სადაც არ სდუმან ბარბები

28.07.2023

„ბარბის“ ეკრანებზე გამოსვლას მსოფლიო ნახევარ წელზე მეტ ხანს ელოდა და როგორც იქნა ეს დღეც დადგა. საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თოჯინის თავგადასავლის სანახავად კინოდარბაზები ივსება. „ბარბი“ გოგოების სათამაშოდ ითვლება, მაგრამ ამ ან მსგავსი თოჯინით ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას უთამაშია. ამრიგად, ფილმისადმი დიდი ინტერესი მოსალოდნელი იყო, მით უფრო, ბარბისა და კენის პერსონაჟებს მარგო რობი (Margot Robbie) და რაიან გოსლინგი (Ryan Gosling) ანსახიერებენ.

ფილმი თანამედროვე დამოუკიდებელი ამერიკული კინოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გრეტა გერვიგმა (Greta Gerwig) გადაიღო, რომელმაც სცენარი პარტნიორთან ერთად, ასევე დამოუკიდებელი კინოს რეჟისორთან ნოა ბაუმბახთან (Noah Baumbach) ერთად დაწერა. ამ წყვილის შემოქმედების თაყვანისმცემელი არ ვარ, მაგრამ „უორნერ ბრაზერსის“ ბლოკბასტერში მათი გვარების ხილვა დამატებით ინტრიგას მეც და, როგორც ჩანს, მილიონობით ადამიანს უჩენდა. ფილმი გაქირავებაში რეკორდულ ნიშნულს უკვე გადასცდა. „ბარბის“ სანახავად შეკრებილ დარბაზში ვარდისფერი ფერი არ დომინირებდა, თუმცა მაგიური განწყობა მართლაც შესამჩნევი იყო. წინასწარ განწყობა ყველას ბავშვობაში მოგზაურობას უქადდა, მაგრამ ფილმი სწორედაც რომ ზღაპრული სამყაროს მობეზრებით იწყება. ბარბი ერთ მშვენიერ დღესაც ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე აღმოჩნდება, პირველად დაფიქრდება სიკვდილზე და პირველად გააცნობიერებს საკუთარი სხეულის არასტანდარტულობას.

ბარბის სამყარო იდეალურია, რომელშიც, ერთი შეხედვით, გენდერული პრობლემებიც კი გადაჭრილია. უკვე ყველა პროფესიის სათამაშო ქალია შექმნილი, მაგრამ ბარბილენდში ყველას მაინც იდეალურობის რეჟიმის ქვეშ უწევთ ყოფნა. სწორედ ამიტომ ეს გარემო ხელოვნურ ადგილად რჩება, სადაც ცხოვრებას მხოლოდ ბაძავენ, მის იმიტირებას ცდილობენ. მეორე მხრივ, ამ სამყაროში ყველას აქვს სამსახური, სახლი და საკვები. ბარბილენდის მოსახლეობა მთელ დღეს პლაჟზე ატარებს, საღამოს კი წვეულებებს აწყობს.

ბარბილენდი ერთგვარი კომუნისტური სამოთხეა. თუმცა რესურსები თანაბრად მხოლოდ ქალებზე ნაწილდება. კაცები კი არც ჭერს ფლობენ და არც ბარბის შეყვარებულის ფუნქციის გარდა გააჩნიათ რაიმე. ეს ადგილი მოგვაგონებს ბერძნულ პოლისს, რომელშიც ქალები შინაურ ცხოველებად ითვლებოდნენ და თავისუფლებით მხოლოდ კაცები სარგებლობდნენ. მაგრამ მაინც, ბარბილენდში არ არსებობს სიღარიბე და არც კონკურენცია, მოქალაქეთა ერთადერთი საზრუნავი პირადი ბედნიერების ძიებაა (მისი იმიტაცია).

ბარბი, ერთი შეხედვით, ჰარმონიული ყოფის მიუხედავად იდეალური სამყაროს არაიდეალურების შემჩნევას იწყებს. ამ ადგილას ცხოვრობენ პერსონაჟები, რომლებსაც ღამის გათენება ღია ცის ქვეშ უწევთ. ბარბიმ ჯერ არ იცის საკუთარი შფოთვის მიზეზი, ვერაფრით ხსნის თუ რატომ აღარაა მისთვის ბარბილენდი იდეალური ადგილი. პასუხებისთვის ის და კენი რეალურ სამყაროში მიემგზავრებიან.

გართობის ინდუსტრიის დედაქალაქში ლოს-ანჯელესში, ბარბი ყოფიერების მშვენიერებას აღმოაჩენს. ავტობუსის გაჩერებაზე მჯდომი (ციტატა „ფორესტ გამპიდან“) შეიცნობს, რომ ადამიანად ყოფნა ნიშნავს წვრილმან სიხარულსა და სევდას, რომ რეალური სილამაზე არაიდეალურ ფორმებშია, ცხოვრების სტანდარტებს კი ინდივიდები თავად უნდა აწესებდნენ.

სრულიად საპირისპირო სამყაროს იპოვის კენი. ქალაქის ბიზნესცენტრში სეირნობისას ის „პატრიარქატს“ გადაეყრება და ძალაუფლებით იმ წამსვე მოიწამლება. სწორედ აქედან იწყება ფილმის კონფლიქტი, რომელიც ზღაპრის ენით ცივილიზაციის ისტორიას მოგვითხრობს.

„ბარბი“ სტენლი კუბრიკის „კოსმოსური ოდისეის“ ცნობილი უვერტიურით იწყება, რომელშიც ცივილიზაციის დაბადებაა მოთხრობილი. კუბრიკის მიხედვით დედამიწაზე კულტურა უცხოპლანეტელებმა მოიტანეს. გრეტა გერვიგი კი კაცობრიობის საწყისად მატრიარქატს მიიჩნევს და სხვა სამყაროს ცივილიზაციის კუბრიკისეულ სიმბოლოს – შავ სტელას – უზარმაზარი ქალის (ბარბის) ფიგურით ანაცვლებს. ანთროპოლოგიური კვლევები ცხადყოფენ, რომ კაცობრიობა მატრიარქატით დაიწყო, ანუ ცივილიზაცია ქალებმა შექმნეს.

 კაცობრიობა ასწლეულების განმავლობაში ჰარმონიაში იყო როგორც ბუნებასთან, ასევე მშვიდობა სუფევდა ადამიანთა შორის. ომები, სახეობათა გადაშენება და სისასტიკე პატრიარქატთან ერთად დამკვიდრდა. ძალაუფლების იდეამდე არსებობდა კოლექტიური სამყარო, რომელშიც ყველა ერთად ზრუნავდა საერთო კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე. ბარბილენდის არასრულფასოვან, მაგრამ მაინც ჰარმონიულ გარემოში კენის „პატრიარქატს“  მოაქვს ექსპლუატაცია, ქალების დამონება, მათი ქონებისა და პოზიციების მიტაცება, ძალაუფლების უზურპაცია და რა თქმა უნდა, ომები. მნიშვნელოვანია კორპორაცია Mattel-ი, რომელსაც ბარბის სათამაშო ეკუთვნის და რომელიც მილიონობით ბავშვის ცნობიერების ჩამოყალიბებაზეა პასუხისმგებელი. გარდა იმისა, რომ ფილმში კომპანიას მხოლოდ კაცები მართავენ, მათი ერთადერთი ინტერესი ფულია. Mattel-ის დირექტორთა საბჭო ფინანსების დაკარგვის რისკის გამო ზღაპრულ სამყაროშიც კი მიყვება ამბოხებულ გმირებს ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე ბარბი ისევ ყუთში დააბრუნონ, რათა გაყიდვებს საფრთხე არ შეექმნას (აღსანიშნავია, რომ მათ ბარბილენდში ახლახან დამყარებული პატრიარქატის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ).

გასართობ ფილმად ჩაფიქრებული „ბარბი“ მართლაც უმნიშვნელოვანეს პრობლემებს შეეხო და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს საკითხები მილიონობით ადამიანთან მიიტანა. საკმაოდ კარგი იუმორი, შესანიშნავი მუსიკა (ფილმს მიუზიკლის ჩანართები აქვს) და წარმოუდგენლად კარგი სამსახიობო შესრულება ქმნის წინაპირობას, რომ „ბარბი“ მართლაც მოხსნის ყველა რეკორდს. რაც მთავარია, ავტორები იცავენ დრამატურგიაში ზომიერებას და მაყურებელს არც ზედმეტად აცინებენ და არც ძალიან ატირებენ. აუდიტორიის მანიპულაცია ხომ ძალაუფლების ერთგვარი გამოვლინებაა, რაზეც გრეტა გერვიგი უარს ამბობს და რაც ცალკე აღნიშვნის ღირსია.

გიორგი რაზმაძე

Scroll To Top