06.06.2025
Serate Verdi-ის მესამე საფესტივალო დღე თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ღია სადღესასწაულო სივრცეში მოწყობილ სცენაზე იტალიელი მომღერლის კონსუელო ალფიერის (Consuelo Alfieri) და მისი ბენდის კონცერტით დასრულდა. კონსუელო მსოფლიოში იტალიური „პიციკას“ (Pizzica) ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია. „პიციკა“ იტალიის სამხრეთში, აპულიის (Apulia) რეგიონში – სალენტოში (Salento) დაიბადა. უძველესი ტრადიციით შესრულებული მუსიკა და ცეკვა მნახველს ვერასდროს ტოვებს გულგრილს. სწორედ სალენტოში იმართება ყოველწლიურად მსოფლიოში ცნობილი ტარანტას ღამეები, (La Notte della Taranta), სადაც ფესტივალის მთავარი სოლისტი და ვარსკვლავი სწორედ კონსუელო ალფიერია.


იტალიელი მომღერალი „ხელოვნებისა და ბუნების ფესტივალზე“ იტალიის საელჩოს მხარდაჭერით იმყოფება. ელჩის მასიმილიანო დ’ანტუონოს (Massimiliano D’Antuono) თქმით: „იტალიის საელჩო „მწვანე საღამოების“ დაარსების დღიდან აქტიურად იყო ჩართული, სიხარულით დავუჭირეთ მხარე „მივიწყებული ხილის ხეივნის“ გახსნას, რომელიც პენაბილიში ტონინო გუერას დაარსებული ბაღის ანალოგი გახლავთ, მაშინ ჩამოვიტანეთ ვაშლის და ნუშის მივიწყებული ჯიშები. ტონინო გუერას ბაღის იდეაც, ხომ სწორედ ეს არის – გავუფრთხილდეთ და აღმოვაჩინოთ მივიწყებული წარსული… ვასწავლოთ ახალგაზრდებს საკუთარი მიწის სიყვარული.

2019 წელს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხილის ხეივანი “ ახლა უკვე საქართველოში Serate Verdi-ს ფარგლებში ყოველწლიურად ირგვება იტალიელი და ქართველი კულტურის გამოჩენილი ადამიანების სახელობითი ხეები.ზოგადად იტალიის საელჩო კულტურას და კულტურულ დიპლომატიას დიდ ყურადღებას უთმობს. ჩვენი მიზანია ამ ფესტივალზე წარმოჩინდეს იტალიური კულტურული მემკვიდრეობა, ხელოვნების სფეროში მოღვაწე ხელოვანები, ისეთი როგორიც კონსუელოა, პიციკას უბადლო შემსრულებელი. პიციკა იტალიური ფოლკლორული მუსიკაა სოლენტოდან, აპულიის რეგიონიდან და სხვათაშორის ის ტონინო გუერას საყვარელი მიმდინარეობა გახლდათ. ჩვენ ბევრ ფესტივალთან ვთანამშრომლობთ საქართველოში, მაგრამ Serate Verdi ჩვენთვის გამორჩეულად საყვარელი ფესტივალია, რომელსაც იტალიის საელჩო მუდმივად დაუჭერს მხარს.“

საქართველოში დაარსებული „ტონინო გუერას ფონდი” არა მხოლოდ იტალიელი დრამატურგის სახელის პოპულარიზაციას და მისი საქმიანობის ახლებური ფორმით გაგრძელებას ემსახურება, არამედ უპირველესად ქართულ-იტალიური ურთიერთობების გაღრმავებას გულისხმობს; ამიტომაც ლოგიკურია, რომ ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში სწორედ ახალგაზრდა იტალიელი შემსრულებლები არიან. „ხელოვნებისა და ბუნების” ფესტივალის კონცეფციაც სრულად გამოიხატება 6 ივნისს ბოტანიკური ბაღის სივრცეში გამართული მუსიკალური საღამოთი: უძველესი იტალიური მუსიკა, ახლებური ინტერპრეტაციით და ეს ყოველივე ბუნებასთან ახლოს, ბუნების წიაღში.


იტალიელი მომღერალი კონსუელო ალფიერი თავის საავტორო მუსიკალურ პროგრამასაც ხომ სწორედ ასე გამოხატავს: Ancient roots and modern dreams – სიძველე, რომელიც ინტერპრეტირებულია თანამედროვე მუსიკალური ხელოვნების შტრიხებით, ფორმებით და სწორედ ასე უნარჩუნებენ მუსიკოსები ძველს ახლებურ სიცოცხლეს, რადგან ინტერპრეტაციის გარეშე დარჩენილი ტრადიცია და კულტურა, მხოლოდ ძეგლია, უსიცოცხლო არტეფაქტი.28 წლის იტალიელი მომღერალი საქართველოში პირველად ფესტივალის ფარგლებში იმყოფებოდა, სწორედ მაშინ დარგო თავისი სახელობის პირველი ხე ტონინო გუერას „მივიწყებული ხილის ხეივანში“ , ხოლო წელს „მწვანე საღამოების“ მეორე საფესტივალო დღეს, მისი სახელობის უკვე აღმოცენებულ ნერგთან მან მუსიკალური იმპროვიზაციაც შესთავაზა დამსწრე აუდიტორიას.

კონსუელოს შთამბეჭდავი მუსიკალური ბიოგრაფია იტალიის უძველესი რეგიონიდან – სალენტოდან იწყება და გეოგრაფიულ არეალს წლებთან ერთად ზრდის. პალმარიჯში დაბადებული გოგონა 7 წლიდან მღერის, ამ ასაკშივე ეზიარა აკორდეონსა და დაირაზე დაკვრას. ბებიის გავლენამ ის ტრადიციულ პოპულარულ იტალიურ მუსიკასთან მიიყვანა. ეს ბუნებრივი პროცესი გახლდათ, სწორედ ამ გზით შედგა კონსუელოს მუსიკალური რეპერტუარი სალენტოს დიალექტზე. წლების მანძილზე იტალიელი მომღერალი სხვადასხვა ჯგუფების სოლისტიც იყო (Ta-koràssia, Passione Taranta).


მის მუსიკალურ კარიერაში გარდამტეხი მომენტი იყო „ტარანტას ღამეების“ ორკესტრში გაწევრიანება. სწორედ აქ გამდიდრდა მისი პროფესიული გამოცდილება ისეთ არტისტებთან თანამშრომლობით როგორებიც არიან Dardust, Madame, Elodie, Marco Mengoni, Stromae, Elisa, Giuliano Sangiorgi … ამ გამოცდილებამ გაამდიდრა მისი მუსიკალური წარსული და მისცა მას თანამედროვე მუსიკალური სცენის უნიკალური ხედვა. კონსუელოს სოლო კარიერის აღმასვლა 2022 წელს დაიწყო პროექტით SIROCO ჯუზეპე ასტორესთან კოლაბორაციით. 2023 წელს მისი პირველი ალბომი გამოდის სახელწოდებით Porte a punente, ეს მუსიკალური ნამუშევარი ტრადიციული და თანამედროვე მუსიკის ორგანულური ერთიანობაა, რაც ასახავს კიდეც იტალიელი მომღერლის შემოქმედებით კრედოს და მხატვრულ იდენტობას. 2023 წელს Folk and World Award-ზე კონსუელომ Nuovo Imaie-ს ჯილდო მიიღო, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე პერსპექტიულმა და ინოვაციურმა ხმამ მსოფლიო მუსიკალურ პანორამაში.



6 ივნისს Serate Verdi-ს მესამე საფესტივალო დღეს, იტალიელი მომღერალი სწორედ 2022 წელს შექმნილი პროექტით SIROCO-თი წარსდგა. იმპროვიზაციის საოცარი უნარი, თანდაყოლილი უკიდეგანო ქარიზმა, შესაშური ვოკალური მონაცემები და გულწრფელობა, კონსუელოს თვითმყოფად არტისტად აქცევს. იტალიელი არტისტის თქმით, თბილისი მისთვის ძალიან ჰგავს მის მშობლიურ სალენტოს – ადამიანები, ურთიერთობები, ხასიათი, ქალაქის ლანდშაფტი და სიმწვანე… „ტრადიციების და კულტურის სიყვარულის მხრივ, სალენტო ახლოს დგას საქართველოს დედაქალაქთან. სამხრეთ იტალიური ტემპერამენტი აქაც იგრძნობა და დღეს საღამოს მე შევეცდები ქართული და იტალიური კულტურა სცენაზე გავაერთიანო. მუსიკალური პროგრამის ძირითად ნაწილს სალენტოს ტრადიციული მუსიკა წარმოადგენს, სწორედ ასეთია უძველესი სამხრეთული ფოლკლორი – პიციკა. შემდეგ შევასრულებ ხმელთაშუაზღვისპირეთის სიმღერებს და ბოლოს მაყურებელს გავაცნობთ ჩვენ საკუთარ შემოქმედებას რომლებსაც მე და ჩემი ბენდი თავად ვქმნით”.


იტალიელი მუსიკოსი ყოველთვის ხაზს უსვამს თავის წარმომავლობას; მისი სასცენო კოსტიუმი იტალიური ნაციონალური სამოსის ინსპირაციით შექმნილი, ტარანტელას მოცეკვავეების მსგავსი კაბა იყო, რომელზეც სალენტოს ტრადიციული ნაქარგობები იყო დატანილი. კონსუელო მუსიკალურ ნომრებში თავად უკრავდა დაირაზე, და აკორდეონზე. ამ ინსტრუმენტებზე დაკვრა მან ბავშვობაში ისწავლა. მისი ბენდის წევრი მოცეკვავე გოგონა, მხატვრულად გადმოსცემს ცეკვით იმ ამბავს თუ სათქმელს რასაც კონსუელო ვერბალურად სიმღერის ტექსტში აჟღერებს. მუსიკის და ცეკვის ჰარმონიული ერთობა კონსუელოს თითოეულ მუსიკალურ ნომერს მაგისტრალურ ხაზად მიჰყვებოდა. ეს მუსიკალური საღამო არ იყო მხოლოდ კონცერტი, ეს იყო ტრადიციისა და თანამედროვეობის ზეიმი, რომელშიც შემსრულებლები ასი პროცენტით იხარჯებოდნენ და აუდიტორიაც მაქსიმალურად იყო ჩართული სამხრეთ იტალიურ რიტმში.




ნენო ქავთარაძე
ფოტო: შოთა წერეთელი