ძილის რჩევები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან

15.10.2023

სტაბილური ღამის ძილი საშუალებას აძლევს ჩვენს ორგანიზმს საუკეთესოდ  იმუშაოს: ის აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს აზროვნებას და შესაძლოა შეამციროს საკვების ჭარბად მიღების შანსიც. რჩევები როგორიცაა – დაიძინე ჩაბნელებულ და გრილ საძინებელში, მოერიდე ეკრანთან ხანგრძლივ კონტაქტს ძილის წინ, ივარჯიშე რეგულარულად, შეეცადე ერთსა და იმავე დროს გაიღვიძო და დაიძინო – ყველამ უკვე ზეპირად ვიცით, თუმცა თქვენთვის ამჯერად, რამდენიმე ნაკლებად ცნობილი რჩევა აღმოვაჩინეთ, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გვკარნახობენ.

ძილის რჩევები ჩინეთიდან

ფეხის მასაჟი და სპა პროცედურები, მათ შორის არომათერაპია და ფეხების თბილ პირსახოცში შეფუთვა – ფართოდ გამოიყენება ჩინეთში. რა შეიძლება იყოს უფრო დამამშვიდებელი? ეს იმდენად საყვარელი და რეგულარული  რიტუალი გახდა ჩინელებისთვის, რომ ბევრი ადამიანი ყოველ საღამოს პროცედურის DIY ( Do It Yourself, ანუ გააკეთე შნ თვითონ) ვერსიას მიმართავს. ფეხის ავტომატური აბაზანები ჩინურ ოჯახებში ფართოდაა გავრცელებული. ყოველ ღამე ისინი ფეხებს ცხელ წყალში ასველებენ; ბევრ ასეთი ტიპის აბაზანას სკრაბის და მასაჟის ფუნქციაც აქვს, რაც მეტი ეფექტის გარანტია. ფეხების მასაჟის დროს სისხლძარღვების გაფართოების შედეგად სისხლის მიმოქცევა აქტიურდება. ამ პროცედურას ჩინელები ძილის წინ იტარებენ, რათა ჯერ კიდევ გამთბარი ფეხებით პირდაპირ შეწვნენ საწოლში; ფეხების ტემპერატურის ამგვარი შენარჩუნება მათ ძილიანობას კიდევ უფრო მეტად მოჰგვრის. 2018 წელს სამხრეთ კორეაში ჩატარებულმა კვლევამ ანახა, რომ ადამიანებს რომლებსაც დაძინებისას წინდები ეცვათ (ანუ ფეხები ჰქონდათ თბილად) 7 წუთით ადრე ჩაეძინათ და 32 წუთით მეტხანს ეძინათ ვიდრე მათ, ვისაც წინდები არ ეცვათ.

გერმანელი წყვილები ცალცალკე გადასაფარებელს იყენებენ

გერმანიაში წყვილებმა ადვილად გადაჭრეს პრობლემა, როცა აღმოაჩინეს, რომ დილით ერთერთი გაციებული იღვიძებდა მაშინ, როცა მის პარტნიორს ძილის დროს „მოპარულ“ თეთრეულში დილამდე თბილად და ტკბილად  გადახვეულს  ეძინა. თუნდაც საერთო საწოლის გაზიარებისას დადგინდა, რომ პარტნიორებს ბევრად უფრო კომფორტულად ძინავთ თუ ისინი საერთო გადასაფარებელს არ იზიარებენ. თითოეული მათგანი თავისი ზომის გადასაფარებელს ირჩევს, თუმცა გარდა ამისა, პარტნიორები განსხვავდებიან იმით, თუ როგორ გრძნობენ სიცხეს ან სიცივეს ღამით. იმის გამო, რომ ქალებს ჩვეულებრივ აქვთ ნაკლები კუნთის მასა, ვიდრე მამაკაცებს, მათ შეიძლება ჰქონდეთ დაბალი მეტაბოლიზმი, დაწვან ნაკლები კალორია და, შესაბამისად, გამოიმუშავონ ნაკლები სხეულის სითბო. ამან შეიძლება ორივე პარტნიორისთვის ერთნაირად კომფორტული საწოლების პოვნა პრობლემად აქციოს და ამ შემთხვევაშიც გამოსავალი ცალკე გადასაფარებლებია.

გვატემალელების საყრდენი – თოჯინებია

გვატემალელებს ასეთი დიდი ხნის ტრადიცია აქვთ: ძილის წინ მშობლები ბავშვს ბალიშის ქვეშ „საღელვებელ თოჯინებს“ უდებენ, რათა მათ გაანდონ მათი შფოთვები და ამით დამშვიდდნენ, მაგალითად თუ მათ სიბნელის ეშინიათ. ლეგენდა გვიყვება, რომ თურმე ეს ფერადი ქსოვილის რამდენიმე სანტიმეტიანი თოჯინები, ბავშვებს შფოთვებს უმსუბუქებენ და დილით ლაღები იღვიძებენ. თუმცა, როგორც ჩანს, ამ რიტუალმა მოზრდილებშიც გადაინაცვლა. ცნობილია, რომ შფოთვა უძილობას იწვევს. გერმანელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კლინიკური შფოთვით დაავადებული ადამიანების დაახლოებით 50%-ი უძილობით იტანჯება. არასაკმარისმა ძილმა კი შეიძლება უფრო მეტი შფოთვა   გამოიწვიოს და პრობლემის გახანგრძლივება. ძილის წინ წუხილის გამოხატვა და გაზიარება კი დაგეხმარებათ. რატომ არ გავანდოთ ის  თოჯინას?

წუხილის ე.წ. ჩანაწერის წარმოება საკმაოდ ეფექტური საშუალებაა მის შესამსუბუქებლად. შეადგინეთ „შფოთვების დღიური“ და ფურცლის შუაში ვერტიკალური ხაზი ჩამოუსვით. ერთ მხარეს წერთ თქვენს წუხილს, გადასაჭრელ პრობლემას ან საზრუნავს, ხოლო ხაზის მეორე მხარეს მის გადასაჭრელად გადადგმულ პირველ ნაბიჯებს. ძილის წინ ამგვარი დღიურის შევსება ყველაზე სასურველი დროა.

ბრიტანელებს შიშველი სძინავთ

გაერთიანებულ სამეფოში ადამიანების 30%-ს შიშველი სძინავს. ეს მდგომარეობა ყველაზე მეტად თერმორეგულაციას უწყობს ხელს. განსაკუთრებით მათთვისაა ეს კომფორტული, ვისაც ძილის დროს სიცხე ძალიან აწუხებს.

ბევრ ამერიკელ წყვილს ცალცალკე სძინავს

შეერთებულ შტატებში, ხშირად წყვილებს სხვადასხვა ოთახებში სძინავთ. მიზეზი სხვადასხვანაირია. ზოგი მიზეზად პარტნიორის ხვრინვას ასახელებს, ზოგი საწოლში საჭირო სივრცის ნაკლებობას, ზოგი კი ძილის განსხვავებულ განრიგს. ამერიკელი ძილის ექიმები, ცალცალკე ოთახებში მძინარე წყვილების მომხრეები არიან. მათი რჩევაა, კვირაში 4 დღე ცალცალკე ოთახებში ძილი, ხოლო შაბათ-კვირა ერთად. ამას, მათი აზრით,  მეტი ინტიმურობა და ერთად ყოფნის უფრო დიდი სურვილი სდევს თან.

ძილის რჩევები იაპონიიდან

გამოკითხვის თანახმად, ზრდასრული იაპონელების 40%-ს ღამით ექვს საათზე ნაკლები სძინავს. სავარაუდოდ, ამიტომაა მიღებული Inemuri-ს ტრადიცია, ანუ „ძილი ყოფნისას“, რომელიც კაფეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხშირად შეიმჩნევა.

თუ თქვენ მჯდომარე მდგომარეობაში ძილის დროს თავის ქნევისას სხვა ადამიანების სივრცეში არ შეიჭრებით და არ შეაწუხებთ, ეს ჩვევა სამუშაო ადგილზეც კი მისაღებია. სამუშაო მაგიდასთან თვლემა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში უხერხულია და ხანდახან შემაშფოთებელიც, თუმცა იაპონელები ამას მუდმივად აკეთებენ – ხშირად ეს სამსახურის მიმართ ერთგულების მიმანიშნებლადაც ითვლება. ისე კი უნდა ითქვას, რომ ძილი აუმჯობესებს აზროვნებას, აფხიზლებს გონებას. კვლევებმა აჩვენა, რომ 10-20 წუთიანი ძილი განწყობასაც კი აუმჯობესებს.

კანადელები მყუდრო გარემო – შინაურ ცხოველებია

კანადელებს ისე უყვართ თავიანთი შინაური ცხოველები, რომ 1800 შინაური ცხოველის მფლობელის გამოკითხვის თანახმად, მათ ¾-ზე მეტს, ვისაც ძაღლი ჰყავს, ყოველ ღამე საწოლში მათთან ერთად სძინავს, ხოლო ნახევარზე მეტს კატებთან ერთად. სავარაუდოდ, არსებობს მყარი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ძილის დროს თავს კომფორტულად გრძნობენ ძაღლების გვერდით. დევიდ სამსონი, ტორონტოს უნივერსიტეტის ევოლუციური ანთროპოლოგიის ასოცირებული პროფესორი ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი ძირითადი საშუალება, რითაც ძაღლები ჩვენს წინაპრებს ღამით გადარჩენაში ეხმარებოდნენ – ყეფის საშუალებით საფრთხის მოახლოებასთან დაკავშირებული გაფრთხილება იყო. „ძაღლებისა და ადამიანების ურთიერთობა, სავარაუდოდ, დაახლოებით 55000 წლით თარიღდება. ლოგიკურია, რომ ზოგიერთი ადამიანი ინსტინქტურად თავს უფრო დაცულად გრძნობს და, შესაბამისად, უკეთ იძინებს ძაღლთან ერთად“, ამბობს ის. აქვე შენიშვნა ექიმებისგან – თუ ნებას დართავთ შინაურ ცხოველს თქვენს საწოლზე დაიძინოს, გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ისინი ნაკლებად სუფთები არიან ვიდრე თქვენ. თქვენს ცხოველს გარედან საწოლში მოაქვს მტვერი და ჭუჭყი.  ზოგიერთს ასევე შეიძლება ჰქონდეს სუნთქვის ან ძილის პრობლემები, რაც თქვენს არასტაბილურ ძილს გამოიწვევს.

PSP

ინფორმაცია ეყრდნობა ამერიკის ძილის ექიმთა ასოციაციის წევრების მიერ გამოქვეყნებულ მასალებს

Scroll To Top