21.11.2023
„დაცემის ანატომია“ (Anatomy of a Fall) კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის „ოქროს პალმის რტოს“ ლაურეატია. ფილმს ქართველი მაყურებელი თბილისის რიგით 24-ე ფესტივალზე იხილავს. „დაცემის ანატომიას“ კრიტიკის ნელ-თბილი გამოხმაურება მოჰყვა, საფრანგეთის მთავრობა კი საერთოდ რეჟისორს ჟუსტინ ტრიეს დაუპირისპირდა დაჯილდოებაზე წარმოთქმული სიტყვის გამო, რომელშიც მან პრეზიდენტი მაკრონი გააკრიტიკა (საფრანგეთში საპენსიო რეფორმის ცვლილების საწინააღმდეგო გაფიცვებისა და აქციების შემდეგ) და მწვავედ შეაფასა კინოს დაფინანსების არსებული მოდელი, რომელსაც „ხელოვნების კომერციალიზაცია“ უწოდა.
ტრიეს შემოქმედებას კარგად არ ვიცნობდი და ეჭვი მაქვს – არც მსოფლიო. რამდენიმე არც თუ ისე საინტერესო ფილმის ავტორმა მოულოდნელად ორი საათნახევრიანი დრამა გადაიღო და კიდევ უფრო მოულოდნელი იყო, როდესაც ჟიურიმ „ოქროს პალმის რტო“ სწორედ ამ ფილმს მიაკუთვნა. ფილმი გაქირავებაში დიდად წარმატებული არ აღმოჩნდა, ის არც საქართველოში უჩვენეს. გამონაკლისი თბილისის კინოფესტივალი იქნება, რომელზეც ამ შესაძლებლობის გამოყენებას მკითხველს აუცილებლად ვურჩევდი, მით უფრო საფრანგეთის კინოაკადემიის უსამართლო იზოლაციის შემდეგ, რომელმაც „ოსკარებზე“ არა კანის კინოფესტივალის ლაურეატი, არამედ ასევე კარგი, მაგრამ სხვა ფილმი გააგზავნა.
„დაცემის ანატომიის“ სიუჟეტი მწერალი ქალის ირგვლივ ვითარდება, რომლის მეუღლეც, – ასევე მწერალი, – მესამე სართულიდან გადმოვარდება. სანდრა მთავარი ეჭვიმატანილია. მოქმედება ძირითადად სასამართლო დარბაზში ვითარდება. თუმცა „დაცემის ანატომია“ არაა ე.წ. სასამართლოს ჟანრის ფილმი, ის მხოლოდ იურისპრუდენციას, სამართალსა და ადამიანებს შორის ურთიერთობის ანატომირებას ცდილობს.
სახლში ცოლ-ქმრის გარდა არავინ იყო, მაგრამ სანდრა ჰულერის პერსონაჟი პოლიციას ეუბნება, რომ ქმარი მას არ მოუკლავს. თითქმის ყველაფერი მის წინააღმდეგაა, ის მაინც მყარად დგას საკუთარ პოზიციაზე, იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ სიტყვის ძალა იცავს, რომელსაც ბრალდების არგუმენტებისა და მტკიცებულებების გაბათილებაც შეუძლია.
ფილმი იწყება ბუნდოვანებით, აბსტრაქტული ურთიერთობებით, რომელიც ცოლსა და ქმარს შორისაა. სანდრა ცნობილი მწერალია. მასთან ინტერვიუს ჩამოსართმევად მიდიან, რა დროსაც ქმარი, რომელიც ჭერში რემონტს აკეთებს და რომელსაც ვერ ვხედავთ, ძალიან ხმამაღლა 50 Cent-ის სიმღერის P.I.M.P. ქავერს რთავს (სიმღერის ტექსტი სექსისტურია, თუმცა რეჟისორი ინსტრუმენტულ ვერსიას ირჩევს). შემდგომში ვიგებთ, რომ ვინსენტს დეპრესია აწუხებდა, რადგან მისი წიგნები, ცოლისგან განსხვავებით, პოპულარული არ იყო. სანდრა იძულებულია შეწყვიტოს ინტერვიუ და მეორე სართულზე ადის. ამასობაში მისი უსინათლო შვილი ძაღლის გასეირნებას გადაწყვეტს, შინ დაბრუნებული კი სახლის წინ მამის გვამს იპოვის. ვინსენტი ვიღაცამ გადმოაგდო მესამე სართულიდან (ან თავად გადმოხტა). სანდრა შვილის ყვირილზე გამოვარდება და თავადაც სასოწარკვეთილი ქმრის გვამზე დაემხობა.
კვანძის ამოხსნას სასამართლო ვერ ახერხებს. იურისპრუდენცია ჩიხიდან გამოსასვლელად მთავარი გმირის პირადი ცხოვრების კვლევას გადაწყვეტს. მაყურებელსაც აინტერესებს მოკლა თუ არა მან ქმარი, მაგრამ სასამართლო პროცესზე ჭეშმარიტების დადგენა არა აბსტრაქტულიდან კონკრეტულისკენ სვლის გზით, არამედ პირიქით, სანდრას შემოქმედების „ანალიზით“ გაგრძელდება, რასაც მოჰყვება სხვა პარტნიორებთან ურთიერთობების განხილვა და ზოგადად, იმის დადგენას, არის თუ არა სანდრა კარგი ადამიანი.
მთავარი მოწმე შვილია, რომელსაც დედა სთხოვს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, არ შეიცვალოს „მეხსიერება“. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დადგინდა, ხმამაღალი მუსიკის გამო 11 წლის ვაჟიშვილი მშობლების საუბარს ვერ გაიგონებდა. მანამდე კი მას პოლიციისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ სახლიდან გასვლისას მშობლების საუბარი მოესმა. ბავშვი უსინათლოა და მისი სმენის აპარატი გაძლიერებულია, თუმცა ამის მიუხედავად ექსპერიმენტი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ბავშვი იცვლის პოზიციას, მაგრამ ფილმში რჩება ეჭვი. ასევე, როდესაც სასამართლო პროცესზე ის ბრალდების სიტყვას ისმენს, წარმოიდგენს სცენას თუ როგორ კლავს დედამისი მამას, თუმცა არსებობს მცირე ეჭვი, რომ ეს სცენა მან მართლაც იხილა (მას თვალის ჩინი ბოლომდე დაკარგული არ აქვს).
ბავშვის სიბრმავე სიმბოლურია, რაც რეალობის დანახვის შეუძლებლობას გამოხატავს. ტრიეს სურს რეალობის აღქმის არასრულფასოვნებაზე დაგვაფიქროს. რეალობას ადგენს სამართალი, რომელიც არაზუსტ, რიგ შემთხვევებში მცდარ და სუბიექტურ აღქმებს ემყარება. ჩვენ არ ვიცით რას ვხედავთ და რა გვესმის, მეხსიერებას გვიქმნის მეცნიერება, ისტორია, ავტორიტეტები და იდეოლოგიები. ეპიზოდებში, რომლებშიც საგამოძიებო ექსპერიმენტები მიმდინარეობს კინოკამერა საგამოძიებო კამერად გადაიქცევა. როდესაც ოჯახის ადვოკატი ტელევიზიას აძლევს კომენტარს, კინოკამერა უკვე სატელევიზიო კამერად მოგვევლინება. ტრიე ცდილობს ყველა მზერის მოსინჯვას, მაგრამ არა იმის სამტკიცებლად, რომ რამდენი ხედვაც არსებობს იმდენი ჭეშმარიტებაა (რაც ძალიან პრიმიტიული იქნებოდა) – პირიქით, ის ჭეშმარიტებას სინთეზის შედეგად დამდგარ მდგომარეობად თვლის, რომელიც ურთიერთდაპირისპირებული რეალობების (ხედვების) დაჯამებითა და შეპირისპირებით გამომდინარეობს. ფილმში გარკვეულ სიმართლემდე მივდივართ, მაგრამ, რაც მე ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებს „დაცემის ანატომიაში“, ეს არის უთქმელი ეჭვი, რომ იქნებ აზროვნების პროცესი (დიალექტიკა) მცდარად წარიმართა და ფინალში ჭეშმარიტება არ დადგინდა.
ეს არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ჭეშმარიტებამდე მისვლა ზოგადად შეუძლებელია. ტრიე არსებული რეალობის ბუნებას იკვლევს, რომელიც შეზღუდულია და საკუთარი უძლურების დასამალად აბსურდს მიმართავს. უყვარდა თუ არა სანდრას ქმარი – ბრალდება სამართლებრივ ტაქტიკას ამ კითხვაზე პასუხის გაცემაზე აგებს (თუმცა არც ის იფიქროთ, რომ ბრალდებას მხოლოდ აბსტრაქტული არგუმენტები აქვს). სასამართლო კაფკას „პროცესს“ ემსგავსება, რომელშიც მთავარ პერსონაჟს ისე ასამართლებენ, რომ არ აგებინებენ რაში მიუძღვის ბრალი.
„ვარდნის ანატომიას“ მოკლე მეტრაჟი არ აქვს, მაგრამ ის არც მოსაწყენია და არც ბანალური. ფილმში ვერც მორალიზმს იპოვით და ვერც პოპულარულ ფემინიზმს. ტრიემ არაკომერციული, მაგრამ წარმტაცი და ინტელექტუალური სავარჯიშო შექმნა, რომელიც თავშეკავებული სტილის გამო თბილისის კინოფესტივალზე შესაძლოა სხვა ფილმებით გადაიფაროს, მაგრამ სწორედ ამ სიძუნწისა და საუცხოო დრამატურგიის გამო ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად დაამახსოვრდება მაყურებელს.
გიორგი რაზმაძე