მწვანე საღამოები / Serate Verdi 2025

07.06.2025

„ხელოვნებისა და მუსიკის“ ფესტივალის, „მწვანე საღამოები“-ს მეოთხე საფესტივალო გამოშვება 7 ივნისს  თბილისის ბოტანიკურ ბაღში შთამბეჭდავი კონცერტით დასრულდა. ღია სადღესასწაულო სივრცეში სცენა იტალიელ აკორდეონისტ მუსიკოსებს სიმონე ძანკინის (Simone Zanchini) და სარა კალვანელის (Sara Calvanelli) დაეთმოთ. მათ ქართველ მუსიკოს შემსრულებლებთან, რეკორდულად მცირე დროში (სამი დღე) შექმნილი ბენდით, რომელიც ქართველი და იტალიელი მუსიკოს-შემსრულებლებისგან შედგებოდა, ღია სივრცეში ნამდვილი მუსიკალური დღესასწაული მოაწყვეს. ფესტივალის დასკვნითი საღამოს საკონცერტო პროგრამა ევროპის ქვეყნების მივიწყებულ მელოდიებს მიეძღვნა.

ეს იყო სრულიად, უნიკალური და თვითმყოფადი გამოცდილება, სადაც აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა ცალკეული მუსიკალური კომპოზიციების გზით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ემოგზაურა. პირველი ნიშნული საქართველო და იტალია იყო, თბილისური და ნეაპოლიტანური სიმღერების მონაცვლეობით, სარა კალვანელიმ საუცხოოდ შეასრულა იტალიის უკიდურეს სამხრეთში, სიცილიაში არაბული ჟღერადობის გავლენით შექმნილი იტალიური მუსიკა. ქართველი აუდიტორიისთვის განსაკუთრებით ემოციური  აღმოჩნდა,  ცნობილი „კართან მოდგა შემოდგომა“; ქართულ-იტალიურად შესრულებული სიმღერის ეს ორიგინალური მხატვრული გადაწყვეტა, მას სრულიად ახლებურ ჟღერადობას სძენდა. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს გოგონათა ფოლკლორული გუნდი „გუმბათი“.

საღამოს გეოგრაფიული  დრამატურგია ასე გამოიყურებოდა: საფრანგეთი – 1960-იანი წლების ფრანგული შანსონი და ნაკლებად ცნობილი, მივიწყებული პორტუგალიური სიმღერები; გერმანია – კურტ ვაილი და ბერტოლდ ბრეხტი; საბერძნეთი –   ცნობილ სირტაკთან ერთად სარა კალვანელიმ, რომელიც ვირტუოზი აკორდეონისტი და ამასთანავე საოცარი ვოკალისტია, მივიწყებული ბერძნული სიმღერა შეასრულა, რომელიც დასაბამს კვიპროსიდან იღებს. ირლანდია, რომელსაც  მუსიკის და ცეკვის ტრადიციის უდიდესი კულტურა აქვს… ეს იყო საოცარი, იმპროვიზაციული  მოგზაურობა მუსიკის სამყაროში, სადაც აუდიტორიამ წინასწარ არასდროს იცოდა რა იქნებოდა შემდეგი „ჯადოსნობა“ სცენაზე.

იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ვირტუოზი აკორდეონისტი სიმონე ძანკინი Serate Verdi-ს ფესტივალის ფარგლებში საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა. იტალიელმა მუსიკოსმა კლასიკური აკორდეონის განხრით პეზაროს როსინის კონსერვატორია დაამთავრა. მისი პედაგოგი ცნობილი იტალიელი აკორდეონისტი სერჯო სკაპინი იყო. სიმონეს მუსიკალური ექსპერიმენტები  ტრადიციული იტალიური აკორდეონის ჟღერადობის საზღვრებს სცდება. საერთაშორისო მუსიკალურ სცენაზე, ის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო, თვითმყოფად და ინოვატორ აკორდეონისტად ითვლება. სიმონე ძანკინის მუსიკისადმი სამეცნიერო მიდგომა აქვს, ის ბგერის აკუსტიკურ და ფონეტიკურ შესაძლებლობებს იკვლევს.

იტალიურ ტრადიციულ მუსიკასთან და ჟღერადობასთან ამგვარი თანამედროვე მიდგომით, მისი მუსიკა გულგრილს არასდროს ტოვებს მსმენელს. ის ნებისმიერი კომპოზიციისადმი იმპროვიზაციული მიდგომით,  უნიკალურ პერსონალურ მუსიკალურ ჟღერადობას ქმნის, რომელიც არავის არ ჰგავს. სიმონე ძანკინის  კოლაბორაციებიდან გამორჩეულია ელექტრონული მუსიკის, ჯაზის, კლასიკური მუსიკის მიმართულება.  ის ყოველწლიურად ბევრ საერთაშორისო  ფესტივალში იღებს მონაწილეობას და ხშირად ქმნის მუსიკალურ კოლაბორაციებს სხვადასხვა სტილისა და ჟანრის არტისტებთან. ის 1999 წლიდან თანამშრომლობს მილანის ლა სკალას ორკესტრთან. მუსიკალური ექსპერიმენტების, კვლევის და საკონცერტო კარიერის გარდა, სიმონე ძანკინი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა.

სიმონე ძანკინის თქმით: „ყოველთვის სასიამოვნოა თბილისში სტუმრობა, საოცარი ქალაქია.  ჩემთვის და სარასთვის აქ სტუმრობა ყოველთვის სასიამოვნო გამოცდილებაა. ქალაქი, ადამიანები, კულტურა… წელს ჩვენ შევეცადეთ რომ ზუსტად სამ დღეში შექმნილი  ბენდით, ქართველ და იტალიელ მუსიკოსებთან ერთად სრულიად ახალი მუსიკალური გამოცდილება შეგვექმნა. შარშან მხოლოდ ქართულ-იტალიური მუსიკა შევასრულეთ, წელს კი თითქმის მთელ ევროპას მოვიცავთ. იმას, რასაც თქვენ დღეს საღამოს მოისმენთ, აქამდე არასდროს ყოფილა და არც ამის შემდეგ განმეორდება, იმპროვიზაცია, ექსპრომტი და სპეციალურად ამ ფესტივალისთვის შექმნილი ბენდი ევროპის ქვეყნების მივიწყებული მელოდებით. ქართველი და იტალიელი არტისტების კოლაბორაცია ევროპის დიდ ოჯახს ეძღვნება. ეს იქნება მუსიკალური მოგზაურობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ჩვენ შევარჩიეთ ის მუსიკალური ნომრები, რომლებიც ყველაზე მკაფიოდ გამოხატავს ამ ქვეყნების სულს.“

სარა კალვანელი  პირველად „ხელოვნების და ბუნების ფესტივალს“ შარშან ესტუმრა. ტოსკანელი არტისტის მუსიკალური ბიოგრაფია შთამბეჭდავია. მილანის ჯუზეპე ვერდის სახელობის კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, მან ფორტეპიანო, კომპოზიცია და სიმღერა (ვოკალი) აკორდეონის მეშვეობით შეისწავლა. მას შემდეგ მან მსოფლიოს ათზე მეტ ქვეყანაში გამართა  კონცერტი, სხვადასხვა შემსრულებლებთან ერთად. ის კოლაბორაციებს ქმნის საერთაშორისო დონეზე ჟანრის, წარმომავლობის და ენობრივი ბარიერის მიუხედავად. როგორც თავად ამბობს, სჯერა, რომ მუსიკა რეალიზაციის, თვითგამოხატვის და ადამიანებთან ურთიერთობის ყველაზე მძლავრი იარაღია. მის შემოქმედებაშიც ზუსტად ვლინდება „მწვანე საღამოების“ კონცეფცია: უძველესი ტრადიციული იტალიური სიმღერებიდან უკიდეგანო ექსპერიმენტებამდე… ეს ყოველივე მისი ორგანული ნაწილია. სარა ხშირად თანამშრომლობს თეატრალურ სამყაროსთან, მისი თავისუფალი იმპროვიზაციები მუსიკას, ცეკვას, სრულიად ახალ ხმოვან-ხედვით იმიჯებს აერთიანებს. მისი სადებიუტო ალბომი „„Onironautiche“ (2017, Amadeus Arte) 2017 წელს იხილა მსმენელმა.

სარა კალვანელის თქმით: „ფესტივალის დასკვნითი საღამო უნიკალური გამოცდილება იქნება მონაწილეებისთვისაც, სამი იტალიელი მუსიკოს-შემსრულებელი და ქართველი მუსიკოსები ერთად, სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანები მუსიკალურ ჟღერადობებში გაერთიანდებიან, ეს არის ამ საღამოს მთავარი კონცეფცია“.

Serate Verdi – ხელოვნებისა და ბუნების ფესტივალი, 4 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. ტონინო გუერას რომანის პირველი ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია, მიშა მრევლიშვილის ფილმი „ოდა სიხარულისა”, ახალი ნერგების დარგვა ტონინო გუერას „დავიწყებული ხილის ხეივანში”, იტალიური პიციკას ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებლის კონსუელო ალფიერის და მისი ბენდის კონცერტი, გია მატარაძის ფილმის ჩვენება „შვიდი პატარა მოთხრობა პირველ სიყვარულზე” და ბოლოს ფესტივალის დასკვნითი საღამო იტალიელი და  ქართველი  მუსიკოსების ერთობლივი კონცერტი სიმონე ძანკინი და  სარა კალვანელი  ევროპის ქვეყნების მივიწყებული მელოდიებით. 2025 წლის Serate Verdi – ხელოვნების, ბუნების, მუსიკის და ცალკეული პერსონალების შემოქმედებითი თავგადასავალი, ერთი წლით გემშვიდობებათ.

    ნენო ქავთარაძე
ფოტო: შოთა წერეთელი

Scroll To Top