გიორგი ჩხეიძის „გრამატიკა“

Ria Keburia Foundation

20.09.2024

გამოფენა სახელწოდებით „გრამატიკა“ მნახველს წარმოუდგენს მულტიმედია ხელოვანის, გიორგი ჩხეიძის ნამუშევრების სოლო პრეზენტაციას. 10 დღის განმავლობაში მან იმუშავა რია ქებურიას რეზიდენციის ფარგლებში, ამ დროში შექმნილი ნამუშევრების ნახვა მსურველებს ამბასადორის საგალერეო სივრცეში 19 სექტემბრიდან შეეძლება. ინტერვიუში ამარტასთან არტისტი გვესაუბრება მის ვიზუალურ ენაზე, გვიყვება იმ თემებზე, რომლებსაც ყველაზე ხშირად უბრუნდება და გვაცნობს თავის სამუშაო პრაქტიკას. უფრო კონკრეტულად კი განიხილავს რეზიდენციაში შექმნილ ნამუშევრებს და იდეებს მათ მიღმა.

მოგვიყევით თქვენი არტისტული კარიერის შესახებ, როგორ განვითარდა თქვენი ხელოვნება და რა გზა განვლო მან დასაწყისიდან დღემდე?

ჩემთვის ხელოვნება იყო სულიერი ძიების ერთ-ერთი გზა, მედიუმი რომლითაც  ფუნდამენტურ კითხვებზე იმ პასუხების გაცემას ვცდილობდი, რომლებსაც სხვაგან ვერ ვპოულობდი. აქედან გაჩნდა ჩემში ხელოვნება. ჩემი არტისტული კარიერა უშუალოდ ამ მომენტში შეიძლება არ დაწყებულა. ბევრი მიმართულებით ვცადე ამ სფეროში მუშაობა, ჯერ მსურდა წერა, შემდეგ დავინტერესდი რეჟისურითაც. ეს ყველაფერი უფრო ძიების პროცესი იყო და საბოლოოდ, მივხვდი კიდევაც რომ, ვიზუალთან მუშაობა ყველაზე ინტენსიურად ეხმაურებოდა ჩემს პრაქტიკას, შინაგან მდგომარეობას. მე ვსწავლობდი როგორ დამენახა სამყარო ვიზუალებით. 25 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ მთელი დრო დამეთმო ხელოვნებისთვის. ალბათ, ეს უეცარი გადაწყვეტილებაც კი იყო, თუმცა ყოველთვის ვიცოდი, რომ ხელოვნება იყო ჩემი სფერო და აბსტრაქცია მიმდინარეობა, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა.

ნამუშევრებში, რომლებსაც მიმდინარე გამოფენაზე წარადგენთ – ორგანული, დინამიური ფორმები ერწყმის აბსტრაქტულ ფონს… როგორ მიაგენით ამ ვიზუალებს, ფორმებსა და პატერნებს და რა იყო შთაგონება მათ მიღმა?

ერთი შეხედვით, აბსტრაქცია რამდენადაც თავისუფალია, იმდენად რთულია ამ თავისუფლებაში გზის გაკვლევა. უსაზღვროა აბსტრაქტულ ხელოვნებაში და მხატვრობაში შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აბსტრაქტული ფორმები არ მოდის არაფრიდან, ყოველთვის არის გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებული ინსპირაციები. ჩემ შემთხვევაში ეს გაცნობიერებულია – ყველაზე ხშირად ვეხმაურები ფიზიკურ სამყაროს ჩემს ირგვლივ, ვგულისხმობ ბუნებას. მეორე კი არის სპირიტუალური თემები, რომლებსაც ჩემი პრაქტიკის დიდ ნაწილს ვუთმობ. ამ საკითხებზე ფიქრი, ინფორმაციის მიღება, კითხვა  ძალიან მნიშვნელოვანია. რეალურად აქედან იქმნება ჩემი ვიზუალური ენაც, ფიზიკური და იდეური სამყაროს შერწყმით. არის ის, რასაც ვხედავ და ის რასაც, წარმოვიდგენ. მათი სიმბიოზი კი ქმნის პერსონალურ ხედვას, რომელიც შეულამაზებლად გადმომაქვს შემოქმედებაში. მაინტერესებს  პირველყოფილი ფორმები, იმის ჩვენება და დანახვა რაც არ მინახავს, რისი ნახვაც ხილულ სამყაროში შეუძლებელია. ალბათ, ეს სამყაროს ერთგვარი გადააზრებაც არის. ფორმები, პატერნები შეიძლება თუნდაც უბრალოდ ფოთლებს გამოსახავდეს. სიმარტივეს ვეძებ ამ ყველაფერში, ბოლომდე მეც არ ვიცი როგორი გამოვა შედეგი, მთელი პროცესი უფრო პრობლემის ამოხსნაა, გადაწყვეტა და ნამუშევარი კი შედეგი. ზუსტად ეს არის ჩემთვის ხელოვნება – პროცესის ამოხსნა. ასე ჩნდება  ფორმები, ქვეცნობიერად განისაზღვრება სამუშაო და სააზროვნო სივრცე. ხშირად ვიზუალები არის იმის პროდუქტიც, თუ რა მუსიკას ვუსმენ. ვთქვათ, ფერადი ტონალობები ჯაზს მოჰყვება ხოლმე. ისეც ხდება, რომ მონოქრომატულ ნამუშევრებში გამოვსახავ ბუნებას, თუმცა არა ისე როგორც ჩვენ მას ვიცნობთ, არამედ წარმოვიდგენ ხოლმე იმ დასაწყისს, როდესაც ყველაფერი შეიქმნა და ამ პერსპექტივიდან გამომდინარე ვმუშაობ.

ნახატებში ხშირად მეორდება ბუნების არაერთი ელემენტი, თითქოს ხდება პეიზაჟების გადააზრება, კონკრეტულ მომენტზე ყურადღების გამახვილება და მიახლოვება. არის თუ არა თქვენ ნახატებში ბუნება აბსტრაგირებული?

ამაზე ნაწილობრივ წინა კითხვაშიც ვისაუბრე. ბუნება აბსოლუტურად არის აბსტრაგირებული ჩემს ხელოვნებაში. ეს გამოწვეულია იქიდანაც, რომ სახელოვნებო პრაქტიკის ნახევარი სახელოსნოს გარეთ ვითარდება, ბუნებასთან ახლოს ყოფნის დროს, მცენარეებთან, მდინარეებთან, მათზე დაკვირვებით, შეგრძნებით, ჩემსა და მზეს შორის მანძილის განსაზღვრით, ჩემი და ამ სამყაროს ურთიერთობაზე ფიქრით. ძალიან პოეტური და პირადული სივრცეა ეს, სხვა ფორმით ამ ყველაფრის გამოხატვა არ წარმომიდგენია. თანამედროვე სამყაროში ადამიანი ბუნებას მოწყდა, თითქოს მისი ნაწილი აღარ არის, ხელოვნებით მასთან (ბუნებასთან) დაბრუნებას და მადლიერების გამოხატვას ვცდილობ.
ნახატზე მუშაობისას კადრების „ამოჭრა“,   კონკრეტულ ნარატივზე ყურადღების გამახვილება, დაახლოებასა და უფრო შიგნით შესვლას ეხმაურება, კონცეპციის ნაწილია ესეც.  ვფიქრობ, რომ კონცეპტუალური ხელოვნება არ არის მხოლოდ იდეა, ის არის ვიზუალური მეტყველება, ხედვის ახალი კუთხის შექმნა. ამ იდეაზე დაყრდნობით ვქმნი შეგრძნების, შიგნით ჩახედვის ხელოვნებას. ნამუშევარს აღვიქვავ შეგრძნების დონეზე, უკვე განსაზღვრული ფიზიკური სახის მიღმა რა სამყაროც არის მაგას გამოვსახავ. ხანდახან ამას პირიქით, უფრო დაშორებული პერსპექტივით ვცდილობ, ზედხედით. კონკრეტული დისტანცია ქმნის სხვადასხვა ნარატივებს.

თქვენ ნამუშევრებში იგრძნობა ტექსტურა, რაც თითქოს ახალ განზომილებას ქმნის და სცდება ბრტყელ ზედაპირს, ნამუშევარი ნახატზე მეტად ობიექტს უფრო ემსგავსება. რას წარმოადგენს ეს ობიექტები?

ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რომ ჩემი ხელოვნება სცდება ტრადიციულ აღქმებს. ხშირად ვაკეთებ პატარა ზომის ნამუშევრებს, რომლებიც შეიძლება ხელზე დაგეტიოს. ვფიქრობ, ხელში დაჭერილი ნახატი იშვიათობაა და მინდა, რომ გამოფენაზე იყოს ნამუშევრები, რომლის დაჭერას შეძლებ, მასალის შეგრძნებას, ტექსტურაზე დაკვირვებას, ასე უფრო ახლოს მიხვალ ნამუშევართან. ვიტყოდი, რომ ეს ობიექტები არის პორტალები, ისინი მაყურებელსაც და მეც აქამდე უცნობ ვიზუალებს გვთავაზობს. ერთ-ერთ სერიაში ვიმუშავე ამობურცულ ზედაპირებზე, 3 განზომილებიანი ეფექტის შექმნაზე. მგონია, რომ ეს მნახველს და ობიექტს შორის იწვევს რაღაც თამაშს. ის უყურებს სიბრტყეს, რომელზეც ხედავს რაღაც ილუზორულს, ეს მომენტი კი ალეგორია ხდება ცხოვრებასთან – ცხოვრება როგორც ერთი დიდი სიბრტყე, რომელზეც ამოიზნიქება კონკრეტული მომენტები.

რა თემას ეხება რეზიდენციის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები და როგორ ერთიანდება ეს ყველაფერი გამოფენის სათაურში?

ძირითადად ნამუშევრებს სახელებს არ ვარქმევ ხოლმე, რადგან ის უფრო კონკრერტული აზროვნებისკენ გიბიძგებს. სახელებს უფრო სერიებს ვარმქევ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერია არის „უცნობი”  – Uknown, ის რაც აღმოსაჩენია, უცნობი ზედაპირები, უცნობი ცა, უცნობი ნაწილები. რეზიდენციაში წამოსვლის წინ გადავწყვიტე, რომ სიცარიელეში აღმომეჩინა ახალი სამუშაო თემა და სააზროვნო სივრცე. ფორმები, რომლებსაც კაჭრეთში გამოფენილ ნახატებზე ნახავთ აქ მუშაობის დროს ნაპოვნია და ეყრდნობა საკმაოდ კონკრეტულ ინსპირაციებს. შეიძლება ესეც ვთქვათ: ხელოვანის კონკრეტულ დღეებში მიღებული ინსპირაცია, იქნება ეს სიჩუმე, მარტობაა და ა.შ. მანამდე ვმუშაობდი წაწვეტებულ ფორმებზე, რომლებიც აქ კიდევ უფრო ღრმად განვიხილე და აღმოვაჩინე მათი იდეური შიგთავსი, მნიშვნელობა. ყველა ფოთოლს თითქმის მსგავსი ფორმა აქვს, სადღაც წერტილში იწყება და შემდეგ რაღაც წერტილში მთავრდება; მერე მივხვდი რომ ხეც ასეთია, სადღაც აქვს ყველაზე წვრილი ფესვი და სადღაც ყველაზე მაღალი წერტილი. ალგორითმის დონეზე რომ დაიყვანო ეს მსგავსება და შემდეგ წარმოიდგინო, როგორც სქემა ან ფორმა, ის ემსგავსება კვერცხს, წაგრძელებული დასაწყისიდან დასასრულამდე. სამყაროც ასეთია, ჰქონდა დასაწყისი, რომელსაც ჩვენ დიდ აფეთქებას ვუწოდებთ და ალბათ დასრულდება კიდევაც. აქედან გამომდინარე, ამ სერიის სამუშაო სახელად შევარჩიე „ფორმა უნივერსალის“. მგონია, რომ რეზიდენციის შემდეგ ამ თემაზე კიდევ გავაგრძელებ მუშაობას. გამოფენის სათაური არის „გრამატიკა“. რეალურად ეს არის ტერმინი, რომელსაც უფრო ხშირად ვხმარობთ ლინგვისტიკაში და ასოცირდება ენაში წესრიგის დამყარებასთან, ქაოსში წონასწორობასთან, შენთვის გაუგებარი წყობის აზრის გამოტანაში. ეს თანმიმდევრულობა მსურდა გადმომეტანა გამოფენაშიც. ექსპოზიციაც იქნება წესრიგის მიხედვით აწყობილი, კონკრეტული კანონზომიერებების, ზომების, აღქმის სხვადასხვა წერტილების მიხედვით. საინტერესოა კურატორი როგორ შეკრავს სივრცეს და როგორ დაინახავს სხვა ადამიანი ჩემს ხელოვნებას.

როგორ ეხმაურება თქვენი ხელოვნება სამყაროში, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, არის თუ არა სოციალური საკითხები რომლებსაც გსურთ რომ შეეხოთ?

რეზიდენციის ფარგლებში შევქმენი ყველაზე დატვირთული და ექსპრესიული ხელოვნება, ზოგადად ვმუშაობ უფრო მინიმალისტურ ვიზუალზე. მინიმალიზმი ჩემში, არის პასუხი ქაოტურ და ინფორმაციულად საოცრად დატვირთულ სამყაროზე, რომელიც ჩვენს ირგვლივ არსებობს, სოციალურად, პოლიტიკურად, თუნდაც კონსიუმერიზმის სახითაც კი. მინიმალური ფორმები არის ჩემი რეაქცია მაქსიმალისტურ სამყაროზე, ამიტომ ვთვლი, რომ ეს ნამუშევრები აუცილებლად განიხილება სოციალურ და პოლიტიკურ ჭრილში. ჩემი აზრით, ყველა ხელოვნება პოლიტიკურია. სოციალურია იმ მხრივ, რომ შეიძლება ვიღაც წამით მაინც დააფიქროს სისადავეზე, ცოტაში დანახულ სიმრავლეზე, მინიმალიზმით შექმნილ ინტელექტუალურ სივრცეებზე. მაგალითად ცა, რომელსაც საკმაოდ ხშირად ვხატავ. ადამიანებს ცაში ახედვაც კი დაავიწყდათ; თუ ცაში იხედები ხვდები, რომ ეს სამყაროს დანახვის საუკეთესო გზაა და ეფემერული, მიწიერი, პოლიტიკურ-სოციალური ცხოვრების სხვანაირად აღქმის უნარს გიჩენს; ამასთან ერთად უშიშარი ხდები, თუ კარგად შეითვისე ცის სიდიდე, უსაზღვრობა. ამის ფონზე ბევრი რამ მნიშვნელობას კარგავს. ასე ვცდილობ ადამიანებს ალტერნატიული სამყაროები დავანახო.

რა რჩევას მისცემდით დამწყებ არტისტებს ?

იმუშაონ ძალიან ბევრი. მუდმივად იყვნენ ძიებაში და ზედმეტი სერიოზულობით არასდროს მიუდგნენ ერთ კონკრეტულ აღმოჩენას. ყოველთვის მეტი ეძებონ თავიანთ სამუშაო სფეროში. ამ გზაზე შენი სათქმელით, ერთი ადამიანის ცხოვრებაც რომ შეცვალო, უკვე ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევ. სწორედ ასეთი წარმატება არის ნამდვილი და მნიშვნელოვანი.

ესაუბრა თინა ჯანიაშვილი

Scroll To Top