეთესონი არიან სეტდიზაინში. მათი დახმარებით შევძელით ამ სივრცეების ასე დამაჯერებლად შექმნა.

ანდრო, როგორი იყო ახალბედა რეჟისორთან მუშაობა?

ანდრო: რეჟისორებს, ვისთანაც მიმუშავია, როგორც წესი, უყვართ დავალებების რთულად ახსნა. ბახვას სწორედ დავალების მარტივად მოცემის უნარი აქვს. ძალიან კონკრეტულად და ზუსტად გიხსნის რისი გაკეთება მოგიწევს. მნიშვნელოვანია ფორმაც, როგორ და რა სიტყვებით გაწვდიან დავალებას. მგონი ზუსტად ჩავწვდი და შევასრულე ბახვას ჩანაფიქრი, რადგან თავიდანვე მკაფიოდ დამანახა როგორი პერსონაჟიც უნდა მეთამაშა. გადასაღებ მოედანზე ასე მუშაობა ძალიან დიდი ფუფუნებაა.

ბახვა: ანდრო და ნინო კასრაძე საუკეთესო მსახიობები არიან, მაგრამ ამ ფილმში ხომ არაპროფესიონალი მსახიობებიც მონაწილეობენ და ისინიც ზუსტად იმას აკეთებდნენ, თან ძირითადად ერთი დუბლით, რაც ჩაფიქრებული გვქონდა და რაზეც შემოქმედებით ჯგუფს დიდი ხანი გვქონდა ნაფიქრი. გულისყურით ვუსმენდი ყველა მსახიობის აზრსა და მოსაზრებას, ბევრი რამ გავითვალისწინე თუმცა საბოლოოდ ჩემი ხედვით ვხელმძღვანელობდით.

თქვენი აზრით, რა მოეწონათ თქვენს ფილმში ესპანურ ჟიურის?

ანდრო: კინო ჩემთვის ნიუანსების ხელოვნებაა, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია დეტალები, მსახიობის მზერა, ფიქრის პროცესი და სხვ.

ბახვა: თან ამ ფილმში მსახიობები ტექსტის გარეშე თამაშობენ.

ანდრო: ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მსახიობებს, ვინც ჩემთან ერთად მონაწილეობდნენ. ისინი რომ არა, არაფერი გამომივიდოდა, რადგან მსახიობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს პარტნიორს და მის რეაქციებს.ბახვა: ეს რგოლი ინტერნეტში განვათავსეთ, რეაქციებიდან გამომდინარე, იტყოდი რომ კომენტარების ავტორები სრულმეტრაჟიან ფილმზე მსჯელობდნენ. ისინი განიხილავდნენ გმირებს, მათ ხასიათს, ქცევას და ურთიერთობებს. ვიდეორგოლმა მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა და მეტწილად დადებითი შეფასებები მოჰყვა.

თქვენ როგორ ფიქრობთ, რაზეა ფილმი?

ანდრო: უცნობ ადამიანებს შორის წარმოშობილ ხანმოკლე ურთიერთობებზე, რაც ცხოვრებაში ძალიან, ძალიან ხშირად ხდება.

ბახვა: რაზეც მერე სულ ფიქრობ, ესა თუ ის ურთიერთობა რომ განვითარებულიყო, რა მოყვებოდა ამას. ესპანეთშიც ყველა ერთი და იგივეს გვეუბნებოდა, რომ გული დაწყდათ ასეთ სწრაფ ფინალზე და ყველას აინტერესებდა ამბის გაგრძელება.

ბახვა, ხომ არ ფიქრობ ამ ისტორიის გაგრძელებაზე?

ბახვა:  მაგალითად ნინო კასრაძე სულ მირეკავს და მიყვება, რომ მორიგმა ნაცნობმა უთხრა, იმედია, ეს იყო ფილმის ტრეილერი და არა თავად ფილმიო. ანდროც ამ აზრზეა, რომ უფრო დიდ ფორმატში შეიძლება ისტორიის გაგრძელება, თუმცა მე ჯერ ვერ ვრისკავ ამ ნაბიჯის გადადგმას. იმის მიუხედავად, რომ მიყვარს რისკზე წასვლა, ვთვლი რომ ყველა ნაბიჯი რაღაცით უნდა იყოს გამყარებული. ვფიქრობ, ჯერ სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის არ ვარ მზად, მსურს სიღრმისეულად ვისწავლო კინოს კეთება, თუმცა ამ ათმა სერიამაც საკმაოდ დიდი გამოცდილება მომცა. ვხედავ ჩემ თავს კინოში და ეს ახალი სფერო აზარტს მიჩენს (ზოგადად, აზარტული ვარ), თუმცა შეჯიბრი მაქვს მხოლოდ საკუთარ თავთან, რადგან ყველაზე ტკბილი საკუთარ თავთან გამარჯვებაა.

ბევრი ვისაუბრეთ მსახიობებზე და როგორია ზოგადად ქართულ სამსახიობო სკოლა?

ანდრო: რამე სკოლა მაინც რომ არსებობდეს კინოს მიმართულებით… ისე დავამთავრე უნივერისტეტი, რომ კამერასთან ერთი დღეც კი არ მიმუშავია. უბრალოდ გამიმართლა და მალევე ძალიან კარგ რეჟისორებთან მოვხვდი და ასე მივიღე კინომსახიობის გამოცდილება.

მსახიობისთვის პროფესიულად უმნიშვნელოვანესია პრაქტიკა. განათლებასთან ერთად, ამ მხრივაც მძიმე მდგომარეობაა, რადგან წელიწადში 4-5 ფილმს თუ იღებენ, რომლებშიც ყველა მსახიობი ვერ დასაქმდება. ამ პროექტის შემდეგ ორ ფილმში მომიწია მონაწილეობა და რთულის მარტივად კეთების იმდენად დიდი გამოცდილება შევიძინე, რომ ორივე შემთხვევაში უპრობლემოდ გავართვი თავი.

ბახვა: მეც მგონია, რომ ქართული კინო იმსახურებს მეტ დაფინანსებას. უამრავი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა რეჟისორია, რომლებსაც საკუთარი საქმის კეთება სურთ და არ ეძლევათ ამის საშუალება. როგორც ანდრომ თქვა, ყოველ წელს 4-5 ფილმი თუ გამოდის ეკრანებზე, თუმცა უმრავლესობა მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას აღწევს. ქართული კინო ნამდვილად იმსახურებს დაფინანსების ზრდას.

ანდრო: დაფინანსებასთან ერთად, მთავარია ცენზურა არ დამკვიდრდეს, რადგან ამის ნიშნები უკვე ჩანს.

ბახვა: ცენზურა და კინო ურთიერთგამომრიცხავი მოვლენებია. ცენზურა მოკლავს ქართულ კინოს.

ესაუბრა: გიორგი რაზმაძე
ფოტო: IR4GUS4ROV4

Scroll To Top