Pat McGrath-ის ახალი, რევოლუციური პროდუქტი
25.11.25
თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პარიზში, ალექსანდრე III-ის ხიდის თაღებქვეშ გამართულმა ჩვენებამ ინტერნეტ სივრცე დაიპყრო. ეს იყო დღე, როცა ლეგენდარული პეტ მაკგრატის (Pat McGrath) მიერ Maison Margiela-ს 2024 წლის კოლექციისთვის შექმნილმა მაკიაჟმა ჯონ გალიანოს (John Galliano) მოდელები — მათ შორის გვენდოლინ კრისტი (Gwendoline Christie) და ლეონ დამი (Leon Dame) — ცოცხალ, ფაიფურის თოჯინებად აქცია. მაკიაჟის ეფექტი იმდენად ჰიპერრეალისტური იყო, რომ მოდელებს სახეზე თითქოს ნამდვილი „შუშის კანი“ ჰქონდათ გადაკრული.

ეს მაღალი მოდის ჩვენება კარიერული მწვერვალი აღმოჩნდა თავად გალიანოსთვისაც, რომელმაც მოგვიანებით, ათწლიანი მმართველობის შემდეგ, Maison Margiela-ს დატოვების შესახებ განაცხადა.
აღნიშნული ჩვენება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო გალიანოსა და მაკგრატის ხანგრძლივ შემოქმედებდით ტანდემში. მათ ჯერ კიდევ 90-იანებსა და 2000-იანებში, როცა ინტერნეტი დღევანდელი სახით არც არსებობდა, „ბიუთი“ მიმართულება ჩვენებების ავანგარდულ და განუყოფელ ნაწილად აქციეს.

Maison Margiela-ს ჩვენების შემდეგ, სოციალური ქსელების მომხმარებლები დიდხანს ცდილობდნენ გამოეცნოთ, როგორ შექმნა პეტ მაკგრატმა ეს ეფექტი; ბევრი მათგანი საკუთარი ძალებით ატარებდა ექსპერიმენტებს. თუმცა ამჯერად ბრენდმა Pat McGrath Labs ოფიციალურად დააანონსა პროდუქტი, რომელიც ზუსტად იმეორებს იმ საიდუმლო, მრავალსაფეხურიან ფორმულას.
ახალი პროდუქტი, სახელწოდებით Skin Fetish: Glass 001 Artistry Mask, არის გელი, რომელიც ათანაბრებს ფორებს და შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, როგორებიიცაა დამატენიანებელი გლიცერინი, ვარდის წყალი და ალანტოინი. ბრენდის განცხადებით, ის ქმნის ზუსტად იმავე ჰიპნოზურ, სინათლის ამრეკლავ ეფექტს, რომელმაც თავის დროზე სილამაზის სამყარო დაიპყრო.

„ეს პროდუქტი ჩემი სიყვარულის დასტურია Maison Margiela-ს ჩვენებისადმი,“ — ამბობს პეტ მაკგრატი.
Glass 001-ის შეძენა ონლაინაა შესაძლებელი და ის $38 ღირს. ასე რომ, პოდიუმის ცნობილი ლუქის გამეორებას სახლშიც შეძლებთ, ძვირადღირებული სამოსის გარეშეც.
