რატომ ვშუპდებით ფრენისას?…

13.05.2024

თვითმფრინავით მოგზაურობას გააჩნია უამრავი გვერდითი მოვლენა: ე.წ. ჯეტ ლეგი, გაციება, გამოუძინებლობა ხმაურიანი მგზავრების გამო და ა.შ. თუ ხშირად დაფრინავთ, დიდი ალბათობით ასევე გამოგიცდიათ კიდურების ან სახის შეშუპება. ეს იმიტომ ხდება რომ, ხანგრძლივი საჰაერო მოგზაურობა იწვევს „კანქვეშა შეშუპებას“, რომელიც ხასიათდება კანის შეშუპებითა და შესიებით, განსაკუთრებით თვალების და კიდურების გარშემო. შევეცდებით ავხსნათ, თუ რატომ ხდება ეს და რა უნდა გავაკეთოთ მის თავიდან ასარიდებლად.

დეჰიდრატაცია ანუ გაუწყლოება –  წარმოადგენს თვითმფრინავით მოგზაურობის ყველაზე გავრცელებულ შედეგს, რომელიც დგება თვითმფრინავის სალონში არსებული მშრალი ჰაერისა და სითხის არასაკმარისი მიღების გამო. კანი, როგორც სხეულის ყველაზე დიდი ორგანო, განსაკუთრებით მგრძნობიარეა დეჰიდრატაციით გამოწვეული ცვლილებების მიმართ. ის ხდება ფერმკრთალი, მშრალი და შუპდება განსაკუთრებით თვალების ქვეშ ნაზი უბნების ირგვლივ  (გამოწვეული სხეულის ქსოვილებში ჭარბი რაოდენობის სითხის შეკავების გამო).

სალონის წნევის მერყეობა – შემდეგი ფაქტორია, რომელიც აძლიერებს შეშუპებასა და შესიებას თვითმფრინავით მოგზაურობისას, რადგან კომერციული ფრენები ახორციელებენ ფრენებს ისეთ სიმაღლეებზე, სადაც ატმოსფერული წნევა მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ზღვის დონეზე. აქედან გამომდინარე, სალონი საჭიროებს წნევის მომატებას სუნთქვადი გარემოს შესანარჩუნებლად. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, სალონში წნევა უფრო დაბალია, მიწის დონესთან შედარებით, ხოლო წნევის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს სითხის ცირკულაციის ცვლილებები ორგანიზმში, რაც იწვევს შეშუპებას, ხშირად ფეხებსა და სახის ქსოვილში.

ფრენისას ფილმის ყურება და ამის გამო დიდხანს ერთ ადგილას გაუნძრევლად ჯდომა, ასევე ამწვავებს კანქვეშა შეშუპებას, რადგან ამ დროს სისხლის მიმოქცევა ფერხდება. ფრენის დროს, უმოქმედო მდგომარეობაში ყოფნისას, ჩვენი სისხლის ნაკადი სუსტდება და იწვევს სითხის შეკავებას; ამგვარად, ჩვენი ლიმფური სისტემა – რომელიც აბალანსებს სხეულში სითხის დონეს და იცავს მას სხვადასხვა ინფექციებისგან, ასევე რისკის ქვეშ დგება. შედეგად კი ისევ ვიღებთ – ქსოვილის შესიებას, სითხის შეკავებას და შეშუპებას. და თუ ფილმის ყურებისას ასევე ვცმაცუნობთ, ეს მდგომარეობას გააუარესებს.

კვების ფაქტორი ფრენისას უმნიშვნელოვანესია. საქმე იმაშია, რომ ავიაკომპანიები ბორტზე მისაღებ საკვებ პროდუქტებში ხშირად  მარილსა და შაქარს უფრო ამატებენ, რათა მათი გემო იყოს ისეთივე როგორც მიწაზე მირთმევისას – თურმე, ძრავის ხმაურის დონის 80-85დბ, რომელიც გვესმის ფრენის დროს უარყოფით გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ ტკბილ ან მარილიან საკვებს; ამ ფაქტის უარყოფითი მხარე ის არის, რომ ჭარბი რაოდენობის მარილი არღვევს სხეულის სითხის ბალანს, რაც ხელს უწყობს წყლის შეკავებას, რომელიც ცნობილია როგორც ოსმოსური შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სახის და ხელების შეშუპება.

როგორ ვებრძოლოთ შეშუპებას ფრენის დროს?

შეუძლებელია მთელი ფრენა გაატარო ბოლთის ცემასა და სრულად უმარილო საკვების მიღებაში, ამ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს ეფექტური?

თქვენი ჰიდრატაციის დონის ამაღლება უმნიშვნელოვანესია. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბევრი წყლის დალევას ფრენის წინ, ფრენის დროსა და მის შემდეგ, რათა ფრენისას თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაციის შედეგი და მისცეთ საშუალება თქვენს სხეულს დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას.

ფრენის დროს, ალკოჰოლის და კოფეინის შემცველი შარდმდენი სასმელების მინიმუმამდე დაყვანა დაგეხმარებათ; თუმცა აქვე ჭკვიანური „ჰაკი” – Rhian Stepheson-ისგან (კვების თერაპევტი, ნატუროპათი, ყოფილი სპორტსმენი და ARTAH-ის დამფუძნებლი), რომელიც ამბობს, რომ „დეჰიდრატაცია აუარესებს ფეხის შეშუპებას ფრენისას, ამიტომ ელექტროლიტური ფხვნილის გამოყენება დაგეხმარებათ მის თავიდან აცილებაში. ელექტროლიტების არჩევისას მოერიდეთ მარილის მაღალი შემცველობის ელექტროლიტებს, რომლებიც განკუთვნილია სპორტისთვის; თქვენ არ გჭირდებათ ამდენი ნატრიუმი, თუ არ ხართ სპორტსმენი“. მისივე რჩევით, ბორტზე სწორი კვების დარეგულირება, დაგვეხმარება მუცლის შებერილობის თავიდან არიდებაში, ასევე გვირჩევს თვითმფრინავში მივირთვათ წყლით მდიდარი ხემსი, როგორიცაა ხილი და ბოსტნეული და შევზღუდოთ ნატრიუმის მაღალი შემცველობით დამუშავებული საკვების მოხმარება. კარგი აზრია, სახლში მომზადებული საკვების წაღებაც.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიკრობიომი თანხვედრაშია ცირკადულ რითმთან, ამიტომ საკვების არეული რეჟიმით მიღებამ ხანგრძლივი ფრენის განმავლობაში, უხარისხო საკვების მიღებასთან ერთად, შესაძლოა დაგვასუსტოს. კარგი აზრია, მივირთვათ ცილებით მდიდარი მცენარეული საკვების დიდი ულუფა ფრენამდე, ხოლო თვითმფრინავში შევამცირეთ საკვების მიღება.

რაც შეეხება ფრენისას სხეულის აქტიურ მოძრაობას…რეგულარული მოძრაობის მეშვეობით სისხლის მიმოქცევის ხელშეწყობა აუცილებელია ფრენის დროს შეშუპების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. კოჭების წრიული მოძრაობა, წვივის აწევები და მჯდომარე პოზიციაში მარშირება ხელს უწყობს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას და უშლის სითხის დაგროვებას. ამგვარი მოძრაობების შესრულების რუტინა 30 წუთში ერთხელ, შესაძლოა დაგეხმაროთ თქვენი სხეულის ოპტიმალურ ფუნქციონირებაში და შებერილობის შემცირებაშიც კი. 

კომპრესიული წინდები – ბრწყინვალე გამოსავალია, ქვედა კიდურების შეშუპების თავიდან ასაცილებლად, რადგან ის ეხმარება სისხლის მიმოქცევას და ამცირებს შეშუპების წარმოქმნის რისკს ორგანიზმში. შეეცადეთ, წინდების ზომა ზუსტად მოირგოთ, მისი კომპრესიის დონე თქვენთვის შესაბამისი უნდა იყოს, ამაში თქვენ მისი შეძენისას კონსულტანტი უთუოდ დაგეხმარებათ.

სასიამოვნო ფრენას გისურვებთ!

Scroll To Top