02.09.2024
დიდი პაუზის შემდეგ ქართული კინო მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ლოკარნოს კინოფესტივალზე დაბრუნდა. ფესტივალის 77-ე გამოშვების საკონკურსო სექციაში „აწმყოს რეჟისორები“, ტატო კოტეტიშვილის „წმინდა ელექტროენერგიას“ „ოქროს ლეოპარდი“ გადაეცა და მთავარ ჯილდოსთან ერთად ახალგაზრდა ჟიურის პრიზიც დაიმსახურა.
ფილმის მოქმედება თბილისის გარეუბნებში ხდება და გვიყვება ნეონის ჯვრების გამყიდველ ორ ადამიანზე. გმირებს არაპროფესიონალი მსახიობები ბარტ ნიკოლი და გონგა თამაშობენ. ბიძისა და ძმისშვილის ისტორია, თანამედროვე საქართველოს მართლაც ძალიან ბევრი პრობლემის ფონზე ვითარდება. სოციალური არასტაბილურობა, ჭარბვალიანობა, გემბლინგი, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობის საკითხები ჩაქსოვილია ქართული კულტურის ისედაც ჭრელ ხალიჩაში.
მრავალფეროვნება ტატო კოტეტიშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმის თითქმის ყველა კადრშია ასახული. სტატიკური, დოკუმენტური კამერა აფიქსირებს კულტურის სიჭრელეს, რომელსაც სიყვარული კრავს. ალბათ ეს დეტალია ფილმის საერთაშორისო წარმატების მიზეზი. რეჟისორთან ინტერვიუ სწორედ ამ გამარჯვებაზე საუბრით დავიწყეთ.
როგორ შეხვდნენ ფილმს ლოკარნოში?
„წმინდა ელექტროენერგია“ ჩემი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია და ამიტომ, ლოკარნოს ფესტივალის კონკურსში მოხვედრა დიდი აზარტიც იყო. გამიმართლა და მთავარი ჯილდო მოვიპოვეთ. თუმცა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იქ მოსმენილი გამოხმაურებები აღმოჩნდა. ჩვენებები სავსე დარბაზში მიმდინარეობდა, რასაც საკმაოდ აქტიური დისკუსიები მოჰყვებოდა; ასევე ძალიან ბევრი ადამიანი კითხვის დასასმელად და აზრის გასაზიარებლად პირადად მოდიოდა. შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა, რადგან ჩემი ფილმი სწორად აღიქვეს და იგრძნეს.
ასევე საინტერესო იყო პრესა; რამდენიმე კარგი რეცენზია დავიმსახურეთ და რაც მთავარია, ბევრი პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ Letterboxd-ზე, სადაც ჩვენებების შემდეგ მაყურებლებმა თავიანთი მოსაზრებები დაგვიწერეს. ზოგისთვის მთავარი ვიზუალური მხარე იყო, ზოგისთვის – გონგას ისტორია, ზოგისთვის კი – ბარტის. ჩემთვის სასიამოვნოა, როდესაც მაყურებელი ფილმს თავისებურად აფასებს. ჩემთვის ფილმის წაკითხვის ყველა ვერსია ნამდვილია. ესეიგი „წმინდა ელექტროენერგია“ ცოცხალი ფილმია და შესაძლებელია მისი განსხვავებულად ამოხსნა.
დაჯილდოების ცერემონიაზე შენ ქართულ კინოში მიმდინარე პროტესტს შეეხე. რა იყო შენი მიზანი?
მანამდე პროტესტში აქტიურად არ ვიყავი ჩართული, თუმცა ჩემს კოლეგებს ყოველთვის სოლიდარობას ვუცხადებდი. ამის მიზეზი ფილმზე მუშაობის დასკვნითი ეტაპი იყო. 450-ზე მეტი ადამიანი, რომლებსაც ცვლილებები უნდათ, ცდილობს კულტურის სამინისტროს მიაწვდინოს ხმა, მაგრამ მათ არავინ უსმენს. საწყენია, რომ ამდენი ხნის გასვლის შემდეგაც მდგომარეობა არ იცვლება. ჩემი მოტივაცია სწორედ ეს იყო, რომ ლოკარნოს ფესტივალის პლატფორმა პროცესის დაძვრისთვის გამომეყენებინა. ასეთ რეჟიმში ახალ ქართულ ფილმებს ვერავინ გადაიღებს, ამიტომ საჭიროა გამოსავლის მოძებნა.
არის თუ არა შენ ფილმში პოლიტიკა?
ინსპირაციას ვიღებ გარემოდან და ადამიანებიდან, რომლებიც ამ გარემოში ცხოვრობენ. ჩემი გმირები ძირითადად არიან ნამდვილი ადამიანები, რომლებიც საკუთარ სახლებში ცხოვრობენ საკუთარი ნამდვილი ისტორიებით. სცენარიც მათი მიხედვით იცვლებოდა; ამიტომ ამ ფილმში ყველაფერია, რაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია.
სცენარის იდეა როგორ დაიბადა?
ფილმის იდეა ძალიან დიდი ხნის წინ გამიჩნდა. ინსპირაცია იყო ჯვრები, რომლებსაც ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტ ადგილზე ვხედავთ, მაგალითად, გზებზე, შენობების სახურავებზე და ა.შ.. ასევე იმ პერიოდში ვიცნობდი ერთ ადამიანს, რომელიც ჯართზე იშვიათ ნივთებს ეძებდა და საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად ყიდდა. მასთან საკმაოდ გამოსადეგი ნივთები იშოვებოდა, შესაძლებელი იყო შეკვეთის მიცემაც და რამდენიმე დღეში ის სასურველ ნივთს მოგიტანდა. მაგალითად, მასთან მიყიდია კამერის ძველი შტატივი და თან ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ადამიანი არ ქურდობდა და ყველა ნივთს ჯართზე პოულობდა. ეს ორი ხაზი დროთა განმავლობაში ბუნებრივად შეერთდა. თავიდან ვფიქრობდი პერსონაჟზე, რომელიც ჯართზე შეგროვებულ ჯვრებს ნეონის განათებას დაუმაგრებდა და გაყიდდა. სცენარს ჯერ არ ვწერდი, მხოლოდ სცენებს ვაგროვებდი – სცენებს და პერსონაჟებს. შემდეგ ეს იდეა ირინა ჟორდანიას მოვუყევი და დავიწყეთ სცენარზე მუშაობა, მოგვიანებით ნუცა წიქარიძეც შემოგვიერთდა.
როგორ აღმოაჩინე მთავარი გმირები?
სცენარში ცვლილებები მუდმივად შეგვქონდა. ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობის დროს გავიცანი ბარტი. პროექტი LGBT+-ის თემს ეძღვნებოდა, ბარტი კი როგორც ტრანსგენდერი კაცი ერთ-ერთი პერსონაჟი იყო. მომხიბლა კამერასთან მისმა თავისუფალმა ურთიერთობამ და იმპროვიზაციის უნარმა. საუბრის მერე ფილმში მონაწილეობაზე დამთანხმდა, ამიტომ სასწრაფოდ შევიტანეთ სცენარში ცვლილება. შემდეგ გაჩნდა ბარტის მეწყვილის იდეა. ფილმი იწყება ბარტის ძმის სიკვდილით. ბიძა და ძმისშვილი დასაფლავების შემდეგ ერთად იწყებენ მეორადი ნივთების შეგროვებას. შემდეგ ჯართში სკივრს პოულობენ ძველი ჯვრებით და ასე იწყება ნეონის ჯვრების ბიზნესიც. გონგაც შემთხვევით აღმოვაჩინე. „წმინდა ელექტროენერგიის“ მემონტაჟე ნოდარ ნოზაძე დოკუმენტურ ფილმზე მუშაობდა, რომელიც ქუთაისელ მუსიკოსებს ეხებოდა. ერთ-ერთი გმირი გონგა იყო. მან მანახა ის და მივხვდი, რომ ძალიან ჰგავდა ჩემი ფილმის პერსონაჟს. როგორც კი დამთანხმდა, სცენარში მორიგი ცვლილება შევიტანეთ. ბარტის შემთხვევაში თუ მთავარი გმირი ტრანსგენდერი კაცი გახდა, რადგან გონგა კლარნეტზე უკრავს და როკს უსმენს, მის პერსონაჟსაც ეს დეტალები დავუმატეთ. პერსონაჟებსაც მსახიობების სახელები დავარქვით.
მამისა და შვილის ურთიერთობა მთავარ დრამატურგიულ ხაზად როდის აირჩიე?
ფილმზე ხუთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი. თავიდან მთავარი პერსონაჟები მეგობრები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა ბევრი ტრანსფორმაციის შემდეგ მივედით ბარტისა და გონგას პერსონაჟებამდე. მამისა და შვილის ურთიერთობის თემამდეც ასევე შემთხვევით მივედი. სცენარის წერის დროს ქუჩაში მამაჩემის მეგობარი შემხვდა, რომელმაც მითხრა, რომ სახლი კრედიტის გამო დაკარგა. ჩემთან ცხოვრება შევთავაზე და ერთი კვირის ნაცვლად მასთან ერთად სამი თვე ვიცხოვრე. ბარტის პერსონაჟს ბევრი თვისება სწორედ ამ ადამიანისგან ერგო.
როგორია ბარტისა და გონგას ურთიერთობა?
ვცდილობდით ფილმი ქრონოლოგიურად გადაგვეღო. პირველ დღეს სწორედ პანაშვიდის სცენა გადავიღეთ. ბარტი და გონგა ჯერ არ იცნობდნენ ერთმანეთს და როგორც ფილმში, ისე გადასაღებ მოედანზეც მათ შორის კავშირი იმ მომენტში იბადებოდა. მათი ურთიერთობა გარკვეული ვალდებულებით იწყება, თუმცა საბოლოოდ ისინი დამეგობრდებიან. სანამ ეს მოხდება გმირები იჩხუბებენ, სხვადასხვა კუთხით გაიცნობენ ერთმანეთს, ბევრ აღმოჩენას გააკეთებენ, თუმცა შეძლებენ პატიებასაც. თუმცა ფილმს ღია დასასრული აქვს და არ ვიცით, როგორ განვითარდება მათი ურთიერთობა.
ფილმში ძალიან ბევრი პერსონაჟია, რომლებიც გარემოს „ფაზლივით“ ავსებენ. როგორია შენთვის ეს გარემო?
ფილმს აქვს მშვიდი ტემპი. ჩხუბიც კი ფილმში ძალიან მშვიდად მიმდინარეობს, რომელიც სუფრითა და სიმღერით მთავრდება. ეს გარემო ეკლექტურია და ემოციებით დატვირთული. ძალიან ბევრი პრობლემის მიუხედავად, ფინალში უკეთესი მომავლის იმედი და სიყვარული რჩება. არ არსებობს ერთმნიშვნელოვნად ცუდი და კარგი, მთავარია თანაგრძნობა და სხვისი გაგება. სწორედ ამის ჩვენება მინდოდა „წმინდა ელექტროენერგიაში“.
ესაუბრა
გიორგი რაზმაძე