Arnaud Poulain x Les Eaux Primordiales

10.09.2022

ბაუჰაუსის არქიტექტურით და მოდერნისტული დიზაინით შთაგონებული სუნამოს ფლაკონი, რომელიც Les Eaux Primordiales-ის პარფიუმერულ შედევრებს იტევს, არ რჩება დახლზე შეუმჩნეველი; თანამედროვე არომატის მომნუსხველი სითხე კი იმ ისტორიულ და ემოციურ კვანძებს ხსნის, რომელიც პარფიუმერმა და ბრენდის დამფუძნებულმა არნო პულენმა ჩააქსოვა საკუთარ ოლფაქტორულ ქმნილებებში. ავტობიუგრაფიულ ნიუანსებსა და ფრანგულ ტრადიციებში ჩაძირული სუნამოების სამი ხაზით, ავტორი იძიებს ემბლემური ყვავილების, პარფიუმერიის განუყოფელი მასალებისა და კარგად გამჯდარი ყოველდღიური სურნელების აღმატებულ ნაზავებს, რომლებიც შემოქმედს დაბადების ადგილას არასიში აბრუნებს. სიცოცხლის პირველი ნიშანი დედამიწაზე, არის ის კოსმიური ოკეანე, რომელიც ჟიულ ვერნიმ ‘პირველყოფილ წყლებად’ (Les Eaux Primordiales) მოიხსენია, სწორედ მას დაესესხა  არნო პულენი, როდესაც 2015 წელს საკუთარი ‘წყლებით’ წარსდგა პარფიუმერულ ასპარეზზე. წარმოგიდგენთ ინტერვიუს არაორდინალური საწყისებისა და პერსპექტივის მქონე ამ მრავალმხრივ საინტერესო პერფიუმერთან:

                                                                           


მექანიკური ინჟინერიიდან – ნიშურ პარფიუმერიამდე
სუნამოების მიმართ რამ გამოიწვია თქვენი მიზიდულობა? ყოველთვის იცოდით, რომ დახვეწილი ყნოსვითი ალღო გქონდათ, თუ ეს იყო ის, რაც ცხოვრებაში მოგვიანებით აღმოაჩინეთ?

პარფიუმერია ცოტა არ იყოს შემთხვევით აღმოვაჩინე 20 წლის ასაკში, ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო. ყველაფრით ვინტერესდებოდი, რაც სუნამოსთან იყო კავშირში, შემდეგ დავიწყე გადამზადება ლანსში.

ჩემი ჰიპეროსმიის შესახებ მაშინ გავიგე, როდესაც ოლფაქტორული გაკვეთილები დავიწყე ამელი ბურჟუასთან (რომელიც დღეს ჩემთან მუშაობს სუნამოების ტექნიკურ განვითარებაზე), მან მაშინვე შეამჩნია.

მოგვიყევით ამ გზაზე საწყისი ნაბიჯების შესახებ, რომელმაც საბოლოოდ დამოუკიდებელი პარფიუმერიის სახლი Les Eaux Primordiales დაბადა. რა იყო ბრენდის პირველი სიცოცხლის ნიშანწყალი, რამაც წინსვლისკენ გიბიძგათ?

სუნამოების შეზავება 2012 წელს დავიწყე ჩემი ბავშვობის სახლის მისაღებში. ამ პერიოდში ძირითადად ოდეკოლონებს ვამზადებდი, რომლებსაც მეგობრებს ვუზიარებდი უქმეებზე პარიზში გადასვლისას. ისინი ყოველთვის მამხნევებდნენ, უფრო შორს წავსულიყავი. შემდეგ დავიწყე კონცენტრირებული პარფიუმერული წყლების შექმნა და 3 წლის თავზე დავაფუძნე Les Eaux Primordiales.

                                                                       

არასში, ინდუსტრიულ გარემოში გაქვთ ფესვები და თან არტიზანთა ოჯახში გაიზარდეთ, მოახდინა თუ არა გავლენა თქვენზე, როგორც პარფიუმერზე, ინდუსტრიალიზმის დომინანტურმა ვიზუალურმა სიგნალებმა  და ამასთანავე ხელოვნებისა და ხელოსნობის გატოლებულმა სიყვარულმა?

აბსოლუტურად, მინდოდა ინდუსტრიული ესთეტიკა გამეცოცხლებინა ჩემი ბოთლების ხაზში. ჩემი ფესვები ყოველთვის მაკვალიანებდა და შთამაგონებდა. ბაბუაჩემის (ფერმერის) და შემდეგ მამაჩემის მიერ გადმოცემულ ღირებულებებს ვეყრდნობი და ჩემს კომპანიაშიც ვამკვიდრებ მათ. სხვათაშორის, ბაბუაჩემს სუნამოც მივუძღვენი: Champ D’influence.

თქვენი სუნამოები ძალიან ავტობიოგრაფიულია; თითქოს, ცდილობთ მიაღწიოთ ავთენტურობის გარკვეულ წერტილს. როდესაც ახალი სუნის შექმნას იწყებთ, საიდან იღებთ შთაგონებას? ფორმულა იწყება ერთი კონკრეტული ინგრედიენტით, რომელიც ატარებს ნოსტალგიურ განცდას ან თვალნათელ მოგონებას, თუ იწყებთ წარმოსახვითი კომპლექსური სურნელით და ცდილობთ მის ამოცანის მსგავსად გაშიფვრას, ჭეშმარიტი ინჟინრული ჟინით?

შთაგონებული ვარ ყველაფრით, რაც ჩემს გარშემოა, ყნოსვითი მოგონება, ფერწერა, ფოტო და ა.შ. მაგალითად Couleur Primaire-ისთვის, ყველაზე გრილი სურნელი ჩვენს ასორტიმენში, მინდოდა სუფთა სარეცხის სუნი აღმედგინა დახვეწილი ფორმით, ამიტომ დავიწყე ნედლი მასალით (ალდეჰიდები), რომლითაც ავაგე ფორმულა, მართლაც, როგორც ინჟინერმა.

ციხე, რომელიც 1850 წელს ეკუთვნოდა ‘ნახშირის მოპოვების ასოციაცია Nord Pas de Calais’-ს, ახლა ‘Le Domaine Primordial’-ს მასპინძლობს, სათაო ‘Flagship’ ტიპის სივრცეს, არა მხოლოდ სუნამოების წარმოებისთვის, არამედ სხვა ჩინებული ხელნაკეთობებისთვის. ეს პროექტი, თითქოს ლამაზი ჟესტია, რომელიც არასის ისტორიას ეძღვნება, ქალაქის, რომელმაც გიმასპინძლა ამ სამყაროში; როგორ აფასებთ ხელნაკეთობების და მექანიკურად წარმოებული საგნების როლს თქვენს შემოქმედებაში და პირად ცხოვრების სტილში?

ხელსაქმის წვლილი შეუფასებელია! ამ ხელოვნებისა და ნოუ-ჰაუს გადაცემის ხარჯზე ვქმნით ასეთ დახვეწილ სუნამოებს. ადრევე გავიაზრე, რომ საგნები, რომლებიც ყველაზე დიდხანს ძლებენ, შექმნილია ხელით და ვნებით. ხელოსნობის ფასეულობები, როგორიცაა შრომა, ნოუ-ჰაუ და მაღალი ხარისხი, ასევე ვრცელდება ჩემს კომპანიაზე. ამიტომაც, მე მინდა პატივი მივაგო ყველა ხელობას, რომელიც ფრანგულ ფუფუნებას ასაზრდოვებს.

                                                         

შეგიძლიათ მეტი გაგვიზიაროთ თქვენი გატაცების შესახებ ხელოვნებით და დაასახელოთ ხელოვანები, რომლებმაც შთააგონეს ან შეცვალეს თქვენი ბრენდის კურსი? გყავთ თუ არა ბევრი კოლაბორატორი და როგორ წყვეტთ ვისთან ერთად ითანამშრომლოთ?

ძალიან მომწონს ბაუჰაუსის ესთეტიკა, ასევე ბერნდისა და ჰილა ბეშერების – გერმანელი ფოტოგრაფების დუეტი, რომლებმაც დიდად შთააგონეს Les Eaux Primordiales-ის გრაფიკული მხარე. მაგრამ, ასევე მიზიდავს უფრო თანამედროვე ხელოვანები, როგორიცაა დიზაინერი აქსელ ფონ ფორდთი. მე ვქმნი სუნამოებს ამელი ბურჟუასთან ერთად, ვიზუალურ მასალას – ტანიასა და ვინსენტთან (ფრანგი ფოტოგრაფების წყვილი), ავეჯს – დურგალთან, რომელიც ‘Le Domaine Primordial’-ში მუშაობს .

სუნამოს ვიზუალური პორტრეტის მსგავსად, თქვენს სურნელოვან გამოგონებებს ფერად მიკროკოსმიურ/კამუფლაჟურ სახეებს უსადაგებთ. თქვენი აზრით, როგორ ემსახურება Les Eaux Primordiales-ის სუნამოები მის მატარებელს? ისინი ცბიერად აძლიერებენ ადამიანის უნიკალურ პიროვნულ მახასიათებლებს თუ ინტენსიური ოლფაქტორული სინათლის ქვეშ აქცევენ მას? თუ რაიმე უფრო შუალედური?

ბრენდის მსგავსად, რომელიც უნიკალური და ორიგინალურია, Les Eaux Primordiales გამიზნულია მათთვის, ვისაც სურს გამოირჩეოდეს, ვინც გამბედავია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია სუნამოს მოხმარების რაოდენობაზე! რაც მეტს ვიპკურებთ, მით უფრო გვინდა სულის გამომჟღავნება, რაც ჩვენი სურნელოვანი ქმნილებებით მარტივია! მაგრამ, თუ სუნამოს უფრო ფრთხილად ვატარებთ, მაშინ ეს უფრო პიროვნულობის გაძლიერებაა, მეორე კანივით, რომელიც ზეძალებს მატებს.

თქვენი სამი კონცეპტუალური კოლექციით, Superclassique, Supercritique და Superfluide, თქვენ განავითარეთ სუნამოების განსხვავებული ხაზები. ინტერვიუების თანმდევი კითხვაა ხოლმე, რესპოდენტმა თავი სამი სიტყვით დაახასიათოს, მაგრამ იქნებ ეს სამი სუნამოთი ჩაგვენაცვლებინა (თითოეული ერთ-ერთი კოლექციიდან)?

ეს ძალიან რთულია, ვინაიდან ყველა მათგანი მიყვარს! მაგრამ, თუ მიწევს გამოვარჩიო, ეს იქნებოდა:

Superclassique : Mécanique Intuitive

Supercritique : Rose

Superfluide : Cèdre

რამდენად დაეთანხმებით არნო პულენს მისი სუნამოების დახასიათებაში, ამას მხოლოდ მათი შეძენის შემდეგ გაიგებთ. სუნამოებს კი თბილისში, „ლარომ ბუტიკ“-ში შეიძენთ, რომელიც აღმაშენებლის გამზირის 76-ში მდებარეობს.

                                                                                                                        გვანცა ჯგუშია

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top