სხვა რაკურსით
22.11.2021
იმ დრომდე სანამ ენდი ვორჰოლი ის „ენდი ვორჰოლი“ გახდებოდა, რომელსაც ჩვენ კარგად ვიცნობთ, მიმდინარეობა პოპ არტს ჩაუყრიდა საფუძველს და კემპბელის ქილებით მთელ ამერიკას ააჭრელებდა, ისიც ჩვეულებრივი ბიჭი იყო, რომელიც ერთ-ერთი ფეხსაცმლის ბრენდის ილუსტრატორად მუშაობდა. ეს ისტორია ალბათ ბევრისთვის უცნობია, რადგან ვორჰოლის 60-იანი წლების თავბრუდამხვევმა პოპულარობამ ხალხს მისი წარსული ცხოვრება დაავიწყა.
50-იანი წლებში როდესაც სარეკლამო ინდუსტრია ფეხს ნელ-ნელა იდგამდა, ილუსტრაციებს კი მსხვილი ჟურნალებისთვის ჯერ კიდევ ხელით აკეთებდნენ, ენდი ვორჰოლი ჟურნალმა Glamour მიიწვია. ფილიპ ფირლსტაინი რომ არა, ენდი ნიუ-იორკში შეიძლება არც ჩასულიყო, რადგან 1949 წელს სწორედ მან შესთავაზა საცხოვრებლად იქ გადასვლა. იღბლიანმა ახალგაზრდამ კი ნიუ-იორკში ჩამოსვლიდან მეორე დღესვე დაიწყო სამსახური.
ენდის ილუსტრაციებით აღფრთოვანებულმა რედაქტორმა, მას ერთის ნაცვლად ექვსი გვერდის გაფორმება სთხოვა იმავე ნომერში. ამავე გამოცემის ბეჭდვისას კი დაშვებულმა შეცდომამ ხელოვანის სახელი სამუდამოდ შეცვალა. ავტორებში ენდის ნამდვილი გვარის, Warhola-ს ნაცვლად Warhol ეწერა, რაც მას იმდენად მოეწონა, რომ იმ დღიდან ვორჰოლას ნაცვლად გადაწყვიტა ვორჰოლი გამხდარიყო.
მან სულ მცირე დროში მოახერხა ისეთ ცნობილ გამოცემებთან ეთანამშრომლა, როგორებიცაა Vogue და Vanity Fair. ჟურნალ Glamour-თან თანამშრომლობის შემდეგ კი, მისივე რედაქტორის ჯერალდინ შტუტცის რეკომენდაციით, იგი ფეხსაცმლის მწარმოებელთან – იზრაელ მილერთან (Israel Miller) იწყებს მუშაობას. იმ პერიოდში მილერი ცდილობდა სწორი მარკეტინგული სტრატეგიით თავისი მომხმარებლისთვის ბრენდის ახალი იმიჯი წარედგინა. როგორც ძველი გამოცემებიდან ვიგებთ, ახალგაზრდა ხელოვანმა ამ დავალებას თავი წარმატებით გაართვა, კომპანია გამოაცოცხლა და მას განსხვავებული მიმართულება მისცა.
ენდი ხშირად აფორმებდა ფეხსაცმელს ყვავილებით, ჩიტებითა თუ სამკაულის არშიებით, ფანქარივით სწორი ქუსლი კი რეკლამებსა თუ მანუფაქტურებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. იმ პერიოდში კომერციული ხელოვანების უმრავლესობა ფსევდონიმს იყენებდა, ენდი კი თამამად აწერდა ხელს ყველა ნამუშევარს. ვორჰოლთან თანამშრომლობამ, ქალებს მილერის ფეხსაცმელები სხვა, უფრო გლამურული კუთხით დაანახა.
რაც შეეხება მილერის მოდის სახლს, ეს მშვენიერი შენობა სწორედ მას ეკუთვნის და ბროდვეის და 46-ე ქუჩის კუთხეში მდებარეობს. ადრე ამ ადგილს არაერთი ცნობილი კინო ვარსკვლავი სტუმრობდა სწორედ იმისთვის, რომ მილერის დახვეწილი და ელეგანტური ფეხსაცმელი შეეძინათ. შენობის ერთ-ერთ ფასადზე წარწერასაც კი ნახავდით „ეძღვნება ფეხსაცმლის მშვენიერებას“.
მილერის სიყვარულს მსახიობების მიმართ შენობის ექსტერიერიც კი ცხადყოფდა. მან ოთხი ჩაღრმავებული თაღოვანი კონსტრუქცია სპეციალურად მარმარილოს ქანდაკებებისთვის გამოყო. იმის გასარკვევად რომელი მსახიობები უყვარდათ ამერიკაში, ე.წ არჩევნებიც კი ჩაატარა. შედეგად გამარჯვებული ქალი მსახიობების ოთხი სკულპტურა შეიქმნა, რომლებიც Time Square-ს გადმოჰყურებენ. ესენი გახლდათ მერლინ მილერი (Marilyn Miller) კომედიის ჟანრში, ეთელ ბერიმორი (Ethel Barrymore) დრამის, მერი პიქფორდი (Mary Pickford) კინოს, ხოლო როზა პონსელი (Rosa Ponselle) ოპერის სადიდებლად.
რაც შეეხება თავად იზრაელ მილერს, იგი პრუსიელი ემიგრანტი იყო, რომელიც შეერთებულ შტატებში მე-19 საუკუნის ბოლოს გადავიდა საცხოვრებლად. ის პარიზში დიზაინერ-კონსტრუქტორად, ხოლო ნიუ-იორკში ჩასვლის შემდეგ ჯონ აზიმონტისთან მუშაობდა, რომელიც იმ დროს ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო ფეხსაცმლის წარმოების ინდუსტრიაში. 1895 წელს მილერი საკუთარ კომპანიას აარსებს. იზრაელ მილერის ფირმა საკმაოდ გავლენიანი გახლდათ, მისი ფეხსაცმელი ეცვა ყველას, დაწყებული ბროდვეის მოცეკვავეებიდან დამთავრებული მუნჯი კინოს ვარსკვლავებით.
მილერის დიდების ხანა დასასრულისკენ მიდიოდა და როგორც ყველა ბრენდს მასაც დასჭირდა თანამედროვე, ახალგაზრდული ხედვა, რომელიც დამწყებ ილუსტრატორ ენდი ვორჰოლს აღმოაჩნდა. მათი ტანდემი ორივე მხარისთვის მომგებიანი აღმოჩნდა, ბრენდმა ახალი მიმართულება მიიღო, ენდიმ კი პირველი სამუშაო, რომელმაც მას სახელი და პრესტიჟი მოუტანა.
ენდი აღმერთებდა ფეხის სილუეტს და ფეხსაცმელებს, ხშირად სთხოვდა მეგობრებს და პოტენციურ საყვარლებს მისთვის ეპოზიორათ; ის კი სწავლობდა მათ ფორმას, ფეხის თითებსაც კი და შემდეგ ფურცელზე გადაჰქონდა. მისი ინტერესი ფეხსაცმლების მიმართ არც 60-იანი წლების შუაში გამქრალა, როდესაც მან მილერის ფირმა დატოვა. საკუთარ შემოქმედებაზე კონცენტრირებულიც კი მათ არ ივიწყებდა. პოპ-არტი, რომელსაც სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი, კონსუმერულ იდეოლოგიაზე იყო დაფუძნებული, მის სიმბოლოდ კი ხშირად ფეხსაცმელსაც იყენებდა, როგორც ნახატებში, ასევე ობიექტების შექმნისას. ის ცდილობდა პოპ-კულტურასა და მაღალ საზოგადოებას შორის ზღვარი წაეშალა და ხშირად პროვოკაციულ ნამუშევრებსაც ქმნიდა.
მოდა და კინო ყოველთვის შთაგონების წყარო იყო ენდის შემოქმედებაში, მასზე როგორც დიზაინერზე სწორედ კინო ვარსკვლავების ჩაცმულობამ იქონია გავლენა. ელვის პრესლი, ჯულია ენდრიუსი და კიდევ მრავალი სხვა, სწორედ ენდის დიზაინით შექმნილ ფეხსაცმელს ატარებდნენ. 1956 წელს მან ოქროს ფირფიტით დაიწყო ესკიზების შექმნა, რომელიც მისთვის გამორჩეულ მსახიობებს, ცნობილ ადამიანებს და ვისაც ის აღმერთებდა მათ მიუძღვნა. ამ სერიაში 40-მდე ფეხსაცმელი მოხვდა, რომელსაც თავად ენდი (ზოგ შემთხვევაში დედამისი) ხელს აწერდა, შემდეგ კი თითოს 50$-225$ აშშ დოლარად ყიდდა. ამ ფეხსაცმლების ჩვენება The Bodley Gallery-ში მოეწყო და რამდენიმე ფეხსაცმის მფლობელი, დაიან ვრილანდი, ლეო ლერმანი და მეი ვესტი გახდნენ.
მისი სერია Crazy Golden slippers დიორის 2013 წლის კოლექციის მთავარ ინსპირაციად იქცა, რომელიც ამ სახლის მაშინდელმა ბელგიელმა დიზაინერმა Raf Simons-მა შექმნა.
მილერის ატელიე 1970-იან წლებში დაიხურა. გამვლელები ხედავდნენ, რომ შენობა მიტოვებული იყო და მის უნიკალურ ფასადს დაზიანების საშიშროება ემუქრებოდა. წლების განმავლობაში უყურადღებოდ მიტოვეულმა შენობამ მხოლოდ რესტავრაციის შემდეგ, 2012 წელს აღიდგინა ძველი დიდება და პირველადი სახე დაიბრუნა.
უცნაური ფაქტია, მაგრამ წლების შემდეგ ენდი ვორჰოლი ფეხსაცმლის ილუსტრაციების საკუთარ გამოფენას არ დაესწრო, ალბათ თვლიდა რომ საკუთარი წარსულის ეს ნაწილი აღარ იყო მისთვის აქტუალური.
მარიამ ბერძენიშვილი