ამერიკის ყველაზე ფერადი სასტუმროები

საინტერესო კონცეფციით

22.11.25

წარმოიდგინეთ ნომერი გულის ფორმის ჯაკუზით, სარკეებიანი ჭერითა და ხელოვნური ჯუნგლებით… ეს არც სიზმარია და არც კინოფილმის დეკორაცია. ეს მარგარეტისა (Margaret) და კორის (Corey) ყოველდღიურობაა. ცოლ-ქმრის, რომელიც პროფესიით ვიდეოფროდაქშენსა და ფოტოგრაფიაში მოღვაწეობს, დღეს კი მაყურებელს ამერიკის ყველაზე ფერადი და ფანტასტიკური სასტუმროების სამყაროში ამოგზაურებს. 

თავდაპირველად A Pretty Cool Hotel Tour მხოლოდ ჰობი იყო — წყვილი ლოს-ანჯელესის მასშტაბით მიმოფანტულ, ე.წ. „ფარულ მარგალიტებს“ სტუმრობდა. თუმცა პროექტი მალევე სერიოზულ საქმიანობად იქცა, როდესაც გააცნობიერეს, რამდენად გასაოცარი და, ამავდროულად, საფრთხის წინაშე მყოფი იყო ეს ადგილები. ვინტაჟური სასიყვარულო მოტელები, კურორტები უფროსებისთვის, ფანტასტიკური ლუქსები და თემატური ოთახები სწრაფად ქრება. მარგარეტი და კორი დარწმუნებულნი არიან, რომ თუ მეტი ადამიანი გაიგებს ამ ადგილების არსებობის შესახებ, ეს ბიზნესები გადარჩება. მათი მიზანია, მაქსიმალურად ბევრი ლოკაცია წარმოაჩინონ, შეაფასონ ისინი და აუდიტორიას გულწრფელი რჩევები მისცენ, პარალელურად კი თავადაც ისიამოვნონ ამ უცნაური გარემოთი.

სერიის შექმნის მთავარი მოტივაცია იყო სურვილი, რომ ეს კიჩური და უნიკალური სასტუმროები არ დახურულიყო და ძველი დიდებაც კი დაებრუნებინათ. 

რას ეძებენ ისინი? უნიკალურ გამოცდილებას! რაიმე მოულოდნელს, შოკისმომგვრელს ან უბრალოდ სასიამოვნოს. ეს შეიძლება იყოს გულის ფორმის აბაზანა, წყლის სასრიალო ნომერში, სპეციფიკური სავარძლები (ე.წ. sex chair) ან ხელოვნური მცენარეებით შექმნილი ჯუნგლების ატმოსფერო. მათ განსაკუთრებით მოსწონთ სენსუალურობაზე გაკეთებული აქცენტი, რაც დამახასიათებელია „უფროსებისთვის განკუთვნილი“ სასტუმროებისთვის — უამრავი სარკითა და რომანტიკული განათებით. ეს გარემო ქმნის დაუვიწყარ მოგონებებს და ადამიანს ყოველდღიური რუტინისგან სრულიად წყვეტს.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top