აგრესიული ქცევა – როგორ მოვიქცეთ?

KID’S GALLERY

წარმოგიდგენთ

02.03.2022

პატარა ბავშვების ურთიერთობა უფროსებთან და თანატოლებთან შეიძლება ატარებდეს როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ ხასიათს. რაღაც მომენტში ბავშვი ითხოვს მოფერებას, მოსიყვარულებას, ცოტა ხანში კი მოულოდნელად შეიძლება გაბრაზდეს და გამოიჩინოს მტრული, აგრესიული დამოკიდებულება. აგრესიას განსაზღვრავენ, როგორც ქცევას, განხორციელებულს ტკივილის მინიჭების, მოსპობის ან ძალაუფლების მოპოვების მიზნით. აგრესია შეიძლება გამოიხატოს როგორც ვერბალურად, ასევე ფიზიკურად. ის შეიძლება მიმართული იყოს ადამიანებზე, ან გადატანილი იქნეს ცხოველებზე ან საგნებზე. აგრესია  ხშირია  ბავშვებში.  ადრეულ  ასაკში  მისი  თავიდან აცილება ხშირად პრაქტიკულად შეუძლებელია; ეს კი გულისხმობს, რომ ჩვენ მას უნდა ველოდოთ და, უმჯობესია, მომზადებულად შევხვდეთ.

მშობლები არ უნდა ცდილობდნენ, ბავშვში სრულებით აღმოფხვრან აგრესიულობა, რადგან აგრესიულობას აქვს როგორც უარყოფითი, ისე დადებითი მხარეები. ის შეიძლება  გამოვლინდეს  როგორც  ბავშვის  აქტივობაში,  ისე,  პირიქით, დაუჯერებლობასა და წინააღმდეგობაში, იგი შეიძლება საფუძველი გახდეს ინიციატივის უნარის გამოვლენისა ან ბავშვის მტრული განწყობისა; ბავშვი შეიძლება გახდეს მტკიცე ან, პირიქით, უნებისყოფო. ამიტომაც მშობლები უნდა ცდილობდნენ აგრესიის დადებითი მხარეების წაქეზებას, წახალისებას და, პირიქით, წინ უნდა აღუდგნენ მის უარყოფით მხარეებს (გამოვლინებებს).

ასაკთან ერთად ბავშვის აგრესიული ქცევის ფორმები იცვლება. 2-3 წლის პატარები ხშირად ჩხუბობენ, კამათობენ, უმთავრესად სათამაშოების ან რაიმე მათთვის საინტერესო საგნებისთვის. ამას ინსტრუმენტულ აგრესიას უწოდებენ. აგრესიული ქცევა თავის პიკს 4 წლის ასაკში აღწევს. უმცროსი სასკოლო  ასაკისთვის  ინსტრუმენტული  აგრესია  მცირდება.

ამ  პერიოდში  იზრდება  ვერბალური  აგრესია.  მაგ.,  დაცინვა, მეტსახელების  მოგონება  და ა.შ. აგრესიის კლებას უკავშირებენ  ბავშვებში  კონფლიქტების  მოგვარების  მზარდ  შესაძლებლობას არააგრესიული  საშუალებებით  – სიტყვებით და არა მუშტებით და ასევე იმით, რომ თამაშის დროს თანატოლებთან ურთიერთობაში გარკვეული გამოცდილება უგროვდებათ. ამასთან, 6-7 წლის ბავშვები ხდებიან ნაკლებ ეგოცენტრულები და სხვების გრძნობებისა და ქცევის უკეთ გაგებას სწავლობენ. რასაკვირველია, აგრესია თანდათან   მცირდება, მაგრამ უნდა  აღინიშნოს  ისიც  (რაც  ბოლოდროინდელი კვლევებით დადასტურდა),  რომ  ეს  მაინც  საკმაოდ  სტაბილური  მახასიათებელია.  2  წლის  აგრესიული  ბავშვი  ისეთივედ  რჩება  5-6 წლის  ასაკშიც  და ხშირად  კიდევ  უფრო  ხანგრძლივი  დროის განმავლობაში.

აგრესიულობა   განსხვავებულია   ვაჟებში  და  გოგონებში. ძნელია, არ დაეთანხმო  იმ ფაქტს, რომ სკოლამდელი  ვაჟები უფრო აგრესიულები არიან,  ვიდრე გოგონები.  ვაჟები უფრო ხშირად პროვოცირებას უწევენ აგრესიას, როგორც  ვერბალურ, ასევე  ფიზიკურს. ისინი უფრო  მიდრეკილები არიან აგრესიას უპასუხონ აგრესიითვე. ვაჟების აგრესიულობის უპირატესობა დამახასიათებელია ყველა საზოგადოებრივი ფენისა და კულტურისათვის, ასევე ყველა ასაკობრივი  ჯგუფისთვის, თუმცა ის განსაკუთრებით  მწვავდება გარდამავალ ასაკსა და ადრეულ ზრდასრულობაში.   ასეთი   განსხვავება სქესებს შორის უნდა აიხსნას, როგორც ბიოლოგიური თავისებურებებით, ასევე დასწავლით. ჩვენ კულტურაში აგრესიული ქცევა  ითვლება  კაცობისა  და  ვაჟკაცობის  გამომხატველად. გაიხსენეთ  მშობლების,  განსაკუთრებით   კი  მამების კმაყოფილი, გაღიმებული  სახეები, როცა მათი  ვაჟი  არ შეუშინდა მეტოქეს და კარგად გატყიპა ის. თუ ბავშვის ასეთ საქციელს მამა აბსოლუტურად  ნორმალურ, კაცურ რეაქციად მიიჩნევს, ამით ის აქეზებს კიდეც ბავშვს ასეთი აგრესიული ქცევისკენ. მიჩნეულია, რომ აგრესიული ქცევა შეიძლება იყოს დასწავლილი ან წაბაძვითი. ბავშვები იქცევიან უფრო აგრესიულად, როდესაც თვალს ადევნებენ აგრესიული ქცევის მოდელს.

თუ ბავშვებს სჯიან აგრესიული ქმედებისთვის,  მაშინ, დიდი  ვარაუდით,  მომავალში  ისინი  აღარ  მოიქცევიან  ასე, იმის  თანდასწრებით  მაინც,  ვინც  შეიძლება  ისინი  დასაჯოს ამის გამო. თუმცა მათ შეიძლება მიმართონ თავისი აგრესიული გრძნობები და ქცევა სხვა მიმართულებით. მაგ., ბავშვი შეიძლება გახდეს ნაკლებ აგრესიული სახლში, მაგრამ უფრო აგრესიული იყოს სკოლაში. ბავშვებმა შეიძლება გამოხატონ თავისი აგრესია სხვადასხვა ფორმებით. მაგ., საწყენი ქცევით, ან მეტსახელების გამოგონებით. დასჯამ შეიძლება გამოიწვიოს სრულიად საწინააღმდეგო შედეგიც, რაც გახდება მიზეზი ბავშვის აგრესიულობის ზოგადი დონის მომატებისა.

ვინც ბავშვების აგრესიულობის შესამცირებლად ფიზიკურ დასჯას იყენებს, სინამდვილეში შეიძლება ბავშვის ამგვარი ქცევის პროვოცირება თავად გამოიწვიოს, რადგან ასეთი ქმედებით აგრესიული ქცევის ნათელ მაგალითს თვითონ იძლევა.

მეცნიერებმა ჩაატარეს დაკვირვება და დაადგინეს, რომ ბავშვები, რომელთა მიმართაც სახლში მშობლები ფიზიკურ ზომებს იყენებდნენ, აღმოჩნდნენ უფრო აგრესიულები იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებიც ფიზიკურად არ ისჯებოდნენ. ამასთან, რაც უფრო მკაცრი იყო დასჯა, მით უფრო აგრესიული იყო ბავშვის დამოკიდებულება თანატოლებთან.

ბავშვი ხშირად თვითონაც განიცდის თავის აგრესიულ ქცევას. მას შეიძლება გაუჩნდეს დანაშაულის გრძნობა და შიში მშობლების სიყვარულის და მზრუნველობის დაკარგვისა. ეს შიში, თავის მხრივ, შეიძლება მიზეზი გახდეს აგრესიულობისა და ჩნდება ჩაკეტილი წრე.

თუ რომელი ქცევა უნდა ჩაითვალოს სოციალურად მისაღებად, დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე და ყოველ კულტურასა და ოჯახში მიღებულ ნორმებზე. არის სიტუაციები, როცა ძნელია თავი აარიდო აგრესიას, ხოლო ალტრუიზმი კი ყველგან და ყოველთვის დროული არ არის. არააგრესიული ჯარისკაცი უსარგებლოა ბრძოლის ველზე, ალტრუისტი ფეხბურთელი კი ვერ მოიპოვებს გამარჯვებას.

აგრესიულობის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ბიოლოგიური ფაქტორები (ისეთი, როგორიცაა ტესტოსტერონის დონე ორგანიზმში), ოჯახის გავლენა (გარიყული ან მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვები), ბავშვის ფიზიკური დასჯა და მშობლების არათანამიმდევრობა მოთხოვნებში.

რა გავლენას ახდენს ოჯახში არსებული აღზრდის მკაცრი სტილი,   დასჯის ხშირი გამოყენება  ბავშვის აგრესიულობაზე? 

როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ბავშვი ცუდად იქცევა, არ გვიჯერებს? დავსაჯოთ თუ არა, და თუ დავსაჯოთ, როგორ? ყველა მშობელი  დროდადრო  სჯის შვილს,  ისინიც  კი, ვისაც ეს არასწორად მიაჩნიათ. ამ დროს მშობელი დარწმუნებულია, რომ ამას ბავშვის საკეთილდღეოდ აკეთებს.  სინამდვილეში ასეთი მოქმედებით ის უფრო თავის მოუთმენლობას, განრისხებას ავლენს, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს ბავშვის ქცევით  გამოწვეული – მაგალითად,  უსიამოვნება  სამსახურ ში, დაძაბულობა ოჯახში, გადაღლა და კიდევ ათასი მიზეზი. სამწუხაროდ, ბავშვის აღზრდაში მათთვის ფიზიკური დასჯა არა მხოლოდ დასაშვებია, არამედ აუცილებელიც  – „მშობლები მეც  მსჯიდნენ,  მცემდნენ  კიდეც.  მერე  რა,  ხომ  გავიზარდე კარგ ადამიანად“. არიან ისეთი მშობლებიც, რომლებიც ჩივიან, რომ ქამრის გარდა ბავშვზე არავითარი ახსნა-განმარტება არ ჭრის. ასეთ მშობლებს არ ესმით, როგორ შეიძლება აღიზარდოს ბავშვი ცემის გარეშე.

ზოგიერთი ახალგაზრდა მშობელი  თვლის,  რომ  სანამ ბავშვი პატარაა, არ  გიჯერებს,  ჭირვეულობს,  ჯიუტობს  და არ ესმის ახსნა-განმარტებები,  მას შეიძლება წამოარტყა კიდეც. მიაჩნიათ, რომ ასეთი წამოტყაპუნება არაფერს დაუშავებს პატარას. ეს გზა არასწორია. ამით ბავშვი სწავლობს არა სიტყვების მოსმენას და გაგებას, არამედ უფროსების ძალისადმი დამორჩილებას, ე.ი. მისთვის მხოლოდ ძალისმიერი ინსტრუქციები ხდება გასაგები.

დასჯის შემდეგ ბავშვის მონანიება, ცრემლები, დაპირებები მშობელს ილუზიას უქმნის, რომ ის სწორად იქცევა, როდესაც ასეთ მკაცრ ზომებს მიმართავს. სინამდვილეში ბავშვის ასეთი საქციელი მხოლოდ რეაქციაა ტკივილზე, წყენასა და დამცირებაზე.

ფიზიკური დასჯა ხელს არ უწყობს ბავშვის მხრიდან დანაშაულის აღიარებას. აღზრდის ასეთი სტილი მხოლოდ ნებისყოფის პარალიზებას იწვევს, აჩლუნგებს ზნეობრივ გრძნობებს, ახშობს  დამოუკიდებლობას,  აბრკოლებს  თვითშეგრძნების  ფორმირებას.  ხშირად  იკვრება  ჯადოსნური  წრე – მკაცრი   მოპყრობა,   ცემა   იწვევს   აგრესიას,   უხეშობას;  ბავშვის უარყოფითი ქცევა კი, შესაბამისად, მშობლის კიდევ უფრო მკაცრ ზომებს. რიგ შემთხვევებში ბავშვები, დასჯის თავიდან აცილების მიზნით, იწყებენ მოტყუებას, აღარ ჰყვებიან არაფერს, ხდებიან გულჩათხრობილები. ბავშვს, რომელსაც ვსჯით, შეიძლება გაუჩნდეს დანაშაულის გრძნობა ან მშობლის სიყვარულის დაკარგვის შიში. ზოგჯერ ის გარიყულად, განდევნილად გრძნობს თავს. იწყებს ეჭვიანობას და-ძმის მიმართ ან უჩნდება მშობლების მიმართ სიყვარულისა და სიძულვილის ამბივალენტური  გრძნობა; ეს კი ხელს უშლის მის პიროვნულ ზრდას, ანგრევს მის ფსიქიკას (ბავშვობაში მიღებული ტრავმა ხშირად თავს იჩენს ზრდასრულობაში). სკოლის მოსწავლეები, რომლებიც  ფიზიკურად ისჯებიან, საკუთარ  შესაძლებლობებთან შედარებით,  ბევრად უარესად სწავლობენ, კონფლიქტურები არიან, უჭირთ ურთიერთობა თანატოლებთან.

რიგ შემთხვევაში ბავშვი ისე ეჩვევა დასჯას, რომ ზოგჯერ განზრახ მიდის ამაზე.  თუ   რაიმე ძალიან უნდა,  დასჯის შიში ვეღარ აჩერებს.  თუ  მშობლები არასაკმარის   ყურადღებას უთმობენ ბავშვს, ის ცუდი საქციელით ცდილობს მათი ყურადღების  მიქცევას.  მშობლები  ხშირად  ჩივიან  –  ბავშვი აგრესიულია,  მოჩხუბარი,  ცემს, ჩაგრავს თავის უმცროს დას ან ძმას, მეზობლის პატარას და ა.შ. თუ ამ დროს მშობელს ჰკითხავ – თქვენ თვითონ დასჯის რა ფორმას იყენებთ? პასუხი უმთავრესად ასეთია: „თუ ძალიან ცუდად იქცევა, ვცემ ხოლმე. აბა რა ვქნა?“. ამ დროს ბავშვი ფიქრობს: „მე პატარა ვარ, როცა ცუდად ვიქცევი, დედა მცემს, იმიტომ რომ გამოვსწორდე, ე.ი. ცემა შეიძლება, აუცილებელია“ და ისიც იმეორებს აღზრდის  ამ მეთოდს თავის უმცროს და-ძმასთან; ის ხომ მათზე უფროსია და უნდა ასწავლოს მათ. მშობელი ხომ მაგალითია ბავშვისთვის. პირველ რიგში, ბავშვს უნდა აუხსნათ, რატომ ხართ უკმაყოფილო. ოღონდ გახსოვდეთ: ამ ურთიერთობამ კამათის ფორმა არ უნდა მიიღოს.

მოთმინება  – გამოიყენეთ  ძველი  მეთოდი.  სანამ გადახვალთ შენიშვნებზე ან დასჯაზე, ათამდე დაითვალეთ.

ყურადღების გადატანა  – შეეცადეთ, შესთავაზოთ ბავშვს რაიმე უფრო საინტერესო. ეცადეთ გადაიტანოთ მისი ყურადღება, დააინტერესოთ სხვა რამით.

დაჯილდოება – დააჯილდოვეთ ბავშვიკარგი საქციელისთვის. არ არის აუცილებელი, ჯილდო მატერიალური იყოს. მოფერება, შექება, კოცნა – ესეც ჯილდოა. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მის სახლში არსებობს წესები, რომლის დარღვევა არ შეიძლება (მაგალითად, უმცროსების ცემა) და მან ისინი ყოველთვის უნდა დაიცვას. ამავე დროს, იყავით თანამიმდევრულნი. თუ რამე არ შეიძლება, ის არც დღეს შეიძლება და არც ხვალ.

სირბილეს მაშინ მოაქვს დადებითი შედეგები, თუ მშობელს არ ეშინია გამოიჩინოს სიმტკიცე იმ საკითხებში, რომელსაც ის განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

ბავშვი კი არ უნდა აიძულო, არამედ უნდა ასწავლო, იყოს კეთილი, მომთმენი, კაცთმოყვარე. ამაშია მშობლის, როგორც აღმზრდელის, მთავარი მოვალეობა.ბავშვს ყველაზე მეტად სჭირდება მშობლის სიყვარული. ისინი იტანჯებიან არა დასჯის უკმარისობისგან, არამედ ყურადღების, სითბოს, სიყვარულის დეფიციტის გამო.

ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს კორექციის პროგრამა აგრესიული ბავშვების მშობლებისთვის. მშობლები სწავლობენ ბავშვის ქცევის რეგულირების მეთოდებს. მაგ., როგორ წახალისდეს კარგი, მისაღები ქცევა; როგორ დაფიქსირდეს ის გარემოებები, რომლებიც  წინ  უსწრებენ  აგრესიულ  ქცევას და მათი შედეგები. მშობლები ასევე სწავლობენ იმას, თუ როგორ განამტკიცონ რბილ ფორმებში   სასურველი ქცევა და შეამცირონ აგრესიული ქცევის სიხშირე. ამასთან, აუცილებელ პირობად ითვლება თანმიმდევრული მიდგომა ბავშვის ქცევისადმი. თუ მშობელი ერთ შემთხვევაში იგნორირებას უკეთებს, არ იმჩნევს ბავშვის მიუღებელ ქმედებას და იმავე საქციელისთვის  სხვა დროს დასჯის მას – ეს სასურველ  შედეგამდე ნამდვილად არ მიგვიყვანს. ბავშვის  აგრესიული  ქცევის  თავიდან  აცილების  საუკეთესო საშუალებაა მისდამი სიყვარულის გამოხატვა.

KidsGallery.ge

ფსიქოლოგი: ჯანა კახიანი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top