ლევან სონღულაშვილი – მომავლის მხატვარი

28.11.2022

AD INFINITUM – დასაბამიდან  უსასრულობამდე. ამ ლათინური სახელწოდების აბრევიატურა AD (ანოდომინი) ქრისტეს შობიდან წელთაღრიცხვას, INFINITUM კი – უსასრულობას ნიშნავს. ყველაფერი, რაც კულტურის და კაცობრიობის განვითარების ისტორიის მანძილზე შექმნილა, დღემდე გრძელდება და მომავლისკენ მიდის. ეს ძალიან ზოგადი და ამავდროულად დრო-სივრცით საზღვრებში მოქცეული ლათინური სენტენცია გახდა – ვიზუალური არტისტის, მხატვრის, გრაფიკოსის ლევან სონღულაშვილის უახლესი გამოფენის სახელწოდება, რომელიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ექვს მონუმენტურ ტილოს აერთიანებს.

გამოფენა თბილისის კულტურის კვირეულის ფარგლებში Factory Tbilisi-ს ( კოკა-კოლას ყოფილი ქარხანა) მიმდინარეობს, ორგანიზატორები კი Window Project გალერეა და Factory Tbilisi არიან. ლევან სონღულაშვილის მონუმენტური ტილოები, რომელთაც  ახლავს ავტორის ტექსტი, თანაბარი წარმატებით აირეკლავს როგორც თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე სოციო-პოლიტიკურ და კულტურულ მოვლენებს, ისე მხატვრის პირადი ცხოვრების ემოციებსა და განცდებს.

მნიშვნელოვანია, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი ყველა ტილო საქართველოში, კერძოდ ბათუმში ყოფნის დროს შეიქმნა. შავი ზღვა, როგორც ქვეყნის გეოგრაფიული და კულტურული იდენტობის განუყოფელი ნაწილი,  პირდაპირ თუ ირიბად მხატვრის ყველა ნამუშევარში აირეკლა.  ახალ ტერიტორიაზე და  განსხვავებულ გარემოში მუშაობა მხატვრისთვის მხოლოდ ლოკალური მოცემულობა არ ყოფილა, პირიქით: ბათუმი და შავი ზღვის ფენომენი მხატვრის შემოქმედების ახალ ეტაპზე გადასვლისას გახდა  ერთგვარი ტოპოსი (ბერძ. უსასრულო სივრცე); ეს უკანასკნელი ვიზუალურ ხელოვნებაში გარემოში არსებული საგნების ურთიერთმიმართების საკითხიცაა, რამდენად ქმნის კონტრასტს საგნები არსებულ გარემოში (?!) სწორედ ეს კონტრასტები და მუდმივი ანტინომიები იკითხება გამოფენაზე წარმოდგენილი ქართველი მხატვრის ახალ ნამუშევრებში.

ლევან სონღულაშვილი, იმ იშვიათ არტისტების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც ადრეულ ასაკში მსოფლიო მასშტაბის წარმატებას მიაღწიეს. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია კერძო და სამუზეუმო კოლექციებში. 2016 წლიდან ქართველი მხატვრის ნამუშევრები ბრუკლინის მუზეუმის მუდმივ კოლექციაშია დაცული. მის გამოფენებს მასპინძლობდა თბილისი (მულტიმედიური სოლო გამოფენა-პროექტი „სტიქსი”), ჟენევა, ბერლინი, სინგაპური… მისი შემოქმედებითი კოლაბორაციების სიჭრელე მსოფლიო მასშტაბის ხელოვანებსა და არტისტებს აერთიანებს:  ტერნერის პრიზიორი ჯერემი დელერი; ამერიკელი როკ მუსიკოსი იგი პოპი, კომპოზიტორი  გია ყანჩელი და ა.შ.

საპროტესტო აქციებზე, ტაძრებში, ღამის კლუბებსა თუ სტადიონებზე, ვაკვირდები საზოგადოებას, რომელზეც ზემოქმედებს იდეოლოგია, კოლექტიური არაცნობიერი და ჯოგური ინსტინქტი და ინდივიდის გამოცალკევებას ვცდილობ , ამ სიტყვებით იწყება ტექსტი, რომელიც მხატვრის უახლეს გამოფენას AD INFINITUM უძღვის წინ. ავტორი, შესაშური გულწრფელობით და პირდაპირობით ამცნობს აუდიტორიას ყველა განცდას, ტკივილს თუ გარემოზე რეფლექსიას, რაც შემდეგ მის ტილოებში აისახება.

AD INFINITUM 2020 წლიდან დღემდე ბათუმში შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს. როგორც თავად მხატვარი ამბობს, 2020 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა როგორც პირად, ისე შემოქმედებით ცხოვრებაში. გლობალური პანდემიის ტალღა, იზოლაცია, ინერტულობა, რომელმაც მოიცვა მოსახლეობის დიდი ნაწილი, დემორალიზაცია, უსუსურობა…

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს მხატვრის პირადი ტრაგედიაც დაერთო და დედის გარდაცვალების შემდეგ შექმნა ტილო ელიზიუმიჩიტის თვალით დანახული ადამიანიმეტასტაზების კინეტიკური ცირკულაცია.  მხატვრის შემოქმედების წინა პერიოდისგან განსხვავებით („სტიქსი“ – მედუზების სერია  Idem Et Idem)  „ელიზიუმი“ სრულიად სხვა ჟღერადობით შემოდის დიალოგში ინდივიდთან: თბილი ფერების პერმანენტული განმეორებადობა, ადამიანთა ჯგუფების დაუსრულებელი სვლა ნაპირიდან ცენტრისკენ, როტონდასებული კომპოზიცია. ამავდროულად მრავალშრიანობა და მრავალპლანურობა, ის რაც ზოგადად ახასიათებს ლევან სონღულაშვილის ფერწერას – „ელიზიუმ“-ში ერთიანდება.

როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავლ მზით ნაფერი, ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში! არ ჩანდა შენაპირი …“ ამ განწყობით და ტემპო-რიტმით იშლება ჩვენს წინ ცის და ღრუბლების, ზღვის და ხმელეთის, მიწიერისა და ტრანსცენდენტულის მისტიური პეიზაჟი, სადაც ადამიანები მხოლოდ მცირე ერთეულებად ქცეულან და მიუხედავად იმისა, რომ ტილოზე ყველგან უკიდურეს ნაპირსა და უკიდურეს სიღრმეში ამოიკითხავთ ადამიანის ზურგშექცეულ ფიგურას, საერთო სასურათე სიბრტყეზე ისინი მაინც ამ იდუმალი პეიზაჟის მხოლოდ შემადგენელ ნაწილებად რჩებიან.

პოსტ-პანდემიური პერიოდი და შავი ზღვის სანაპირო, გამოფენაზე წარმოდგენილ ყველა ტილოში პირდაპირ ან/და ირიბად აისახება. „ელიზიუმი“-ს მრავლისმეტყველმა პალიტრამ მხატვარი შემდგომ ეტაპზე, Noli Me Tangere-თან („არ შემეხო“) მიიყვანა. თუკი აქამდე, დამთვალიერებელი ლევან სონღულაშვილის ტილოებში ადამიანთა მასობრივ სცენებს შორი პერსპექტივიდან აკვირდებოდა, Noli Me Tangere-ის შემთხვევაში კომპოზიციის ფრონტალურ და ძირითად ნაწილს ნატურალური ზომის ფიგურები წარმოადგენენ, რომელთა დინამიკურ, შემჭიდროებულ სხეულებთან მიახლოებისას, მაყურებელი თავისდაუნებურად სიუჟეტის თანამონაწილე ხდება. Noli Me Tangere მოგაგონებთ სახარებისეულ პასაჟს: იუდას ამბორს – ქრისტეს გაცემას, ან/და გოლგოთაზე მიმავალ მაცხოვართან მოციქულების გამოთხოვებას (?!) ამის ვარაუდის საფუძველს, ნახატზე ცენტრიდან მარცხნივ წარმოდგენილი ფიგურა მაძლევს, ცისფრად შეღებილი თმით, რომელსაც შავებში მოსილი თეთრთმიანი მამაკაცი სახეზე ხელით ეხება, მის უკან დამატებით ორი ფიგურაა წარმოდგენილი: წითელ ტოგაში გამოწყობილი მამაკაცი და „სახიერება დაკარგული“ კაცი ყავისფერ ტონებში გადაწყვეტილი სამოსით.

რელიგიური ალუზიები სურათის პირველივე ხილვისას ცალსახაა, ისევე როგორც სახელწოდების ინტერპრეტაცია. Noli Me Tangere – ქრისტეს სიტყვები, რომლითაც მან მარიამ მაგდალინელს მიმართა. აქ, ისევე როგორც სხვა პოსტ-მოდერნისტულ ტილოებში ზედაპირზე არსებული ვიზუალური თუ ვერბალური ნარატივი და ინფორმაცია, მხოლოდ პირველი შრეა, მთავარი აზრი კი სურათის სიღრმეში, მის „უჩინარ“ დეტალებში იმალება.

Noli Me Tangere-ის („არ შემეხო“) ინტერტექსტუალურ ანალიზს თუ მივმართავთ, თანამედროვეობის ეპოქალური კონტექსტების გათვალისწინებით ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რა იგულისხმა ავტორმა ახალი აღთქმის რელიგიურ სცენაში. ტილოზე მუშაობის პროცესი რუსეთ-უკრაინის ომს დაემთხვა. სურათის ცენტრალურ ფიგურას (ქრისტე) თმა უკრაინის დროშის ფერში აქვს წარმოდგენილი (ცისფერი), მის უკან მდგარ ფიგურას კი უკრაინელი ქალის ნაციონალური თავსაბურავი მოსავს. წინა პლანზე წარმოდგენილი მცენარეებიც ცისფრისა და ყვითლის ტონებისგან შედგება. უფრო საინტერესო კი სურათის სიღრმეში იმალება: მკვდარი ჩიტები როგორც დაღუპული უმანკოების, ან ზოგადად სიკვდილის სახე-ხატი და კუბოკრულ ქურთუკში გამოწყობილი პატარა უკრაინელი ბიჭუნა, რომელმაც პოლონეთის საზღვარზე ატირებულმა, მსოფლიო კიდევ ერთხელ აღაშფოთა და შეძრა!  მწვანეს, თეთრის და ცისფრის ტონებს, ტილოს მარჯვენა ზედა ნაწილიდან შავად მოვლენილი ჩიტების გუნდი არღვევს, როგორც მოსალოდნელი საფრთხის და სიკვდილის გარდაუვალობის სიმბოლო. ნამდვილი ტრაგედია სურათის არა ფრონტალურ, არამედ მის ზედა ნაწილშია წარმოდგენილი, გარდაცვლილი ქალის სხეულს ადამიანები მიასვენებენ.

ამ ექვსი ნახატის დრამატურგიას თუ მივყვებით, გამოფენის რიგით მესამე ტილო სერაფიმი და შავი ვარსკვლავია“, რომელზე მუშაობაც ლევან სონღულაშვილისთვის ერთგვარი მედიტაცია იყო მომავალი მონუმენტური ფერწერული ნაწარმოებისთვის.  ფუნჯის ექსპრესიული მონასმების, საღებავის სქელი, რელიეფური ფენებისა და ფერთა ინტენსიური, მაღალი ჟღერადობის შემდეგ, კვლავ მონოქრომულ ტონებს მივმართე – ავტორი ამ ტილოთი თითქოს გარკვეული თვალსაზრისით უბრუნდება „სტიქსს“ (მედუზების სერია) და შავისა და თეთრის გრადაციის უკიდურესად თვითმყოფად ინტერპრეტაციას გვთავაზობს.

თუ დასავლურ საზოგადოებასა და კულტურაში თეთრი სიწმინდის, სიმშვიდისა და დღესასწაულის სიმბოლოდ აღიქმება, აღმოსავლეთში პირიქით სიკვდილის გამოხატულებად გვევლინება. სწორედ თეთრი ფერის ეს „ორმაგი სახე“ იკითხება ტილოში „სერაფიმი და შავი ვარსკვლავი“. ქრისტიანულ რელიგიაში სერაფიმი უფალთან ყველაზე ახლოს მდგომი,  უმაღლესი რანგის ექვსფრთიანი ანგელოზია. ტილოზე წარმოდგენილი ცენტრალური ფიგურა, უკანა ხედით წარმოდგენილი მამაკაცია, რომლის მზერაც ზურგიდან ჩვენკენ, მაყურებლისკენაა მომართული, თავად კი მზერა სასურათე სიბრტყეზე, ცენტრში, სიშავისკენ მიუმართავს.

ზოგადად მზერა და მზერის ტრაექტორია აღნიშნულ ტილოზე, მაგისტრალურ ადგილს იკავებს, ადამიანთა (ან ზოომორფულ არსებათა) თვალები მარჯვენა სასურათე სივრცეში გაბნეულადაა წარმოდგენილი.

რომიდან დაბრუნებისთანავე ამეკვიატა ფიქრი დედის სახეებსა და მის არქეტიპებზე, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სხვადასხვა კულტურასა და ეპოქაში, რელიგიებში, ლიტერატურასა და ფსიქოლოგიაში.“ ისევე, როგორც მხატვრის წინამორბედ ტილოში Noli Me Tangere, რელიგიური სიუჟეტის პირდაპირი ილუსტრაცია და უკიდურესად სუბიექტური ინტერპრეტაციაა პიეტა“.

სიურეალისტურ გარემოში აბსტრაჰირებული პერსონაჟები, ლევან სონღულაშვილმა იდენტური ტექნიკით, მაგრამ ორი განსხვავებული მასალით შექმნა; პეიზაჟი და ღვთისმშობლის ფიგურა – ზეთის საღებავით, ხოლო ეთერული მაცხოვრის სხეული – წყლის საღებავით. მასალისადმი ასეთი თამამი დამოკიდებულებით,  ავტორმა მიწიერისა და სულიერის, სიკვდილისა და სიცოცხლის, წამიერისა და მარადიულის მუდმივი ანტინომიების ვიზუალიზაცია მოახდინა; თუ ღვთისმშობლის მგლოვიარე სახე, მზერით შვილისკენაა მიმართული, ქრისტეს სახე  საერთოდ არ იკითხება. მას ასე მკაფიოდ ვერ ვხედავთ, მიღმიერ სამყაროში გარდამავალი სხეული თითქოს სულის სახითაა წარმოდგენილი. პეიზაჟზე ლურჯი, ლაჟვარდი და ცისფერი ტონები ჭარბობს, მწვანე კი სიცოცხლის და მარადიული განახლების სიმბოლო – ფერია.

ლევან სონღულაშვილის ნამუშევრებში, ავტორის ფერებთან დამოკიდებულება ხშირად მაგონებს გოეთეს ტრაქტატს ფერების შესახებ. გერმანელი მოაზროვნის ფერთა თეორიაში ფერთა სკალაზე ათვლის ორი წერტილია თეთრი და შავი. გოეთე მათ განიხილავს არა როგორც ფერებს, არამედ როგორც აბსოლუტურ სიბნელეს და აბსოლუტურ სინათლეს – თეთრს, ფერები კი მათ შორის ლაგდებიან. სინათლის მატებასთან ერთად, ისინი შავიდან თეთრისკენ მოძრაობენ, კლებისას კი, პირიქით თეთრიდან შავისკენ. ყველას გვინახავს როგორ თენდება და როგორ იბადება შავიდან ლურჯი, სინათლის მატებასთან ერთად ლურჯ ცას შუქი ნელ-ნელა შეეპარება და ცისფერი ხდება.

თითქოს ლევან სონღულაშვილის „პიეტა“ გოეთეს ფერთა თეორიის ვიზუალური გამოხატულებაა. ფერები ბნელიდან ნათელისკენ სვლას იწყებენ და ცენტრში მათი „ოქროს კვეთა“ ხდება. ყველა ფერი იქ იყრის თავს სადაც ალბათ, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული სურათი – დედისგან შვილის დატირებაა წარმოდგენილი.

„პიეტას“ მოჰყვა All In Full Of  love – მხატვრობაში სიყვარულის და ვნების გამოხატვა ხშირად მხოლოდ წითელ ფერამდე დაიყვანება. ლევან სონღულაშვილის შემთხვევაში ეს მეწამული და ვნებით სავსე წითელი კი არა, პირიქით, ტერაკოტის ფერთან შერეული საწყისია, უკიდურესად მიწიერი და თითქოს ცოტა „უფერულიც“ კი. დანაწევრებულად წარმოდგენილი ზოოლოგიური თუ ზოომორფული არსებები – ადამიანისა და ცხენის სხეულის ნაწილები გაბნეულია სასურათე სიბრტყეზე და შავ ფონზე ფრიზად განლაგებული შიშველი ადამიანის ექსტაზში მყოფი სხეულები, ერთდროულად მოგაგონებთ მანიერისტი მხატვრების (ელ გრეკო) ექსტაზში მყოფ ტეხილ ფიგურებს და ამავდროულად ალუზიებს ბადებს 1960-იანი წლების იტალიელი ავტორის, მიქელანჯელო ანტონიონის საკულტო ფილმთან ზაბირისკი პოინტი“.

ნახატის კომპოზიცია და პირველ პლანზე წარმოდგენილი სივრცე, დანაწევრებული ფიგურები, არქაული მიწის, ხმელეთის ერთგვარი ალუზიაა, ტოპოსი სადაც ადამიანი, გარემო და ცხოველი ერთდროულად და ერთნაირად თანაარსებობენ (გილგამეში).

შავ ზღვაზე ლევან სონღულაშვილის შემოქმედებითი მოგზაურობის კულმინაციაა კაენის ძაღლი“. წითლისა და მწვანის დიალოგით შექმნილი პეიზაჟი, რომლის ცენტრშიც ანდროგენული, ალბათ უფრო ფემინური არსება და მონადირის ჯიშის ძაღლია წარმოდგენილი. ძველი აღთქმის პერსონაჟს აცოცხლებს მხატვარი, რომელიც  პირველი ადამიანი იყო დედამიწაზე, რომელმაც თავისი ძმა აბელი მოკლა. ნახატის ხილვისას პირველქმნილ ცოდვაზე იწყებ ფიქრს, რაც უფრო ღრმად იძირები სასურათე სიბრტყეში მით უფრო დაჟინებული გეჩვენება კაენის მზერა, რომელიც ჩვენკენ არის მომართული.

გამოფენაზე წარმოდგენილ ამ ექვს ტილოს თემატური და ვიზუალური თვალსაზრისით ასე ცალსახად ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს. ისინი არც კონცეპტუალური ნამუშევრებია, რომლებიც ერთი ტილოდან მეორეში პირდაპირ და ირიბად გრძელდება, მაგრამ რელიგიური თემატიკა, რეფლექსია სამყაროში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, ტოპოსის მისეული ინტერპრეტაცია –  სივრცის და ადამიანის თანაარსებობა ან/და კონფლიქტი წითელ ხაზად მიყვება გამოფენაზე AD INFINITUM წარმოდგენილ თითქმის ყველა ნამუშევარს.

ხშირად საუბრობენ ლევან სონღულაშვილის შემოქმედებაზე და იმაზე, რომ მისი მხატვრული სტილი არავის არ ჰგავს, გარკვეულწილად ეს ასეცაა! პოსტმოდერნისტულ ეპოქაში ძნელია, რომ ვინმეს არ დაემსგავსო და უნიკალურად დარჩე, სწორედ ასეთია ახალგაზრდა ქართველი მხატვრის შემოქმედება: უნიკალური, თვითმყოფადი და გულწრფელი. ის მომავლის მხატვარია, მომავლისა რომლის ნახატებშიც თანაბარი წარმატებით ერთიანდება წარსული და აწმყო, მზერა კი ყოველთვის ფუტურისტულია და მომავლისკენაა მიმართული.

ვდისტანცირდები პირადი სივრცის ძიებაში. თვითმფრინავის ფანჯრიდან ფართოდ გახელილი თვალებით  ვუმზერ, როგორ პატარავდებიან ადამიანები, შენობები, ტყეებიამ მომენტში თითქოს დანაწევრებული მსოფლიო მთელდება ამ სიტყვებით სრულდება გამოფენის AD INFINITUM ავტორისეული ტექსტი. სახე-ხატები, რომელშიც ნათლად იკითხება მასშტაბის, რაკურსის ცვალებადობა, მზერის ტრაექტორია, ან თუ გნებავთ მოძრაობა დროსა და სივრცეში, დიდი ალბათობით მხატვრის მომავალ ფერწერულ ტილოებში, ინსტალაციებსა და გრაფიკულ ნამუშევრებში გაცოცხლდება.

ნენო ქავთარაძე

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top