24.11.25
ნიუ-იორკული მოდის სახლი, Ralph Lauren-ი წელს სადღესასწაულო განწყობას სრულიად განსხვავებული მასშტაბითა და ფორმით ქმნის. პროექტი The Ralph Lauren Holiday Experience — ეს არის შთამბეჭდავი ინსტალაციების სერია, რომელიც ამ ჯადოსნურ პერიოდში მსოფლიოს გარშემო იმოგზაურებს.
სადღესასწაულო ტურნე პირველ ნოემბერს სეულში, სონსუ-დონგის რაიონში დაიწყო და 16 ნოემბრამდე გაგრძელდება. აზიიდან ესტაფეტა ლონდონს გადაეცემა, სადაც ინსტალაცია Sloane Square-ზე 14 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით განთავსდება. შემდეგი გაჩერება ტოკიო მიდთაუნია 26 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, საბოლოოდ კი სადღესასწაულო მოგზაურობა ლოს-ანჯელესში, დასავლეთ ჰოლივუდში დასრულდება, სადაც სტუმრებს 5-დან 7 დეკემბრამდე უმასპინძლებენ.
თითოეული სივრცე უფასოა და ღიაა ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის. აქ სტუმრებს საშუალება ექნებათ, სრულად ჩაეფლონ Ralph Lauren-ის სამყაროში. გარემო სპეციალურად ისეა შექმნილი, რომ ბრენდისთვის დამახასიათებელი დახვეწილი ესთეტიკა და სადღესასწაულო სულისკვეთება გააერთიანოს. აქტივობები მრავალფეროვანია: ხელნაკეთი გვირგვინების დამზადების ვორქშოფები, სტუდიები ოჯახური პორტრეტებისთვის და pop-up მაღაზიები საჩუქრების საგანგებოდ შერჩეული კოლექციით.
თუმცა ეს წამოწყება მხოლოდ მარკეტინგსა და გაყიდვებს არ ემსახურება. Ralph Lauren-ი თითოეულ ლოკაციაზე საქველმოქმედო აქტივობებსაც გეგმავს. შემოსული თანხა მოხმარდება ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებსაც ბრენდის გლობალური ინიციატივა Pink Pony უჭერს მხარს — ეს არის კომპანიის მრავალწლიანი ვალდებულება კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბრენდი ერთდროულად რამდენიმე ქალაქში ასეთი მასშტაბის გლობალურ სადღესასწაულო კამპანიას მართავს, რათა „სრულად გააცოცხლოს ბრენდის ხედვა და წარმოაჩინოს თავისი ცხოვრებისეული სტილის მრავალფეროვნება“.