პოლიტიკა და ექსცენტრულობა

მსოფლიოს პრესისა და ბაიერების მზარდი ყურადღების ცენტრში მოქცეულმა ქართულმა მოდამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სწრაფად განვითარების და ახალი, საოცარი ტალანტების აღმოჩენის უნარი გამოავლინა. გავლენიანი ტრენდსეტერებისა და მოდის ინდუსტრიის საკულტო სახეების მიერ მათმა აღიარებამ ისინი კიდევ უფრო სასურველი  გახადა.  ეს კი ძირითადად  განაპირობა  მათმა  სწორმა ხედვამ  და  დღევანდელი სამყაროს  შეცნობამ.

ბოლო დროს ქართული მოდის პოდიუმი გარკვეულმა რადიკალიზმმა დაიპყრო და ახალგაზრდა დიზაინერების სოციალური განაცხადები  უფრო აშკარა და მნიშვნელოვანი გახდა. ქართული საზოგადოება სწრაფად ვითარდება და დიზაინერებიც გრძნობენ ამ ცვლილებების მაჯისცემას. ჩართულობა და მრავალფეროვნება წამყვანი ფაქტორებია დღეს და დიზაინერების ახალი თაობა ითავისებს ამ მნიშვნელოვან და სოციალურად გაცნობიერებულ ფრონტს. აკა პროდიაშვილის პროვოკაციული და თეატრალური ჩვენებები საერთაშორისო პრესის ყურადღებას იპყრობს, რომელიც ტანსაცმელსა და სოციალურ თემებს აშკარა სიმარტივით აერთიანებს. 

მიუხედავად იმისა, რომ მისი ასაკი 20 წელს ოდნავ აღემატება, თბილისელ დიზაინერს გააჩნია ჭეშმარიტი რწმენა საკუთარ ხედვასა და პოლიტიკურ პოზიციაში, რაც ერთდროულად სიმამაცეს და გულწრფელობას ნიშნავს. ექსცენტრული კულტურის პოპულარიზაცია და ტოლერანტობის  მხარდაჭერა საკუთარი ნამუშევრების მეშვეობით მისი ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა. ის ამას  ლამაზი ფერებით და ქალური ფორმების გამოყენებით აკეთებს, რისი მეშვეობითაც მას თავნება 1980-იან წლებში გადავყავართ, ათწლეულში, რომელშიც თავად აკას არასდროს უცხოვრია. 

ნოსტალგია ყოველთვის შეიძლება იყოს მამოძრავებელი ძალა მოდაში, მაგრამ მის ხედვას ენერგიულობა და ზომიერება ახასიათებს. ჩვენ ვესაუბრეთ ქართველ დიზაინერს გეი იდენტობაზე თბილისში, სქესებად დაყოფის იდეის აქტუალობის დაკარგვაზე და იმაზე, თუ რატომ რჩება მოდა ფანტაზიის საზღვრების რღვევის სფეროდ.  

თქვენი შემოქმედება უდავოდ ექსცენტრიული და პროვოკატორულია. რას ნიშნავს იყო გეი საქართველოში?  

ერთის მხრივ, როდესაც შენი ორიენტაცია მჭიდროდ ერწყმის შენს იდენტობას და იმას, თუ ვინ ხარ, გამოწვევები გარადაუვალია, განსაკუთრებით ტრადიციულ საზოგადოებაში. თუმცა ჩემი იდენტობა არის ის, თუ ვინ ვარ მე და არა ის, რის პოპულარიზაციასაც ვახდენ მეტი ყურადღების მოპოვების ან ინტრიგის შესაქმნელად. ეს ყველაფერი ჩემთვის ბუნებრივი მდგომარეობაა. მეორეს მხრივ, ვამაყობ, რომ წარმოვადგენ ჰომოსექსუალთა თემს. ჩემი იდეალები და ღირებულებები გათანაბრებულია თავისუფლებასთან, რაც ამ კულტურის ქვაკუთხედია.

ქვეყანა გაცილებით ტოლერანტული გახდა განსხვავებული იდენტობების მიმართ, თუ კვლავ არსებობს პრობლემები?

უდავოა პროგრესი, რასაც ქართული საზოგადოება ამჟღავნებს ჰომოსექსუალთა თემის მიმართ. მდგომარეობა გაცილებით რთული იყო რამდენიმე წლის წინ. თუმცა, ცოტა ხნის წინ შევამჩნიე, რომ შედარებით ძველ თაობაში სიძულვილმა და არატოლერანტულობამ კვლავ იჩინა თავი. მათთვის ამ საკითხს იმდენად ღრმად აქვს გადგმული ფესვები, რომ რთულია მიიღონ ისეთი რამ, რაც არ ესმით ან რაც მათთვის უცხოა. შთამბეჭდავია, რომ არატრადიციული სექსუალური ტრადიციის მიმდევრები თავს  მიღებულად და რეალიზებულად თვლიან, მიუხედავად გარემოსი, რომელშიც ცხოვრობენ. ადამიანი არასოდეს უნდა გამოეყოს დანარჩენ საზოგადოებას.  ადამიანები უნდა შეეცადონ, გახდნენ მთლიანი საზოგადოების ნაწილი და ყურადღება გაამახვილონ პოზიტიურ ასპექტებზე  ნეგატიურის ნაცვლად.  

რატომ არის მოდა საკუთარი ღირებულებების  გამოხატვის საუკეთესო გზა?   

როდესაც ვიზრდებოდი, სულ მეუბნებოდნენ, რომ ქალურობა, ხელოვნების და მოდის სიყვარული, გოგონებთან თამაში კაცების საქმე არ იყო. საზოგადოებას სურდა, რაღაცნაირად ზემოქმედება მოეხდინა ჩემს ქმედებებსა და ფიქრებზე, რაც არც თუ ისე იშვიათია. დროთა განმავლობაში ეს ჩემს ღირებულებებად გადაიქცა. მოდა ჩემთვის ყოველთვის იყო გამოხატვის საუკეთესო საშუალება, რადგან ეს არის რეალური სამყაროდან თავის დაღწევის გზა. ფაქტობრივად, ეს არის მშვენიერების და გლამურის ზღაპრული სამყარო, რომელსაც რეალურ სამყაროში იშვიათად შეხვდები. მოდის დახმარებით შევძელი უცნაურობის და ექსცენტრიულობის, როგორც მშვენიერების და მიმზიდველობის აღქმა და ვიმედოვნებ, რომ ამას სხვებიც ასე დაინახავენ. 

რა აძლევს სტიმულს თქვენი, როგორც დიზაინერის მუშაობის პროცესს?  

ეს არის ყველაზე მძიმე შეგრძნებებისა და აზრების მატერიალიზება, რასაც გულსა და გონებაში ვგრძნობ. შემდეგი ნაბიჯი მათი პოდიუმზე თავმოყრაა. ამასთან, უნდა გააცნობიერო, რომ ყველაფერი, რასაც ქმნი, არის კომპასი აუდიტორიისთვის, რათა განსაზღვრონ და მიიღონ შენი ხედვა, იდეები და მიზნები.  

თქვენი ბოლო  ჩვენება  უმეტესად 1980-იან წლებს ეხებოდა, თუმცა გარკვეულწილად ირონიული კუთხით. რა გიზიდავთ იმ ათწლეულში?   

ჩემთვის ეს პერიოდი იყო სოციალური სტატუსების გარკვევის, სხვადასხვა მოძრაობების ხანა;  დრო, როდესაც ყველაფერმა თავისი ადგილის მოძებნა დაიწყო. ეს იყო დასრულების ხანა ბევრი მოვლენისა, რამაც ახალ საინფორმაციო ერას   შეუწყო ხელი. იმ პერიოდმა ერთგვარი ფონი შექმნა შემდგომი პოლიტიკური თუ ადამიანის უფლებების მხარდამჭერი მოძრაობების წამოსაწყებად. მე ერთი ათწლეულის შემდეგ დავიბადე და 80-იანი წლების კულტურის სიყვარულით გავიზარდე, ვუსმენდი იმ პერიოდის შემსრულებლებს და ვაღმერთებდი იმ პერიოდში დაწყებულ მოძრაობებს მოდის სფეროშიც. 

რა კონცეფცია იდგა თქვენი ბოლო კოლექციის უკან?  

უპირველეს ყოვლისა, კოლექციის მთავარი მიზანი იყო სხვადასხვა ბექგრაუნდის მქონე ადამიანების წარმოჩენა. პერფორმანსის მესიჯი, როდესაც ორი ქალი დაქორწინდა, მდგომარეობდა იმაში, რომ გამოგვეხატა ინდივიდუალურობა და გვეჩვენებინა, რომ ადამიანებს შეუძლიათ თანაარსებობა მიუხედავად მათ შორის არსებული განსხვავებებისა და კონტრასტებისა. სხვადასხვა პერიოდის და განსხვავებული სტილის პერსონაჟების გაცოცხლებით გამოვხატე ჩემი შემოქმედება, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვაჩვენე, რომ ჩვენ ყველა იმაზე მეტად განსხვავებულები ვართ ერთმანეთისგან, ვიდრე წარმოგვიდგენია. 

მნიშვნელოვანია თქვენთვის პერფორმანსის ელემენტების შერწყმა ტანსაცმელთან?

დიზაინერობა ნიშნავს, რომ შენ ხარ დამკვირვებელი, რომელიც სხვადასხვა გზებით  ახდენს გარშემო არსებული სამყაროს ინტერპრეტირებას. ჩვენი საზოგადოების განვითარების პარალელურად მოდა სულ უფრო კომერციული და იმაზე დამოკიდებული ხდება, რისი ტარება მოსწონთ ეგრეთ წოდებულ ინფლუენსერებს. მეჩვენება, რომ ყველამ დავივიწყეთ, რისთვის შეიქმნა მოდა და რამ მიგვიყვანა იქამდე, რაც დღეს გვაქვს. ჩემი კარიერის ამ ადრეულ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია, ჩემს თავთან დავრჩე მართალი და გამოვხატო, რაც მინდა, კომერციული კოლექციის შექმნაზე ფიქრის გარეშე. უფრო მეტად ყურადღებას ვამახვილებ ხელოვნების და პერფორმანსის ინტეგრირებაზე ჩემს ქმნილებებთან.  

მოდა თეატრალური უნდა იყოს?  

ძნელი სათქმელია, ვფიქრობ, რომ არჩევანი თავად დიზაინერებზეა. მე მხოლოდ ჩემს თავზე შემიძლია საუბარი და დიახ, ვფიქრობ, რომ მოდა თეატრალური უნდა იყოს. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ფანტაზიაა ის, რასაც მოდის ბრენდები ყიდიან. აუდიტორიისთვის ეს შორეული ოცნებაა, თუმცა განხორციელებადი. ეს არ არის მხოლოდ ერთი ნივთი, რომლის შეძენაც სურს ყველას, არამედ ეს ცხოვრების სტილია. თეატრალური ხერხების გამოყენებასთან ერთად დიზაინერს უნდა შეეძლოს გარკვეულწილად მომავლის განსაზღვრა, გააზრება, რა მოდის ამის შემდეგ.  

თქვენს ბოლო ჩვენებაზე ბევრი კაბა იყო. განსაკუთრებით კაბების შექმნა გიყვართ?  

ზოგმა შეიძლება კაბები მოძველებულად და გაცვეთილად მიიჩნიოს. ჩემთვის ეს განსაკუთრებული ნივთია, რომელიც მამაკაცებს ქალურ სამყაროსთან აკავშირებს. აკრძალული წესი, რომ დაუშვებელია მამაკაცების მიერ კაბების ტარება აკავშირებს და ასევე აცალკევებს ამ ორ სამყაროს.  

Photographed by Grigor Devejiev/ Merab Chumburidze @JAMPROJECTAGENCY
MUA Ia Von Valentine @THE MAKEUP INSTITURE GEORGIA
Featuring Nick Gray @TROUBLEMAKERZ_AGENCY

როგორ დაახასიათებდით ქართულ მოდას 2019 წელს?  

2019 წლის ქართული მოდა ძალიან შეესაბამება გლობალურ სტანდარტებს. მომწონს და მხარს ვუჭერ დიზაინერებს, რომლებსაც მძლავრი იდენტობა აქვთ და იცნობენ საკუთარ აუდიტორიას. ის ფაქტი, რომ კოლექციები სულ უფრო კომერციული ხდება, სულაც არ არის ცუდი. ბევრი ცნობილი მაღაზია დაინტერესებულია ან უკვე თანამშრომლობს ადგილობრივ დიზაინერებთან. აქ ზრდის ტემპი ნამდვილად მაღალია. 

თავად თბილისში თუ ყალიბდება მოდის საზოგადოება? რა უპირატესობა აქვს იქ მუშაობას?   

როგორც ამბობენ, რაც არ გკლავს, გაძლიერებს და ეს გამონათქვამი ძალიან შეესაბამება თბილისში ამ სფეროში მოღვაწეობის პროცესს. როგორც ფინანსური, ასევე ტექნოლოგიური რესურსების ნაკლებობა ართულებს ჩარჩოებს მიღმა ფიქრს და საზღვრებს მიღმა შემოქმედებით მუშაობას. მე ვისწავლე, როგორ გამოვიყენო ეს ყველაფერი ჩემთვის სასიკეთოდ. გამოწვევები ზრდაში გეხმარება და ვფიქრობ, რომ ჩემს შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა. მიუხედავად ყველა სირთულისა, მოდის საზოგადოება იზრდება თბილისში. გლობალური და ადგილობრივი ინტერესები მოტივაციას გვაძლევს, შევქმნათ და განვვითარდეთ.  

ვინ არიან თქვენი კლიენტები? როგორ ხედავთ თქვენი ბრენდის გაფართოვების შესაძლებლობას?  

ჩემს კლიენტებზე საუბარი რთულია. ვშიშობ, რომ რამდენიმეს დასახელებით სხვებს დავუკარგავ ხალისს, ატარონ ჩემი ბრენდი. საქმე იმაშია, რომ მე არ ვქმნი გარკვეული ტიპის ხალხისთვის. ბედნიერი ვიქნები, თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხედვას და იდეებს საკუთარი ინტერპრეტაციით. მე ჯერ არ ვარ  ორიენტირებული ბრენდის გაფართოვებაზე. დღეისათვის ჩემს რესურსებს ვიყენებ საკუთარი თავის გამოსახატად და მთლიანად ჩართული ვარ ამ საქმეში. 

გსურთ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა? რა გამოხმაურება მიიღეთ პრესისგან და ბაიერებისგან?  

დღეს მსოფლიო კიდევ უფრო პატარაა, სადაც მანძილი და დრო აღარაფერს ნიშნავს. თუ სადმე რამე მნიშვნელოვანი ხდება, მეორე დღეს ამის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის. ჩემი წარმატება დაკავშირებულია საერთაშორისო პრესის ინტერესთან და მათ მიერ ჩემი საქმიანობის აღიარებასთან. ამგვარად, საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა გარდაუვალია მათთვის, ვინც სხვებისთვის სასიამოვნო რამეს ქმნის.  

ინდუსტრია დღეს უკიდურესად კონკურენტულია. სად ხედავთ თქვენს ნიშას?  

ადამიანები, რომლებიც იმავე იდეალებს და ღირებულებებს იზიარებენ, რასაც მე, დაინტერესდებიან ბრენდით, მიუხედავად იმისა, არატრადიციული ორიენტაციის მიმდევრები არიან თუ არა – ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ საკუთარი თავის გამოხატვის და გარისკვის. 

ვის შემოსვას ისურვებდით?  

ძნელი სათქმელია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არ მინდა დაკონკრეტება, რათა არ შევზღუდო საკუთარი თავი.   

ფილიპ პურაშემი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top
Copy link
Powered by Social Snap