ბევრი წყალი, ცოტა სიშლეგე და ცეკვა „კაქტუსების“ ველზე 

„ჩემი სურვილია მაყურებელს დავანახო, რომ თეატრისა და წარმოსახვის უნარით რეალობისგან გაქცევა არაჩვეულებრივი და სასიამოვნოა“

©Tobias Regell

ასობით საბალეტო წარმოდგენა თუ თანამედროვე ცეკვა, რომლითაც სავსეა მსოფლიოს ცნობილი სცენები და რომლითაც განებივრებულია თანამედროვე მაყურებელი, სინამდვილეში უღრან ტყეში, მიყრუებული  ქალაქის ქუჩებში, გედებით სავსე ტბების პირასა თუ კაქტუსებით მოფენილ ველზე ბრმა ხეტიალს ჰგავს. ამ წარმოდგენების მიღმა კი თითებზე ჩამოსათვლელი, ნიჭიერი, თანამედროვე და კრეატიული ქორეოგრაფები იგულისხმებიან.

დღეს, დიდი გართობისა და კიდევ უფრო მძაფრი შეგრძნებების ჟამს, სულ უფრო მცირდება მანძილი ესთეტიკურად მნიშვნელოვან წარმოდგენებსა და კომერციულად ზუსტად გათვლილ სანახაობებს შორის. ეს უკანასკნელნი ხშირად პეპლებივით თვალისმომჭრელი და დღემოკლენი არიან, მაგრამ საბედნიეროდ, არსებობენ ბრწყინვალე ინტუიციით დაჯილდოვებული ქორეოგრაფები, რომლებიც მნიშვნელოვანსა და წუთიერს, მაშტაბურსა და ეფემერულს ერთმანეთისგან დახვეწილად განასხვავებენ და ამავე დროს, ერთმანეთს აკავშირებენ… თანაც ისე რომ, არც სიღრმე დაკარგონ, არც ხალასი იუმორი და არც საჭირო ირონიის დოზა.

მსოფლიოში აღიარებულმა შვედმა ქორეოგრაფმა, რეჟისორმა, მოცეკვავემ და არტისტმა ალექსანდერ ეკმანმა ახალგაზრდულ ასაკში მოახერხა მრავალი სცენა დაეპყრო. ამავე დროს, მოასწრო ემუშავა ისეთ დიდ ქორეოგრაფებთან, როგორებიც არიან მათს ეკი (Mats Ek) და ირჟი კილიანი (Jiří Kylián). მისი ნამუშევრები უამრავი საერთაშორისო ჯილდოთი და პრიზებითაა აღნიშნული. მათ შორისაა შვედური ქორეოგრაფიული პრემია „სიახლისა და გამომგონებლობისათვის“, პრემია Såstaholm  და ბირგიტ კულბერგის (Birgit Cullberg) სტიპენდია, პრესტიჟული გერმანული თეატრალური პრემია „ფაუსტი“ ბალეტისთვის „ძროხა“ (COW) და სხვა უამრავი…

ეკმანი დღევანდელი კრეატიული ქორეოგრაფიის, თანამედროვე ცეკვისა  და კლასიკური ბალეტის იშვიათ და ჭკვიანურ სინთეზს სთავაზობს მაყურებელს. 45-ზე მეტი წარმოდგენისა თუ პერფორმანსის ავტორი მუდმივად  ცდილობს დროს არ ჩამორჩეს და ამავე დროს, შეინარჩუნოს კლასიკური ბალეტის ჭეშმარიტი ფასეულობანი, რაც თავის დროზე, როგორც მოცეკავავემ, კარგად აითვისა სტოკჰოლმის ოპერის და ბალეტის სამეფო თეატრში (Royal Swedish Opera), ნიდერლანდების ნაციონალურ ბალეტსა (Dutch National Ballet) თუ მოდერნიზმითა და სიახლით კურთხეულ „კულბერგ ბალეტში“ (Cullberg Ballet).  

2010 წელს ნიდერლანდების ცეკვის თეატრისთვის ეკმანმა დადგა „კაქტუსები“ (Cacti), რომელსაც უდიდესი წარმატება ხვდა წილად და რომელიც შემდგომ, ასევე დადგა დრეზდენში, დორტმუნდში, ატლანტაში, ბოსტონში. „კაქტუსებში“ ის პირველად ეხება სოციალურ და ეკოლოგიურ თემებს და ცდილობს მცენარეების სამყარო და ადამიანთა პირად ცხოვრებას, მათ რიტმს დაუკავშიროს. რამდენადაც მსოფლიოში სხვადასხვა ფორმის კაქტუსების უამრავი ნაირასახეობა არსებობს – მექსიკის ნახევრად უდაბნოდან დაწყებული, ხელოვნური ბაღებითა და სათბურებით დამთავრებული, მათი შედარება და პარალელები ადამიანების ცხოვრებასთან, კიდევ უფრო საინტერესო, ირონიულ შრეებს იძენს ეკმანის ამოუწურავი ქორეოგრაფიული ფანტაზიის გათვალისწინებით. მითუმეტეს, კლასიკური მუსიკის შედევრების ფონზე.

შემდეგაც ეკმანი პირდაპირ თუ ირიბად, მუდამ უბრუნდება გლობალურ თემებს: გარემოსა და ადამიანის დამოკიდებულებას, წყლის სტიქიის გააზრებას, ცხოველების სამყაროს, ადამიანის პასუხისმგებლობას დედამიწის წინაშე. მაგალითად, სპექტაკლი „ძროხა“ (Cow ) უცნაური მცდელობაა შინაურ ცხოველთა სამყარო და ადამიანის ქცევა ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთმანეთთან გულთბილი ირონიით და პარადოქსული ქორეო-ჟესტებით დააკავშიროს; „ზაფხულის ღამის სიზმარში“ (A Midsummer Night’s Dream), რომელიც სტოკჰოლმში დაიდგა, მთელი სცენა ბალახით არის სავსე, რომელშიც მოცეკვავეები კოტრიალობენ; ნორვეგიის ეროვნულ თეატრში, საოცარ „გედების ტბაში“ – ლამის ექვსი ტონა წყალია გამოყენებული, ხოლო პარიზის „ოპერა გარნიეში“, სპექტაკლში „თამაში“ (Play) საორკესტრო ორმო დაახლოებით ორმოცი ათასი პატარა, მწვანე ბურთითაა გადატენილი. 

რა არის ეს? განახლებული და ირონიით გაზავებული იგავები ადამიანისა და ბუნების დაკარგულ ჰარმონიაზე? შესაძლოა ეკოლოგიური გამოძახილი, რომელიც დღეს ხელოვანთა ბიოგრაფიისათვის ასე საჭირო და მოდურიც კი გახდა; ან იქნებ არტისტის ხელახალი გააზრების მცდელობა დედამიწის როლის შესახებ? ამ კითხვებზე ცნობილი შვედი ქორეოგრაფი ექსკლუზიურად პასუხობს ჟურნალ Amarta-ს:

ალექსანდერ ეკმანი : მიმაჩნია, რომ ჩემი საქმიანობა ქორეოგრაფიაში ახალი და კრეატიული სამყაროების შექმნაა, სადაც ჩვენ შევაბიჯეთ, ან გვსურს რომ ახლა შევაბიჯოთ. თუმცა მაყურებლის გადასაწყვეტია რას იგრძნობს და რა დასკვნებს გამოიტანს. არ მინდა გამზადებული და „სწორი“ პასუხები გავცე მათ იმის შესახებ, თუ რა უნდა იგრძნონ, ან რას ვგულისხმობდი ამა თუ იმ სცენისა და სპეტაკლის გადაწყვეტისას, რადგან ამით კომუნიკაციის აზრი დაიკარგება.

დღეს ბევრი ქორეოგრაფია, რომელიც სხვადასხვა რაღაცას ქმნის – გაუცვეთავი სასიყვარულო დრამებით დაწყებული, აქტუალური და ეკოლოგიური საკითხით დამთავრებული. ისედაც, ყველა ხელოვანმა ერთი და იგივე თემაზე რომ შექმნას ნაწარმოები, აუცილებლად მოსაწყენი იქნება. მეტიც, ვფიქრობ, ხალხს სჭირდება რაც შეიძლება მეტი განსხვავებული იდეა, ახალი თემები, რადგან ამით შესაძლებელია ბალეტის ახალი ფორმითა და ახალი სახით წარმოჩენა. მინდა ახალგაზრდა თაობას ხელი გავუწოდო და  მათში ინტერესიც გავაღვივო, რომ ოპერაში მოვიდნენ და ჩემი წარმოდგენები ნახონ…

ცეკვის სამყაროში ცოტა უცანაური და „საშინელი ბავშვის“ როლი მერგო, თუმცა ამაზე არ ვნერვიულობ; უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ და ვქმნი იმას, რაც მიყვარს. ყველა ადამიანს საკუთარი შეხედულება გააჩნია და რაც არ უნდა ავუხსნა, ისინი მაინც თავისებურად იფიქრებენ და მოიქცევიან.  ახლის შექმნა ყოველთვის მიყვარს, რაც ცხადია, ასევე შეიძლება ეკოლოგიის ან დედამიწის  სხვა გლობალურ საკითხებს უკავშირებოდეს. მთავარია, ვგრძნობდე, რომ ადამიანებს ვაბედნიერებ ჩემ მიერ შექმნილი სამყაროთი.

ეკმანის წარმოდგენებში ცეკვის სამყარო თითქოს შორეული წერტილიდან დანახულ თუ სიურრეალისტურ დედამიწას ჰგავს, უცნაური დეტალებით, ახლებური სცენოგრაფიით, მუდამ ექსტრემალურ ფორმაში მყოფი მოცეკვავეებით და კლასიკური თუ ელექტრონული მუსიკის ახლებური გააზრებით. ეს ძალიან ცოცხალი, მღელვარე და გასაგები ირონიით ნაზარდი ხატები თუ მოგონებებია, რომელსაც თითქმის მის ყველა სპექტაკლში ნახავთ.

ალექსანდერ ეკმანი: ხელოვნების აზრი სწორედ იმაში მდგომარეობს,  რომ სხვადასხვა საკითხის მნიშვნელობა წამოვწიოთ და საზოგადოების ესთეტიკური ცნობიერება ამაღლდეს. დღეს ადამიანებს უნდა დაანახო რაღაც ახალი, რაზეც შესაძლოა მათ არც უფიქრიათ და თუ ჩემს შემოქმედებასაც შესწევს ამის უნარი და ძალა, ჩემი აზრით, ეს არაჩვეულებრივია.

სულ ახლახან, 2019 წლის აპრილში ეკმანმა შვედეთის ოპერისა და ბალეტის სამეფო თეატრში დადგა „Escapist” („გაქცევა“). ეს არის ქორეოგრაფის რიგით მესამე პროექტი ამ სახელოვან თეატრში. ჯადოსნურად მოპირკეთებულ ამ სამყაროში მოგზაურობა დაახლოებით 90 წუთი გრძელდება. სპექტაკლი ერთდროულად ადამიანური, მიმზიდველი და სასაცილოა. საბედნიეროდ, ეკმანი არც ამჯერად კარგავს ირონიისა და თვითირონიის გრძნობას და სექსს, ამ „ადამიანურ სისუსტეს“, ფართედ გახელილი თვალებითა და ეშმაკური ღიმილით უმზერს.

მოულოდნელად შეცვლილი სიტუაციები, საფირმო ქორეოგრაფიული თუ სიურრელისტური სიშლეგე, კლასიკური ბალეტის ტრანსფორმაცია და ბრწყინვალე კოსტიუმები, კრიტიკას ისევ აფიქრებინებს, რომ Escapist მისი ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქორეოგრაფიული ნამუშევარია.

ალექსანდერ ეკმანი: ვფიქრობ, Escapist-ის იდეა არაჩვეულებრივია თეატრისთვის, რადგან ესკაპისტი არის ადამიანი, რომელიც ოცნებისა და ფანტაზიის მეშვეობით მუდმივად გაურბის რეალობას. ახალი კვლევების მიხედვით ადამიანი, რომელიც ამას აცნობიერებს ესკაპისტია. სწორედ ეს იყო ჩემი შთაგონების წყარო. 

ხშირად მიფიქრია, რომ გაქცევის იდეას ადამიანები ნეგატიურ ჩარჩოში სვამენ. ჩემი სურვილია მაყურებელს დავანახო, რომ თეატრში და წარმოსახვის უნარის ძალით, გაქცევა შესაძლოა არაჩვეულებრივი და სასიამოვნოც კი იყოს. მეტიც, ადამიანს რეალობისგან გაქცევითა და ოცნებით შეუძლია გონება განავითაროს და უფრო კრეატიული გახდეს. აქედან გამომდინარეობს სპექტაკლის იდეა. 

უკვე რამდენიმე წელია, რაც ალექსანდერ ეკმანი კომპოზიტორ მიკაელ კარლსონთან (Mikael Carlsson) და ასევე ცნობილ მხატვართან და დიზაინერთან, ჰენრიკ ვიბსკოვთან (Henrik Vibskov) თანამშრომლობს. სწორედ მათთან თანამშრომლობით შეიქმნა ჯადოსნური ხილვებით, შესანიშნავი მუსიკითა და არანაკლებ ხარისხიანი ქორეოგრაფიით გაჯერებული წარმოდგენები: „ძროხა”, „გედის ტბა“, “ზაფხულის ღამის სიზმარი“, „თამაში”, „ესკაპისტი“.

ალექსანდერ ეკმანი: ჩვენ, სამივე ერთსა და იმავე ენაზე ვლაპარაკობთ, თუმცა სხვადასხვა სახით. მიქაელ კარლსონსა და მე ერთნაირად გვესმის მუსიკა და ერთად ვმუშაობთ და ვერთობით კიდეც. უბრალოდ, კარგად ვეწყობით ერთმანეთს. უკვე 7-8  ნამუშევარი შევქმენით ერთად.  ეს ერთობლივი გამოცდილება კი ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე ვიცით თუ როგორ ვმუშაობთ, რა მოგვწონს და რა არა ერთმანეთის. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მარტივია თანამშრომლობა. რაც შეეხება ჰენრიკს, ვიტყოდი, რომ ჩვენ ერთსა და იმავე შემოქმედებით საგიჟეთში ვცხოვრობთ. 

ჩვენ საერთო იდეა და მუხტი გვაერთიანებს, რაც ნიშნავს რომ ჩვენი მუშაობის პროცესი ენერგიულად და მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი შემოქმედებითობის ერთიანობა, რაც სამუშაო პროცესში ყოველთვის იგრძნობა.

კრეატიული იდეები და სიახლის მუდმივი ძიება ეკმანისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საკუთრივ ქორეოგრაფია. ასევე აინტერესებს მხატვრობა, აქტიურად არის ჩართული საგამოფენო საქმიანობაში და ქმნის ინსტალაციებს. მაგალითად, გასულ წელს სტოკჰოლმის პრესტიჟულ, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მის მიერ შექმნილი ინსტალაციების გამოფენა მოეწყო; ანუ ის არა მხოლოდ ქორეოგრაფია, არამედ ფართო გაგებით არტისტიცაა. თუმცა, თავად ეს დეფინიცია ცოტა გადაჭარბებულად და სასაცილოდაც ეჩვენება. 

როგორც აღმოჩნდა, ეკმანი სოციალურ ქსელებშიც საკმაოდ აქტიურადაა ჩართული და ამ გამოცდილებას, სხვათა შორის, სპექტაკლებშიც წარმატებით იყენებს. მაგალიად, „კაქტუსებში“ ვრცელი ეპიზოდია გამოყენებული „ფეისუბუკის“ მიმოწერიდან. ათასობით გამომწერი ჰყავს „ინსტაგრამზეც“, სადაც მისი სპექტაკლების ამსახველი ფოტოებია გამოქვეყნებული. ფიქრობს, რომ სოციალური მედია არაჩვეულებრივი საშუალებაა ხალხს გაუზიაროს საკუთარი ცოდნა და ხელოვნება. თუმცა ასევე მიიჩნევს, რომ „ინსტაგრამზე“ პატარა კლიპის შექმნა და სცენისათვის შექმნილი სპექტაკლი სრულიად სხვა და სხვა მნიშვნელობისაა. 

ალექსანდერ ეკმანი: მოხარული ვარ, რომ რომ ბევრი გამომწერი მყავს „ინსტაგრამზე“, რისი მეშვეობითაც შესაძლებლობა მაქვს ხმა მივაწვდინო ადამიანებს, რომელთაც მოსწონთ ჩემი შემოქმედება, რაც არაჩვეულებრივია. თუმცა აუცილებლად უნდა განვასხვავოთ ხუთწამიანი კლიპები და სცენისათვის შექმნილი ნამუშევარი ერთმანეთისგან.

რაც შეეხება თანამედროვე ქორეოგრაფიას, ეკმანი ამბობს, რომ ყოველთვის სურს ახალი იდეების ხორცშესხმა სცენაზე. არადა, ვისაც მისი სპექტაკლები უნახავს, მართლაც ძნელია მათი პერფექციონისტული ზემოქმედებიდან თავდახსნა. შვედი ქორეოგრაფი („ინტელექტუალი, რომელიც ყოველთვის ლახავს სნობების მიერ აღიარებულ საზღვარს“ – როგორც ერთ-ერთი კრიტიკოსი წერდა) მუდამ ახლის ძიებაშია და სურს ახალ, აუთვისებელ „ტერიტორიებზეც“ შეაბიჯოს. ამჯერად კინემატოგრაფის მაგიურ სამყაროში…

რაიმე კონკრეტულ მიმართულებაზე ხომ არ ფიქრობთ, კინემატოგრაფზე მაგალითად…

უბრალოდ განვაგრძობ შექმნას და ვნახოთ რა გამოვა.

ესე იგი,  საიდუმლოს არ გვიმხელთ… 

ჯერ ფილმზე ვმუშაობ, ნელ-ნელა ვწერ სცენარს… 

მართლა? შეგიძლიათ გვითხრათ რის შესახებ იქნება ფილმი? 

ფილმი საზოგადოებაზე იქნება, ადამიანის გამოგონებებსა და მის ქცევებზე, როგორც საზოგადოების სარკე ფართო გაგებით.

დავით ბუხრიკიძე

Henrik Vibskov

შემოქმედების გზაჯვარედინზე

©Maria Thornfeldt

2001 წელს თავისი ეპონიმური ბრენდის დაარსებისთანავე ჰენრიკ ვიბსკოვი ნამდვილ შემოქმედებით ქამელეონად გვევლინება, რომელიც თავის შემოქმედებაში   აერთიანებს  სხვადასხვა ვნებებსა და ეკლექტურ ინტერესებს და გამოხატულებას ჰპოვებს მუსიკის, ტანსაცმლის დიზაინის, პერფორმანსის, ჩვენებების და ასევე სპონტანური კოლაბორაციების მიმართულებით. თუკი ადამიანებს სჩვევიათ შემოქმედებითი აზროვნების ჩარჩოებში მოქცევა, ვიბსკოვი არღვევს ამ სტერეოტიპებს.

იმის გამო, რომ ვიბსკოვი გაიზრდა დანიის ერთ-ერთ სოფელში, ამან თავისებური გავლენა იქონია მისი როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაზე.  თავის კოლექციებში ის ხშირად იყენებს ბუნების და გარემოს თემატიკას, ხოლო მისი ჩვენებები ემოციური და პოეტურია    კომიკური და აბსურდული ეპიზოდების მიუხედავად. ჰენრიკ ვიბსკოვის ჩვენების ყურებისას გამოწვეული ემოცია და შთაბეჭდილება ტანსაცმლის თვალიერებას სცდება. იმის მიუხედავად თუ რა არის მისი ინსპირაციის წყარო ქარის სიძლიერე, თუ მისი ფუტურისტული მეურნეობით გატაცება, დანიელი დიზაინერი  ყოველთვის უნიკალურ და ერთხაზოვან კურსს მიჰყვება, რომელშიც მისი მოსაზრებები ერწყმის იუმორს, სურეალიზმს და ჯანსაღ ირონიას.  

„ამარტა“-სთან ამ ექსკლუზიურ ინტერვიუში ვიბსკოვი საუბრობს თავის დამოკიდებულებაზე ბუნებისა და ეკოლოგიის მიმართ მოდის აქცენტებით, მის ხშირ თანამშრომლობაზე შვედ ქორეოგრაფ ალექსანდრე ეკმანთან და იმაზე, თუ რატომ დააბრუნა თავისი ტანსაცმლის წარმოების 90%  ევროპაში. 

©Maria Thornfeldt

 თქვენს შემოქმედებაში ეკოლოგიის თემა  საკმაოდ აქტუალურია. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის  მოდის დაკავშირება გარემოსთან?                  

ეს თემა ზოგადად აქტუალური გახდა მოდის სფეროში  და ეკოლოგია დღეს მთავარი დისკუსიის საგანია. ჩემს კონცეფციებში ყოველთვის რამდენიმე თემაა გამოყენებული, ისინი თითქოს შრეებად ეწყობა ერთმანეთს. აქედან ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს გარემოს შესახებ, ზოგი ორიენტირებულია ჩვენი მომავლის ხედვისკენ და იმაზე, თუ  როგორ  გავაგრძელოთ არსებობა.       

როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი მომავალი ამ პლანეტაზე?                                

ზუსტად ვერ გეტყვით. ამას საკმაოდ მუქ ფერებში ვხედავ. თუმცა თუ რობოტსა და ადამიანს შორის არსებულ დაპირისპირებას შევხედავთ, ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ მოვაგვაროთ ყველაფერი.  ჩვენთვის ხელმისაწვდომია ყველანაირი ტექნიკა, თუმცა წონასწორობა ადამიანსა და ხელოვნურს / წარმოებულს შორის შეიძლება უკეთესად დაბალანსდეს. ჩვენ ადამიანებს ჯერ კიდევ შეგვწევს გადარჩენის უნარი, თუ ჩვენ შევძლებთ ამ ბალანსის აღდგენას. 

აქედან გამომდინარე, შესაძლებელია თუ არა რომ უკუვაქციოთ უარყოფითი შედეგები?                                                                                                                                                                                                                

შედეგები უკვე სახეზეა, მაგრამ თქვენ ხომ იცით, ადამიანებს როგორ ფხიზლდებიან, როდესაც ისინი კრიტიკულ ზღვარს აღწევენ. ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება: რა გვაცვია, როგორ ვმუშაობთ, რას   ვჭამთ და როგორ ვმოგზაურობთ. ეს სამომხმარებლო მიდგომა უნდა შეიცვალოს. 

ბავშვობაში ბუნებასთან ახლოს იყავით?  

მე ვიზრდებოდი დანიის ერთ-ერთ სოფელში იუტლანდის რეგიონში.   ბავშვობაში ძალიან მორცხვი ვიყავი. ეს იყო ძალიან ტყიანი ადგილი უმარავი   ტბით და ხეებით. წვიმიანი და მოქუშული ამინდის გამო  „ტვინ პიკსის“ ფილმში გეგონებოდა თავი.  

 ანუ დაახლოებით როგორც ბერგენშია?                                 

ისე ხშირად არ წვიმს, როგორც  ბერგენში. უფრო შვედეთის კლიმატს ჰგავს.  როცა 17 წლის გავხდი, სასწავლებლად გადავედი დანიის სიდიდით მეორე ქალაქში.

კოპენჰაგენში მოგვიანებით ჩახვედით?                                                                 

ჩემი ძმა იმ დროს მუსიკით იყო გატაცებული და მე მასთან ერთად მივდიოდი ხოლმე  კოპენჰაგენში, თუმცა იქ ცხოვრება   90-იანი წლებიდან გადავწყვიტე. 

ლონდონში გადასვლა და წმ. მარტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის   ალბათ ლონდონის Saint Martins-ის კოლეჯში ჩარიცხვა  თქვენთვის  ერთგვარი შოკი იყო?                                

ეს იყო ნამდვილი კულტურული შოკი. კოპენჰაგენში საკმაოდ კარგად ვიყავი.    გადასვლამდე გატაცებული ვიყავი მუსიკით,  მონაწილეობა მივიღე რამდენიმე დიდი ფესტივალში, ამიტომაც თავს ბედნიერად ვგძნობდი. ლონდონი ჩემთვის უზარმაზარი იყო და თავიდან თითქოს დავიკარგე კიდეც. 2-3 წელი დამჭირდა იმისათვის, რომ შევგუებოდი ამ ქალაქს და თავდაჯერებულად მეგრძნო თავი. შემდეგ შევიძინე მეგობრები და ლონდონს სულ უფრო და უფრო მეტად შევეჩვიე, თუმცა მათი უმრავლესობა აღარ საქმიანობს ამ სფეროში. 

თქვენი ბრენდი თითქმის 20 წელია, რაც არსებობს. როდესაც ხედავთ, რომ რიჰანამ  საკუთარი ხაზი შექმნა და ინფლუენსერები წყვეტენ ბევრ რამეს ამ სფეროში,  როგორ ხედავთ თქვენს, როგორც დამოუკიდებელი დიზაინერის, მომავალს? 

ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი მომენტი იმისათვის, რომ გადაიხედოს ინდუსტრიის ეს სფერო. ჩვენ აუცილებლად მხედველობაში უნდა მივიღოთ გადამუშავებული მასალები და ხელი შევუწყოთ უტილიზაციის განვითარებას.  მოდის ინდუსტრია  ძალიან შეიცვლა მას შემდეგ, რაც წმ. მარტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის   კოლეჯი დავამთავრე.  იმ დროს ფასდებოდა  ტანსაცმლის ფორმა და ნამდვილი ხარისხი.  უნდა ვთქვა, რომ იმ დრომ საკმაოდ სწრაფად ჩაიარა. 

თქვენი ბრენდის გარშემო დიდი ხმაური იყო ატეხილი.     

მე ბევრი ეტაპი გავიარე, ახალგაზრდა დამწყები ვარსკვლავიდან  დაწყებული ცნობად, დამკვიდრებულ სახედ ჩამოყალიბებამდე. ვიყავი მოთხოვანდი მედია საშუალებებისთვის 4-5 წლის მანძილზე, ამას მოჰყვა დაღმასვლა. შემდეგ ისევ ახსენდები ხალხს და ასე დაუსრულებლად. 

ახლა თითქოს მოდას განსაზღვრავს სოციალურ მედიაში „ფოლოუერების“ რაოდენობა.  

დღეს მოდას თუ დავაკვირდებით, გვავიწყდება რომ მასში დიზაინერები არიან ჩართული. პირველ ადგილზეა სახელი და პოპულარობა. თუმცა კარგი კონსტრუქტორი, გამომჭრელი და ა.შ  ძალიან მოთხოვნადია ისევ იმისთვის, რომ მოდის სფეროდან შორს მდგომი ადამიანები ამ სფეროში პოპულარულები გახადონ.      

გეთანხმებით. რა ზომებს იღებთ თქვენს კომპანიაში ეკოლოგიური მიმართულებით?   

ჩვენი წარმოების 90% დაბრუნდა  ევროპაში, მათ შორის დანიაში. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევა იყო.    

თქვენი ფასები ყოველთვის უფრო ხელმისაწვდომი იყო თქვენს კონკურენტებთან  შედარებით.

დიახ, ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ შედარებით  დემოკრატიული ფასები გვქონოდა და ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას ამ მიმართულებით.  რა თქმა უნდა, ფასები ზოგჯერ იწევდა იმის, გამო რომ არჩევანს ვაკეთებდით ევროპულ ქსოვილებზე.  ჩვენ ვიყენებთ უფრო მდგრად ქსოვილებს, ასევე გადამუშავებულ ძაფებს. ღილებსაც კი თხილის ნარჩენებისგან ვამზადებთ. 

ეს ბრწყინვალე გზაა იმისათვის, რომ ბუნება ჩართოთ დიზაინის პროცესში. 

ასევე გამოწვევას წარმოადგენდა შეფუთვის ფორმის შერჩევა, ისევე როგორც  პლასტმასის გამოყენების შეზღუდვა.  ჩვენი მიზანი არის, რომ გამოვიყენოთ მხოლოდ ბიოდაშლადი მასალა, რაც საკმაოდ დეფიციტურია. 

ხორციელდება თუ არა ქსოვილის წარმოება დანიაში?

დიახ, ჩვენ აქ აღმოვაჩინეთ საკმაოდ კარგი ტრიკოტაჟის ფაბრიკა, სადაც ვაწარმოებთ რამდენიმე მოდელს. ზოგიერთი მომხმარებელი სენსიტიურია ამ ასპექტის მიმართ, ზოგისთვის ამას არა აქვს მნიშვნელობა. სამომხმარებლო ბაზარი სამკაოდ უცნაურია ამჟამად.  ერთის მხრივ, არის ახალგაზრდა მოდის მიმდევრების  ჯგუფი, რომლებიც ყიდულობენ ძირითადად პოდიუმზე წარმოდგენილ ტანსაცმელს და მეორეს მხრივ, გვყავს კლიენტები, რომლებიც ყოველ სეზონზე ერთი და იგივე სტილის ტანსაცმლს  ყიდულობენ   ყოველდღიური მოხმარებისთვის. არსებობენ ისეთი კლიენტებიც, რომლებიც მოდიან ჩვენს მაღაზიებში და ყიდულობენ იმას, რაც უბრალოდ მოსწონთ და მნიშვნელობას არ ანიჭებენ არც ბრენდს და არც  მის დანიშნულებას.  

ამდენად, თქვენ აანალიზებთ  მომხმარებლის ქცევას.  

ამას ვაკეთებთ მხოლოდ ჩვენს ბუტიკებთან მიმართებაში, თუმცა ეს  პროცესი საკმაოდ ცვალებადია. 

ალბათ ძნელია იმისა პროგნოზრება, თუ რა მოთხოვნა ექნება ხალხს?

არც ისე. მაგალითად ყოველწლიურად ვიძენთ Comme des Garçons-ის ტანსაცმელს, რადგან ის საკმაოდ მოთხოვნადია.   

შეინიშნება თუ არა ამჟამად ერთფეროვნება მოდაში? 

მე ამავ ვამჩნევ მოგზაურობისას. მე ვმოგზაურობ სამუშაო მიზნით, და არა სიამოვნებისთვის, რადგან დასვენების დღეებში სახლში დარჩენა მირჩევნია. სასაცილოდ ჩანს, რამდენად ერთნაირად აცვია ადამიანების გარკვეულ ჯგუფს დიდ ქალაქებში; ამდენად მოდა უფრო ერთფეროვანი ხდება. რა თქმა უნდა, მე ვსაუბრობ ისეთ ადგილებზე, როგოროცაა აზიის ან დასავლეთის დედაქალაქები. თქვენ განსხვავებული სურათი დაგხვდებათ, თუ   აღმოჩნდებით აფრიკაში ან შრი-ლანკაში. 

მოდით ვისაუბროთ თქვენს საქმიან ურთიერთობებზე ცნობილ შვედ ქორეოგრაფთან ალექსანდერ ეკმანთან. როგორ ვითარდებოდა ეს ურთიერთობა წლების მანძილზე? 

თავდაპირველად დამიკავშირდა საბალეტო კომპანია ოსლოში „გედების ტბის“ დადგმასთან დაკავშირებით და შემომთავაზეს კოსტიუმის დიზაინერობა.  ამის შემდეგ ჩამოყალიბდა ჩვენი მეგობრობა, რომელიც დღემდე გრძელდება. ჩვენ დღესაც საკმაოდ მჭიდროდ და წარმატებით ვთანამშრომლობთ. ვფიქრობ, თავდაპირველად ალექსმა შესთავაზა ჩემი ბრენდი კომპანიას, ვინადან სურდა ჩემთან ერთობლივად   მუშაობა.  

როგორია თქვენი  ერთობლივი მუშაობის პროცესი? 

უკანასკნელი პროექტი, რომელიც ჩვენ სულ ახლახანს დავასრულეთ საკმაოდ სწრაფი ტემპებით განვითარდა, რადგან მუშოაბა წარმოდგენამდე რვა თვით ადრე დავიწყეთ.  ეს ზოგადად იმ დროის ნახევარია, რომელიც საჭიროა ამგვარი სამუშაოსთვის. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა, სადაც ვიმსჯელეთ და  განვიხილეთ  პერსონაჟები და  სცენის მოწყობა. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, და გზადაგზა გვიწევს ცვლილებების შეტანა, მაგრამ ჩვენ იუმორით ვუდგებით ამ საქმეს.  ჩემი სტილი მისი სტილისგან საკმაოდ განსხვავებულია, მაგრამ ჩვენ ვახერხებთ ჩვენი აღქმის უნარის შეჯერებას. ჩვენ ბევრს ვიცინით მუშაობის პროცესში.    

როგორც ჩანს, თქვენი იუმორის გრძნობა ემთხვევა. 

დიახ, ვთვლი, რომ გვაქვს ერთნაირი სიურეალისტური ირონიის გრძნობა. ჩვენ  ერთსა და იმავე რამეებზე გვეცინება.  

ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს თქვენს თავს როგორც დიზაინერს სერიოზულად არ აღიქვავთ.   

ზოგჯერ საჭიროა უკან დახევა და დისტანციის დაჭერა. ასევე უნდა შეგეძლოს საკუთარ თავზე გაცინება, თუ ეს შეგიძლია. რა თქმა უნდა, მოდა არის პროცესი, რომელსაც შეუძლია მოიცვას თქვენი მთლიანი არსებობა და მე ყველაფერს ვდებ ამაში, მაგრამ ამავდროულად ვგრძონ, რომ გარკვეული დისტანცია უნდა დავიცვა.  

არის თუ არა ეს გარკვეული სახის სკანდინავიური თავდაჭერილობა? 

დიახ. აქ ქედმაღალი ადამიანები არავის უყვარს. უმჯობესია გააკეთო საკუთარი საქმე და ბოლომდე გადაეშვა  მასში. 

ფილიპ პურაშემი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap