მილანის ლეგენდარული გამოფენა საუდის არაბეთში გაიმართება
21.11.2025
მსოფლიო დიზაინის ეპიცენტრი ახალ გეოგრაფიულ არეალს იპყრობს. Salone del Mobile, ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის ყველაზე გავლენიანი გამოფენა, რომელიც, ტრადიციულად, მილანთან ასოცირდება, საზღვრებს აფართოებს; ის საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში ჩატარდება.
ისტორიული მოვლენის თარიღი უკვე ჩანიშნულია. 2026 წლის ბოლო კვარტალში რიადი უმასპინძლებს სრულფასოვან გამოფენას, რომელიც ერთ სივრცეში მოუყრის თავს იტალიური დიზაინის საუკეთესო ბრენდებსა და ადგილობრივ არაბ დიზაინერებს, არქიტექტორებსა თუ დეველოპერებს.

„ქალაქი უმასპინძლებს სრულფასოვან Salone del Mobile-ს“, — განმარტავს ღონისძიების პრეზიდენტი მარია პორო (Maria Porro). მისი თქმით, ეს გამოფენა ემსახურება საუდის არაბეთის დიზაინის ეკოსისტემის განვითარებას და ამავდროულად, მიზნად ისახავს იტალიური დიზაინის ექსპორტის გაზრდას ამ სწრაფად მზარდ ბაზარზე.
„ხედვა 2030“ და 9-მილიარდიანი ბაზარი
საუდის არაბეთის ინტერესი შემთხვევითი არ არის. ქვეყანა აქტიურად ახორციელებს ამბიციურ გეგმას — „ხედვა 2030“ (Vision 2030), რომლის მთავარი მიზანი ეკონომიკის ნავთობზე დამოკიდებულების შემცირება და ახალი ჰორიზონტების გახსნაა. სწორედ ამ გეგმის ნაწილია ისეთი გრანდიოზული პროექტები, როგორიცაა საკამათო, მაგრამ ფუტურისტული Neom და მისი ფლაგმანი — The Line.
ახალი სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის ბუმი პირდაპირ აისახება ბაზარზეც. პროგნოზების თანახმად, დეკადის ბოლომდე ავეჯისა და აღჭურვილობის ადგილობრივი ბაზარი თითქმის მესამედით გაიზრდება და მისი ღირებულება ცხრა მილიარდ დოლარს მიაღწევს.
მარია პორო ხაზს უსვამს დიზაინის როლს ამ ტრანსფორმაციაში: „Vision 2030 არის მომავლის იდეა, სადაც დიზაინი, თავისი მრავალფეროვანი განზომილებით, საკვანძო ელემენტია — რადგან დიზაინი სამყაროების შემქმნელია“.

სტრატეგიული პარტნიორობა
რიადის გამოფენა უფრო ფართო სტრატეგიული სურათის ნაწილია. 2025 წლის იანვარში საუდის არაბეთის კულტურის სამინისტროსა და იტალიის ხე-ტყისა და ავეჯის ფედერაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ თანამშრომლობას. მიზანი ნათელია: იტალიური დიზაინის პოპულარიზაცია და უნარებისა თუ კრეატიულობის ნაყოფიერი გაცვლა საუდის არაბეთის კონტექსტთან.
გენერალური რეპეტიცია: რას ვნახავთ წელს?
სანამ 2026 წელს გრანდიოზული გამოფენა გაიხსნება, Salone del Mobile უკვე დგამს პირველ ნაბიჯებს. მიმდინარე თვეში, რიადის მეფე აბდულას ფინანსურ უბანში (KAFD), სამდღიანი ექსკლუზიური გამოფენა იმართება. ეს ღონისძიება ერთგვარი „შესავალია“, სადაც წარმოდგენილი იქნება 35 იტალიური კომპანიის, მათ შორის ისეთი გიგანტების ნამუშევრები, როგორებიცაა Arper, Cassina, Flos და Poltrona Frau. მათ გვერდით კი ადგილს დაიკავებენ დამწყები ადგილობრივი დიზაინერები.
გამოფენას ვიზუალურად გაამდიდრებს იტალიური სტუდიის, Giò Forma-ს ინსტალაცია, რომელმაც სულ ახლახან დაასრულა მუშაობა საუდის არაბეთის ალულას რეგიონში Design Space AlUla-ს გალერეაზე. ბიზნეს შეხვედრებისა და პრეზენტაციებისთვის კი სტუდია Lissoni & Partners-მა სპეციალური ლაუნჯი შექმნა.