02.08.2024
დიდი ხანია მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველ საშოპინგე სამიზნედ აუთლეტ-ვილიჯები მოინიშნა, ამიტომ გასაკვირი არაა რომ ისინი სულ უფრო და უფრო ტრენდული ხდება. საგულისხმოა, რომ ცნობილი ბრენდები აუთლეტ-მაღაზიების ვიზიტორებს უკვე მათთვის სპეციალურად წარმოებულ კოლექციებს სთავაზობენ, ამიტომაც მსგავსი კონცეფციის სავაჭრო ცენტრები უფრო მიმზიდველი ხდება მოდის მოყვარულთათვის. საქართველოში მსგავსი საშოპინგე გამოცდილებით განებივრებულები არ ვართ, თუმცა საზღვარგარეთ მოგზაურობისას რთულად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც იმ ქვეყნის აუთლეტ ვილიჯზე ინფორმაცია არ მოეპოვებინოს იქ საშოპინგედ წასვლის მიზნით.
დიდი სიურპრიზი ქართველებს და არა მხოლოდ! 2024 წლის დეკემბრიდან, თბილისიდან სულ რაღაც 30 წუთის სავალზე, ჩვენი დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კავკასიურ გზაჯვარედინზე, მომავლის მოდის ქალაქი – Tbilisi Outlet Village გიმასპინძლებთ პრემიუმ ბრენდების შთამბეჭდავი მიქსით და დივერსიფიცირებული გასტრონომიული ახალ-ახალი გამოცდილებებით. ეს რეგიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მეგა პროექტია, რომელიც საქართველოში ტურიზმის მკვეთრ ზრდას შეუწყობს ხელს. წინასწარი პროგნოზებით, აუთლეტ ვილიჯის გახსნიდან სამი წლის განმავლობაში სტუმრების რაოდენობა 7 მილიონი გახდება.
იმის გამო, რომ თბილისი მსოფლიო მოდის რუკაზე უკვე მონიშნულია, საერთაშორისო ბრენდები პოზიტიურად ეხმაურებიან ჩვენს ქვეყანაში ამ წამოწყებას და ადასტურებენ მათ ინტეგრირებას ამ პროექტში. მსგავსი ბრენდების ბაზარზე შემოყვანა უდაოდ დაეხმარება მოდის ინდუსტრიის მნიშვნელოვან ზრდას საქართველოში. კონტრაქტების დიდი ნაწილი საშუალო ან პრემიუმ ბრენდებთან გაფორმდა. გაგაცნობთ რამდენიმე კომპანიის წარმომადგენლის მოსაზრებას:
ARMANI. ვატო მაჭავარიანი, კომპანია „ნაბუ“-ს მმართველი პარტნიორი:
„ჩვენ სიამოვნებით ვუერთდებით Tbilisi Outlet Village-ის პროექტს, რადგან წარმოვადგენთ ჯგუფს, რომელიც ინოვაციური და ხარისხიანი კონცეპტუალური სივრცეების მუდმივ ძიებაშია. TORG International-ის მრავალწლიანმა გამოცდილებამ და Tbilisi Outlet Village-ის მთელი გუნდის დაუღალავმა შრომამ შთაგვაგონა და დაგვარწმუნა ამ პროექტის უთუო წარმატებაში. Tbilisi Outlet Village-ის გახსნისთვის ჩვენი პორტფოლიოს კიდევ უფრო მეტი ბრენდის შემოტანას განვიხილავთ“.
Nike, Adidas და Puma. თემურ ლეკვეიშვილი, TGL ჯგუფის პარტნიორი:
„ჩვენი ბრენდების ზედმეტი რაოდენობით რეალიზაცია ასეთი მოწესრიგებული და კონტროლირებადი გზით, ყოველთვის საინტერესოა ჩვენთვის. როდესაც Tbilisi Outlet Village-მა მათი კონცეფცია წარმოგვიდგინა, სეზონის კოლექციების ბოლო ნიმუშების სარეალიზაციოდ გათვლილ კომფორტულ და ხარისხიან გარემოზე, მაშინვე აღვფრთოვანდით და ერთერთი პირველები შევუერთდით მათ ჩვენი სამივე ბრენდით“.
Lutecia. ქეთი ტორონჯაძე, კომპანია „ლუტეცია“-ს (საქართველოს წამყვანი პარფიუმერული ქსელის) მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი:
„როდესაც გავეცანით Tbilisi Outlet Village-ისა და TORG Management გუნდის პრეზენტაციას სასტუმრო „ჰილტონ“-ში მიმდინარე წლის აპრილში, თუ როგორ ითანამშრომლებენ ისინი მაღაზიებთან და როგორი მარკეტინგული სტრატეგია აქვთ მათ დაგეგმილი ობიექტის გახსნისთვის და ასევე მთელი წლის განმავლობაში, დიდი სურვილი გაგვიჩნდა სისრულეში მოგვეყვანა მათთან ხელშეკრულება ყველა დეტალის გათვალისწინებით. მართლაც მოუთმენლად ველით 2024 წლის დეკემბერში მის გახსნას.“
Portmeirion. მარიამ შანშიაშვილი, Portmeirion Georgia-ს (დიდი ბრიტანეთის საკულტო ჭურჭლის ბრენდი) მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი: „Tbilisi Outlet Village-ის პროექტის წინსვლისა და აშკარა პოტენციალის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ დიდი ბრიტანეთის ჭურჭლის საკულტო ბრენდი – Portmeirion, საქართველოში პირველად სწორედ ამ სივრცეში წარმოვადგინოთ. დარწმუნებული ვარ, რომ Portmeirion-ის უზადო ხიბლი მოიზიდავს Tbilisi Outlet Village-ის საუკეთესო მომხმარებლებს“.
სიურპრიზები ამით არ მთავრდება! ტერიტორიაზე განთავსებული სხვადასხვა კულინარიული კონცეფციის კვების ობიექტები ვიზიტორებს უნიკალურ გასტრონომიულ გამოცდილებას შესთავაზებს. ჯამში 8 კაფე-რესტორანთან და საკვებ ჯიხურებთან სრულდება მოლაპარაკებები, რომლებიც პირველ ფაზაშივე Tbilisi Outlet Village-ის სივრცეში იმკვიდრებენ ადგილს. არჩევანი საკმაოდ ფართო იქნება, რომელიც მოიცავს როგორც ქართულს ისე აზიურს, იტალიურს და სხვა ქვეყნების სამზარეულოს.
Tbilisi Outlet Village იქნება სივრცე, სადაც გაერთიანდება გასტრო-ობიექტები, დასასვენებელი ადგილები და ამავე დროს საშუალება გექნებათ ეზიაროთ მსოფლიო ბრენდებს თქვენი ფავორიტი ქართველი დიზაინერების კოლექციებთან ერთად. შეგახსენებთ, რომ ობიექტის სტრატეგიული ადგილმდებარეობა, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მხოლოდ 30 წუთის მანძილზე, E60 მაგისტრალზე, განაპირობებს მნიშვნელოვან ტრანსსასაზღვრო ვიზიტორთა დინებას აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან. ის ახლოს არის ამჟამინდელ აეროპორტთან, ხოლო უახლოეს წლებში გზად იქნება დაგეგმილ მთავარ ახალ საერთაშორისო აეროპორტისა და საფეხბურთო სტადიონისკენ. Tbilisi Outlet Village, რომლის გახსნაც 2024 წლის დეკემბერში იგეგმება მოიცავს 12.500 კვ.მ საცალო ბიზნესის ფართს (ფაზა 1), თუმცა მომდევნო 3 წლის მანძილზე დაგეგმილია მისი გაფართოება 20.000 კვ.მ-მდე. პროექტი, რომელიც დაფინანსებულია Domus ჯგუფის მიერ TBC ბანკის მხარდაჭერით, გეგმავს საქართველოში საცალო ბიზნესის ახალი სტანდარტის დამკვიდრებას, სადაც სინთეზში მოვა ტრადიციული ქართული არქიტექტურის ელემენტები თანამედროვე დიზაინთან.
თბილისი აუთლეტ ვილიჯი-ს პარტნიორი მსოფლიოს ტოპ კომპანიებში შემავალი ამერიკულ-ევროპული აუთლეტ მენეჯმენტ კომპანია TORG International-ია. TORG-ის ფართო სპექტრი მოიცავს საერთაშორისო საცალო გამოცდილებას, პროექტების შემუშავებას, დაფინანსებას, მარკეტინგის, ლიზინგის და აქტივების მენეჯმენტს, ის დღეისათვის ათეულობით აუთლეტს მართავს აშშ-სა და ევროპაში. მათი მიზანია თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის #1 აუთლეტად აქციონ. Torg-მა ამ პროექტზე 2020 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა. 2021 წელს კი ქალაქ ვარშავაში, ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე სახელად Europa Property CEE Investment Awards, მას მიენიჭა პრიზი – Project of the Future, ანუ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წლის მომავლის პროექტის სტატუსი.
მსგავსი გრანდიოზული პროექტები, საქართველოს თანამედროვე მსოფლიოს ცხოვრების სტილის სტანდარტებთან აახლოვებს. ჩვენი ქვეყნისთვის ეს ეტაპი უმნიშვნელოვანესია. გარდა იმისა რომ ქართველებს შაბათ-კვირის გატარების შესანიშნავი ადგილი გაუჩნდათ, საქართველოს შეემატა კიდევ ერთი მიზეზი გახდეს მთელი რეგიონის ტურიზმის ეპიცენტრი. თბილისი აუთლეტ ვილიჯ-ის პროექტის განხორციელებამ, ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე უკვე ახალ ამპლუაში წარმატებით მონიშნა.