გაყოფილი ქალაქი

11.03.26
„კინცუგის“ იაპონურ ტექნიკაზე ფიქრით დავიწყოთ: იაპონიაში კერამიკის ოსტატები ხანდახან მთელ ცხოვრებას უძღვნიან ნაკეთობის დამუშავებას. ხშირად ეს ნაკეთობა ტყდება. “კინცუგის” ტექნიკა ნატეხების შეერთების ტექნიკაა, სადაც ბზარები ოქროსფერი ჭიქურით ერთდება, უფრო მეტად მყარდება და კვეთს ბზარის სილუეტს. “კინცუგი” სხვა არაფერია, თუ არა ამ ბზარების ხაზგასმა, ყურადღების ცენტრში ამოტანა და მარცხში ესტეთიკის შექმნა.
ხელოვნების ეს ფორმა მრავალმხრივ შეიძლება იყოს შთამაგონებელი. მით უმეტეს, როცა საქმე შეეხება ისტორიას, შემოქმედებითობას, წინააღმდეგობის პრეცედენტს, ტრავმის მიმღებლობას.
კინცუგის ეს ფოლოსოფია ბერლინის კედლის ისტორიას არაერთ ასპექტში ირეკლავს და ამ სტატიაში ამ მსგავსებებზე წაიკითხავთ. ქალაქი, რომელმაც ბევრი ცხოვრება იცხოვრა, იზოლირდა, თავიდან აშენდა, დაიხლიჩა, შეერთდა და მოგვიანებით გადააფასა დარჩენილი “ბზარი” – ბერლინის კედელი – აბსურდული შიშის სიმბოლო, რომელიც მსოფლიოს თავს გადახდა. 35 წელია ქალაქი ამ ტრავმასთან რიგდება და ზუსტად ამ პერიოდში იბადება ტექნო – ახალი იდეოლოგიური თავშესაფარი, ახალი იდენტობა, ახალი სიხშირე, რომელმაც ტრავმა ახალი მასიურ მოძრაობად გარდაქმნა და ქალაქი დაამიწა.

გაყოფილი ქალაქი
ბერლინი კედლით და კედლის გარეშე
მე-20 საუკუნის ბერლინმა არაერთი ექსტრემალური წინააღმდენგობა და ყოველდღიურობა გაირა. მისი პოლიტიკურად სტრატეგიული მნიშვნელობა გახდა ბელინის კედლის არსებობის აბსურდულობის საფუძველი. ეს 28 წელი იყო პირდაპირი და სიმბოლური მოტეხილობა, რომელიც ყოფდა რაიონებს, თემებსა და კულტურებს, რომლებიც ამ ქალაქში – ევროპის ცენტრში თანაარსებობდნენ. ეს ბარიერი განასახიერებდა განშორების, იზოლაციისა და იდეოლოგიური უკიდურესობების ტკივილს.

ამ დისტოპიურ წლებში გაჩნდა რაღაც, რომელიც ყურადღების მიღმა დარჩათ პოლიტიკური რადარის: 28 წლის განმავლობაში კედლის ორივე მხარეს ცნობისმოყვარეობის, ბრაზისა და თავისუფლების ლტოლვის მძლავრი დინება იხარშებოდა. გარდა ამისა, 70-80-იანი წლები რადიო ხელოვნებამ და ახალმა მედიამ სულ სხვა მასშტაბი მიიღო. კედელი აშკარად ვერ უმკლავდებოდა უხილავ FM რადიო სიგნალებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. მალე ის დღეს დგება, როცა აღმოსავლეთ ბერლინში რადიო SFB 4-ის სიხშირეებიც აღწევს, სადაც მონიკა დიეტლი, Tangerine dream, Kinkle და სხვები ისმის. რადიო უკვე ღიაა ახალი მუსიკის უჩვეულო რიტმის და სტრუქტურის მიმართ და აღმოსავლეთ ბერლინიც ამ პროცესის ორგანული ნაწილი ხდება. ქალაქში მზადდებოდა ნოყიერი ნიადაგი იმ რაღაც ახალისთვის და დიდისთვის, რომელმაც თავიდან ააშენა ბერლინი კედლის გარეშე.

1989 წელი. გდრ-ის ცენტრალური კომიტეტი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ფონზე ქალაქში დასავლეთსა და აღმოსავლეთ ნაწილში ურთიერთობებს ცვლის. კედლის ორივე მხარეს ქალაქი ჯანყდება. ბერლინის კედელი ინგრევა. იწყება ეიფორია და ქაოსი, რომელმაც ერთი მხირვ დაასრულა მძიმე რეპრესიული დეკადა, მაგრამ მეორე მხრივ, შექმნა დაბნეულობა და გაურკვევლობა ახალი რეალობის მიმართ. ამ გარდამავალ პერიოდში კედლის მიმდებარე ტერიტორია – ე.წ. Death streap ისევ ცარიელია. ეს ის არეალია, რომელიც დიდხანს შეუღწევადი და აუთვისებელია ბერლინელებისთვის. მიტოვებული და დაზიანებული შენობები, ომის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ბრუტალური არქიტექტურა, ცარიელი ქარხნები და მიტოვებული სავაჭრო ცენტრები – რუკაზე ეს ბზარი ხდება ახალი სუბ-კულტურის წარმოშობის არეალი. აქ იბადება ქალაქის ახალი იდენტობა – ტექნო.
დეტროიტი
მაშინ, როცა 80-იანი წლების დასაწყისში ევროპა ამ პოლიტიკურ რყევებს განიცდიდა, ოკეანის მიღმა, მიჩიგანის შტატშიც ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები. შესაძლოა ამ პერიოდის დეტროიტი არ იყო დაყოფილი ფიზიკური ბარიერებით, მაგრამ ამერიკა ასევე დახლეჩილია რასობრივ თუ კლასობრივ ნიადაგზე. უცნაურად საინტერესოა ასეთი დამთხვევები, როდესაც გარკვეული ჯგუფების იზოლაცია და რეპრესია წარმოშობს ხოლმე რაღაც ახალს და ძლიერს. ტექნოს ისტორია მაშინ იწყება, როდესაც დეტროიტში შავკანიანი სტუდენტები ქალაქის გარეუბნებში სივრცეების ათვისებას იწყებენ, გაურბიან აუტანელ დისკრიმინაციულ პოლიტიკას და ახალი ფუტურისტული დისტოპიური ბიტების კეთებას იწყებენ. ბერლინის მსგავსად, იმ პერიოდის ბნელ ინდუსტრიულ დეტროიტში ახალი კულტურის მოთხოვნილება ჩნდება, რომელსაც ბევრი არ აქვს საერთო წარსულთან, რეალურთან. ტექნოს ესტეთიკა ასეთ ატმოსფეროში ყალიბდება; ამ ახალი კულტურისთვის მარტივია ნაცრისფერ, ბეტონის უსარგებლო საწყობებში პოლიტიკურად ჩაგრული ადამიანების ნუგეშისცემა და მათი შთაგონების კვება.

სულ რამდენიმე წელი დასჭირდა ორივე ქალაქის დაკავშირებას და ამ ეიფორიაში გახვევას. მაშინ, როდესაც კლუბ Treasor-ში და დეტროიტის DJ-ები მოიწვიეს, როცა დეტროიტი ბერლინშიც რელევანტური გახდა, როცა მოხდა big bang, მაშინ იწყებს შექმნას ახალი სუბ-კულტურა – Berlin Techno.
სარდაფი, დისკოსბურთები
მაშინ, როცა დაძაბულობა კედლის ორივე მხარეს იზრდებოდა, დასავლეთ და აღმოსავლეთ ბერლინის მუსიკალური სცენა ცალ-ცალკე ჩამოყალიბდა. ამ დროს დასავლეთში დისკოს უსმენენ, ტექსტებზე დაფუძნებული მუსიკა, გიტარა, გერმანული როკი დომინირებს და დასავლეთი უფრო ახლოსაა ტექნოლოგიურ სიახლეებთან , რომელიც ბრიტანულა და ამერიკულ გავლენებთან კიდევ უფრო აახლოვებდა კედლის “პროგრესულ” ნაწილს. ევროპული ანდერგრაუნდისთვის უკვე ნაცნობია Acid, House, DAF, Kinkle-ის, Van Svän, Tape Music, კასეტის ფორმატი და ახალი ბიტი, რომელიც ტექნოლოგიური სიახლეების ნაკადს მოჰყვა. დასავლეთ გერმანიაში ფრანკფურტი და მისი მუსიკალური სცენა ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ ახალი სუბ-კულტურის განვითარებაში. აქ იქმნება ახალი, ვიწრო, მაგრამ ნიშური სცენა, რომელიც მიწიქვეშეთის მნიშვნელობას ნელ-ნელა ცვლის.

ალბათ მარტივია იმის წარმოდგენა, რომ ამ დროს აღმოსავლეთ ბერლინი სრულიად სხვა შემოქმედებით რეალობაში ცხოვრობს. ცხადია, კომუნიზმი ვერ თავსდებოდა ხმამაღალ ინდივიდუალიზმთან, განსხვავებული იდენტობის გამოხატვის ფორმასთან ან იმ ნებისმიერ პატარა მცდელობასთან, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგის ცვლილებას შეუწყობდა ხელს. თუმცა აღმოსავლეთ ბერლინის ანდერგრაუნდი ამ დროს იხარშება ცნობისმოყვარეობით, ახლის გაგების ვნებით; ამ შეზღუდვებში დაგროვებული ენერგია უცდიდა ახალ კავშირებსა და შესაძლებლობებს, რომელიც კედლის გაქრობის შემდეგ სხვა სულისკვეთებას აძლევს საკლუბო კულტურის ჩამოყალიბებას.

რატომ მაინცდამაინც ტექნო?
„გაკვირვებული ვარ ამ ეიფორიით! ტექნო მუსიკის მხოლოდ ერთი მიმართულეებაა – მარტივი რიტმი. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენც აქ ვართ, აქ ვიყავით და წლები ვმუშაობდით, მუსიკოსები, ინსტრუმენტალისტები, ადამიანები, რომლებიც მუსიკის სხვა ესტეთიკასაც აღიქვამენ“ (ციტატა მოკლე დოკუმენტური ფილმიდან We Call it Techno).
საკითხავია, „რატომ ტექნო? რატომ არა რაიმე სხვა?“ ეს კითხვა ხშირად ჩნდებოდა არაელექტრონული მუსიკის არტისტებს შორის, მაშინ, როცა ეს ახალი “ღამის მონსტრი“ ნელ-ნელა იპყრობდა ქალაქის მუსიკალურ სცენას.
შეიძლება იმიტომ, რომ ტექნო დიდ პირად სივრცეს ტოვებს. ეს ჟანრი შეიძლება იყოს მარტივი, “Just a simple beat” თუ ამას მარტივად უყურებ. და შეიძლება იყოს რთული, თუ კომპლექსურობას ეძებ. შეიძლება იმიტომაც, რომ იმ დროს, როდესაც ტექნო მეინსტრიმი ხდება, რეპრესირებულ ბერლინში უბრალოდ ცეკვაა პრიორიტეტი – ვოკალის, ტექსტის და ემოციების გამოაშკარავების გარეშე, შეიძლება იმიტომ, რომ ზუსტად ეს უწყვეტი ინტიმურობა და დიდი პირადი სივრცეა ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ პერიოდის ბერლინი მძიმე გამოცდილებებს ატარებს, ბერლინელებისთვის მრავალშრიანი ტრავმაა მოსანელებელი. ამიტომ ამ პერიოდის მუსიკა, შეიძლება ლოგიკურიცაა, რომ ვეღარ იქნებოდა ისეთივე მსუბუქი და პოზიტიური, როგორიც დისკოს ბურთები.
ემოციური ფონის გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტექნო ტექნოლოგიური ინოვაციების გამონაზარდია – ეს იყო ის, რაც აქამდე არასდროს მოესმინათ, ის, რაც წარსულთან არ ასოცირდებოდა. ამიტომ ეს იყო უსაფრთხო სივრცეც. დაცული ველი ინდივიდუალური იდენტობისთვის და კოლექტიურობისთვის ერთდროულად, სადაც სრულიად ახალი იდეოლოგიური და ემოციური ცოდნა შეიძლებოდა დაგროვებულიყო.
„ალბათ ტექნო დღევანდელ ემოციებს ყველაზე კარგად გამოხატვს, ძირითადად საზოგადოების უტყვ მდგომარეობას ვგულისხმობ, სიცარიელეს“.
„უბრალოდ ელექტრონული მუსიკაა, ვოკალის გარეშე, დაბალი სიხშირეების ხმა. კარგია. არაფერია პირადული – უბრალოდ კარგი შეგრძნებაა“.
„კლუბში არ მოვდივარ იმისთვის, რომ გოგოები გავიცნო. ეს დისკო არ არის. აქ სულ სხვა გამოცდილებისთვის ვარ”. (90-იანი წლების დოკუმენტური მასალა, შემთხვევითი ინტერვიუები ფილმიდან We Call it Techno).
ტექნო კულტურამ ნელ-ნელა მოახდინა ტრადიციული გართობის სტანდარტებიs დეკონსტრუქციაც: გენდერული ნორმებისგან გაათავისუფლა და დააცარიელა საკლუბო სივრცე, ადამიანებთან ურთიერთობის სხვა მიდგომები ჩამოაყალიბა, შექმნა დაცული სივრცე მათი კონფიდენციალურობისთვის და ინდივიდუალიზმის გამოხატვისთვის.
დისკოსა თუ პოპ-კულტურისგან განსხვავებით, ტექნო ინდივიდუალური და კოლექტიური ტრანსფორმაციის სრულიად სხვა პრეცედენტია. ქალაქისთვის, სადაც ტრავმასთან თანაცხოვრებას სწავლობდნენ, ტექნოს მძაფრი, ჰიპნოტური ჟღერადობა ახალ კოლექტიურ ფსიქიკასთან რეზონირებდა. ბერლიმა ტექნოში იპოვა შფოთვისა და იზოლაციისგან გათავისუფლების სივრცე. საცეკვაო მოედანი გახდა თავშესაფარი, სადაც ტრადიციული საზოგადოებრივი ნორმები ჩამოიშალა და კოლექტიური ცნობიერი სრულიად სხვა ფორმით ჩამოყალიბდა.

Love Parade
რა თქმა უნდა, ბერლინის კედელის არსებობა მხოლოდ გერმანიას ხლეჩდა ორ ნაწილად; ამ კედლის არსებობის შედეგი მთლიანად ევროპული საზოგადოების და კულტურის ხელოვნური ნაძალადევი დაყოფა იყო. Love Parade გახდა ამ ორ ნაწილის შერწყმის მანიფესტი, ერთიანობის მასშტაბური აქტი, რომელმაც ნათლად აჩვენა, რა იყო ყველაზე მეტად მონატრებული და იგნორირებული მთელი ამ წლების განმავლობაში. სიყვარულის პარადი სამხედრო ტრადიციის “პარადიდან” მოდის, რომელიც სამხედრო მნიშვნელობიდან მასიური ფართის და ცაკვის საჯარო პოლიტიკურ აქტად ჩამოყალიბდა. Tiergarten-ის პარკი საჯარო დემონსტრაციებით სრულიად სხვა მნიშვნელობის სივრცედ გარდაიქმნა, სადაც ეს მასიური განთავისუფლების რიტუალი ყოველ ზაფხულს ათიათასობით ადამიანს აერთიანებდა.
„ათწლეულის წვეულება“ – Love Parade-ს არ იყო მხოლოდ ტექნოს ძალაუფლების დემონსტრირება. აქ უბრალოდ ცხადი გახდა რა შესაძლებლობა ჰქონდა ახალ ელექტრონულ მუსიკას, რომელიც ახალი მოძრაობის გულისწყრომას გამოხატავდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველად ეს მოძრაობა პოლიტიკურ კონტექსტს დაუკავშირდა, წლების განმავლობაში პარადი გარკვეულ ჟანრად გადაიქცა. ამან ჩამოაყალიბა ბერლინი, როგორც ქალაქი, რომელიც ლიმიტების გადახარშვისა და თვითკონტროლის საზღვრების გავრცელების ადგილს წარმოადგენდა.
კლუბი Treasor
ბერლინის ტექნო სცენის დამკვიდრების ადგილი.
ახალი ხმის, მოდის, არქიტექტურის, ესტეთიკის და სოციუმის სახარში.
Tresor – ერთ-ერთი პირველი ადგილი ბერლინში, სადაც ტექნო უკვე რიტუალის ფორმით განვითარდა, მთელი მისი სოციალური თუ ესტეთიური ელემენტებით. დროთა განმავლობაში, ბერლინის ტექნო კულტურა გარე რეივებიდან ინტიმურ კლუბურ დახურულ სივრცეში ინაცვლებს. Love Parade იმ მასიური მოძრაობის მხოლოდ დასაწყისი იყო, რომელიც ვერ გადარჩებოდა ფიზიკური სივრცეების მონიშვნის გარეშე. Tresor-დან იწყება ტექნოს, როგორც მრავალელემენტიანი სუბ-კულტურის ჩამოყალიბება, რომელიც უკვე მუსიკის მიღმაც არსებობს მთელი მისი ესტეთიკით, სექსუალობით, სოციალური დინამიკით და ფსიქოდელიური გამოცდილებებით.
„ხელისუფლებას არ აინტერესებდა, რას ვაკეთებდით (…) ამიტომ იმას ვაკეთებდით, რაც გვინდოდა . პოლიციამ არ იცოდა, რა იყო კანონიერი და რა არა, და არც ის იყო ცხადი ვის ეკუთვნოდა ეს სივრცე“, – დიჯეი ტანიტი Subberlin: The Story of Tresor-ში.
ტექნო გახდა არა მხოლოდ ხმა, არამედ ადგილიც. კლუბის უხეში, ინდუსტრიული ესთეტიკა – ლითონის გისოსები, ბეტონის კედლები და მისი წარსულის სიმბოლური ვიზუალური აღმა, სადაც აგრესიული ბრუტალური ხმა ბუნებრივად უგულებელყოფდა ამ ტრავმის ნარჩენებს. Tresor-მა ასევე ამოავსო უფსკრული ბერლინსა და დეტროიტს შორის. ზუსტად აქ იწყებენ დამკვირდებას პიონერმა დიჯეები დეტროიტიდან – ჯეფ მილსი, ხუან ატკინსი – რომლებმაც დეტროიტის ჟღერადობის ადაპტაცია ბერლინში გააკეთეს.
Tresor არ იყო ექსკლუზიური ადამიანთა კონკრეტული ჯგუფისთვის; ეს ადგილი იტევდა ხასიათის უკიდურესობებს, იღებდა ნებისმიერი ასაკის, თაობის, წარმომავლობის თუ კონკრეტული იდეოლოგიასთან მიკუთვნებულ ადამიანებს. აქ ეს ასპექტები არც იყო ვინმესთვის საინტერესო.
კლუბების არქიტექტურამ ნაწილობრივ ჩამოაყალიბა ბერლინელთა სტილიც. მას შემდეგ, რაც კლუბებმა უარყვეს სილამაზის და სექსუალურობის კლასიკური განსაზღვრებები, ბერლინის სტილი ადაპტირდა უხეშ, რეალურ, კორექციის გარეშე არსებულ, ძალდაუტანებელ ესთეტიკასთან, სადაც დასამალი ან გამოსასწორებელი არაფერი იყო – ქალაქი ღია იყო იმ მოწყვლადობისთვის, რომელიც ტექნოს კულტურამ შეუქმნა დაცული სივრცე.
შეიძლება ითქვას, ტექნოს ოქროს ეპოქა ტრიზორისა და მისი დინამიკის გარშემო დაიწყო, მაგრამ მალე იწყება Berghain-ის მოძრაობაც, რომელმაც კიდევ უფრო შორს წაიღო ამ ჟანრის ლიმიტები. დღეს ტექნო ბერლინში არ შემოიფარგლება ერთი ადგილით. ტექნო დღეს უკვე ქალაქის ხმოვანი იდენტობასავითაა, რომელიც პატარა, ნიშურ კლუბებსა და კოლექტივებში ინჯღევა და უფრო მასიურად უკვე დიდ კლუბებში ზიარდება, როგორც საერთაშორისო ღირებულება და ამ ქალაქის მონაპოვარი.

მემკვიდრეობა
ახლა დავუბრუნდეთ ოქროს ჭიქურს, საიდანაც დავიწყეთ.
„კინცუგი“.
სამწუხარო გამოცდილებაა, რომ საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში პოლიტიკურ თუ სოციოპათიურ შიშებს ხშირად მიჰყავს ადამიანები, ქალაქებსა და ქვეყნები სტრესის, მარტოობის, დათრგუნვის, შიშისა და გაუცხოების უკიდურესობამდე.
ბერლინის ქალაქი ამ ემოციური ბზარის სიმბოლოა. დღეს უკვე 35 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქალაქმა დაიწყო საკუთარი თავის რეგენერაცია. ამ გახლეჩილი ქალაქის ბზარებიდან წარმოიშვა ახალი კულტურული მოძრაობა, რომელმაც ტრავმა აქცია ხელოვნებად და ადამიანების გაუცხოვება მათ უკიდურეს გაერთიანებამდე მიიყვანა.
განკურნების ფორმა არ უნდა იყოს ყოველთვის მშვიდობიანი. განკურნება შეიძლება იყოს ისეთივე ხმამაღალი, როგორც თავად მწუხარება. როგორც თვითონ დათრგუნვა. ამ 35 წლის განმავლობაში ბერლინი ქმნიდა ტექნოს, როგორც ოქროს ჭიქურს, რომელიც აერთიანებდა მის კულტურულ ნაწილებს, ავსებდა ნაპრალებს სასტიკი კათარზისით, მოუსვენარი, უძილო დღეებით და ღამეებით, აერთიანებდა ადამიანებს, რომლებსაც შესაძლოა არაფერი ჰქონდათ საერთო. ტექნომ თავისთავად შექმნა მიმღებლობის პრეცედენტი, რომელიც განსჯის გარეშე, ფოკუსირება ინდივიდუალურ სხეულზე, მის გათავისუფლებაზე, რომელიც იქვე, იმავე სივრცეში ზიარდება კოლექტიურად.
ამას უნდა აკეთებდეს ახალი კულტურა. ამას აკეთებს ტექნო.
ავტორი: ნინო დავაძე
ფოტოები (დოკუმენტური კადრები): სააგენტო Magnum
სტატიის მხარდამჭერი: სტუდიო ლიბერთი