
10.03.2026
მთა არასოდეს იტყუება. ის სარკეა, რომელშიც ადამიანი საკუთარ ნამდვილ სახეს ხედავს. გუდაურის თოვლიან მწვერვალებს შორის, იქ, სადაც ჰაერი თხელდება და პასუხისმგებლობა ერთიორად იზრდება, მიკი გიგინეიშვილი უკვე წლებია ადამიანების სიცოცხლის სადარაჯოზე დგას. მისი ცხოვრება ორი, ერთი შეხედვით, განსხვავებული, თუმცა რეალურად გადაჯაჭვული სამყაროსგან შედგება: თეთრი ხალათი და სამაშველო ეკიპირება.
ცნობილი სამედიცინო დინასტიის შთამომავალი, რომელმაც კლინიკის სიმშვიდე მთის ექსტრიმზე გაცვალა, გუდაურის ემერჯენსის სულისჩამდგმელია. მიკისთან ვსაუბრობთ მის პროფესიულ არჩევანზე, მაშველის ინსტინქტებსა და იმ გაკვეთილებზე, რომლებსაც მხოლოდ 3000 მეტრის სიმაღლეზე თუ ისწავლი.
თქვენი გვარი ქართულ მედიცინაში საკმაოდ მყარ და საპატიო ადგილს იკავებს. როგორი იყო ბავშვობა ექიმების გარემოცვაში და რამდენად განსაზღვრა ამან თქვენი მომავალი?
მედიცინა ჩემთვის არ ყოფილა მხოლოდ პროფესია, რომელსაც სკოლის დამთავრების შემდეგ ირჩევენ. ეს იყო გარემო, რომელშიც გავიზარდე, ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავდი. დავიბადე ექიმების ოჯახში და ბავშვობიდანვე ჩემს ცნობიერებაში მხოლოდ ერთი გზა არსებობდა — მე უნდა გამოვსულიყავი ექიმი და არაფერი სხვა. ეს არ ყოფილა იძულება, პირიქით, ეს იყო უდიდესი ინტერესი, რომელიც ყოველდღიური სამედიცინო განხილვების მოსმენით ღვივდებოდა.
ჩვენს ოჯახში ისეთი ადამიანების სახელები ტრიალებდა, რომ სხვაგვარად უბრალოდ ვერ მოვიქცეოდი. დაწყებული კოტე ჩაჩავადან — ბაბუაჩემი, რომელმაც ჩაჩავას ინსტიტუტი დააარსა, მამა, მიშიკო გიგინეიშვილი — პროფესორი, კათედრის გამგე და ცნობილი გინეკოლოგი, მეორე ბაბუა, მიხეილ გიგინეიშვილი — მენა-გინეკოლოგი, აკადემიკოსი… როცა ასეთი გიგანტების გვერდით იზრდები, მათ მიერ გაკვალული გზა შენს ბედისწერად იქცევა. მათი ყოველი საუბარი პაციენტებზე, რთულ შემთხვევებსა და გადარჩენილ სიცოცხლეებზე ჩემთვის მთავარი სახელმძღვანელო იყო.
თუმცა თქვენი სამედიცინო კარიერა კლასიკური სცენარით არ განვითარებულა. როგორ აღმოჩნდით კლინიკიდან გუდაურის ფერდობებზე?
დიახ, სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ, გარკვეული პერიოდი ექიმად ვმუშაობდი. თუმცა შემდეგ დადგა 90-იანი წლების ქაოსი. ეს იყო დრო, როცა ყველაფერი აირია, ქვეყანა ვერ ლაგდებოდა და ყველა ჩვენგანი ეძებდა საკუთარ თავს, ეძებდა გზას, თუ რაში შეიძლებოდა გამოვდგომოდით ქვეყანას და საკუთარ ამბიციებს. სწორედ მაშინ მივიღე რადიკალური გადაწყვეტილება — თავი დავანებე მედიცინას იმ ფორმით, რა ფორმითაც ის თბილისში არსებობდა და გუდაურში წავედი.
იქ მუშაობა მაშველად დავიწყე. რვა წელი ვიყავი ამ საქმეში. ეს იყო პერიოდი, როცა ჩემ თვალწინ იცვლებოდა კურორტი, მაგრამ ერთი რამ რჩებოდა უცვლელი — სამედიცინო დახმარების ნაკლებობა. როცა მივხვდი, რომ გუდაურში სამედიცინო მიმართულებით არაფერი ვითარდებოდა და მაშველებს ხშირად მხოლოდ საკუთარი ძალებით გვიწევდა რთულ ტრავმებთან გამკლავება, გადავწყვიტე, ეს სიტუაცია შემეცვალა. ჩამოვაყალიბე იდეა, დავწერე პროექტი, მივაკითხე ჯანდაცვის სამინისტროს და მათი მხარდაჭერით შევქმენით გუდაურის გადაუდებელი დახმარების სამსახური. უკვე მეთერთმეტე წელია, რაც ამ სამსახურს ვხელმძღვანელობ და ეს ჩემი ცხოვრების მთავარი საქმეა.

რა არის ის ძირითადი განსხვავება, რაც ქალაქის სტაციონარულ მედიცინასა და სამთო კურორტის ემერჯენსის შორის არსებობს?
სამუშაო რეჟიმი, პრინციპში, ანალოგიურია — 24-საათიანი მორიგეობები, მუდმივი მზადყოფნა. თუმცა, გარემო აქ გაცილებით ექსტრემალურია. აქ სულ მთასთან გაქვს საქმე, მის მკაცრ კლიმატთან და მოულოდნელობებთან. ჩემი, როგორც რვაწლიანი გამოცდილების მქონე მაშველის წარსული აქ ძალიან მეხმარება. წინასწარ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს ფერდობზე, ვიცი, როგორ მივუდგე დაშავებულს იქ, სადაც ტექნიკა ვერ აღწევს. ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა უშუალოდ მთაში ადამიანის გადარჩენის ოპერაციებში. აქ ექიმი მხოლოდ მედიკოსი არ არის, ის გარკვეულწილად ალპინისტიც უნდა იყოს და ფსიქოლოგიც.
როგორც ჩანს, მაშველის ინსტინქტები თქვენში დღემდე ცოცხლობს. როგორ ახერხებთ ამ ორი როლის შეთავსებას?
სიმართლე გითხრათ, მე მაშველობას დღემდე ვერ ვეშვები. ეს სისხლში გაქვს ადამიანს. მუდმივ კონტაქტში ვარ სამაშველო სამსახურთან, ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას, საჭიროების შემთხვევაში, რჩევებითაც ვეხმარებით ერთმანეთს – ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ ბიჭებისგან. ისინი ხომ თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან – თავდაუზოგავი, უშიშარი, შეუპოვარი, ერთი სიტყვით, ნამდვილი ვაჟკაცები, სწორედ ისეთები, როგორიც მაშველი უნდა იყოს! ჩემი ცხოვრების რიტმი ისე წარიმართა, რომ მუდმივად ექსტრემალურ სიტუაციებში მიწევს ყოფნა. ეს ჩემთვის ადრენალინიც არის და დიდი ინტერესის საგანიც. როცა ხედავ, როგორ მუშაობს ეს გუნდი კრიტიკულ წუთებში, ხვდები, რომ ეს მხოლოდ სამსახური არაა — ეს ცხოვრების წესია.
რამდენად დატვირთულია გუდაურის ემერჯენსი სეზონის განმავლობაში? როგორია ტიპური „სამუშაო დღე“ მაღალმთიან კურორტზე?
საჭიროება ძალიან დიდია. ჩვენი ექიმების გუნდი 24 საათის განმავლობაში სრულ მზადყოფნაშია. როგორც კი დილით საბაგიროები ირთვება და სრიალი იწყება, იწყება ჩვენი „გიჟური რეჟიმიც“. საშუალოდ, დღის განმავლობაში მხოლოდ მოსრიალეებიდან 20-მდე პაციენტი შემოჰყავთ სხვადასხვა სიმძიმის ტრავმით.
თუმცა, საინტერესოა, რომ საღამოს, როცა საბაგიროები იკეტება, მუშაობა არ წყდება. პირიქით, მაშინ შემოდიან უფრო მძიმე პაციენტები — ინფარქტით, ინსულტით, ან ისინი, ვისაც წინა დღეს მიღებული ტრავმა გაურთულდა. სიმართლე გითხრათ, მე მომწონს ეს რიტმი. ექსტრიმი და ხიფათი ჩემი მამოძრავებელი ძალაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ყველაფერს სასურველი შედეგი მოსდევს.
აუცილებლად მინდა აღვნიშნო ემერჯენსის სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმი და თავდადებულობა, რაც არაერთხელ დადასტურდა არა მხოლოდ რიგით, არამედ მწვავე კრიტიკულ სიტუაციებშიც, რომელებიც გუდაურში, მოგეხსენებათ, არც თუ იშვიათია.
თქვენი დაკვირვებით, რა არის დამსვენებლების ყველაზე ხშირი შეცდომა, რაც საბოლოოდ თქვენთან მოხვედრით მთავრდება?
შეცდომები მრავალფეროვანია. რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე სრიალის ტექნიკასთან დაკავშირებული შეცდომებია — გადაჭარბებული თავდაჯერებულობა ან საკუთარი შესაძლებლობების არასწორი შეფასება, ალკოჰოლი და ა.შ. ასევე, ძალიან ბევრი ვერ ითვალისწინებს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას. მაგალითად, მაღალი წნევის მქონე ადამიანებისთვის ამ სიმაღლეზე უეცარი ასვლა
და ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არ არის. სწორედ ამ ფაქტორების
უგულებელყოფა ქმნის მუდმივ დაძაბულობას.
თქვენ თავად მთელი ცხოვრებაა სრიალებთ. რა ქმნის, თქვენი აზრით, ელეგანტურ სრიალს? მხოლოდ ტექნიკა?
ტექნიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. ელეგანტური სრიალი მთის სიყვარულიდან მოდის. არ უნდა გქონდეს შიში. მთას არ უნდა ებრძოლო, მას უნდა ენდო. როცა მოთხილამურე და ფერდობი ერთ მთლიანობად იქცევიან, სწორედ მაშინ ჩნდება ის სილამაზე, რასაც ელეგანტურობას ვეძახით. ეს არის შინაგანი თავისუფლებისა და ფიზიკური მომზადების სინთეზი.
თქვენს კარიერას თუ გადავხედავთ, მონაწილეობდით აფხაზეთის ომში, იყავით უკრაინაში… ოდესმე თუ გიფიქრიათ სხვა პროფესიაზე?
არასოდეს. ჩემთვის სხვა გზა არ არსებობდა. სადაც არ უნდა ვყოფილიყავი — ომში თუ მშვიდობიანობის დროს, მთაში თუ ბარში — მე ყოველთვის ვიყავი და ვარ ექიმი. ეს არის ის, რასაც ბავშვობიდან მაზიარეს და რამაც ჩემი პიროვნება ჩამოაყალიბა. ყველაზე მეტად ჩემს საქმეში ის ზესიამოვნება მიზიდავს, რომელსაც რთული გზის შემდეგ მიღებული შედეგი მანიჭებს. როცა ამდენს წვალობ, ექსტრიმში გადიხარ, იბრძვი და ბოლოს ჯანმრთელ ადამიანს ხედავ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.
რა არის ის მთავარი გაკვეთილი, რაც მთამ გასწავლათ და რისი გადმოტანაც ქალაქში, ყოველდღიურ ცხოვრებაშია შესაძლებელი?
ურთიერთობის სისუფთავე. მთაში სწავლობ სიდინჯეს, ნამდვილ თანადგომას და, რაც მთავარია, სიმართლეს. ქალაქში ხშირად ვივიწყებთ ამ ღირებულებებს, მთაში კი მათ გარეშე უბრალოდ ვერ გადარჩები. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა წამოვიღოთ მთიდან — ადამიანობის სუფთა ფორმა.

როგორ მოქმედებს მთაში ყოფნა ადამიანის ფსიქიკაზე? რას აძლევს სრიალი ადამიანს სულიერი სიმშვიდისთვის?
მთა საუკეთესო მკურნალია. პირველ რიგში, ის გამშვიდებს და გაწყნარებს. აქაური ჰაერი მხოლოდ ფილტვებისთვის კი არა, ნერვული სისტემისთვისაც აუცილებელია. აქ სრულად წყდები ქალაქის დამთრგუნველ რიტმს, უყურებ ამ გიგანტურ მწვერვალებს და ხვდები, რომ შენი ყოველდღიური პრობლემები და სტრესი სინამდვილეში ძალიან მცირეა. მთაში ტემპი სხვაგვარია — დინჯი, წყნარი და სუფთა. თუმცა გახსოვდეთ: მთა გაცდის ყოველთვის, გაძლევს დროს დასაფიქრებლად, მაგრამ ის არცერთ შეცდომას არ გპატიობს. ეს სიმკაცრეც მთის ხიბლის ნაწილია.
ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ მთა ადამიანს ცვლის. თქვენი გადმოსახედიდან, რა არის ის მთავარი თვისება, რაც მთაში მცხოვრებ ადამიანებს გამოარჩევს?
ქალაქსა და მთას შორის უზარმაზარი სხვაობაა. პირველ რიგში, ეს ხალხში იგრძნობა. მთის ხალხი გაცილებით სუფთაა. მათ სხვანაირი ალღო აქვთ, უფრო გულწრფელები არიან. მთაში ვერ ითამაშებ, ვერ მოიტყუები, ვერ მოირგებ ნიღაბს. აქ თუ ისეთ რამეს გააკეთებ, რაც შენს ბუნებას არ შეესაბამება, მთა მაშინვე გამოგააშკარავებს. მთას თავისი წესები აქვს — ან ხარ ის, რაც ხარ, ან აქაურობა გრიყავს. შესაბამისად, ურთიერთობებიც გაცილებით გამჭვირვალე და ნაღდია.
გაქვთ თუ არა გუდაურში საყვარელი ადგილი, სადაც განმარტოებას და ყველაფრისგან დასვენებას ახერხებთ?
დიახ, საძელე. ეს გუდაურის ყველაზე მაღალი წერტილია. შეიძლება ცოტა ეგოისტურად ჟღერდეს, მაგრამ იქ დგომისას ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ზევიდან ვუყურებ მთელ სამყაროს. იქ ყველაფერი სხვაგვარად ჩანს, იქიდან ხედავ მასშტაბებს და ხვდები ცხოვრების ნამდვილ ფასს.
და ბოლოს, რა უნდა იდოს აუცილებლად მოთხილამურის ჩანთაში, სანამ ის მთის დასაპყრობად გაემართება?
როგორც მოთხილამურე, გეტყვით, რომ ჩანთაში აუცილებლად უნდა იდოს თხილამური… რა თქმა უნდა, კავშირის საშუალება, მობილური ტელეფონი — ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე, უნდა გედოს ერთი რამ — დიდი გული. ეს ყველაფერი თუ გაქვს, მაშინ შეგიძლია მშვიდად აჰყვე მთას.
მიკი გიგინეიშვილის ცხოვრების გზა შეხსენებაა იმისა, რომ პროფესია მხოლოდ დიპლომი არ არის — ეს არის მზადყოფნა, იყო იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ შენი ცოდნა და გამბედაობა. გუდაურის თოვლიან ფერდობებზე, საძელეს მწვერვალსა თუ ემერჯენსის ტრიაჟში, ის რჩება თავისი გვარისა და მოწოდების ერთგული: მკურნალი, რომელსაც მთის სისასტიკის არ ეშინია, რადგან იცის — სიცოცხლის გადარჩენა ნებისმიერ სიმაღლეზე უპირატესი ღირებულებაა.
ესაუბრა: ქეთია ბელქანია
ფოტო: ეკა ქარცივაძე