მინიმალიზმი თოვლში
მოდის ინდუსტრიაში ერთი წელი მარადისობას უდრის, თუმცა Jil Sander-ისა და Moncler-ის კოლაბორაციამ ეს დრო ისე გაიარა, რომ აქტუალობა არ დაუკარგავს. ეს კოლექცია დღეს უკვე ერთგვარ რელიკვიად აღიქმება — ის ეკუთვნის ეპოქას, რომელიც დასრულდა, თუმცა მისი შედეგი დღესაც „მტკივნეულად გემოვნებიანია“.
ყველაფერი 2024 წლის მიწურულს, Moncler-ის გრანდიოზულ ღონისძიებაზე — Genius event-ზე დაიწყო. სანამ Mercedes-Benz და დონალდ გლოვერი ( Donald Glover) სტუმრებს ეპატაჟურ შოუებს სთავაზობდნენ, Jil Sander-ის სივრცეში სრული სიმშვიდე სუფევდა. კედლებზე პროეცირებული დათოვლილი ტყეების ფონზე, მოდელები აუღელვებლად დასეირნობდნენ.

დღეს სიტუაცია რადიკალურად სხვაგვარია. კოლექციის სულისჩამდგმელები, ლუსი და ლუკ მეიერები (Lucie und Luke Meier), ბრენდიდან წავიდნენ. მათი ადგილი Bally-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა, სიმონ ბელოტიმ (Simone Bellotti) დაიკავა, რომელმაც სექტემბერში უკვე საკუთარი ხედვაც კი გააცნო საზოგადოებას. ამ კოლექციამ დროს გაუძლო და მსოფლიო ბაზარზე ზუსტად ისეთივე ეფექტით გამოჩნდა, როგორიც ანონსის დღეს იყო.

ეს არის სათავგადასავლო სამოსი, რომელიც Jil Sander-ის მინიმალიზმის ფილტრშია გატარებული. აქ Moncler-ის ტექნიკური მახასიათებლები თვალში საცემი არ არის — ისინი ოსტატურადაა შენიღბული მაღალი მოდის სილუეტებში. მაგალითად, კლასიკური შალის პალტო თავის მკაცრ ფორმებში საიზოლაციო ნეილონს მალავს, სკულპტურული ბომბერი კი Moncler-ის ცნობილი ღინღლითაა გაჯერებული. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს გრძელბეწვიანი მატყლისგან შექმნილი გუმბათისებრი ქვედაბოლო, რომლის „აბურძგნული“ ფაქტურაც კოლექციას ველურ, თუმცა დახვეწილ იერს სძენს. თვით ცნობილი „ფაფუკი ქურთუკიც“ კი ბამბის ქსოვილითაა გადააზრებული, რათა ტექნიკური სამოსის სიხისტე ბუნებრივი სირბილით ჩაანაცვლოს.


ამ კოლაბორაციის სტატუსზე ყველაზე მეტყველი ფაქტი ისაა, თუ სად განათავსეს ის ბრენდის ვებგვერდზე. Jil Sander x Moncler არა ფუნქციურ ხაზში (JIL SANDER+), სადაც ადრე Arc’teryx-ის კოლაბორაცია ვიხილეთ, არამედ ბრენდის ძირითად (Mainline) სექციაში მოხვდა. ეს ხაზგასმაა იმისა, რომ საქმე გვაქვს არა უბრალოდ თბილ ქურთუკებთან, არამედ მზა ტანსაცმლის ხელოვნების ნიმუშებთან.



