სიახლისთვის უნდა ირწმუნო ის, რაც არ იცი – ნესტან მიქელაძე

Ria  Keburia  Foundation

20.12.2023

კაჭრეთი ამბასადორის საგამოფენო სივრცე ამჯერად ხელოვანი ნესტან მიქელაძის სოლო ექსპოზიციას ექსოდუსი: რწმენა როგორც პოტენციალის რეალიზების საშუალებას” მასპინძლობს. არტისტი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა რია ქებურიას რეზიდენციის ფარგლებში. სერია, რომელიც მან შექმნა მოიცავს როგორც  ორ განზომილებიან ნამუშევრებს, ასევე ინსტალაციას. გამოფენაში ხელოვანი ყურადღებას ამახვილებს შემოქმედებაზე, როგორც ხელოვნებაზე და როგორც ადამიანური პოტენციალის რეალიზაციაზე. მის ობიექტივშია იკვლიოს ახალ-ახალი შრეები, რომელსაც ის აღმოაჩენს საკუთარი ნამუშევრებისა და პროცესის შედეგად. ნესტანი ამ აღმოჩენებს უკავშირებს უფრო დიდ მცნებებს, რომლებიც საბოლოოდ წარმოადგენენ მჭიდრო ჯაჭვს ურთიერთდამოკიდებული მოვლენებისა და ფაქტების. სწორედ ამ თანმიმდევრულობის მიხედვით განიხილავს საკუთარ შემოქმედებას ხელოვანი და შემდეგ განათავსებს მათ სივრცეში, კურატორ კატი არსენიშვილთან კოლაბორაციაში. ინტერვიუში ის გვესაუბრება მიმდინარე გამოფენაზე და საკუთარ შემოქმედებაზე დასაწყისიდან დღემდე.

როგორ დაიწყო თქვენი სახელოვნებო კარიერა და როგორ აღმოჩნდით ამ სფეროში?

ხელოვნებით მაშინ დავინტერესდი, როდესაც უკვე არჩეული მქონდა სხვა პროფესია, ვიყავი კორპორატიული სამყაროს საკმაოდ აქტიური წევრი. ვერც იმას ვიტყვი, რომ ბავშვობიდან მიტაცებდა ხატვა, თუმცა მაინტერესებდა კალიგრაფია, წერის დროს ხშირად ვცდილობდი ასოები მოხდენილად გამომეყვანა. ამ ყველაფერს ახლა ხელოვნების სიყვარულთან ვაკავშირებ. ათი წლის წინ ჩემს ცხოვრებაში შეიცვალა რაღაც, გარდაიცვალა მამაჩემი; ამ სიმძიმეში ვეძებდი იმას, რაც კვლავ მომგვრიდა სიმსუბუქის შეგრძნებას. რაღაც მომენტში დავიწყე ხატვა. ეს გახდა ჩემი ჰობი, რომელსაც სამსახურის შემდეგ, თავისუფალ საათებში ვუთმობდი დროს. მე მჯერა, რომ არის გარდამტეხი მომენტები, ეს იყო მათ შორის პირველი, მეორე კი ალბათ ის დღეა, როდესაც გადავწყვიტე, რომ წამოვსულიყავი სამსახურიდან, მეყიდა ტილოები, საღებავები და შევსულიყავი იმ სივრცეში, რომელიც ჩემი სახელოსნო გახდებოდა. მას შემდეგ უკვე ორი წელი გავიდა. ალბათ ყველაფერს აქვს თავისი დრო და კონტექსტი. ამ მომენტისთვის ვგრძნოდბი, რომ მე აღარ ვიყავი იმ ყოველდღიურობის ნაწილი, რომელსაც გასული თოთხმეტი წლის განმავლობაში წარმოადგენდა ჩემი რუტინა. მივიღე გადაწყვეტილება, რომ მთელი დრო დამეთმო ხელოვნებისთვის. ვფიქრობ, ამ ეტაპზე მორალურად გამართული არჩევანი გავაკეთე. მე მესმოდა ის წესები, რომლითაც იმ რეალობაში უნდა მეცხოვრა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, მათ აღარ ვიზიარებდი. თითქოს ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა და შემეძლო იმ რომანტიზმით შემეხედა ცხოვრებისთვის, რომელიც ჩემში აქამდეც არსებობდა.

უწოდებდით თუ არა საკუთარ თავს მულტიმედია არტისტს და რამდენად სენსიტიური ხართ სხვადასხვა მედიუმებთან მუშაობის დროს?

უწოდო თავს მულტიმედია არტისტი ჩემთვის ასოცირდება საკუთარი თავის კონკრეტულ ჩარჩოებში ჩასმასთან.  ეს უფრო ინსტინქტურად განისაზღვრება, იმის მიხედვით თუ რას გრძნობ იმ მომენტში. შეიძლება რაღაც პერიოდი მხოლოდ ზეთით იმუშაო  და შემდეგ დაინტერესდე სხვა მასალით. შემოქმედებით პროცესს თავისით მიყავხარ ახალ აღმოჩენებთან. შეიძლება ხან მულტიმედია ხელოვანი იყო და ხანაც მკაცრად მხოლოდ ერთ რაღაცას აკეთებდე. ამ საკითხში ბევრი ასპექტია რაც საინტერესოა ჩემთვის. ზოგადად ვფიქრობ, რომ შემოქმედებითი პროცესი არის რაღაცის კვლევა. ეს პროცესი სწავლაა, რაღაცები დასაწყისშიც იცი, თუმცა ხშირად ისე ხდება, რომ როდესაც ამ პროცესს ასრულებ კიდევ უფრო კარგად ერკვევი და უკვე შემდეგ ხვდები თუ რა არის ის რასაც ქმნი. მედიუმები მაძლევს საშუალებას  ჩემი შემოქმედების ბევრი კუთხე აღმოვაჩინო. თითქოს სივრცეს არენდერებ ნელ-ნელა, სიბნელეში ხარ, გაწევ ხელს, რაღაცას ეხები და იწყებ ამ სივრცის ამოცნობას. როდესაც სხვადასხვა მედიუმში მუშაობ, დაახლოებით აკეთებ შენი პოტენციალისა და შესაძლებლობების რენდერს. ჩემი აზრით აუცილებელია, საკუთარი პოტენციალის „განამდვილება” და როგორც ინდივიდი ბოლომდე სინჯავდე შენ თავს.

საინტერეოა გამოფენის სათაური ექსოდუსი: რწმენა როგორც პოტენციალის რეალიზების საშუალება.“  ერთი შეხედვით გვეფიქრება ბიბლიურ მოტივებზე, თუმცა თითქოს ეს წინადადება ეხმაურება ყოველდღიურობას. მოგვიყევით რა მესიჯია სათაურს მიღმა.

ნამდვილად. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ წინადადების ორაზროვნებაში ნაგულისხმები იყოს ყოველდღიურობა და რომ ხალხმა ეს დაინახოს. მე ვსაუბრობ რწმენაზე, რომელიც გაძლევს ძალას წინსვლისთვის. ეს რწმენა არის ნიადაგივით, რომელზეც ფეხს დგამ და ფაზლის ნაწილი, რომლითაც იღებ სისრულეს. ამას საკუთარი თავიდან გამომდინარე ვამბობ. ყოველ ახალ გადადგმულ ნაბიჯზე ვხვდები, რომ რწმენა არის ის რაც მიბიძგებს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ. ეს თვისებაა თითქოს ადამიანს, სჯეროდეს იმის, რასაც წინასწარ ვერ განჭვრეტს და დაინახავს. სწორედ ამაშია ბიბლიური მოტივიც. რელიგია გასწავლის იმის დაჯერებას, რასაც ვერ ხედავ. ის გავარჯიშებს ამ ფენომენში. ყოველთვის არის წონასწორობა ლოგიკურსა და შემოქმედებითს შორის, ეს სიმბიოზი გიბიძგებს ისწავლო ახალი, ისე რომ იყო პრაგმატული და თან ამავდროულად გამოირჩეოდე მიმღებლობით სამყაროს მიმართ. შესაბამისად, რელიგია თავისი შინაარსით, უხილავის დაჯერების მოწოდებით, შენში ქმნის ახალი დასაწყისების პოტენციალს. სიახლისთვის კი უნდა ირწმუნო ის, რაც არ იცი. საკუთარ თავში უნდა დაიტიო იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე რაც ხელთ გაქვს. ეს არის ფენომენალური პოტენციალის განხორციელების გზაზე ყოფნა. უნდა შეეჭიდო ახალ განზომილებებს და მათში საკუთარი თავის რეალიზებას.

ფიქრობთ თუ არა, რომ ხელოვნების კეთების დროს მნიშვნელოვანია წინასწარ, ზედმიწევნით იცოდე რას აკეთებ. გადის თუ არა თქვენთვის ავთენტურობა და გულწრფელობა არ ცოდნის გზაზე?

ხდება ისე, რომ ხანდახან არაფერი არ იცი და არც არაფერს ელი. აღმოჩნდები ცარიელი, თეთრი ფურცლის წინაშე. ეს გამოცდილება გავს ბავშვობას, დაგიდებდნენ ქაღალდს და მასზე უბრალოდ უნდა გეხატა. ცალსახად, შემოქმედებითი პროცესის დროს შენ თავს უნდა მისცე თავისუფლება, რომ შენში შემოვიდეს ის, რაც მანამდე არ იყო, რასაც არ ელოდი. უნდა დაკავშირდე ამ გაუცნობიერებელ და იმპულსურ ენერგიასთან. თუ ამ მოვლენის არ დაიჯერე, თითქოს ის კარგავს ღირებულებას, გავლენას შენზე. პროცესს მოაქვს ახალი ინფორმაცია ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე; თუ ამ რიტმს არ აყევი, რაღაცას უარყოფ და ებრძვი, რაც ვფიქრობ რომ მართებული არ არის. ჩემთვის დაუჯერებელია, რომ შემოქმედებით პროცესში არ არის სპონტანურობის, ტრანსცენდენტულის და ქვეცნობიერის კომპონენტი. მე ვარ პროცესზე მინდობილი და მჯერა მისი.

გამოფენის პრეს რელიზში, რომელიც თექვსმეტ დეკემბერს ამბასადორ კაჭრეთში იხსნება რია ქებურიას რეზიდენციის ფარგლებში, ნახსენებია ტერმინი „სოციალური არაცნობიერი.”  არ ფიქრობთ, რომ ხელოვნება თითქოს არის მედიუმი, რომელიც ამტკიცებს არაცნობიერის რეალურობას?

შემოქმედება, თავისი ბუნებით გულისხმობს არაცნობიერის კვლევას. პირადად ჩემთვის ეს არის საკუთარი თავის კვლევა. არის ის, რაც ვიცი და რაც მე არაცნობიერად მაქვს აღქმული, მაგრამ შეიძლება დაინახოს თუნდაც ნებისმიერმა სხვა ადამიანმა. შემოქმედებითი პროცესი მე მაძლევს საშულებას ვიკვლიო ასეთი შრეები. ამ დროს სუბორდინაციაში მოდიხარ და შესაბამისად გამოვლინდება ის დაფარული, რაც რეალურად ჩემში ან ნებისმიერ სხვაში არის.  შემოქმედების საშუალებით კი ყოველდღიურობაში ვხდებით ამ აღმოჩენების მომსწრეები.

გამოფენის ტექსტში ასევე ნახსენებია ფრაზა ხმაურიანი ყვირილი. რა დაპირისპირებას ხედავთ ხმაურიან ყვირილსა და თუნდაც ხმაურიან დუმილს შორის?

ვფიქრობ, რომ ხმაურიანი დუმილის დროს მეტწილად დიალოგი შენ თავთან გაქვს; ფაქტობრივად სულ ფიქრობ, ემზადები ინსპირაციისთვის, რაღაცას უეცრად ხვდები. ხმაურიანი ყვრილი კი გარეთ არის მიმართული. ეს არის ის, რასაც უზიარებ სამყაროს და ახდენ მასთან ინტერაქციას. ალბათ, განსხვავება ფიქრსა და შემდეგ აზრის გამოხატვის მანერას შორისაა.

როგორ შეიკრა სივრცეში გამოფენა და როგორ გაერთიანდა ნამუშევრები საბოლოო ინსტალაციაში?

ნამუშევრების განთავსებას აქვს თანმიმდევრობა, რომელიც ჩამოყალიბდა მათ შესახებ ფიქრების მიხედვით. პირველი არის პოტენციალი, რომელსაც ხედავ, შემდეგ არის გზა – უდაბნო, მესამე კი მომენტი როდესაც რეალიზდება შენი პოტენციალი, დანარჩენი დეტალები უკვე არის ტექნიკურ ნაწილებში. ინსტალაცია ზოგადად ძალიან საინტერესოა ჩემთვის. ამ ექსპოზიციაში მას წარმოადგენს ადამიანის ხელის მტევანი, რომელიც თავისმხრივ განასახიერებს ინსტრუმენტს, სიმბოლოს განხორციელების. ინსტალაცია გაძლევს საშუალებას წრე დაარტყა ნამუშევარს, რაც უფრო ინტერაქციულს ხდის გამოცდილებას და გეხმარება უკეთ გაიაზრო ის. ზუსტად რომ ხელით იწყება ის შემოქმედება, რომლისაც დაიჯერე და რომელიც გამომდინარეობს შენი შინაგანი სამყაროსგან.

თინა ჯანიაშვილი

Scroll To Top