19.03.2024

არიან ადამიანები, რომელთა დავიწყებაც სრულიად შეუძლებელია. არ აქვს მნიშვნელობა ერთი წამით შეხვდები, თუ 2 საათს გაატარებ მათთან ერთად. ეს დიდი იშვიათობაა, რადგან აქსტრავაგანტული სამოსით და არასტანდარტული ქცევით დღეს ვერავის გააოცებ. წარმოუდგენელი ქარიზმატულობისა და სტილის განუმეორებელი შეგრძნების უიშვიათესი ნაზავი – აირის აპფელი სწორედ ასეთი ქალი იყო.

თუმცა ნიუიორკის ვიწრო წრეებში ფართოდ ცნობილი აირისი მსოფლიომ მაშინ გაიცნო, როცა მან 60 წელს გადააბიჯა და აირისმა აქაც მოახერხა ყველა სტანდარტის დარღვევა.

თეთრი, ქათქათა, მოკლედ შეჭრილი თმა, უზარმაზარი სათვალის მიღმა მოციმციმე ცნობისმოყვარე თვალები, პრინტი პრინტზე და სამკაული სამკაულზე. აპფელი სწორედ ის ადამინი იყო, ვისი თვალიერებაც უსასრულოდ შეიძლებოდა. ამ პირველყოფილი თავისუფლებით შექმნილ იმიჯებს დანის პირზე გავლის ეფექტი ჰქონდა, როცა ერთი შეცდომა და ექსტრავაგანტულობა ცუდ სამსახურს გაგიწევს.

აირის აპფელმა მოახერხა ისე გაევლო 102 წლიანი ცხოვრება, რომ სტილის მოლიპულ გზაზე არც ერთხელ არ დაცდენია ფეხი  და ყველა წესის დარღვევით, საკუთარი წესები შექმნა.

აირისს მოდის სამყაროში სურდა მუშაობა, რომელიმე გამომცემლობაში. ტანსაცმლის შექმნაზე არასოდეს უფიქრია,  თუმცა დეკორატორობით დაიწყო.

ომის შემდეგ კარგი ტექსტილის შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. აირისს კი უნიკალური ნიჭი ჰქონდა გაუჩენელი გაეჩინა.  არასოდეს კმაყოფილდებოდა ტრივიალური ხარისხით და სწორედ ამ დროს შემთხვევით მიაგნო მეწარმეს,  რომელსაც პრაქტიკულად ყველა ძველი ქსოვილის ასლის დამზადება შეეძლო. ბიზნესი ერთი დაზგით დაიწყო. მალე აირისს და მის მეუღლეს ერთი დიდი ჩემოდანი  ათობით ნიმუშით ჰქონდათ გამოტენილი. კომპანიამ Old World Weavers, რომელიც 50-იან წლებში დაარსდა ქსოვილის შესაძლებლობისადმი დამოკიდებულება შეცვალა. საქმე კარგად მიდოდ, მაგრამ ბიზნესის გასაზრდელად დიდი შეკვეთა იყო საჭირო.  ყოველდღე, მძიმე ჩემოდნით დატვირთული კარლი ცნობილი დიზაინერების მისაღებებში ყურყუტებდა. ქმრისთვის საქმის პირდაპირი მნიშვნელობით შესამსუბუქებლად, აირისმა აბრეშუმის ტაფტის ქსოვილის სხვადასხვა ფერის ნიმუშები ერთმანეთზე გადააკერა. პირველივე შეხვედრა, სადაც კარლმა იმ დროისთვის ერთერთ ყველაზე ცნობილი დიზაინერის კაბინეტში ჩემოდნიდან ეს ფერადი საოცრება ამოაფრიალა, წარმატებით დასრულდა.  დიზაინერს ისე მოეწონა ეს „ზოლიანი“ ქსოვილი, რომ სწორედ ამ სახით გააკეთა უზარმაზარი დაკვეთა ბაჰამებზე მიმდინარე ვილის მშენებლობისთვის.  პირველ დიდ შეკვეთას მეორე მოჰყვა და მალე აირისის კლიენტების სიაში ესტე ლაუდერი და გრეტა გარბოც აღმოჩნდნენ მას შემდეგ აირის აპფელმა 9 პრეზიდენტისთვის იმუშავა თეთრ სახლში.

„ძველი ნივთებისადმი სიყვარული ყოველთვის მქონდა“, იხსენებდა აირისი. „როცა პატარა ვიყავი ამოვირჩევდი ნიუ იორკის ერთ უბანს და თავგადასავალში გადავეშვებოდი. ქუჩა ქუჩა შევისწავლიდი ხოლმე. ყველა მაღაზია, ყველა ძველმანი უნდა მენახა, მაგრამ გრინვიჩ ვილიჯი მაინც ჩემი უსაყვარლესი ადგილი იყო. სწორედ აქ ვიპოვე ნამდვილი ალადინის გამოქვაბული – ერთი ძველმოდური შენობის პირველ სართულზე განთავსებული ათასი ხარახურით სავსე მაღაზია, რომელიც წარმოუდგენელ აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში. აქ მსახურობდა ერთი ჩია კაცი პენსნეთი, რომელზეც უდიდესი შთაბეჭდილება მოვახდინე. აქამდე მას არ ენახა 11 წლის მომხმარებელი, რომელიც ასეთი ენთუზიაზმით შეისწავლიდა მის კოლექციას. სწორედ აქ განხორციელდა ჩემი პირველი გარიგება. რაღაც ბროში აღმოვაჩინე, პიჟამოიანი კატა, თუ რაღაც მსგავსი იყო. ფული არ მქონდა და სანამ უკან დავბრუნდი დარდისგან მოვკვდი, მაგრამ საბედნიეროდ ჩემი ძვირფასი ნივთი ადგილზე დამხვდა. 65 ცენტად ბროში ჩემი გახდა. ღმერთო ეს რა ბედნიერება იყო“. აირისმა და მისმა მეუღლემ შეგნებულად გადაწყვიტეს არ ჰყოლოდათ შვილები. როგორც დრომ აჩვენა, მათ პრაქტიკულად ერთმანეთი იშვილეს და აღზარდეს. სიცოცხლის ბოლომდე აირისს მეუღლე პატარა გოგოს ეძახდა; აირისი კი სიხარულით არჩევდა ქმრისთვის თავისი ექსტრავაგანტული სამოსის შესაფერის აქსესუარებს. ასე რომ, პეჩვორკით შესრულებული ყელსახვევი ან აირისის კაბის ქსოვილის შესაბამისი ტექსტილის სარჩულიანი პიჯაკი, კარლს გარანტირებული ჰქონდა.

„მე არ მჯერა ძიძების გაზრდილი ბავშვების და ამიტომ სრულიად ცხადი იყო, რომ ჩვენი ცხოვრების სტილის გამო, მშობლების როლისთვის  შეუფერებელი ადამიანები ვიყავით. აირისი და მისი მეუღლე მართლაც სულ მოგზაურობდნენ. მაროკო, თურქეთი, ინდოეთი – ყველა კუთხე სადაც უცხო, იშვიათი, განსაკუთრებული ქსოვილების პოვნა იყო შესაძლებელი წყვილს მოვლილი ჰქონდა. აირისისთვის ჩაკეტილი მაღაზიები და საიდუმლო სანახები იხსნებოდა და სწორედ ამ დროს იწყებოდა მისი ბედნიერება.

მისი სახლი ნიუ იორკში, ალი ბაბას გამოქვაბულივით სავსე იყო წლების მანძილზე თავგადასავლებით მოპოვებული ნივთებით – ფერადი, სავსე, გადაჭარბებული, როგორც აირისის საყვარელი გამოთქმა „მეტი მეტია, ნაკლები – მოსაწყენი.“

აქ არაფერი იყო შეძენილი რადგან დივანი კონკრეტულ ხალიჩას უხდებოდა; ეს იყო ორგანულად შექმნილი ინტერიერი, რომელშიც ფერადი აირისი სრულიად ბუნებრივად გრძნობდა თავს.   

კარლი კი იქ გრძნობდა თავს კარგად სადაც აირისი იყო.

დედამ უდიდესი როლი ითამაშა აირისის გემოვნების ჩამოყალიბებაში. თავად გონიერი საქმიანი ქალბატონი და ელეგანტური სამოსის მოყვარული, ქალიშვილს თვითგამოხატვაში ხელს არასდროს უშლიდა. „შენ არ ხარ ლამაზი და არც არასდროს იქნები, მაგრამ შენ უკეთესი რამ გაგაჩნია – სტილის შეგრძნება და გემოვნება“, ეს სიტყვები აირისისთვის დევიზად იქცა.

მე არ მაქვს წესები. რა აზრი აქვს?…მაინც დავარღვევ – სულ იმეორებდა და შემდეგ ისევ  არღვევდა. ის არასოდეს ეწყობოდა გარემოს, თავად ქმნიდა ახალს და უფრო საინტერესოს.

პირველი კომპლიმენტი, რომელიც აირისმა კარლისგან მიიღო მის ქუდს ეხებოდა.

სრულიად შემთხვევით დაგვინახა ქუჩაში მეგობართან ერთად. ჩვენ ვიტრინას ვათვალიერებდით, მისი ავტობუსი კი ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გაფუჭდა და თურმე მთელი ეს დრო მაკვირდებოდა. სახლში რომ მივედი, ტელეფონი  ისტერიულად რეკავდა. ეს კარლი იყო, რომელიც ზაფხულის მერე არ მყავდა ნანახი. ისე დეტალურად აღმიწერა რა მეცვა, მივხვდი, რომ მოეწონა რაც დაინახა.

ის  ძალიან საყვარელი იყო, უყვარდა ჩახუტება და ჩინური კერძების მომზადება. ამაზე კარგ ვარიანტს ვერ შევარჩევდი. რამდენიმე თვეში დავქორწინდით და იმის შემდეგ ერთად ვართ.

სიცოცხლის ბოლომდე აირისი კარლს ფისუნიას ეძახდა და როცა 101 წლის ასაკში მეუღლე გარდაიცვალა, აირისი ისევ მუშაობამ გადაარჩინა.

მე მიყვარს ჩემი საქმე, სულ ვმუშაობ, არ მყავს ასისტენტები, არ მაქვს კომპიუტერი; ასე რომ, ტექნოლოგიური თვალსაზრისით მე-17 საუკუნეში ვარსებობ. ეს სულაც არ მაწუხებს, რადგან მომწონს რასაც ვაკეთებ.

წლების მანძილზე აირისის სამოსის და აქსესუარების კოლექცია იზრდებოდა. გარდერობში ერთმანეთს გვერდს უმშვენებდნენ კრისტიან დიორის კაბა და მაროკოული კაფტანი, რომელიც 2 დომარად იყიდებოდა „სუკზე“. აირისს შეეძლო მე- 18 საუკუნის დაზგაზე მოქსივილი ვეფხვის პრინტიანი ქსოვილით არა მხოლოდ ელეგანტური პალტო შეეკერა თავისთვის, არამედ ეს მასალა სპეციალურად იტალიაში წაეღო პალტოსთვის შესაფერისი ჩექმების შესაკერად.

„ერთხელ ივ სენ ლორანს შევხვდი რაღაც ჩვენების შემდეგ. – ქალბატონო აირის, როგორ მომწონს თქვენი სამაჯურები, ყოველთვის წარმოუდგენელი, იშვიათი სამკაულები გაქვთ. – ეს სამაჯურები 80 ცენტად მქონდა ნაყიდი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. მე არასდროს ვაქცევ ყურადღებას ნივთის ფასს. ის ან მომწონს ან არა.“

როცა აირისს მეტროპოლიტენ მუზუმის კურატორმა მიმართა მისი კოლექციის   ექსპოზიციის მოწყობის წინადადებით, გამოფენის გახსნამდე ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი. აირისი დათანხმდა და მეტროპოლიტენ მუზეუმი მისი უზღვავი ენერგიითა და ფეირვერკის მაგვარი კოსტიუმებით აივსო. ექსპოზიცია აირისის ცხოვრების წესის მიხედვით აეწყო. აქ ნახავდით ვეფხვის ფიტულსაც, აზიურ ბაზარსაც და წარმოუდგენელ ვინტაჟურ კუტიურსაც. არავითარი წესები, ეს აირისის წესებია.

ასე, ყოველგვარი წესების გარეშე ააშენა იმპერაია. შეიჭრა მოდის სამყაროში, სადაც მე-20 საუკუნის ბოლოს 50 წელს გადაცილებული კინოვარსკვლავიც კი არავის უნდოდა; სიბერე მკრეხელობად ითვლებოდა და ასაკში ფარშევანგივით გამოწყობა წარმოუდგენელ ექსტრავაგანტულობად. მან შეცვალა ყველაფერი – თავისი სამკაულების ასი წყებით, მძიმე სამაჯურებით და უზარმაზარი სათვალეებით. მან თავისუფლება მისცა ყველა ქალს 60-ს ზემოთ – ვისაც არ სურდა ნაცრისფერის და კრემისფერის რამდენიმე ტონალობაში გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე. აირისის გამოჩენამ გააფერადა სამყარო ცისარტყელის ყველა ფრად.

ჭკვიანი ქალი, რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა და როგორ უნდა მიაღწიოს ამას და ეგზოტიკური ბუმბულით შემოსილი იშვიათი ჩიტი – ერთ სხეულში. არსება, რომელიც ასე სჭირდებოდა სტრესითა და თალხით სავსე სამყაროს საუკუნეების მიჯნაზე.

სალომე დადუნაშვილი

Scroll To Top