ახალი მუზეუმი
21.11.25
მექსიკელი მხატვრის, ფრიდა კალოს (Frida Kahlo) ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი მუზეუმი გაფართოვდა და ახლა უკვე მისი დის, ქრისტინას სახლსაც მოიცავს, სადაც Rockwell Group-ის მიერ შექმნილი გამოფენები მხატვრის პირად ცხოვრებას სრულიად ახლებურად წარმოგვიდგენს.
წითელი სახლის ახალი სიცოცხლე
მექსიკის ქალაქში მდებარე ეს რეზიდენცია, რომელიც კასა როხას (Casa Roja) სახელითაა ცნობილი, არქიტექტორმა მარიანა დოეტ ზეპედა ოროზკომ (Mariana Doet Zepeda Orozco) მუზეუმად გარდაქმნა. ექსპონატების დიზაინზე Rockwell Group-მა იზრუნა, ხოლო გრაფიკული დიზაინი და კრეატიული მიმართულება Pentagram-სა და Ileen Gallagher-ს ეკუთვნის.

ამჟამად Museo Casa Kahlo-ს სახელით ცნობილ სივრცეს Fundación Kahlo მართავს. აქ თავმოყრილია ფრიდას პირადი ნივთები: ხელნაწერი წერილები, ფოტოები, ტანსაცმელი და სხვა არტეფაქტები, რომლებიც „ფრიდას ყოველდღიური ცხოვრების დაუწერელ ისტორიას ჰყვებიან“.
„სახლი გვიჩვენებს ფრიდას, როგორც ქალიშვილის, დის, დეიდისა და მეგობრის აქამდე უცნობ ისტორიას, დიეგო რივერას (Diego Rivera) პარტნიორის ჩარჩოებს მიღმა“, — აღნიშნავს Rockwell Group.

მხატვრის პირად ცხოვრებაზე, ურთიერთობებსა და ადრეულ შთაგონებებზე ფოკუსირებით, Rockwell Group-მა გამოფენები სახლის ეზოსა და სარდაფში მოაწყო. ასევე, მუზეუმი მოიცავს ოთახს, რომელიც აქამდე საზოგადოებას არ უნახავს. „ფრიდას სხვადასხვა კოლექციით, ეფემერული ნივთებითა და საღებავებით სავსე ეს ოთახი მუზეუმის შთამაგონებელი ნაწილია. აქ ფრიდას თავისუფლად წერა, ხატვა, ფიქრი და ესკიზების კეთება უსაფრთხო, ინტიმურ გარემოში შეეძლო. ვიზიტორები აუცილებლად იგრძნობენ მის სულსა და შემოქმედებით ენერგიას“.

სანთლებით განათებულ ოთახში განთავსებულია პირადი ნივთები – თოჯინები და მწერების კოლექცია, ავეჯი, ქსოვილები, მისი სამუშაო მაგიდა, საღებავები და ნახატები. გარდა ამისა, The LAB at Rockwell Group-მა შექმნა ფრიდას მიკროსკოპის ინტერაქციული რეპლიკა, რომელიც სტუმრებს საშუალებას აძლევს დააკვირდნენ იმავე ნიმუშებს, რომლებსაც მხატვარი სწავლობდა.

