ანა გზირიშვილის „წკაპი“

10.05.2023

თბილისში, ელენე აბაშიძის საზიარო სივრცეში, ანა გზირიშვილის სოლო გამოფენა „წკაპი“ მოეწყო, რომლის ნახვაც 21 მაისამდეა შესაძლებელი. გამოფენა მეორადი ჩანთებისაგან შექმნილ ინსტალაციებს მოიცავს, ასევე მის რამდენიმე ფერწერულ ნამუშევარს და 3D პრინტერის გამოყენებით დამზადებულ ელემენტებს, რომელიც შენობის ფასადიდანაა აღებული.

ანა გზირიშვილი, „ხმოვანი კოლაფსი“, 2023. ტყავი, მეტალი, ქსოვილი, პლასტმასი, მდფ 2022.
69 x 5.5 x 43 სმ

ანა, რატომ აირჩიეთ  სათაურად „წკაპი“ და პირობითად არა ჩანთა?

ჩემთვის საინტერესოა ჩანთა, როგორც სოციალური და პოლიტიკური სიმბოლიკით დატვირთული ობიექტი და სკულპტურული ფორმა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩემი როგორც ხელოვანის აქტი, როდესაც ამ ობიექტებს ვანაწევრებ და თავიდან ვაწყობ სხვადასხვა კონსტალაციებით და ლოგიკით. ეს აქტი მჟღავნდება ამ გადაბმის წერტილებში ანუ კიდეებზე, სადაც მდებარეობს წკაპი, რისი მეშვეობითაც ხორციელდება ეს გადაბმა. შესაბამისად, ეს პატარა ობიექტი, როგორც დამაკავშირებელი და შემაერთებელი ნივთი ხდება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემ ნამუშევრებში ვცდილობ, რომ ის შემოვიტანო ფოკუსის ცენტრში, რაც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე. მინდა, რომ მნახველი ამ პატარა და მიმალულ ადგილებსაც დააკვირდეს.

რატომ არის უფრო მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში გადაბმა და არა ობიექტი?

ჩემ სახელოვნებო პრაქტიკაში ხშირად ვმუშაობ „შუა სივრცეების’’ კონცეფციაზე. ეს ხედვა იბადება პოეზიასთან და თარგმანთან მუშაობისას, არამატერიაულური და მატერიალური სამყაროების მიჯნაზე ფიქრისას, პერიფერია ცენტრი რაც მნიშვნელოვანია. ნამუშევრებში მედიუმების და დაკვირვების ობიექტების ცვლის მიუხედავად, ჩემთვის ეს ინტერესი კონსისტენტურია. ამ გამოფენაში ეს შუა სივრცეების კონცეფცია მატერიალიზდება წკაპებად და ჩანთების შეხების წერტილებში.

ანა გზირიშვილი, „წკაპი“, 2023. ინსტალაციის საერთო ხედი

საიდან დაიბადა მეორადი ჩანთების გამოყენების იდეა?  რამე კონკრეტულ შემთხვევას, ისტორიას თუ გაიხსენებთ ან კონკრეტულ ადამიანს ვინც შთაგაგონა?

ამ ობიექტზე ფიქრი და მუშაობა ეტაპობრივად დიდი ხანია დავიწყე. პირველად ჩანთა გამოჩნდა ჩემ ნამუშევარში „დივას დებიუტი“. შემდეგ ჯგუფურ გამოფენაში „ხუთოთახიანში“, სადაც კონკრეტული ადგილი სპეციფიურ ინსტალაციად იყო გადაქცეული, დაშლილი და თავიდან აწყობილი, სახლზე „ხავსმოდებული“ ჩანთებით.

ჩანთაზე ინტენსიურად ფიქრი, თბილისის გარეუბანში ცხოვრების დროს დავიწყე. იქ საზოგადოებრივ სივრცეში, ქალის  უბრალოდ ყოფნა და მითუმეტეს მარტო, ძალიან რთული და ღირსშესანიშნავი აქტი იყო. ხელჩანთა მოიაზრებს ქალს საზოგადოებრივ სივრცეში. აქამდეც ბევრჯერ მიფიქრია ამ ნივთზე. მეც და ჩემი მეგობრებიც ხშირად ვყოფილვართ ისეთ სიტუაციაში, როცა მუდმივი საცხოვრებელი არ გვაქვს, სახლიდან სახლში გადავდივართ, ბევრ ნივთს ვატარებთ ჩანთებით, ვინმეს უნდა მივეკედლოთ, სიტუაციას უნდა მოვერგოთ, ბარგი თან ვატაროთ რადგან არ გვაქვს ჩვენი სივრცე და ქონება. მთელ მსოფლიოში ქალების უმრავლესობას არ აქვს საკუთარი ტერიტორია, სახლი; ჩანთა ხდება მათი ერთგვარი თავშესაფარი. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად ჩანთა არანაკლებ საინტერესოა ჩემთვის, როგორც სკულპტურული და ფერწერული ფორმა.

ანა გზირიშვილი, „წკაპი“, 2023. ინსტალაციის საერთო ხედი
ანა გზირიშვილი, „წკაპი“, 2023. ინსტალაციის საერთო ხედი

რატომ გადაწყვიტეთ თქვენი პირველი სოლო გამოფენა ჩანთის ინსტალაციებისათვის დაგეთმოთ?

ეს ჩემი პირველი სოლო  გამოფენაა თბილისში, ბერლინში სოლო გამოფენა ვიდეო ინსტალაციებით მქონდა. მედიუმების პერიოდული ცვლა ბუნებრივად ხდება, ესე მოითხოვა ჩემმა სახელოვნებო პრაქტიკამ ჩემი ინტერესების გათვალისწინებით ლოკალურ  გარემოში. აქამდეც ბევრ სხვადასხვა მედიუმში ვმუშაობდი, არა მხოლოდ ციფრულში.

გერმანიაში სულ სხვანაირი გარემოა. იქ ფიქრისთვის ბევრად კომფორტული და სტერილური სივრცეა. ინტელექტუალური საქმიანობისთვისაც უამრავი ხელმისაწვდომი მასალაა და ძალიან დიდი ფილოსოფიური ტრადიცია დასახმარებლად. იქ შემეძლო არამატერიალურ და ბევრად ექსპერიმენტულ მედიუმებში მუშაობა და კვლევა, რადგან უკვე ძალიან მყარი ნიადაგი არსებობს ამისთვის.

საქართველოში კი სულ იმის განცდა გაქვს, რომ ისედაც ჰაერში ხარ,  ქაოსია,  კონტექსტები არეულია, საყრდენი არ არსებობს. ამის გათვალისწინებით არამატერიალურ მედიუმებში მუშაობა უფრო რთულია ჩემთვის. სამაგიეროდ ჩემთვის საქართველოში საინტერესოა ლოკალური მატერიალური სამყარო, რაშიც გადავეშვი პანდემიის შემდეგ. თუმცა, ციფრულ და სხვა ექსპერიმენტულ მედიუმებშიც კვლავ ვაგრძელებ მუშაობას.

ბერლინში სწავლის დროს, ჰიტო შთეიერლი (Hito Steyerl) თქვენი მენტორი იყო.  რა გამოცდილებებს და სიახლეებს ეზიარეთ მასთან მუშაობისას?

ყველაფერი ახალი იყო. იქ ვისწავლე კონცეფციურად, კრიტიკულად ფიქრი ჩემს ნამუშევრებზე. ჩვენი ჯგუფი სოციალურ, პოლიტიკურ დისკურსზე იყო ორიენტირებული და არა ინდივიდუალურ არტისტულ პრაქტიკაზე. ამ მიდგომამ ბევრი რამ მომცა, თუმცა გზაც ბევრად გამირთულა.

ანა გზირიშვილი, „ჭორაობა“, 2023. ხე, ტყავი, მეტალი, ქსოვილი, პლასტმასი.
125 x 40 x 25 სმ

რა განსხვავებაა ბერლინისა და თბილისის სახელოვნებო სივრცეებს შორის?

ქართული სახელოვნებო სივრცე ძალიან ახალია ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით. საქართველოში სახელოვნებო ინსტიტუციები ფაქტობრივად არ არსებობს, მუზეუმებიც დისფუნქციურია. არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის ფონზე, ეს არც არის გასაკვირი. ბერლინში ბოლო წლების განმავლობაში დაიკეტა, ან ევროპის სხვა ქალაქში გადავიდა ბევრი გალერეა რომელიც ახალგაზრდა არტისტებით იყო დაინტერესებული, თბილისში კი პირიქით ბევრი ასეთი გალერეა გაიხსნა. ისტორიის, სახელოვნებო დაფინანსების და პლატფორმების განსხვავების გამო, ბერლინში სხვა მიდგომები და მედიუმებია პოპულარული/აქტუალური, თბილისში კი სულ სხვა.

ანა გზირიშვილი, „თანხმოვნის კოლაფსი“, 2023. ტყავი, მეტალი, ქსოვილი, პლასტმასი, მდფ 2022.
66 x 15 x 46 სმ

საინტერესოა ჰაიდეგერს  (Martin Heidegger)  და მის თეორიას რომ უკავშირებთ ნივთებზე ორიენტირებულ ონტოლოგიას, მაგრამ ეს ნივთები ადამიანის, ქალების, ისტორიების მატარებელია.  პირველ რიგში,  ეს ხიბლავს მნახველს და მაინც თვლით, რომ ისინი ადამიანების გარეშე არსებობენ დამოუკიდებლად?  სრულიად ახალი ჩანთები რომ წარმოგედგინათ გამოფენაზე, რა რეაქცია ექნებოდათ მნახველებს?

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ნამუშევრების მასალა მეორადი და არა ახალი ჩანთებია. სხვა მხრივ ამ საგნის, შესაბამისად მასალის და მთელი გამოფენის, ონტოლოგია შეიცვლებოდა. ჩანთები ატარებენ ქალების ისტორიებს, როგორც სხვა მეორადი პროდუქცია, ისინი ჩამოფასდებიან, ხელიდან ხელში გადადიან, ხშირ შემთხვევაში ცირკულირებენ სხვადასხვა ქვეყნებში სანამ საქართველოში მოხვდებიან. ამ დეტალების გამო Ეს უმოძრაო საგნები გაჯერებულია ანიმიზმით; ისინი  გვაიძულებენ წარმოვიდგინოთ მათი ტრაექტორია, წარსული, მათი მფლობელები, სხვადასხვა ისტორიები.

გამოფენა არ არის ჩანთებზე, ან მათ არსზე. მე უბრალოდ ამ ნივთს და მთელ მის ონტოლოგიას გარდავქმნი ნამუშევრებად, ჩემ ფორმებად და კონტექსტად. ობიექტზე ორიენტირებული ონტოლოგია არ არის ჩემი მრწამსი. ეს ფილოსოფია საკმაოდ ახალი და ამბივალენტურია, მუდმივი გარდაქმნის პროცესშია და საინტერესოა როგორც თანამედროვე პოსტჰუმანური ფიქრის ერთერთი განშტოება. ასევე საინტერესოა, რადიკალური მატერიალიზმი და ბევრი სხვა მიმართულება. მსგავს თეორიებზე ფიქრი მეხმარება მუშაობის პროცესში.

ანა გზირიშვილი, „დარტყმა“, 2023. პლასტმასი.
5.5 x 2 x 3 სმ. 4 x 2 x 2 სმ

3D პრინტები იმ შენობის ფასადის ელემენტებია, სადაც გამოფენაა მოწყობილი. რატომ გადაწყვიტეთ ამ ნაწილების 3D პრინტში ბეჭდვა? რა მნიშვნელობის მატარებელნი არიან ისინი? როგორ უკავშირდებიან ისინი გამოფენის კონცეფციას და თქვენს მიერ წარმოდგენილ სხვა მედიუმებს ამ გამოფენაში?

ეს პატარა სკულპტურები ელენე აბაშიძის საგამოფენო სივრცის ინტერიერის და ფასადის დეტალების მინიატურული 3D ასლებია. მინდოდა რომ ეს დაწკაპების აქტი და შუა, ნეგატიური სივრცეები ფოკუსში მომექცია. ეს 3D სკულპტურები წყვილებადაა წარმოდგენილი, მათი ფორმები ერთმანეთში ჯდება, თითქოს სახლია ჩაწკაპებული ერთმანეთში. ეს ნამუშევრები ამგვარად მთელი საგამოფენო სივრცის მასშტაბს მოიცავს. ამ მინიატურულ სკულპტურებს მოძრაობაში მოყავს მთელი შენობა.  დანარჩენი ნამუშევრებიც სივრცესთან მუშაობს და მისი ნაწილი ხდება.

რატომ აქვს ჩანთის ობიექტებს ესეთი ფორმა (კედელზე თითქოს გადახლართული ჩანთების დიდი სახელურებია მიმაგრებული)?

სპონტანურად სახელოვნებო პრაქტიკაში არაფერი ხდება. ყველაფერი მუშაობის, დაკვირვების და ფიქრის პროცესიდან მომდინარეობს და მისი ნაწილია. ერთერთი მიმართულება, როგორც ეს ფორმა შეიძლება გაიშიფროს, არის ის რომ იგი საყრდენად გვევლინება.

და მაინც რაზე უფრო გვიყვება წკაპი? ქალებზე და მათი ცხოვრების დრამატულობაზე? თუ იმაზე, რომ საგნებს ადამიანების მიღმა გააჩნიათ ეგზისტენცია და მნიშვნელობა და ეს ყოველივე ადამიანისაგან დამოუკიდებლად ხდება?

სინამდვილეში არც ერთ მათგანზე. ეს იდეები და თეორიები მხოლოდ ნამუშევრებთან მიახლოების, მათი სამყაროს გახსნის პატარა გზები და გასაღებებია.

ანა გზირიშვილი, უსათაურო, 2023. აკვარელის საღევაბი ქაღალდზე,
34 x 26 სმ

რას გვეტყვით ფერწერულ ნამუშევრებზე, რომელიც აკვარელშია შესრულებული? როგორ ერწყმის ის გადახლართულ ჩანთებსა და 3D პრინტ ობიექტებს? არის თუ არა მათ შორის კავშირი?

გამოფენაზე წარმოდგენილი ფერწერული ნამუშევრები უკავშირდება მთელი გამოფენის კონტექსტს. ფერწერა ჩემთვის ძვირფასი და ინტიმური პროცესია. ჯერჯერობით მინდა, რომ  ჩემს ამ მედიუმს თეორიული ვერბალიზაცია მოვარიდო.

ესაუბრა ქეთევან გელაშვილი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top