ძილი ჩვილთა ასაკში

15.07.2023

ჩვილი ცხოვრების პირველი წლის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებს. ამ პირველი წლის განმავლობაში მშობლებს აინტერესებთ  დაზუსტებით რამდენი უნდა ეძინოს პატარას, როდის უნდა დაიძინოს, რა უნდა გააკეთონ მაშინ, როცა ბავშვი არ იძინებს, არ სძინავთ და ა.შ. ახალბედა მშობლებს შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეთ მოერგონ  ჩვილის ძილის გრაფიკს; ამ არცთუ იოლ გზაზე ბევრია სასწავლი. მაშ ასე::

რამდენ ხანს უნდა ეძინოს  ჩვილს?

ბავშვის ძილის მოთხოვნილებები იცვლება მათი ცხოვრების პირველი წლის განმავლობაში. ექსპერტებმა დაადგინეს ძილის გაიდლაინები ჩვილთა ასაკის მიხედვით, თუმცა ყველა ჩვილი განსხვავდება და მათი ტემპერამენტის, წონისა და სხვა ფაქტორის მიხედვით, ეს მაჩვენებლებიც იცვლება.

ჩვილი (0-3 თვე):  პირველი სამი თვის მანძილზე ახალშობილებს სძინავთ 14-დან 17 საათამდე 24 საათის განმავლობაში. მათი ძილისა და გაღვიძების დრო შეიძლება დაიყოს მცირე პერიოდებად; მაგალითად სიფხიზლე ერთჯერადად შეიძლება გაგრძელდეს 1-დან 3 საათამდე,  ხოლო თითოეული ჩაძინების პერიოდი  2-დან 4 საათამდე.

ვინაიდან ახალშობილები ყოველსაათობრივად იკვებებიან, მათი ძილის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მათი კვების სიხშირეზე. ბუნებრივ კვებაზე მყოფი  ჩვილები იკვებებიან დაახლოებით ყოველ ორ საათში ერთხელ, ხოლო ხელოვნურ კვებაზე მყოფი პატარები დაახლოებით სამ საათში ერთხელ. ახალშობილებმა ამ ზრდის პროცესში, შეიძლება მეტი იკვებონ და, შესაბამისად, ნაკლები იძინონ. ბავშვის ცირკადული რიტმი იწყებს განვითარებას მეორე ან მესამე თვიდან. ცირკადული რითმები არის შინაგანი ცვლილებები, რომლებიც ხდება სხეულში 24 საათის განმავლობაში, ხშირ შემთხვევაში სინათლის შესაბამისად. სწორედ ამ დროსაა, ჩვილები იწყებენ იმის გააზრებას, რომ ღამით უნდა ეძინოთ და დღისით ეღვიძოთ. 37 კვირამდე დაბადებულ დღენაკლულ ბავშვებს უფრო მეტი ძილი სჭირდებათ.  ნაადრევად დაბადებულებს სძინავთ დღის 90%. მათ ასევე ახასიათებთ შედარებით ფხიზელი და მოუსვენარი ძილი.

ჩვილი (4-11 თვე):  ჩვილებს ამ ასაკში ჩვეულებრივ სძინავთ 12-დან 15 საათამდე 24 საათის განმავლობაში.  მათ დღეში დაახლოებით 4-ჯერ სძინავთ, და თითოეული ჩაძინების ხანგრძლივობა 30 წუთიდან ორ საათამდეა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვილების ძილის ციკლი შეიძლება კვლავ იყოს დამოკიდებული მათი კვების გრაფიკზე, მათი ცირკადული რიტმის განვითარება ეხმარება მათ უფრო დიდხანს იძინონ. მეოთხე თვეში ბავშვს შეუძლია ზედიზედ რვა საათის განმავლობაში იძინოს. 6-დან 9 თვემდე ძილის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 საათია, თუმცა რიგ შემთხვევ ებში ის შეიძლება 12 საათამდევ გაგრძელდეს.  6 თვის ასაკში,  პატარების ღამის ძილი ხშირად უწყვეტ 6 საათს ითვლის. თუმცა, ცხადია ეს უცვლელი ფორმულა არ არის.

როგორ დავეხმაროთ პატარას დაძინებაში

ზოგჯერ შეიძლება ისეთი შეგრძნება გქონდეთ, თითქოს მეტი ვეღარაფრით დაეხმარებით თქვენს პატარას ჩაძინებაში. გაითვალისწინეთ, რომ ჩვილებს ჩვეულებრივ არ უვითარდებათ ძილის სტაბილური ციკლი 3 თვის ასაკამდე, ამიტომ ზოგიერთი ეს რჩევა შეიძლება სასარგებლო იყოს უფრო შემდგომ თვეებში:

  • ძილისწინა რუტინა: ძილის წინ რეგულარული რუტინა ბავშვებს იოლად დაძინებაში დაეხმარება. ეს პროცესი  შეიძლება მოიცავდეს კვებას, ჩახუტებას, რწევას ან ბავშვთან ერთად მშვიდ „სეირნობას“ ოთახში;
  • ჩააწვინეთ  ნახევრად მძინარე ბავშვი თავის საწოლში, სანამ ბოლომდე ჩაეძინება. სასურველია, პატარებმა თავიდანვე, დამოუკიდებლად ისწავლონ დაძინება;
  • ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ნიშნებს: ჩვილებში განუწყვეტლივ ტირილი ან თვალებისა და ყურების  სრესა, მთქნარება, ჭირვეულობა, მათი ძილიანობის  და დაღლილობის მაჩვენებელია;
  • დაუყოვნებლივ ნუ უპასუხებთ ყველა ხმაურს, რომელსაც ჩვილი ძილის დროს გამოსცემს: პატარებმა შიძლება გარკვეული ხმები გამოსცენ, რაც არ ნიშნავს რომ მათ გამოცვლა ან კვება სჭირდებათ. მიეცით მათ რამდენიმე წუთი თავი თვითონვე დაიმშვიდონ, შემოწმებამდე;
  • შექმენით ბნელი, მყუდრო გარემო: ღამით ბავშვის ოთახის მყუდრო და ბნელი გარემო, მისი სტაბილური, ხანგრძლივი და უწყვეტი ძილის საწინდარია;
  • გაახვიეთ თქვენი პატარა ფრთხილად და ეტაპობრივად: ახალშობილებისთვის მათი „გახვევა“ (როგორც ამ პროცესს ვეძახით),  სასარგებლო და კომფორტულიც კია, იმისთვის, რომ თქვენმა პატარამ უკეთ და ხანგრძლივად დაიძინოს;
  • შეამცირეთ აქტივობა: ძილის დროის მოახლოებასთან ერთად თქვენი აქტივობის შემცირება დაეხმარება ბავშვებს მშვიდად დაძინებაში;
  • ღამის კვება და საფენის გამოცვლა უნდა იყოს მოკლე და რაც შეიძლება მშვიდი პროცესი, რის შემდეგაც პირდაპირ უნდა დააბრუნოთ ჩვილი თავის საწოლში, რომ ძილი მალევე შეიბრუნოს;
  • ბევრი ეთამაშეთ დღის განმავლობაში: დღის განმავლობაში აქტივობა ხელს უწყობს თქვენს ჩვილსს უფრო დიდხანს დარჩეს ფხიზლად, რაც აუცილებლად გაზრდის მისი ძილის ხანგრძლივობას ღამის განმავლობაში.

ძილის რეგრესი

ძილის რეგრესია არის ბავშვის ძილის დადგენილი რეჟიმის დარღვევა. ის შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ეტაპზე და უკავშირდებოდეს სხვადასხვა არაპროგნოზირებად  ფაქტორს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს დროებითი მოვლენაა და ვლინდება ბავშვის განვიტარების სხვადასხვა მონაკვეთში:

  • მე-4 თვე: მეოთხე თვეში ჩვილები ძილის არარეგულარული რეჟიმიდან გადადიან უფრო ორგანიზებულ ძილზე, რომელიც ცირკადული რითმებითაა განპირობებული. ეს ცვლილება, პატარებისთვის იოლი პროცესი არ არის, რამაც შეიძლება ძილის დარღვევა გამოიწვიოს;
  • მე-6 თვე: მეექვსე თვეში ბავშვის კბილები იწყებენ ამოჭრას და ზრდას, რაც ხელს შეუშლის მათ მშვიდ ძილში.
  • მე-8 თვე: მერვე თვე, ე.წ. განშორების პერიოდი, რომელიც ნიშნავს მშობლებისგან ან ძიძისგან პირველ დისტანცირებას. ამ ასაკში ბავშვს უვითარდება ძილში გადაბრუნების უნარი, რის დროსაც ის შეიძლება შეშფოთდეს მშობლის ან ძიძის იქვე ახლოს არყოფნის გამო.
  • მე-12 თვე: 8-თვიანი ძილის რეგრესიის ბევრმა მიზეზმა შეიძლება ასევე დაარღვიოს ძილი 12 თვის ბავშვებში. გარდა ამისა, განშორების შფოთვა შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს ამ ასაკში.
  • მე-18 თვე: განშორების გამო შფოთვა შეიძლება გაგრძელდეს 18 თვე, რასაც თან ახლავს მეტი დამოუკიდებლობის სურვილის გაჩენა და კოშმარების გაზრდილი შესაძლებლობა. ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს ძილის შეწყვეტა.

უსაფრთხო ძილის რჩევები ჩვილებისთვის

მშობლებს ხშირად უნდათ დარწმუნდნენ, რომ მათი ჩვილები უსაფრთხოდ არიან ძილის დროს. არსებობს მთელი რიგი ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეგიძლიათ თქვენი ბავშვისთვის უსაფრთხო საძილე გარემოს შესაქმნელად.

  • ოთახის გაზიარება: მიუხედავად იმისა, რომ თქვენს პატარასთან საწოლის გაზიარება არ არის რეკომენდირებული, მასთან ერთ ოთახში ყოფნა დაახლოებით 6 თვიდან 1 წლამდე პირიქით რეკომენდირებულია. ეს მას დაცულად აგრძნობინებს თავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ამ ასაკისთვის.
  • დააწვინეთ ბავშვი ზურგზე: სასურველია ბავშვს ზურგზე ერთ წლამდე ეძინოს, მაშინაც კი, თუ მას უკვე ბრუნვა და მუცელზე გადაგორება შეუძლია. ამ დროსაც კი, მიეცით საშუალება, თქვენი დახმარების გარეშე შეძლოს უკან ზურგზე გადაგორება;
  • დააცარიელეთ მათი საწოლი: ბავშვის საწოლში არ უნდა იყოს ჩაყრილი სათამაშო ცხოველები, კუბები, ბალიშები, პლედები და ა.შ. ადგილი, სადაც მათ სძინავთ უნდა შდგებოდეს მხოლოდ ძილისთვის საჭირო ნივთებისგან, ანუ ეს არის მატრასი და ზეწარი.
  • ჩააცვით პატარებს კლიმატის მიხედვით: ისინი ამინდისთვის: არ „ჩაფუთნოთ“ ისინი ძილის დროს სიცხეში. შეეცადეთ ტანსაცმელი ტემპერატურის მიხედვით შეურჩიოთ. ჩაცმისას ჩააცვით მათ ერთი ფენა ტანსაცმლით მეტი ვიდრე თქვენ გაცვიათ და ეს საკმარისი იქნება.

psp.ge

ინფორმაცია ეყრდნობა ამერიკის ძილის ექიმთა ასოციაციის წევრების მიერ გამოქვეყნებულ მასალებს

Scroll To Top