2021 წელს დასრულებული თანამედროვე ტაძრების არქიტექტურა

10.01.2022

თანამედროვე ტაძრების არქიტექტურაში გასული რამდენიმე ათწლეულის მანძილზე უკვე  ვიხილეთ ისეთი საკულტო შენობები, როგორებიცაა ტადაო ანდოს სინათლის ტაძარი, ოსკარ ნიმეიერის ბრაზილიის კათედრალი თუ პეტერ ცუმტორის ბრუდერ კლაუსის სამლოცველო.

ამ შენობებს მათი ავტორების მკვეთრი ინდივიდუალური ხასიათი და სისადავე აერთიანებთ, სწორედ ამიტომ მათი ვიზუალის  დავიწყება თითქმის შეუძლებელია.  2021 წელს რამდენიმე გამორჩეული ტაძარი აშენდა, რომლებიც დამთვალიერებლის ყურადღებას სხვადასხვა ნიშნის გამო იქცევენ, იქნება ეს არაორდინალური ფორმები, მინიმალისტური ხასიათი თუ ტრადიციული ელემენტების თანამედროვეობასთან სინთეზი.

FUEGO  NUEVO  CHAPEL / WRKSHP

Capilla Fuego Nuevo  (ახალი ცეცხლის სამლოცველო) მექსიკური არქიტექტურული ფირმის WRKSHP-ის მიერ მონტერეის ელ უროს მუნიციპალიტეტში შესრულებული პროექტია. ტაძარი მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს და გარშემორტყმულია სიერა მადრეს ქედით.

1,265 კვ.მ შენობა 3,200 კვ.მ ფართობზეა განლაგებული. ბეტონის ნაგებობა, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის გარემოს, არასტანდარტული ფორმის და დახრილობის მქონე მიწის ნაკვეთის სამ დონეზეა გადანაწილებული:

ნახევარსარდაფი მოიცავს მრავალფუნქციურ დარბაზს და სამარხებს. შენობის ამ ნაწილში სინათლე არ აღწევს, ეს გადაწყვეტილება კი – ადამიანებს საშუალებას აძლევს ინტიმურ გარემოცვაში პატივი მიაგონ გარდაცვლილ ადამიანთა ხსოვნას. პირველ სართულზე მონასტრის ცენტრალური ნავია, რომელიც 360-მდე მლოცველს იტევს. ამ სივრცეში მოხვედრა შენობის ჩრდილოეთ მხრიდან პანდუსის  მეშვეობით  არის შესაძლებელი, რომელიც ქუჩისკენ მიმართულ ფასადს მიუყვება. თუ ამ პანდუსს გავყვებით, ტერასაზე, კომუნის შემოწირული  მარადმწვანე მუხის ჩრდილში აღმოვჩნდებით – ცენტრალურ შესასვლელთან. მთავარ დარბაზში შესვლისას კი თვალს მოვკრავთ ანტრესოლს, რომელიც სპეციალურად მგალობელთა გუნდისთვის შეიქმნა.

Fuego Nuevo Chapelიმ შენობათა მაგალითია, სადაც სინათლე არქიტექტურის არსებითი ნაწილი ხდება. მნიშვნელოვანია ის მასალები, რომლებიც პროექტშია გამოყენებული, მათი უმეტესობა Nuevo León-ის მიწის ინდუსტრიული და საწარმოო მემკვიდრეობაა, რაც მნიშვნელოვანი დეტალია შენობის ავთენტური ხასიათის შექმნისთვის. შენობის მყარი საფუძველი ბეტონისგანაა დამზადებული, მინა კი სინათლეს უზრუნველყოფს. გამოყენებულია ნატურალური ყავისფერი ხე, ტრავერტინის მარმარილო  პუბლას რეგიონიდან  და შავი მონტერეული მარმარილოს ბლოკები, რომლებიც  ( Cerro del Topo Chico)  San Nicolas-ის კარიერში მოიპოვება.

პროექტზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო და განხორციელდა ელ უროს მრევლისა და დონორების დაკვეთით.

SANTA MARIA GORETTI CHURCH /

MARIO CUCINELLA

 მარია გორეტის (კათოლიკური ეკლესიის ყველაზე ახალგაზრდა წმინდანი 1890 -1902) სახელობის ტაძარი მორმანოში, იტალიურ პატარა მთაგორიან ქალაქში მდებარეობს და მისი ავტორი არქიტექტორი მარიო კუჩინელაა. მონოლითური ფორმის ტაძრის არქიტექტურის შთაგონება ნატურალური ფორმები და მკაცრი კალაბრიული აფსიდური სამლოცველო ტიპის შენობებია, რომელსაც ბერები რომის იმპერიის აღმოსავლეთ რეგიონებში, დევნისას აშენებდნენ. არქიტექტორისთვის ასევე მნიშვნელოვანი შთაგონება გახდა იტალიური ბაროკოს გამორჩეული წარმომადგენლის: ფრანჩესკო ბორომინის რომში შესრულებული ტაძრები San Carlo alle Quattro Fontane და Sant’Ivo alla Sapienza.

შენობას არასტანდარტული ფორმა აქვს და ის მთლიანად თეთრ ფერშია შესრულებული, რის გამოც ობიექტი შორი მანძილიდან თვალისმომჭრელი და ადვილად შესამჩნევია.

ბეტონის სვეტები, ზედხედიდან ყვავილის ფორმას მოგაგონებთ. ოთხი აფსიდიდან  ერთ-ერთი გამოყენებულია, როგორც მაღალჭრილიანი ცენტრალური  შესასვლელი ჯვრის ფორმით, რომელიც საღამოს განათებულია. ეს კონცეპტუალური გადაწყვეტილება კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის ტაძრის არქიტექტურას.

ტაძრის ინტერიერში შესვლისას პირველი დეტალი, რაც დამთვალიერებლის ყურადღებას უმალვე იქცევს 16 მეტრიანი ჭერიდან დაშვებული თეთრი, დახვეული,თითქმის გამჭვირვალე ქსოვილის ფარდებია, რომლის ფორმაც ირიბად იმეორებს შენობის არქიტექტურას.  სიმშვიდე, ბუნება, ხელოვნების და არქიტექტურის სინთეზი,  დახვეწილი ინტერიერი სწორედ ის არის, რაც შენობას ასეთ საკრალურობას სძენს.

ეკლესიაში მოხვედრა სპეციალურად დაგებული გზით არის შესაძლებელი. შენობა  თავს უყრის ერთსართულიან სამრევლო თავშეყრის ადგილს, საეკლესიო საკლასო ოთახებს და სამღვდელო სახლებს, რომელიც გაერთიანებულია ცენტრალური გაშენებული ეზოს გარშემო, „მწვანე” სახურავის ქვეშ. სასულიერო პირებს ეკლესიაში მოხვედრა საკურთხევლის უკანა მხრიდან დამალული კედლებიდან შეუძლიათ. უნდა აღინიშნოს, რომ კედლებში ასევე  ჩამალულია საეკლესიო ზარებიც. ინტერიერში გამოყენებულია მარიო კუჩინელას შვილობილი კოპანიის მიერ დამზადებული ხისა და ფოლადის ავეჯი.

შენობა Episcopal Conference of Italy-ს (CEI)  პრიზის ლაურიატი გახდა და ეპისკოპოსთა ეროვნული კრების სიმპატია დაიმსახურა. მისი მშენებლობა 2015 წელს დაიწყო,  ხოლო 2021 წელს შენობა დასრულებული ფორმით ოფიციალურად გაიხსნა.

SAN PEREGRINO  ORATORY  / Así! Arquitectura

სან პერეგრინოს მინიმალისტური სამლოცველო არგენტინაში, ქალაქ პარანას სამხრეთით, კონსოლიდირებულ ურბანულ სექტორში მდებარეობს.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქალაქის ურბანული განვითარების პროცესები, ერთ კონკრეტულ შენობაზე ახდენს გავლენას და მის ფუნქციას ფუნდამენტურად ცვლის.

ტერიტორიაზე, სადაც დღეს სან პერეგრინოს სამლოცველო მდებარეობს თავდაპირველად პატარა ტაძარი ფუნქციონირებდა, რომელიც დროთა განმავლობაში რაიონის მზარდი მოსახლეობის საჭიროებებს ვეღარ აკმაყოფილებდა, სწორედ ამიტომ მის გვერდით ახალი, უფრო დიდი კომპლექსი აშენდა, რის გამოც სამლოცველო საპირფარეშოდ გადაკეთდა, ამგვარად შენობამ მისი პირვანდელი სახე და ფუნქცია დაკარგა.

არქიტექტორების მიზანი იყო სან პერეგრინოს სამლოცველოსთვის აღედგინათ პირვანდელი მნიშვნელობა და გადაეაზრებინათ მისი სიმბოლიზმი და ისტორია. სწორედ ამიტომ არის ეს შენობა ტაძრის ატრიუმში  განთავსებული. სამლოცველოს ფორმა თავდაპირველ შენობას მოგვაგონებს და განასახიერებს ამ სამეზობლოში რელიგიური კომუნის ზრდას. ვიზუალური მასშტაბის გასაზრდელად და ტაძრისთვის თანამედროვე იერის მისაცემად პირვანდელი ორ ფერდიანი სახურავი ერთ ფერდიანმა ჩაანაცვლა. ძველი შენობის კოშკი, რომელშიც საპირფარეშო იყო განთავსებული, ახალი დიზაინის ნაწილი გახდა. სამლოცველოს შიდა სივრცესთან ეს კოშკი დიაგონალური ჭრილის მეშვეობითაა დაკავშირებული.

ტაძრის შიდა სივრცეში ვიზიტორებს ყოველდღიური ცხოვრების სწრაფი ტემპისგან დასვენება შეუძლიათ, სამლოცველოს მინიმალისტური არქიტექტურა და ინტერიერი მშვიდ სპირიტუალურ ატმოსფეროს ქმნის. ობიექტებისგან დაცლილ სივრცეში სინათლე მთავარ როლს თამაშობს. მეტალის ჯვარის თავზე, სტრატეგიულად განთავსებული ჭრილია, რომელიც ბუნებრივ განათებას შიდა სივრცეში შეღწევის საშუალებას აძლევს. მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ უამინდო დღეებში წვიმას ჭრილიდან შენობაში შეღწევა შეუძლია, რაც მლოცველის გზაზე დაბრკოლებების ალეგორიაა.

პროექტი შესრულებულია Así! Arquitectura – ს მიერ 2021 წელს.

TIKKURILA CHURCH AND HOUSING  / OOPEAA

ტიკურილას ეკლესია და საცხოვრებელი მულტიფუნქციური კომპლექსია, რომელიც აერთიანებს ეკლესიას, კაფეს, შესახვედრ სივრცეებს ლოკალური კომუნისთვის, ასევე ოფისებს და ახლოს მდებარე კორპუსს, რომელშიც სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, ხელმისაწვდომი ბინები, საზიარო აღჭურვილობა და სავაჭრო სივრცეებია განთავსებული. თავად ეკლესია საცხოვრებელი ბლოკის კუთხეშია და დანარჩენ კომპლექსთან ერთად ჰელსინკის ერთ-ერთ ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვან უბან ტიკურილას მოსახლეობას ბევრ სხვადასხვა ფუნქციას სთვაზობს. ტიკურილა, რომელიც მთავარი აეროპორტის მახლობლად მდებარეობს, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ჰაბი და ინდუსტრიისა და ბიზნესის ცენტრია. ეს პროექტი, რომელიც უბნის მთავარი მოედნისა და ადმინისტრაციული ცენტრის მოპირდაპირე მხარესაა განთავსებული, ტიკურილას გარდაქმნისა და ურბანიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ეკლესიის ფერადი აგურის ფასადი და სკულპტურული ფორმა სამეზობლოს ღირშესანიშნაობაა. მულტიფუნქციური შენობის მთავარ დარბაზში 500-მდე ადამიანი ეტევა, თუმცა მისი დაყოფა უფრო მცირე სივრცეებადაცაა შესაძლებელი რათა სხვადასხვა ღონისძიებები ერთდროულად ჩატარდეს. აქ დაახლოებით 140 ადამიანს შეუძლია მუშაობა და რამოდენიმე სხვადასხვა ზომის თავშეყრის ადგილიც არის. ზაფხულის თვეებში ეზო სასიამოვნო სოციალურ სივრცედ იქცევა. კომპლექსის ვიზიტორების განკარგულებაშია კაფე და საბავშვო კუთხე.

პროექტის არქიტექტურის ამოსავალი წერტილი ადამიანების პირადი გამოცდილებები იყო. დიზაინი ხელმისაწვდომობის, მდგრადობის პრინციპებს ეფუძნება შიგნით, მთავარ სივრცეში მასშტაბი იცვლება. სარკმელებიანი კედლის მხარეს ჭერი მაღლაა აზიდული. ამ დარბაზში ბუნებრივი სინათლე დახვეწილად შემოდის და მყუდრო, მშვიდ ატმოსფეროს ქმნის. მასალების სელექციაში გამძლეობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ექსტერიერი გამომწვარ აგურშია გადაწყვეტილი. ინტერიერში ბეტონი და ხე ჭარბობს რაც საინტერესო დინამიკას ქმნის. არჩეულ მასალებს დროთა განმავლობაში სიძველე დაეტყობათ და მეტ ხასიათს შეიძენენ.

ტიკურილას ეკლესიის მასშტაბი ერთდროულად კომპაქტური და ცვალებადია. ამ კომპლექსის სახურავების მკვეთრი დახრა გამომწვარ აგურთან თანხვედრაში, მისი იდენტობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ეკლესიას, შენობის დანარჩენი ნაწილისგან გამოყოფს. დახრილ სახურავს ფუნქციური დატვირთვაც აქვს – მისი წყალობით ზედა სართულებზე დუპლექსის ტიპის ბინების დაპროექტება გახდა შესაძლებელი. აქ როგორც სტუდიოს ტიპის ასევე ოჯახებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ ფართებს შევხვდებით. მაცხოვრებლების განკარგულებაშია საზიარო აღჭურვილობა, მათ შორის: საუნები, ტერასები, სამრეცხაო, თავშეყრის ადგილები და ველოსიპედების გარაჟი. ფანჯრებიდან ხედი გარშემო მდებარე ურბანულ ლანშაფტზე იშლება.

არქიტექტურულ პროექტზე კომპანია  OOPEAA მუშაობდა. მშენებლობა 2021 წელს დასრულდა. ეკლესიის ფართი 3,500 კვ.მ-ია, ხოლო საცხოვრებელი ფართი 11,982 კვ.მ-ს შეადგენს.

MOSQUE OF MOHAMED

ABDULKHALIQ GARGASH / DABBAGH ARCHITECTS

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ახალი Mohamed AbdulKhaliq Gargash-ის სახელობის  სინათლის მეჩეთი Dabbagh Architects-ის მიერ შესრულდა.  პროექტის ხელმძღვანელი Sumaya Dabbagh  პირველი  ქალი არქიტექტორია, რომელმაც არაბეთის გაერთიანებული საამიროებში მეჩეთი ააშენა. შენობის ფორმა, გამჭვირვალე სინათლის წყაროები, მასშტაბურობა და ლოცვისთვის განკუთვნილი იზოლირებული სივრცე ჰარმონიულ ერთიანობას ქმნის.

გარგაშის ოჯახის მოთხოვნა იყო, დუბაის შუა გულში, ინდუსტრიულ ნაწილში აეშენებინათ მინიმალისტური, თანამედროვე მეჩეთი, რომელიც მშვიდი ადგილი იქნებოდა  ალ ქუოზის  კომუნის მომლოცველთათვის.  ლოკალური ინდუსტრიების მხარდასაჭერად მშენებლობისას გამოყენებულია ადგილობრივად მოპოვებული მასალები: ომანური ქვა, ბეტონი, ალუმინი. მეჩეთი მოპირკეთებულია გაერთიანებულ საამიროებში წარმოებული კერამიკით.

არქიტექტურული კონცეფციისთვის ამოსავალი  წერტილი  ლოცვის აქტი გახდა, ტრანზიციული მდგომარეობა, სადაც ადამიანი განმარტოებულია საკუთარ თავთან და მზად არის სულიერ სამყაროში შესაბიჯებლად. შენობის  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი სინათლეა, რომელიც „ღვთიურთან” დაახლოების საშუალებას აძლევს მლოცველს. არქიტექტურის  მასშტაბურობაც საკრალურობის და სიდიადის გამომსახველობის ფორმად შეიძლება ჩაითვალოს. აღსანიშნავია პერფორირებული დაჩრდილვა შესასვლელთან, რომლის შუქ-ჩრდილების თამაში  მლოცველებს  შიდა სივრცეში განმარტოებისთვის განაწყობს. შემდეგი საფეხური კი – ფეხსაცმელების გახდა და ლოცვამდე ყურანის წაკითხვის რიტუალია.

მუსლიმური ტრადიციის თანახმად ლოცვა მთელი დღის განმავლობაში ზუსტად დადგენილ დროს აღესრულება: გამთენიისას, დილას, შუადღეს, მზის ჩასვლისას და საღამოს. ეს  დისციპლინა ადამიანურ კავშირს ამყარებს დღისა და ღამის ბუნებრივ რიტმთან. მეჩეთის არქიტექტურის მიზანიც მუსლიმურ ტრადიციასთან და მის სპირიტუალურ მხარესთან სინათლის კონცეფციის გავლით დაახლოებაა.

MOON WEDDING CHAPEL CHINA / SYN ARCHITECTS

მთა ტაის გარშემო მდებარე დრამატულ ლანდშაფტის შუაგულში, Syn Architects-ის დაპროექტებული ცერემონიული დარბაზის სახურავზე წყლით სავსე აუზს ნახევარსფეროს ფორმის ფანჯარა გადაჰყურებს. ის მთვარეს განასახიერებს, რომელიც არასოდეს ჩადის.

Hometown Moon ლუშანგ ჯგუფის დაკვეთით განხორციელებული პროექტის კრეატიული სრატეგიის ნაწილია. ის ერთ-ერთი იმ შენობათაგანია, რომელიც ქალაქ ტაიანის გარშემო მდებარე 55კვ.კმ ფართობის ტერიტორიაზეა განლაგებული.

ამ პროექტის მიზანია უკეთ დააკავშიროს ლოკალური სოფლები ერთმანეთს და ვიზიტორებს უბიძგოს უკეთ გაეცნონ ადგილობრივ ლანდშაფტს. ეს პროექტი ქალაქისა და სოფლის დუალიზმის ერთგვარი გადააზრებაა.

კონფუციანიზმის სამშობლოს შუაგულში აშენებულ ამ საქორწინო დარბაზში მოსახვედრად, ვიზიტორებმა „განმწმენდი” მთის გზა უნდა გაიარონ. ამ გზის დასაწყისში მდებარე სამეთვალყურეო ტერასა, რომელიც Gad Line+ Studio-მ დააპროექტა, ღრუბლების ფორმას იმეორებს. ეს ორი შენობა ერთმანეთთან დიალოგში იმყოფება.

სამლოცველოს შენობა ბეტონისგანაა აშენებული. მაღალი კოლონები, რომლებსაც სახურავი ეყრდნობა ღამის საათებში განათებულია. დარბაზის შიდა სივრცეში  დიდი, მთის მაგვარი სკულპტურული ობიექტია, რამდენიმე  საპირფარეშო და სპირალური კიბე, რომლის გავლითაც სახურავზე მდებარე ნახევარმთვარის ფორმის პლატფორმაზე შეგვიძლია მოვხვდეთ, საიდანაც გარშემო მდებარე სოფლების ხედი იშლება. ქვის ობიექტები და ბეტონის ფილები ისე ფარავენ ამ სტრუქტურის კედლებსა და იატაკს თითქოს თვითონაც მთის ნაწილები ყოფილიყვნენ.

შიდა სივრცეში მთვარის ეფექტს ნახევარსფეროს ფორმის სტრუქტურა ქმნის, რომელიც ჭერის სიბრტყეს კვეთს და სახურავის ზემოთ მდებარე ფანჯარას ინტერიერთან აკავშირებს. ამ არქიტექტურული ელემენტის გავლით დღისით დარბაზში ბუნებრივი სინათლე შემოდის.

თუ სამლოცველოს შორიდან შევხედავთ აუზში დანახული ანარეკლი ჩამავალ მთვარეს სავსე მთვარედ აქცევს. შიდა სივრცეში იგივე ეფექტს სარკისებრი ჭერის ზედაპირი ქმნის.

მთვარის ეს რკალისებური ფორმა ბუნებრივი ექოს გამაძლიერებელია. ის შეყვარებული წყვილის დაპირებებს აძლიერებს და გარე სამყაროს გადასცემს.

                                                                                                            ნინა პატარიძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap