19.11.25
ძველ შედევრებს აცოცხლებს
მოდისა და ხელოვნების სამყარო კვლავ ერწყმის ერთმანეთს: ლეგენდარულმა ფრანგმა დიზაინერმა აგნეს ბ.-მ (Agnès b.) პარიზის ყველაზე ცნობილ მუზეუმთან — ლუვრთან ერთად, წარმოადგინა აქსესუარებისა და ტანსაცმლის განსაკუთრებული კოლექცია. ეს არის მცდელობა, რომ მარადიული შედევრები მუზეუმის კედლებიდან გამოვიდეს და მოძრაობაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაინაცვლოს.
კლოდ ლორენის სინათლე და პოეზია
აგნეს ბ.-ს ახალი კოლექციის მთავარი ინსპირაცია ლუვრის ოსტატების შემოქმედებაა. კერძოდ, დიზაინერმა საკუთარი ხედვა მიუძღვნა კლოდ ჟელეს, იგივე კლოდ ლორენის ორ ლანდშაფტს: „საზღვაო პორტი მზის ჩასვლისას“ (Seaport at Sunset) და „პეიზაჟი მწყემსით“ (Landscape with Shepherd).

როგორც დიზაინერი აღნიშნავს, მისი მიზანი ამ ტილოების სინათლისა და პოეზიის სამოსში ტრანსფორმაცია იყო. კლოდ ლორენი, რომელიც განთქმული იყო წარმოსახვითი პეიზაჟებით და სინათლეს უმნიშვნელოვანეს თემად აქცევდა, გავლენა იქონია ისეთ არტისტებზე, როგორებიც არიან ტერნერი და იმპრესიონისტები.
ნახატებში გამოსახული ლურჯი ცა და ალისფერი მთის მწვერვალები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და სწორედ ეს ფერების ჰარმონია გადავიდა ტანსაცმელზე ბეჭდური სახით. საზღვაო პორტისა და მდინარის სცენები აგნეს ბ.-ს ფასცინაციას გამოხატავს ზღვისა და „სხვაგან ყოფნის“ დაპირების მიმართ, რაც მის შემოქმედებით სულთან თანხვედრაში მოდის. დიზაინერი ამბობს, რომ მისთვის ეს არის მეოცნებეობის, სიღრმისა თუ ჰარმონიული ბალანსის კულტივირება.

„ეს არის პეიზაჟები, რომლებიც ზღვისკენ, სხვაგან ყოფნისკენ, სხვებისკენ არიან გახსნილი. კლოდ ლორენის ეს გახსნილობა პეიზაჟების მიმართ — აი, რა მომწონს განსაკუთრებით“, — აღნიშნავს აგნეს ბ.
დიზაინერი ხშირად იყენებს ტანსაცმელს, როგორც საკუთარი ფოტოების მედიუმს. ამ კოლექციაში კი, ლორენის ნახატები, ციფრული ბეჭდვის ტექნოლოგიით, მაისურებზე, შარფებსა და ტყავის აქსესუარებზე გადაიტანა. ასე იქცა მხატვრობა მოძრავ ორნამენტად, რომლის ტარებაც თავად ხელოვნების ნიმუშის გაცოცხლების საშუალებაა.

კოლაბორაციით შექმნილი კოლექცია წარმოადგენს უნიკალურ დიალოგს დიდებულ ფერწერულ სამყაროებსა და თანამედროვე მოდას შორის. ეს არის შანსი, რომ ხელოვნება, რომელიც ჩვენს წარმოსახვას კვებავს, ყოველდღიური სტილის ნაწილი გახდეს.
