სახლი, სადაც ზღაპრები იბადებიან
20.09.2023
ოდნავ გასცდები თუ არა ფართო და ხმაურიან ხალხმრავალ მაგისტრალს, ძველ, მჭიდროდ დასახლებულ ერთ და ორსართულიან შენობებიან ვიწრო ქუჩაზე შეუხვევ და ლამაზჭიშკრიან ძველთბილისურ ეზოს მიადგები. რამდენიმე ნაბიჯს გადადგამ ქვით მოკირწყლულ ბილიკზე, შემდეგ რამდენიმე საფეხურს ჩაივლი და რეალობის აღქმას პარმაღიდანვე სრულიად კარგავ.
სუსტად განათებული, იდუმალ შუქ-ჩრდილში ჩაფლული ეს სამყარო – მშვენიერი თოჯინების, ნივთების, ავეჯის, ჭურჭლის, წიგნების, ფერწერული, გრაფიკული, ჭედური და კერამიკული ნამუშევრების, ხალიჩების ერთიანობით – ჰარმონიული და შემოქმედებითი შერჩევით იქმნება და ზღაპრულობითაა გამსჭვალული.
ამ ჯადოსნურ სამყაროს „გარი დავთიანის სახლი“ ჰქვია. ადამიანის, რომელიც უკვე წლებია აღარაა ამქვეყნად, თუმცა მისი სახლი ისეთივეა, როგორიც მან ოდესღაც შექმნა. მისი არსებობა, ფიზიკური არსებობის შეგრძნებამდე ყველაფერში და ყველა კუთხეში იგრძნობა, დიდი ხელოვანისა და გამომგონებლის მეუღლის, მისი საქმის გამგრძელებლის და თავადაც ხელოვანის ჟანა დავთიანის წყალობითა და დამსახურებით.
გარი დავთიანი – მოქანდაკე, ინჟინერი, მხატვარი, კერამიკის, მინისა და ჭედურობის, სამკაულების ოსტატი და მარიონეტების შემქმნელი, კონსტრუქტორი და მარიონეტების საოჯახო თეატრის დამფუძნებელი იყო.
აქ კედლებზე, ნებისმიერ სიბრტყეზე თოჯინები კიდია ან აწყვია. სხვადასხვა ტიპის, ხასიათის, გამომეტყველების, ზომის, კატეგორიის, სხვადასხვანაირად ჩაცმულ-დახურული, მორთულ-მოკაზმული – აქაურობის ბინადრები და მთავარი მასპინძლები. მასალაც, რომლითაც ისინია დამზადებული განსხვავებულია, თუმცა, გარი დავთიანის ტექნოლოგიით შექმნილი, ექსპერიმენტებისა და მიღწევების შედეგად.
გარი დავთიანის სახლში რამდენიმე სხვა კოლექციაც ინახება – პლასტმასისა და პენოპლასტისგან დამზადებული სტატიკური თოჯინები, რომლებიც საქართველოში მცხოვრებ ეთნოსებს ასახიერებენ, ტიპაჟურად და ეროვნული კოსტუმებით.
ისინი ბევრნი და გამორჩეულნი არიან – რომელიღაც აუცილებლად ნაცნობად მოგეჩვენებათ, ვიღაცას აუცილებლად მოგაგონებთ; თითქოს შეხვედრიხარ, თითქოს იცნობ, თითქოს რაღაც იცი მის შესახებ. ან მეზობელია, ან ახლობელი, ან შეიძლება თვითონ შენ ხარ. მშვენიერი ადამიანების საკრებულოა. იმ ცხოვრების – წარსულისა და აწმყოს ნაწილები, რომელსაც ადამიანები ქმნიან და როგორიც თავადაც გაგივლია ან როგორადაც წარმოგიდგენია.
წარმოსახვითი, ლიტერატურული თუ ისტორიულ-მითური, კრებითი სახეები და პერსონჟები… თუმცა, ზოგს რეალური პროტოტიპებიც ჰყავს – მსახიობი ფრუნზიკ მკრტიჩიანი, ფოტოხელოვანი იური მეჩითოვი (ყოველ შემთხვევაში, ძალიან რომ ჰგავს), უილიამ შექსპირი და სხვა. ერთ-ერთი და ყველასგან გამორჩეული გარი დავთიანის ერთადერთი ავტოპორტრეტია, რომელიც იური მეჩითოვის მიერ გადაღებული მისი ფოტოპორტრეტის გვერდით ჰკიდია და თითქოს ყველაფერს მშვიდად და დაკვირვებით ადევნებს თვალს.
აქვე ნახავთ, „ქართულ“ ნეცკეს; სხვადასხვა ტიპისა და ზომის არამარიონეტ თოჯინებსაც; ეროვნულ და ძველთბილისურ სამოსში გამოწყობილ გამოძერწილ მინიატურულ კაცუნა თილისმებს; სამკაულების კოლექციას (რომლებიც მრავალი წლის წინ გარი დავთიანის კიდევ ერთი საწარმოო ნოუ ჰაუს ხაზითაა შექმნილი და დღესაც მოდურად და თანამედროვედ აღიქმება); ჭედურ ლანგრებს; ხეში ნაკვეთ ფიგურებს…
მითები, ლეგენდები, ზღაპრები ცოცხლდებიან და კულტურულ კოდებს ინარჩუნებენ. არაფერი წაშლილა და გამქრალა. ხსოვნასთან ერთად აქ ამ ხსოვნის მატერიალური დამცავი ნიშნებია – ცოცხალი, ფერადოვანი, შემოქმედებითად მდიდრული და განუმეორებელი.
ერთ კუთხეში, სახლის მთავარი, ცენტრალური მინიატურული სცენა და თეჯირია, შეღებილი ჯვალოს ძველი ფარდით, გარშემო მინიატურული პროჟექტორებითა და სცენის პატარა სპეციფიკური განათების წყაროებით.
აქვე ვიტყვი, რომ მარიონეტების პროფესიული თეატრის ისტორია საქართველოში, ოფიციალურად, 1981 წელს იწყება, როდესაც მწერალმა, დრამატურგმა, რეჟისორმა და მხატვარმა რეზო გაბრიაძემ, ზუსტად ავლაბრის გადასწვრივ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილისა და შავთელის ქუჩების კუთხეში მარიონეტების თეატრი დააარსა, რომლისთვისაც თვითონვე შექმნა თოჯინები და თვითონვე დაიწყო სპექტაკლების დადგმა.
გარი დავთიანის თოჯინებისა და მარიონეტების თეატრის ისტორია კი XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. მაშინ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და საბჭოთა კავშირის 70-წლიანი კაბალიდან გათავისუფლდა. ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას უმძიმესი ეკონომიკური, მორალური კრიზისი მოჰყვა. თბილისის ომმა ძალაუფლებისთვის, პირველი ეროვნული ხელისუფლების დამხობამ, შემდეგ ომმა აფხაზეთში კიდევ უფრო დაამძიმა საზოგადოების ყოფა. და სწორედ ამ დროს, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად უჭირდა და ქვეყანაში გაჭირვებამ, უშუქობამ, შიმშილმა და უიმედობამ დაისადგურა, გარი დავთიანმა მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო საქართველო არ დაეტოვებინა. პირად უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე მაღლა ქვეყნის ერთგულება დააყენა, იმის მიუხედავად, რომ მას, მის ოჯახს, ბევრ სხვა თანაქალაქელის მსგავსად, ძალიან უჭირდა.
და არათუ არსად წავიდა, თავი ვალდებულად ჩათვალა, რომ, რადგან ადამიანებს ფიზიკურზე მეტად, სულიერი გადარჩენა სჭირდებოდათ, თოჯინები შეექმნა და თეატრი დაეარსებინა. პირადად მისთვის გაუკვალავ სივრცეში შესვლა (თუმცა თოჯინებს ადრეც ამზადებდა) განიზრახა, გადადგა ეს თამამი ნაბიჯი საკუთარი თავის, ოჯახისა და საერთოდ საქართველოს მოსახლეობის გადასარჩენად.
ცოტა ხანში, რთული და ძიებებით აღსავსე შემოქმედებითი და ტექნიკური პროცესების გავლის, მრავალი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ, პირველი სპექტაკლიც – „ქაჩ ნაზარი“ („მამაცი ნაზარი“) დაიდგა, რომელიც პეტროს ადამიანის სახელობის სომხურ თეატრში ითამაშეს, ამავე თეატრის მსახიობების გახმოვანებით.
თოჯინის დამზადებას, მის სახასიათო შტრიხებით შემკობასა და ამოძრავებას – იმისთვის, რომ შემდგომ შეიქმნას პლასტიკური, ქმედებით დატვირთული „ცოცხალი“ მარიონეტი, რომელიც ხელოვნების ნაწარმოების ხარისხში ასახიერებს პერსონაჟსა და მის თავს გადახდენილ ამბებს – მხატვრულ ხედვასა და აზროვნებასთან ერთად, მოქნილი და დახვეწილი ხელები, ტექნიკური ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა უნარი სჭირდება. ეს თვისებები და შესაძლებლობები გარი დავთიანს ჭარბად გააჩნდა. ნათქვამია, რომ თუ ადამიანის თვალებიდან ბავშვი იყურება, ის ნამდვილი ხელოვანია და მხოლოდ მას შეუძლია იყოს გულწრფელი, ნამდვილი და განუმეორებელი. გარი დავთიანი სამყაროს ბავშვის თვალებით უყურებდა და მას გულწრფელად, უშუალოდ, ზღაპრულობისა და მშვენიერების რწმენითა და იმედით აღიქვამდა.
2001 წელს რეჟისორებმა და ოპერატორებმა, მამამ და შვილმა – გარი კუნცევმა და ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილმა გადაიღეს ფილმი „სახლი, სადაც იბადებიან ზღაპრები“, რომელიც გარი დავთიანსა და მის თეატრს ეძღვნება. 2003 წელს, გარი დავთიანი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. თუმცა, „გარი დავთიანის სახლში“, სადაც დავთიანების ოჯახი ცხოვრობს, წლების წინ პირველი თოჯინები დაბინავდნენ და პირველი წარმოდგენები გაიმართა – ცხოვრება და ხსოვნა გრძელდება. ამ საოცარ სივრცეში, ოფიციალური „ღია კარის დღე“ 3 სექტემბერია, გარი დავთიანისა და მისი მარიონეტების თეატრის დაბადების დღე. თუმცა, აქაურობის კარი ყოველთვის ღიაა, როგორც მაშინ, როდესაც სახლის პატრონი მთელი მსოფლიოდან სტუმრებს იღებდა. დღეს სტუმართმოყვარე და გულღია მასპინძლები, აქაურობის მაცოცხლებლები და საგანძურის მცველები – ჯადოსანი ხელოვანის მეუღლე ჟანა (მთავარი მცველი), შვილები – გოგა და ანა, რძალი – იანა და შვილიშვილი – სანდრა (ალექსანდრა) არიან.
ჟანა დავთიანი, მომხიბლავი და ენერგიული ქალბატონი ამბობს, რომ თოჯინები არ ათამაშდებიან, თუ არ მიგიღეს, თუ შენით არ დაინტერესდნენ და თავის გაცნობა, წარმოდგენის გამართვა არ მოინდომეს. და თუ ასე მოხდა, იწყება დიდებული და დამატყვევებელი სანახაობა. ჟანა დავთიანი ფონოგრამას რთავს და მარიონეტებიც ცოცხლდებიან. მოძრაობენ, ცეკვავენ, პოზებსა და ჟესტიკულაციას იცვლიან, პირდაპირ შემოგცქერიან და შინაგან დიალოგსაც გიმართავენ, თითქოს გაკვირდებიან და თავსაც გაწონებენ. ამ ყველაფერს მათივე იერი, ვიზუალური შტრიხები, შესრულების, კონსტრუქციის, ნაწილების ურთიერთბმების, მექანიზების ხარისხი განაპირობებს. თითოეული მათგანი ცოცხალი, მეტყველი, პლასტიკური და „გააადამიანურებულია“.
სახელდახელო სპექტაკლ/კონცერტში, მრავალთაგან ერთ-ერთ მინიატურაში, რომელსაც დღეს სტუმრებს უჩვენებენ და რომლის ნახვის პატივიც მერგო, მონაწილეობდნენ – ტერაცუ (სიტყვიდან – ტერტერა), უსტიანი, ნაზარი, ანჩაფ (უზომო) და მუსიკოსები – რიჟა, ყურშა და ბოქლომი (მათ სახელები ოდესღაც ჟანა დავთიანმა შეარქვა, თუმცაც არ იცის, ასე რატომ მონათლა). იდუმალი სამყაროს კედელი ირღვევა და შენც მოჯადოებული უყურებ მათ, უსმენ მშვენივრად შერჩეულ, თოჯინების ხასიათებსა და პლასტიკაზე მორგებულ სიმღერებს მათივე „შესრულებით“, უყურებ ამ დიდებულ სანახაობას, ტკბები და მართლა გავიწყდება, რომ შენს წინაშე მარიონეტები არიან და არა ადამიანები.
ავლაბარი/ისანი – ერთ-ერთი უძველესი, სტრატეგიული და მჭიდროდ დასახლებული, მრავალეთნიკური უბანი, ქალაქის ერთ-ერთი კარიბჭე და ღირსშესანიშნაობაა. სწორედ აქ, ამ ისტორიულ ადგილზე, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლების საკულტო შენობებისა და ძველი თბილისის დღემდე შემორჩენილი და უახლესი არქიტექტურული ნაგებობებით გარშემორტყმულ, ალექსანდრე წურწუმიას ქუჩის N5-ში დგას სახლი – მშვიდი, ბედნიერი და სიცოცხლისმოყვარული ადამიანების სამყარო, რომლებსაც სხვისი დახმარებისა და გახარების სურვილი აქვთ და თანადგომა შეუძლიათ. სხვანაირად არაფერი გამოვა. სხვანაირად ვერავის მოხიბლავ და მიიზიდავ, ვერ მოაჯადოებ. სწორედ ასეთი იყო გარი დავთიანი და ასეთად დარჩა მისი სამყარო.
და თუ თქვენც მოხვდებით ავლაბარში და მოგინდებათ, ცოტა ხნით მაინც მოწყდეთ რეალობას, იგრძნოთ თავი ბედნიერად და ზღაპარში აღმოჩნდეთ, თუ მოგინდებათ, თვალი გადაავლოთ წარსულს, ხელოვნებას ეზიაროთ, სიცოცხლის მშვენიერი ენერგიითა და ხალასი შეგრძნებებით დაიმუხტოთ – აუცილებლად ეწვიეთ „გარი დავთიანის სახლს“. იცოდეთ, იქ გელოდებიან.
davtyan.com
facebook.com/DavtyanHouse
ტექსტი: ლელა ოჩიაური
ფოტო: იური მეჩითოვი