ვაზისუბნის მამული

დროში შენახული ტრადიცია

10.08.2024

ის რომ ღვინო ქართული იდენტობის ნაწილია, ამას 8000 წლის წინ აღმოჩენილი ანტიკური ეპოქის არტეფაქტი და მატერიალური წყაროებიც მოწმობს. ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში საქართველოს ორივე ნაწილში აღმოსავლეთსა და დასავლეთში ფართოდ იყო გავრცელებული ვაზის კულტურა. კავკასიის, ამ კონკრეტულ გეორგაფიულ არეალში, ღვინის კულტურა, რომ დაიბადა და ჩამოყალიბდა, კანონზომიერი და სამართლიანია. ამ კანონზომიერებამ განაპირობა ქართველების  ხასიათი, ქცევა, მათი ღვინოსთან დამოკიდებულება და ზოგადად გენეტიკური მეხსიერების  ჩამოყალიბება. ამ უკანასკნელმა განსაზღვრა ქართველი ადამიანის ცხოვრების წესი, ეთნოფსიქოლოგია, ტემპო-რიტმი, ხასიათი, წარსული, აწმყო და მომავალი.

მე სწორედ ამ „მომავალზე“ მინდა გესაუბროთ, რომელმაც დროში შეინახა ქართული ღვინის უნიკალური წარსული და თანამედროვე ქართული სტუმართ-მასპინძლობის  ყველაზე შთამბეჭდავ სახე-ხატად იქცა. „ვაზისუბნის მამული“ მე-19 საუკუნის მიწურულს, კახეთში  სულხან ჭავჭავაძემ  დააარსა. სახელგანთქმულმა თავადმა იშვიათი სახეობის ვენახები გააშენა, სახლს და ვენახებს საგანმანათლებლო-კულტურული ფუნქცია შესძინა, საქმიანობის მასშტაბიდან გამომდინარე  მეღვინეობის დარგში თავის თანამედროვე ეპოქაში უპირობო ინოვატორად იქცა.

1891 წელს დაარსებული უნიკალური მამული დროსთან ერთად მუდმივად იცვლიდა ფორმას და შინაარსს. სულხან ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ვენახები, რომანოვების სასახლის ნაწილად იქცა. საბჭოთა საქართველოს ეპოქაში კი, ეს ტერიტორია ექსპერიმენტულ ბაზად გადაკეთდა. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ასევე აისახებოდა მამულის იერსახეზე. მრავალი წლის განმავლობაში ვაზისუბნის მამული უფუნქციოდ იყო მიტოვებული და დროთა განმავლობაში ოდესღაც აყვავებული მეურნეობა თავის ისტორიასთან ერთად განადგურების პირას დადგა.

მისი ხელახალ დაბადების თარიღად 2013 წელი იქცა. ძლიერი იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანების ჯგუფმა ისტორიული ძეგლის და უნიკალური მეხსიერების მქონე ადგილისგან ახალი იდენტობის შექმნა განიზრახეს: „ვაზისუბნის მამულ“-მა დაიბრუნა ძველი იერსახე, შეიძინა ახალი ფუნქცია, წარსულისა და აწმყოს შერწყმით ის აგრძელებს თანამედროვეობის თვითგამოხატვის ფორმებით საუკუნოვან ისტორიას. ვენახები, რომელთაც დასაბამი მე-19 საუკუნეში ჰქონდა, ხელახლა გაშენდა. ფუნქცია დაუბრუნდა 140 წლის გაუქმებულ ღვინის მარანს, რესტავრაცია ჩაუტარდა უნიკალური არქიტექტურის სასახლეს, რომელიც დღეს უკვე 19 ნომრიანი თანამედროვე ბუტიკის ტიპის სასტუმროა, ულამაზესი ბაღით გარშემორტყმული, სადაც ასწლოვანი ხეები და უიშვიათესი მცენარეთა სახეობები ხარობს.

კახეთის სტუმართმოყვარე მიწაზე „ვაზისუბნის მამული“ თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტუმრებისთვის „მეორე სახლის“ ფუნქციას ითავსებს. უწყვეტი მეღვინეობის ტრადიციით, უგემრიელესი ადგილობრივი სამზარეულოს კერძებით, ეს არის ადგილი სადაც სხვადასხვა ტიპის, ინტერესებისა და საქმის ადამიანები თავის უნიკალურ გამოცდილებას შეიძენენ და დროს სასიამოვნოდ გაატარებენ: იქნება ეს ოჯახური, და მეგობრული შეკრება, საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული განსაკუთრებული მომენტები, საქმიანი დიდი გადაწყვეტილებების მიღება, თუ უბრალოდ  საკუთარ თავთან და ბუნებასთან ურთიერთობა. ეს არის  სივრცე გარემოსა და ადამიანებზე ზრუნვისთვის. ეს არის მამული, რომელიც ღვინის მოყვარულების ცხოვრების ნაწილი გახდა.

სასტუმრო, სადაც ამ პროცესს პატივს სცემენ და სტუმარი უნიკალურ გამოცდილებას შეიძენს, ისტორიული წარსულის თანამედროვე ინტერპრეტაციაა. პროგრესული საზოგადოებისთვის ეს დაკარგული თავშეყრის ადგილი ინგლისელი და ქართველი არქიტექტორების და დიზაინერების გუნდის მიერ დახვეწილ ბუტიკის ტიპის სასტუმროდ გარდაიქმნა. 19 ოთახი, სადაც თითოეული მათგანი სავსეა მზის ბუნებრივი სინათლით და ინტერიერი, რომელიც ინარჩუნებს მის განსაკუთრებულ ისტორიასთან შეხების წერტილს.

მნიშვნელოვანია, რომ ოთახებს აქ ისევ აქვთ თავის ისტორიული ელფერი, რომელიც თანამედროვე შტრიხებთან, ფერებთან და ფაქტურასთან ერთად აბალანსებს ოთახში სივრცის შეგრძნებას. თითოეული ოთახი გამორჩეულია სახასიათო დიზაინით, აქ გამოყენებული ფერთა პალიტრით და ავეჯით. ქართველი და ბრიტანელი არქიტექტორებისა და დიზაინერების გუნდი დაუღალავად მუშაობდა მამულის თანამედროვე იდენტობის შესაქმნელად, რომელსაც ასევე შეუნარჩუნდა ტრადიციული ელეგანტურობა და დამახასიათებელი ხიბლი.

თითოეული ოთახის უნიკალურ ატმოსფეროს სპეციალურად „ვაზისუბნის მამულისთვის“ შეძენილი  ვიქტორიანული ავეჯი ქმნის, ეს უკანასკნელი კი დიდი ბრიტანეთის აუქციონებზე შეირჩა. აღსანიშნავია Mallams Auctioneers, ერთ-ერთი უძველესი აუქციონერების გაერთიანება, რომელიც ოქსფორდში 1788 წლიდან ფუნქციონირებს, Moore Allen & Innocent, რომელიც ბრიტანეთში 1845 წლიდან იღებს სათავეს და 1759 წელს დაარსებული Dreweatts, აუქციონერთა წამყვანი საზოგადოება, რომელიც ბრიტანეთში იშვიათ კოლექციებს ფლობს.

რაც შეეხება ექსტერიერს, ის ჰოლისტურ თანხვედრაშია  სეზონურ პალიტრებთან. მამულის რეაბილიტაციისას სრულად აღდგა გარე ფასადი, დაუბრუნდა და შენარჩუნდა მისი ავთენტური სახე, რადგან ყველაზე მძაფრად მე-19 საუკუნის ეპოქის სულს, მის ისტორიულ-კულტურულ კონტექსტს სწორედ შენობის ექსტერიერი ასახავს.

ცალკე უნდა აღინიშნოს, „ვაზისუბნის მამულის”  უნიკალურ ბაღი.  ის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, სადაც სასტუმრო, რესტორანი და მარანი უნიკალური ბოტანიკური ბაღის შუაგულ ნაწილში ექცევა. პარკი 1.5 ჰექტარზე იშლება და  იშვიათი ასწლოვანი ეგზოტიკური მცენარეების სახეობებს იტევს. საქართველოში ყველაზე დიდი ზომის ურთხელი, გიგანტური ჰიმალაის კედარი, ქაღალდის ხე, ვერხვი, ამერიკული აკაცია, ცაცხვის ხეები, ცხენისწაბლა, ბიოტა, კვიპაროსი, ფიჭვი, საქართველოს ენდემური რელიქტი კოლხური ბზა სწორედ ამ ბაღის ისტორიის ნაწილია.

ეკოლოგიური კლიმატური პირობების ცვლილების მიუხედავად, ბაღში არსებული თითოეული სახეობა ადაპტირებულია კახეთის მშრალ სუბტროპიკულ კლიმატთან, თითქმის ყველა სახეობა ბოტანიკურად ჯანსაღია და მამულში სპეციფიკურ მიკროკლიმატს ქმნის. ამ მცენარეებით შექმნილი უნიკალური ოაზისი,  სეზონურად იცვლის იერს და ფერს,  ამ ბაღში შეიგრძნობთ წელიწადის ყველა დროს.

დღეს როცა ცხოვრების რიტმი  გეომეტრიული პროგრესიით აჩქარდა, სტრესი კი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა, „ვაზისუბნის მამულის” ბაღის მშვიდი ატმოსფერო უნიკალური შესაძლებლობაა ფეხით სეირნობისთვის, პიკნიკისთვის, განმარტოებისთვის ან უბრალოდ მზიანი დღეებით ტკბობისთვის. მამულის ირგვლივ 400 მეტრზე გაშლილია ტყეში ჩაფლული ბილიკები, რაც მამულის ვიზიტორებს საშუალებას აძლევს დატკბნენ თვალწარმტაცი ბუნებით.

მათ ვისაც, ქალაქიდან შორს, ახალი გამოცდილების შეძენა სურს  „ვაზისუბნის მამული” უნიკალურ მულტიფუნქციურ, შემოქმედებით სივრცეს სთავაზობს. ეს ახალი სივრცე მამულის სტუმრებისთვის დროის საინტერესოდ გასატარებლად ახალ ალტერნატივებს ქმნის. შერჩეული დიზაინი მიზნად ისახავს უშუალობისა და კომფორტის ისეთ ერთიანობას, რომელიც შიდა და გარე ლოკაციებს ერთიან კომპოზიციად აქცევს. სივრცეზე ახალგაზრდა არქიტექტორების გუნდმა, Kera Arch.- მა იზრუნა. ბუნებრივი სინათლის სიუხვეს ამ გარემოში აგურის თაღების აგების შემდეგ განსაკუთრებულად ვგრძნობთ. ფერები, ქსოვილები, განათება და ავეჯი გამორჩეულად მყუდრო და კომფორტულ გარემოს ქმნის. არე სწორედ ისეთი ადამიანებისთვისაა შექმნილი, რომლებიც სიმშვიდესა და განტვირთვასთან ერთად სიახლეებს და შთაგონებას ეძებენ.

მამულის ისტორია  ექსტერიერით იწყება და ინტერიერში გრძელდება: ახალი კერძების, გემოების აღმოჩენის შესაძლებლობასთან ერთად, სპეციალურად შექმნილია ღვინის სადეგუსტაციო ოთახი, სადაც  გამოცდილი სომელიეები მასპინძლობენ  სტუმრებს . კულინარიული ექსპერიმენტები ღვინის თანხლებით  დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა  გურმანი თავგადასავლების მაძიებელთათვის. მნიშვნელოვანია, რომ  „ვაზისუბნის მამულის” სტუმრებს თანამედროვე, მინიმალისტურ გარემოში განახლებული კახური სამზარეულო უმასპინძლებს.  თანამედროვე ქართულ სამზარეულოში ერთ-ერთი გამორჩეული შეფი, ქეთი ბაქრაძე, მაქსიმალურად ითვისებს ადგილობრივ ინგრედიენტებს, გამოირჩევა ტრადიციული სამზარეულოს მიმართ ექსპერიმენტული მიდგომით, ქმნის ახალ გემოებს და გურმანებს გასტრონომიულ მოგზაურობაში იწვევს. ექსკლუზიური კერძები მხოლოდ ადგილზე დასაგემოვნებლად მზადდება, გაჯერებულია მამულის ბაღში მოყვანილი პროდუქტის არომატით და სრულყოფილებისთვის, „ვაზისუბნის” მაღალი ხარისხის ღვინით ქმნის თქვენს უნიკალურ  გამოცდილებას.

მამულის ღვინო, კი ცალკე ამბის მოყოლას ითხოვს. თავისი ისტორიით, უნიკალურობით, ხარისხით… ვენახები  კახეთის უნიკალურ მიკროზონაში მდებარეობს, რომელიც იდეალურია ისეთი ენდემური ჯიშების კულტივაციისთვის, როგორიცაა საფერავი, რქაწითელი, ქისი, ხიხვი და კახური მწვანე. „ვაზისუბნის მამულში“ მთავარი მეღვინის, ლადო უზუნაშვილის მეთვალყურეობის ქვეშ ყოველწლიურად ქვევრის და ევროპული ღვინო იწარმოება.   თითოეული ბოთლი ქართული ღვინის ანტიკურ წარსულს და სულხან ჭავჭავაძის ტრადიციებს აცოცხლებს.

ნიადაგის მოვლიდან ვაზის ფორმირებამდე, მოსავლის აღებიდან ღვინის ბოთლებში დაძველებამდე – წარმოების ამ ციკლში მეღვინეობის კარგად გამოცდილი თეორიები პრაქტიკაში განსხეულდა. Მთელი ეს პროცესი წლის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს და საბოლოოდ გასაოცარ შედეგებს იძლევა.

ეს „აღდგენილი წარსული” კი მამულის  140 წლის უნიკალური ღვინის  ავთენტურ მარანში ინახება, სადაც ძირძველი ტრადიციები ღვინის დაყენების რიტუალად იქცა. დღეს მარანი „ვაზისუბნის მამულის”  სავიზიტო ბარათია და კვლავაც ელის თავის ახალ სტუმარს უნიკალური შეგრძნებებისა და გამოცდილებების მისაღებად.

ნენო ქავთარაძე

Scroll To Top