„არომატეკა“ – სივრცე მომავლის არომატით

25.11.2023

„ჩვენ ვყიდით სუნამოს, სხეულის მოვლის საშუალებას, კიდევ ბევრ რამეს…მაგრამ რეალურად, ჩვენ ვყიდით არა პროდუქტს, არამედ ემოციას. სწორედ ამიტომ, ისტორია გადამწყვეტ როლს ასრულებს ბრენდის წარმატებაში. ადამიანებს გვიყვარს ისტორიები“ – ეს ბ-ნი ვახო ფხაკაძის სიტყვებია, 2020 წელს „ამარტა“-სთვის მიცემულ ინტერვიუში. ადამიანის, რომელმაც საქართველოში ნიშ პარფიუმერიის პირველი კომპანია „არომატეკა“ დააფუძნა და უკვე 7 წელია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სურნელით და მრავალი სიახლით გვანებივრებს.

თამასა, რომელიც  „არომატეკა“-მ საქართველოს ბაზარზე დადო – მაღალია. წლების მანძილზე დაუზოგავი შრომის შედეგად მის სივრცეებში დღეს By Kilian-ის, Maison Francis Kurkdjian-ის, Creed-ის, Memo Paris-ის, Amouage-ის, Diptyque-ის და სხვა უამრავი თავბრუდამხვევი სურნელი ტრიალებს. კილიანის ხსენებაზე, ბ-ნი ვახოს მიერ მოყოლილი ამბავი მახსენდება: „ხომ იცი ეს ამბავი? კილიანი ჰენესების სახელგანთქმული ოჯახის წარმომადგენელია, რომელმაც მთელი ბავშვობა  კონიაკის მარნებში გაატარა. მისი ყურადღება მიიქცია მუხის კასრებში სასმელის დონის კლებამ. როგორც ბაბუამ აუხსნა, ჭურჭლიდან აორთქლებული ალკოჰოლის მცირე რაოდენობას „ანგელოზის წილს“ ეძახდნენ. სწორედ ამ ამბის შთაგონებით, წლების შემდეგ, კილიანმა შექმნა საკუთარი სუნამოები, რომელთა შეფუთვაც სიმბოლურად 50 მილილიტრია. „ანგელოზის წილის“ მოპოვება ხომ ურთულესი პროცესია, ამიტომაც დიდი რაოდენობით ვერ იარსებებს.“ ბ-ნი ვახოს იშვიათი იუმორის და უაღრესად საინტერესო თხრობის დავიწყება არ გამოვა და მასვე ვუბრუნდებით მრავალფეროვნებისთვის. ბრენდების ჩამონათვალი „არომატეკა“-ში ამით არ დამთავრებულა, ბ-ნი ვახოს დაწყებულ საქმეს მისი გუნდი აგრძელებს, რომელიც მუდმივად ზრუნავს  განვითარებასა და სიახლეების შეთავაზებაზე.

ირინა კაპანაძე, დამფუძნებელი: „ჩვენი მოგზაურობა ამ სურნელოვან სამყაროში, ოცნებით დაიწყო და დღეს ეს ახდენილი რეალობაა. „არომატეკა“ არ არის ადგილი, სადაც უბრალოდ შეიძენ სუნამოს, ეს არის მიმართულება სადაც მსოფლიოს წამყვანი ნიშ პარფიუმერიის ბრენდები იდებენ ბინას. ეს ნიშნავს იმას, რომ „არომატეკა“-ში წარმოდგენილი ბრენდები არ არის უბრალოდ თაროზე დაწყობილი პარფიუმერია. თითოეულ ბრენდს ზურგს უდიდესი და ძალიან საინტერესო ისტორია უმაგრებს. მნიშვნელოვანია, რომ ბრენდის ეს ისტორია, მთელი ემოცია და შინაარსი სხვადასხვა გზით მივიტანოთ მაღაზიაში შემოსულ სტუმართან – ამას გრძნობს მომხმარებელი და ვფიქრობ, რომ „არომატეკა“-ს წარმატების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სწორედ ესაა“.

ამ წლების განმავლობაში მომხმარებელთა რიცხვი ძალიან გაიზარდა, ისევე როგორც მათი ცოდნა ნიშ პარფიუმერიის შესახებ, შესაბამისად მათი გაოცება და მუდმივად აღფრთოვანება რთულია. „არომატეკა“ მუდმივად ახერხებს ამას წამყვან ბრენდებთან მჭიდრო პარტნიორული ურთოერთობებით, მათი სიახლეების და გამოცდილებების გაზიარებით. გუნდი სისტემატიურად ესწრება ყველა საერთაშორისო გამოფენას თუ კერძო შეხვედრებს ბრენდების შემქმნელებთან, რაც საშუალებას აძლევს მათ დეტალურად გაეცნონ ბრენდის კონცეფციას და მომხმარებლებს სწორად გადასცენ მათი შინაარსი. ასევე დიდი ყურადღება ექცევა ახალი და საინტრესო ბრენდების აღმოჩენას.  „ბოლო პერიოდში ნიშ პარფიუმერიის ბაზარზე საკმაოდ ბევრი ახალი ბრენდი გამოჩნდა, ჩვენთვის საინტერესო და ამავდროულად ერთგვარი გამოწვევაც არის, აღმოვაჩინოთ ეს ბრენდები, დავინახოთ ის განმასხვავებელი ფაქტორები, რაც გამოარჩევს მათ სხვებისგან და შემოვიყვანოთ ქართულ ბაზარზე“, ამბობს ქეთი კაპანაძე, კომპანიის დირექტორი.  „არომატეკას“ პორტფოლიოს ისეთი ბრენდები შეემატა, როგორებიცაა Gritti Venetia, Alexandre J., Floraiku Paris, Perris Monte Carlo, Thameen London, Welton London, Ramon Monegal. 2023 წელს კომპანიამ ნიშ პარფიუმერიის ახალი და წამყვანი ბრენდები დაიმატა: Frederic Malle, Amouage, Nishane, Miller Harris, Matiere Premiere, Goldfield & Banks, Dr.Vranjes.

ბუნებრივია, ბრენდების ასეთი რაოდენობით შემოყვანამ და ქართველ მომხმარებლებში ძალიან დიდმა ინტერესმა განაპირობა ახალი ფილიალის გახსნა, ამიტომ „არომატეკა“-მ ქსელის გაფართოება დაიწყო. 2022 წლის დეკემბრიდან „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მისი მეორე მაღაზია გაიხსნა, სადაც ძველ და კარგად ნაცნობ ბრენდებთან ერთად ახალი ბრენდებია წარმოდგენილი. უახლოეს მომავალში, თბილისში კიდევ ერთი „არომატეკა“-ს გახსნა იგეგმება, მაღაზიის გახსნა ბათუმში, სასტუმრო ამბასადორშიცაა დაანონსებული. სრულყოფილებისკენ სწრაფვა და დეტალების მიმართ მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა „არომატეკა“-ს უზადო ხარისხის გარანტია – ეს ბ-ნი ვახოს დანატოვარი გზავნილია, რომელიც კომპანიას ამ სფეროში ლიდერის პოზიციის შენარჩუნებაში ეხმარება.

მუდმივი ინოვაცია, მომხმარებლის გარშემო ბრენდის შენება და ხარისხის მიმართ უკომპრომისო დამოკიდებულება, ყოველდღიურად ზრდის ლოიალური მომხმარებლების რაოდენობას. გუნდის ღრმა ცოდნა სუნამოების, კოსმეტიკისა და მოდის ტენდენციების შესახებ, უზრუნველყოფს „არომატეკა“-ს  უმაღლესი კატეგორიის პარფიუმერიის უპირველეს ნიშნულად დარჩენას  საქართველოში. „არომატეკა“-ს  გეგმები საკმაოდ ამბიციურია. ის ქართველ მომხმარებელს კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს პირდება და გაჩერებას არ აპირებს. მის გუნდს სჯერა ადამიანების და მათთვის მინიჭებული დადებითი ემოციებით მიღებული სიამოვნების.

ქეთი კერესელიძე, დირექტორი: „რაც „არომატეკა“-ს ნამდვილად განსაკუთრებულს ხდის არის მონდომება, რომელიც გააჩნია ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს. ჩვენ ვქმნით დაუვიწყარ გამოცდილებას – სუნამო, გარემო, ურთიერთობა მომხმარებელთან – ეს ყველაფერი ამ გამოცდილების შემადგენელი ნაწილია. ეს ფილოსოფია „არომატეკა“-ს დამფუძნებლის მემკვიდრეობაა და ვფიქრობ, რომ სწორედ ამ იდეის ერთგულებამ განაპირობა ის, რომ ბრენდი უწყვეტად და მუდმივად განაგრძობს ზრდას. წინ უამრავი საინტერესო და სასიამოვნო სიახლე ელოდება „არომატეკა“-ს მომხმარებელს.“

Scroll To Top