მოდის ინდუსტრიის ჰორიზონტზე ახალი სახელი გამოჩნდა, რომელიც სიახლეზე მიჯაჭვული სეზონების დინების საწინააღმდეგოდ მოძრაობს.
Kie Hye lee-სა და Jin lee-ს შემოქმედების ნაყოფი Ageless Einzelganger – მომავლის გაღმერთებისკენ ნაკლებად მიილტვის, იგი უფრო წარსულის საგანძურის გაცოცხლებითა და შენარჩუნებითაა დაკავებული.
ისინი, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ინდივიდებს ეძებენ, რომელთა აზროვნებაც Ageless Einzelganger-ის ფილოსოფიას ესადაგება.
„ამარტა“-სთან საუბარში ორივე დიზაინერი მეხსიერებისა და ტანსაცმლის ურთიერთკავშირზე, მათ შემოქმედებაში დალექილ მოგონებებსა და იმის შესახებ საუბრობს როგორ დაიწყო მათი ამ სივრცეში მოგზაურობა და რა გავლენა აქვს დღევანდელ თაობაზე ისეთ ხანდაზმულ ფენომენს, როგორიც ანდრე ბრეტონია.
Silvia Bombardini: ორივე პარსონის კურსდამთავრებულები ხართ, თუმცა თქვენი ტანსაცმელი იაპონიაში იკერება. შტატები კი ის ადგილია, სადაც პირველი ესკიზები კეთდება და სადაც თქვენი ბრენდი დაიბადა. ადრე მითხარით, რომ ნიუ-იორკში გატარებული წლებმა ტანსაცმლის შემქმნელების მკაფიო იდენტობა ჩამოგიყალიბათ. შეგიძლიათ მითხრათ, როგორ ირეკლება ქალაქი თქვენს ტანსაცმელში?
Kie Hye Lee: ნიუ-იორკში ჩემი მოგზაურობა იმედგაცრუებით დაიწყო პარსონში დამკვიდრებული განათლების სისტემის მიმართ. სწავლისადმი ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად, იმედი მათმა საგანმანათლებლო პროგრამებისა და პოლიტიკის ზედაპირულობამ გამიცრუა. თუმცა, როცა უკან ვიყურები, ვხვდები, რომ ეს იმედგაცრუებები, ქალაქის შესაცნობად, იდეალური ბიძგი და მოტივაცია იყო: ამ პროცესში, სკოლის გარეთ, უამრავ განსხვავებულ ადამიანთან შეხვედრა შევძელი. საბედნიეროდ, შევხვდი ხელოვანებს, რომლებსაც ვაღმერთებ, მათ აზროვნება შემიცვალეს. როცა დიზაინს Ageless Einzelganger-სთვის ვქმნი, ყოველთვის ამ გამოცდილებებით ვხელმძღვანელობ.
Silvia Bombardini: და მაინც, თქვენს შემოქმედებას ძლიერი იაპონური გავლენა აქვს. ნატურალური შალის ქსოვილები, მონოქრომატული გამა – როგორ ერწყმის ერთმანეთს ორი განსხვავებული კულტურა თქვენს შემოქმედებით პროცესში?
Jin Lee: იაპონელმა ხალხმა შესრულების ტექნიკა, კულტურა და ისტორია სიამაყით შემოინახა. ტანსაცმელს სწორედ ამ დამოკიდებულებით ვქმნით. გვინდა ჩვენი მკერავები და ქსოვილის მწარმოებლები საკუთარი შრომითა და ტრადიციებით ამაყობდნენ. სიზუსტის, სრულყოფილების ფლობის აღმოსავლური კულტურა, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ცხოვრებით წარმოშობილ ჩვენს პირად კულტურასთან მჭიდროდ ურთიერთობს, რასაც რეფერენსებისა და ინსპირაციისადმი ჩვენი მსუბუქი, სიურეალისტური მიდგომები ემატება, და ყველაფერი ერთად Ageless Einzelganger-ს ქმნის.
Silvia Bombardini: Ageless Einzelganger უკვე ორი წლისაა, ხომ ვერ მეტყოდით საიდან დაიწყო, რა იდეაზე დაშენდა და როგორ მოახერხა განვითარება ბრენდმა მისი არსებობის, ასეთ მცირე, თითზე ჩამოსათვლელი სეზონების განმავლობაში?
Jin Lee: Ageless Einzelganger იმ საერთო ფიქრებსა და სურვილებს ეფუძვნება, რომელსაც Kie-სთან ვიზიარებ. ვფიქრობ, იმად, ვინც ვართ, სწორედ ეს გვაქცევს. თავიდან უბრალოდ ისეთი ტანსაცმლის შექმნა გვსურდა, რომელიც ჩვენვე მიგვაჩნდა ლამაზად. განვიზრახეთ შეგვექმნა ტანსაცმელი, რომელიც მტარებელთან ერთად იზრდება და მისი ცხოვრების ნაწილი ხდება. ტანსაცმელი, რომელიც დროსა და სივრცეში არსებობას განაგრძობს. სულ თავიდან, კერძო შეკვეთებზე ვმუშაობდით და ყოველ დამკვეთთან ურთიერთობა პირადად გვიხდებოდა, რაც, თავისთავად, უძვირფასესი გამოცდილებაა ჩვენთვის. ახლა კი გავფართოვდით და ჩვენი დროის Einzelganger-ების ანუ მარტოკაცების აღმოჩენას ვცდილობთ. იმ ადამიანების, რომლებსაც ჩვენი ესმით და ჩვენს ფილოსოფიას იზიარებენ. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ბრენდს Ageless Einzelganger ქვია, მის იარლიყზე თხულობთ: „Garments for Einzelgangers ანუ ტანსაცმელი მარტოკაცებისთვის“.
Silvia Bombardini: მოდა სიახლის წარმოებასა და სიახლის დანერგვაზე დგას. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, Patron Of The New იმ კონცეპტუალური მაღაზიის სახელია, სადაც თქვენი ბრენდი პირველად გამოჩნდა. და მაინც, თქვენ ნაკლებად გაინტერესებთ მყოფადი, რაღაც ახლის მაგიერ, მიზნად წარსულის ხელახლა აღმოჩენასა და შემონახვას ისახავთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად მიიღო ინდუსტრიამ ასეთი არაკონვენციური მიდგომა?
Jin Lee: სიმართლე გითხრათ, არ ვფიქრობ, რომ ინდუსტრიაში კარგად მიგვიღეს. მოდის ცვალებადობა საკმაოდ ნორმალურია. დროის გარკვეულ მონაკვეთებში, კონკრეტული სუბკულტურები და ტრენდები ჩნდება, რომლებიც ყურადღების ცენტრში ექცევიან და აუდიტორიის სიყვარულს იმსახურებენ. ჩვენი მიდგომა სხვანაირია – ჩვენ არ ვცდილობთ ყველას ვასიამოვნოთ, ჩვენი მხარდამჭერების უმეტესობამ მხოლოდ იმიტომ გვიპოვა, რომ მათ ესმით, აფასებენ და იზიარებენ Ageless Einzelganger-ის დამოკიდებულებას მშვენიერებასთან, რომლის გაქრობისაც ასე გვეშინია.
Silvia Bombardini: ვინ ან რა შეგიძლიათ მოიყვანოთ იმ სილამაზის მაგალითად, რომლის შემონახვაც ასე გსურთ?
Kie Hye Lee: ყველაფერი, რაც ჩემს დაბადებამდე იყო, ჩემთვის ყოველთვის ახლის მომტანი იქნება. იმას ვგულისხმობ, რომ წარსულში ქექვით საკმარისად ვერთობი რაც მარად ახალ გამოცდილებებს მთავაზობს და მიმდინარე მოვლენებზე მეტად მაინტერესებს. ბევრი ალბათ იტყვის, რომ წარსული სიახლე არ არის, მაგრამ ამ დროს მხედველობაში ის თაობები უნდა ვიყოლიოთ, რომლებსაც ძველი დრო არასდროს გამოუცდიათ, სწორედ ეს ფაქტი აქცევს წარსულს სიახლედ. ნივთების შეგროვება ჩვევად მაქვს. ვაგროვებ ყველაფერს – ვინტაჟურ ტანსაცმელს, ობიექტებს, წიგნებს, ფოტოებს. ფოტოგრაფია რაღაც ეფემერულის, წარმავალის შემონახვის გზაა, ამიტომაც ჩემი დილა 1920-50-იანი წლების ფოტოების თვალიერებით იწყება. წარსული ჩემს თაობამდე – ეს ის დროა, რომელშიც არასდროს მიცხოვრია, თუმცა მას ფოტოებში, ტანსაცმელსა და ადგილებში ვხვდები და თითქოს მენატრება კიდეც. არის რაღაც მაგიური იმაში, რომ შემიძლია ნოსტალგიური ვიყო დროის მიმართ, რომელშიც ფიზიკურად არ მიარსებია.
Silvia Bombardini: ამბობთ, რომ თქვენი განზრახვა ისეთი ტანსაცმლის შექმნა იყო, რომელიც მტარებელთან თანაარსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამოსი ისეთი ინფორმაციით იჟღენთება, როგორიცაა ცრემლი, სუნი და შემდეგ აღძრავს მოგონებებს. ასევე საუბრობდით ანდრე ბრეტონზე, რომელმაც თქვენს შემოქმედებაზე გარკვეული გავლენა იქონია. რატომღაც მისი “ხსნადი თევზი” მახსენდება, სადაც ერთ-ერთ პასაჟში, ნარატორი ქალს თავისკენ პალტოთი იზიდავს, რა დროსაც ქალი ქრება. ის წერს:
“ტუჩები თბილ, კეთილსურნელოვან ტანსაცმელში ჩავრგე, თითქოს ამისგან ხანგრძლივ სიამოვნებას ველოდი და სახლში წამოვიღე, რათა მისი მაცდური დეტალებით გამერთო თავი. ჩემში ყველაზე სასურველი ქალის სიცილი ამღერდა. რა იყო ეს? ვუალი? თუ უბრალოდ ჩემი წარმოსახვა?”
თქვენი აზრით, რატომ ილექება მეხსიერების ინფორმაცია ტანსაცმელში ასე მარტივად?
Kie Hye Lee: ადამიანს ყოველდრიურად სამი ძირითადი რამ – საჭმელი, თავშესაფარი და ტანსაცმელი სჭირდება. სამოსი, ბევრი ადამიანის ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს. მაგალითად მე, ზოგიერთი მომენტი, მხოლოდ იმით მახსოვს, თუ რას ვატარებდი იმ დღეს და მჯერა, რომ ასე ბევრი ადამიანია. ზოგჯერ ტანსაცმელს სახელებს ვარქმევ, ისეთ სახელებს, რომელთა გაგებაც მხოლოდ მე შემიძლია. ეს ჩვევა იმ დღეების მოგონებებს, როცა კონკრეტული სამოსი მეცვა, თავისთავად აღძრავს ჩემში, როგორიც არ უნდა იყოს ეს მოგონება – ცუდი თუ კარგი. ხანდახან ცუდი მოგონებების მქონე ტანსაცმელს, განზრახ ვმალავ გარდერობში და თავი ისე მიჭირავს, თითქოს ისინი დავივიწყე. ამ უცნაურ ჩვევას, აზიაში სკოლაში სწავლისას განცდილ ჩაგვრას ვუკავშირებ. დავივიწყო ტანსაცმელი, რომელსაც მარტოობაში ვატარებდი – შეუძლებელია, ამიტომაც საკუთარ თავში ვიპოვე ძალა, რომელიც დამეხმარა შემექმნა ისეთი სამოსი, რომელიც მტარებელს, ასე ვთქვათ, ავი თვალისაგან დაიცავდა. და თუმცა სამოსი არაცოცხალია, მე მასში მოგონებებსა და დროს ვდებ, რომელიც წარმოშობს სულიერ კავშირს – სწორედ ამის შედეგად წარმოიშვება ის სიურეალისტური მომენტები, რომელზეც საუბრობთ.
Silvia Bombardini: თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ ითარგმნება სიურეალიზმი მოდაში?
Jin Lee: ბრეტონი, თავის “სიურეალიზმის მანიფესტში” ფსიქიკის აუტომატიზმზე წერს. სიურეალიზმის ჩვენეულ ინტერპრეტაციას ვიზუალი და ხმა არ გააჩნია, ეს უფრო ჩვენი დამოკიდებულებაა სამოსის მტარებელთან. საკუთარი თავის შეცნობა და აღმოჩენა კომპრომისებზე წასვლის მაგიერ – აი რას ვუწოდებდი ამას! მე არ მჯერა დასწავლილი სიურეალიზმის, ვფიქრობ, რომ ამ მიმდინარეობის თვითმყოფადობა საკუთარ თავში, ადამიანებმა თავისთავად უნდა გააცნობიერონ.
Silvia Bombardini: თქვენს ბოლო კოლექციას თუ შევეხებით, უნიფორმებით შთაგონება, მასში აშკარად იგრძნობა. როგორ ჯდება უნიფორმის სიმკაცრე, ასე ვთქვათ, „რეჟიმი” მარტოკაცის ინდივიდუალიზმში?
Kie Hye Lee: ჩემი უნიფორმისადმი დამოკიდებულება, მისი მნიშვნელობისგან დაცლილია. Ageless Einzelganger-ის უნიფორმა ის სამოსია, რომელსაც დღის მანძილზე ბუნებრივად, თავისთავად ატარებ. ის კომფორტსა და თავდაჯერებას გმატებთ, იმას რასაც ყველა ყოველთვის ეძებს. კომფორტი და თავდაჯერებულობა – აი ესაა უნიფორმის მარტოკაცული განსაზღვრა. ეს აზრიც ჩემი პირადი გამოცდილებიდან მოდის, როცა ჩემი საყვარელი სამოსის ასლების კეთება წარმოვიდგინე რათა ისინი ყოველდღე ზედმეტი ფიქრის გარეშე, როგორც უნიფორმა, ისე მეტარებინა.
Silvia Bombardini: თქვენ ასევე შთაგონებული ხართ 1980-იანი წლების იაპონური ელექტრო-მუსიკით. რა გავლენა იქონია ამან თქვენს კოლექციაზე?
Jin Lee: განსაკუთრებული ყურადღება, ბენდზე YMO ( Yellow Music Orchestra ) და მათ 1984 წელს გამოშვებულ ფილმზე „პროპაგანდა” გავამახვილეთ. მათი შემოქმედება რევოლუციური არა მხოლოდ იაპონიის არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყო. ის მჭიდრო კავშირშია ჩვენს ფილოსოფიასთან, ისინი არ ცნობდნენ კომპრომისებს, მათ ქონდათ თვითრწმენა. ფილმში „პროპაგანდა” ჩნდება ბიჭი უნიფორმით, რომლის ცნობისმოყვარეობა იმდენად გულწრფელი და სუფთაა, რომ ამ ფილმის ნახვისას მეგონა, რომ ბიჭი Ageless Einzelganger – ისთვის თამაშობდა. მე შთაგონებული ვარ YMO-ს მუსიკით და ბიჭით, რომელსაც თამამად ვუწოდებდი მარტოკაცს. კაცს, რომელსაც სრულად შეუძლია გაიაზროს Ageless Einzelganger-ის ხედვა და ფილოსოფია.
სილვია ბომბარდინი