Marla Aaron-ის ყველაზე მასშტაბური პროექტი

ფაიფურისა და ოქროს სინთეზი

24.11.25

დიზაინერმა მარლა აარონმა (Marla Aaron) საზოგადოებას განსაკუთრებული კოლექცია წარუდგინა. ეს არის 18-კარატიანი ოქროსა და ფაიფურის სინთეზი, რომელიც Nymphenburg Porcelain-თან თანამშრომლობით შეიქმნა. თავად აარონი ამ პროექტს ასე აფასებს: „გარკვეულწილად, ეს არის ყველაზე დიდი რამ, რაც კი ოდესმე გაგვიკეთებია“.

ამ თანამშრომლობის ფესვები საკმაოდ ღრმაა და ისტორიულ კონტექსტს უკავშირდება. Nymphenburg გერმანული ფაიფურის მწარმოებელია, რომლის ისტორიაც 1747 წლიდან იწყება. ბავარიის ჰერცოგმა, მაქსიმილიან III იოზეფმა (Maximilian III Joseph), ეს მანუფაქტურა ეკონომიკის სტიმულირების მიზნით დააარსა. გასაოცარია, მაგრამ დღემდე, უკვე 278 წელია, კომპანია იმავე ტექნოლოგიებს იყენებს და თითოეულ ნივთს ხელით ქმნის, რაც თაობიდან თაობას გადაეცემა.

ხოლო იდეა, რომელიც საფუძვლად დაედო ამ კოლექციას, სრულიად მოულოდნელად დაიბადა: ლანჩის შემდეგ, როდესაც აარონი კომპანიის თეფშებს რეცხავდა, გადაწყვიტა, სამკაულებში გამოეყენებინა Nymphenburg-ის ცნობილი Cumberland-ის პატერნი — ფერადი ყვავილებისა და ბაღის მწერების ნაზავი.

პროექტი ტექნიკურად საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ოქროსა და ფაიფურის შერწყმას ორი წელი დასჭირდა, თუმცა შედეგი მართლაც დახვეწილია. Marla Aaron x Nymphenburg-ის კოლექცია ოთხ ნივთს აერთიანებს: საყურეს, სამაჯურს (ე.წ. trundle lock), ფაიფურის სამკაულების შესანახ ჭურჭელს; და, რა თქმა უნდა, ბრენდის სავიზიტო ბარათს — კარაბინის სტილის საკეტს.

„Cumberland-ის პატერნის სამკაულად ქცევით ჩვენ მას უფრო ფართო აუდიტორიას ვაცნობთ. თუ სამყაროში ნივთები ზედმეტად იშვიათი და ხელმიუწვდომელია, ისინი ქრება — სწორედ ეს იყო ჩემი ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია ამ პროექტისთვის,“ განმარტავს აარონი.

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top