LEXUS-ისა და ATP-ის მრავალწლიანი თანამშრომლობა

20.10.2024

Lexus-მა თავისი პოზიციები პროფესიონალური ჩოგბურთის სამყაროში 2023 წელს გაიმყარა, როდესაც მან ATP (Association of Tennis Professionals) -სთან მრავალწლიანი თანამშრომლობის კონტრაქტი გააფორმა. ამ კოლაბორაციის თანახმად, ის ATP Tour-ის ოფიციალური საავტომობილო და „პლატინუმ პარტნიორი“ გახდა. მსგავსი კოლაბორაცია ხელს უწყობს უმაღლესი კლასის ბრენდების ჩართულობის ზრდას გლობალურ სპორტულ ღონისძიებებში.

პარტნიორობის ფარგლებში, „ლექსუსი“ ითამაშებს მთავარ როლს ATP ტურნირების განმავლობაში შერჩეულ პრემიუმ ბაზრებზე, მათ შორის, უზრუნველყოფს ტრანსპორტირებასა და ბრენდის გამოცდილებას ჩოგბურთის მოყვარული ელიტური აუდიტორიისთვისა და სპორტსმენებისთვის. ბრენდი უკვე ჩართულია პრესტიჟულ ღონისძიებებში, ისეთებში, როგორებიცაა Cinch Championships (Queen’s Club) და Rothesay International (Eastbourne) დიდ ბრიტანეთში, ასევე Fayez Sarofim & Co. ჰიუსტონში და სხვა. Lexus-ისა და ATP-ის კალენდრებში კი უკვე სხვა ახალი, საერთო ღონისძიებები და ტურნირებიც არის მონიშნული.

Lexus-ისა და ATP-ის პარტნიორობის აღსანიშნავი მომენტი იყო 2023 წლის Nitto ATP ტურნირის ფინალი, რომელიც 12-19 ნოემბერს იტალიაში, ქალაქ ტურინში გაიმართა. ელიტურ ტურნირზე მსოფლიოს ტოპ 8 ერთეული მოთამაშეები და წყვილთა გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. „ლექსუსი“ კი იყო ის ბრენდი, რომელიც სპორტსმენებს ტრანსპორტირებითა და მდიდრული გამოცდილებით ამარაგებდა. Nitto ATP Finals არის ATP სეზონის გვირგვინი და Lexus-ის მონაწილეობა ხაზს უსვამს მის ერთგულებას პრემიუმ გამოცდილებისა და მდგრადობისადმი.

ფიზიკური ჩართულობის გარდა, „ლექსუსი“ ATP ტურნირების მზარდ სოციალურ პლატფორმებზე ციფრული ექსპოზიციითაც სარგებლობს. ასეთია, მაგალითად, ATP Tour-ის Head2Head პროექტი. ATP Head2Head არის პოპულარული ფუნქცია ATP Tour-ის ვებსაიტზე, რომელიც საშუალებას აძლევს ჩოგბურთის მოყვარულებს შეადარონ თავიანთი საყვარელი მოთამაშეების მონაცემები და შედეგები. ეს ფუნქცია გვაჩვენებს ორ მოთამაშეს შორის გასული მატჩების დეტალურ სტატისტიკას და გულშემატკივრებს მოთამაშეთა დაპირისპირების შესწავლას უადვილებს. ATP Tour-ის ვებსაიტის ამ ინსტრუმენტის სპონსორი, სწორედ, „ლექსუსი“-ა, რომელიც აკავშირებს გლობალურ აუდიტორიას და ხაზს უსვამს ბრენდის ინოვაციურ მიდგომას მომხმარებელთა ჩართულობის მიმართ.

Lexus-ის პიონერული საქმიანობა გარემოს მდგრადობასა და მოდელების ელექტრიფიკაციაში სრულყოფილად შეესაბამება ATP-ის გარემოს დაცვით ამბიციებს. ATP Serves Initiative არის ATP Tour-ის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოზე პოზიტიური გავლენის მოხდენას ჩოგბურთის საშუალებით. ის ფოკუსირებულია სხვადასხვა სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე, როგორებიცაა: არაპრივილეგირებულ თემების მხარდაჭერა, განათლების ხელშეწყობა და კლიმატის ცვლილებების აღმოფხვრა. ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი მიზანია დაეხმაროს ATP Tour-ს 2040 წლისთვის მიაღწიოს ნახშირბადის ნულოვან გამონაბოლქვს. „ლექსუსი“, რომელიც გვთავაზობს ჰიბრიდული და სრულად ელექტრო ავტომობილების სრულყოფილ სიას, მხარს უჭერს ATP-ის ამ წამოწყებას, რაც ხაზს უსვამს ორივე ბრენდის ერთგულებას მდგრადობისადმი.

„ATP Tour-ი და Lexus-ის ბრენდები მოგვითხრობენ ინოვაციების, პერფორმანსისა და ბრწყინვალების ისტორიას,“ — აღნიშნა ATP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მასიმო კალველმა. Lexus-ისა და ATP-ის პარტნიორობა არის უნიკალური შემთხვევა და თაყვანისმცემლებს მსოფლიო დონის ჩოგბურთისა და საავტომობილო ტექნოლოგიების უნიკალურ ნაზავს სთავაზობს.

მაშიკო გიორგობიანი

View Comments (0)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top