ნელი კინო მკვდარია

ინტერვიუ ლისანდრო ალონსოსთან

07.06.2023

„ნელმა კინომ“ საქართველოში მართლაც დააგვიანა. 2000-იან წლებში, როდესაც აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობდა, საქართველოში კვლავ ტრიუფოსა და ნახევარი საუკუნისწინანდელ ტალღებზე საუბრობდნენ და წუხდნენ.

2000-იან წლებში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ერთდროულად იფეთქა სინელის ნაღმებმა, რომლებმაც ჩიხში მყოფი კინო განადგურებისგან იხსნა. მოძრაობის ავანგარდში იყვნენ: პედრუ კოშტა, აპიჩატპონგ ვერასეტაკული, ლავ დიასი, კარლოს რეიგადასი, ჰოუ სიაო-სიანი, ბრუნო დიუმონი და მათ შორის ლისანდრო ალონსო, რომლის უკანასკნელი ფილმის პრემიერაც კანის რიგით 76-ე კინოფესტივალზე შედგა.

„ევრიკა“ (Eureka) საკონკურსო სექციის მიღმა აჩვენეს. ფილმის პრემიერა დებიუსის, ლუმიერების მთავარი დარბაზის შემდეგ რიგით მეორე მნიშვნელობის დარბაზში მოეწყო, რომელზეც რეჟისორი ნასვამი მივიდა და ამ ცნობის გაზიარებით დაიწყო სამადლობელი სიტყვის წარმოთქმაც. სწორედ აქ მივხვდი თუ ვისთან მექნებოდა საქმე – ორ დღეში მასთან ინტერვიუ მქონდა ჩანიშნული.

„ევრიკა“ ალონსოს ყველაზე იდუმალი ფილმია. მოქმედება შავ-თეთრ სამყაროში იწყება, კერძოდ ვესტერნის ჟანრის „ველურ დასავლეთში“, რომელშიც მთავარ როლებს კიარა მასტროიანი და ვიგო მორტენსენი ასრულებენ. მოქმედებას ინდიელი შამანის შელოცვა ხსნის. სიმღერას მალევე ველური დასავლეთის ყველასთვის ნაცნობი იმიჯები მოჰყვება.

ალონსოსთან ინტერვიუს კიდევ რამდენიმე ადამიანი ესწრება, რის გამოც მიჭირს მასთან უშუალო კავშირის დამყარება. სადღაც შუა საუბარში უსაქმოდ მყოფი (ჩემი ვარაუდით) მთარგმნელი გვტოვებს, მაგრამ ჩვენს გარშემო ალიაქოთი მაინც არ წყდება. ამრიგად, ინტერვიუს მსვლელობით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ვერაფერს ვცვლი. ალონსო გრძნობს უპირატესობას და განაგრძობს საკუთარი წესებით თამაშს, „მედიისთვის“ თავგზის არევას. მაგალითად, სრულად დარწმუნებული ვარ რომ ოხუნჯობს, როდესაც ამბობს, რომ ფილმი ვესტერნით იმიტომ დაიწყო, რომ უბრალოდ პროდიუსერებმა ამის საშუალება მისცეს.

გამხდარი, წვრილი მუქი თვალების მქონე ალონსო სავარაუდოდ მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტებს ხვდებოდა „გრან პალასის“ მეოთხე სართულის ტერასაზე, რომელიც ასეთი შეხვედრებისთვისაა განკუთვნილი. ჩვენ გარშემო კიდევ რამდენიმე ხმაურიანი ინტერვიუ მიმდინარეობს, რაც მისი სხეულის ნერვულ რხევებშიც აისახება.

დარწმუნებული ვარ, რომ ახლა მას სხვაგან ყოფნა ურჩევნია, მაგრამ ვალდებულებების გამო აქ ზის. კინოს მაგიის, მათ შორის ტრანსცენდენტური „ნელი კინოს“ უკანაც კი ინდუსტრიის დამღლელი სტრუქტურა იმალება. ოდნავ, მაგრამ ამ ვალდებულებებზე ალონსომ ინტერვიუს განმავლობაშიც ისაუბრა. კიარა მასტროიანის გადაღება ჩაფიქრებული თურმე არ ჰქონია და ფილმში ევროპელი ქალი მსახიობის არსებობა ევროპული დაფინანსების პირობას წარმოადგენდა. მარჩელო მასტროიანისა და კატრინ დენევის შვილმა ეპიზოდურ როლს თავი მართლაც კარგად გაართვა, თუმცა ფილმს ნამდვილი აღმოჩენა ჰყავს სედი ლაპოინტი (Sadie LaPointe), რომელმაც „ევრიკაში“ წარმოუდგენლად მაღალი ოსტატობით ითამაშა ერთ-ერთი ცენტრალური როლი.

ლაპოინტი სამხრეთ დაკოტაში ცხოვრობს, პაინ-რიჯის რეზერვაციასთან ახლოს – იმ ადგილის მეზობლად, რომელშიც ფილმია გადაღებული. 20 წლის სტუდენტს ამ ფილმამდეც სურდა კინოში გადაღება და ბედი მარტინ სკორსეზეს ვესტერნის კასტინგზე სცადა, მაგრამ წარუმატებლად. სხვათაშორის, ეს ფილმი ასევე აჩვენეს კანში, რომელშიც ლაპოინტი მხოლოდ ეპიზოდურ როლს თუ შეასრულებდა, „ევრიკაში“ კი მან დატყვევებული აბორიგენი მოსახლეობის სახე შექმნა.

„ძირითადად არ ვიღებ ქალაქებში, ვამჯობინებ ბუნებას, რომელშიც ვათავსებ გმირებს და ვაკვირდები თუ როგორ გაივლიან ისინი ამ სამყაროს. ფოკუსირებული ვარ იზოლირებულ ადგილებზე, რომლებიც კულტურის წესრიგისგან მოწყვეტილნი არიან“, ამბობს ალონსო. პაინ-რიჯის რეზერვაციაც ასეთი მოწყვეტილი წერტილია აშშ-ში, რომელშიც აბორიგენი მოსახლეობა იზოლირებულად ცხოვრობს და, როგორც ფილმშიც ჩანს, დასავლური ცხოვრების იმიტაციას ცდილობს, უფრო კი აიძულებენ. აქედან თავის დაღწევა ან თვითმკვლელობით შეიძლება (ლაპოინტისა და მასტროიანის დიალოგიდან ვიგებთ, რომ აქ ხშირია თვითმკვლელობა), ანდა „მოგზაურობაში წასვლით“.

სედი ლაპოინტის გმირი მოგზაურობისთვის ემზადება. ემშვიდობება ციხეში მყოფ ძმას. ბოლოს შამან ბაბუასთან მიდის, სვამს ნახარშს და ელოდება როდის გადაიქცევა ჩიტად. ჯადოსნური რეალიზმის ეს სცენა 20 წუთი გრძელდება, ძირითადად დიალოგის გარეშე, ერთი კადრით, რომელშიც ლაპოინტის გმირი საკუთარ ცხოვრებასა და ყოფას უსიტყვოდ ემშვიდობება.

პაინ-რიჯის რეზერვაციას ადამიანები იმიტომ ტოვებენ, რომ იქ ძველი კულტურის მითოლოგიისთვის ადგილი პრაქტიკულად აღარ რჩება. ინდიელების კომპაქტურ დახურულ დასახლებას ამერიკული სისტემა აორგანიზებს. მუშაობს ამერიკული სკოლა, პოლიცია და ციხე. ამ სივრცეს ქალი პოლიციელი გვაცნობს, რომელსაც მუდმივად მითითებებს კაცი დისპეტჩერის ხმა აძლევს.

დისპეტჩერს მაყურებელი სულ ერთხელ და ისიც ზურგიდან ნახავს. რადგან გარეგნობის გარჩევა შეუძლებელია, ალონსოს ვკითხე, იყო თუ არა ეს ადამიანი რეზერვაციაში ერთადერთი თეთრკანიანი კაცი, რაზეც მიპასუხა, რომ ეს პერსონაჟიც ჩაფიქრებული იყო როგორც ადგილობრივი. თუმცა პასუხის გულწრფელობაში არ ვარ დარწმუნებული, რადგან ჩაკითხვისას პარალელი გავავლე ფრინც ლანგიდ „დოქტორ მაბუზესთან“, რომელშიც დანაშაულებრივი სინდიკატის ორგანიზება ასევე ხმის მეშვეობით ხდება, ხმის პატრონს კი აქაც ვერ ვხედავთ. თუკი მეხსიერება არ მღალატობს, ამ დროს მას სახეზე რაღაცამ გადაუთამაშა, მაგრამ თითქოს საიდუმლოს ფარავდეს, მომიყვა ისტორია, თუ რატომ არ გამოაჩინა მსახიობის სახე, რაც არც თუ ისე საინტერესოდ და გულწრფელად მომეჩვენა და ამიტომ გამოვტოვებ მას.

როგორც არ უნდა იყოს, ფილმის გმირები რეზერვაციაში მუდმივ უბედურებაში ცხოვრობენ და მუდმივად მზად არიან ამ სივრციდან აორთქლებისთვის. სხვა გარემოებებთან ერთად, ეს ძველი მითოლოგიის გაქრობას ხომ არ უკავშირდება – ვეკითხები ალონსოს, – რადგან კიარა მასტროიანის გმირიც ამ ადგილებში ჩამოდის ვესტერნის სერიალისთვის ახალი „ლოკაციების“ მოსაძებნად, რომლებშიც ახალ ისტორიებსა და ახალ მითოლოგიებს ჩამოიტანენ და არა იმ ადამიანების აღმოსაჩენად, რომლებიც ამ ადგილებში ცხოვრობენ.

„ჩვენ ერთ ბრძოლაში ვიმყოფებით“, მომმართავს და შემდეგ თითქოს ინტერვიუს სხვა დამსწრეთათვის აკეთებს ტიპურ განცხადებას, რომ მისთვის ადამიანების აბორიგენებად, ადგილობრივებად (native) აღწერა დრომოჭმულ პრაქტიკასთან ასოცირდება. „სუფთა სისხლის ადგილობრივი აღარ არსებობს. სამხრეთ ამერიკიდან ვარ და მაგალითად, პარაგვაისა თუ ბოლივიაში ყველა ადგილობრივია. მაგრამ აშშ-ში ადგილობრივები მართლაც განცალკევებით ცხოვრობენ, რაც დიდ განსხვავებას წარმოქმნის დანარჩენ მოსახლეობასთან. მათ არ შეუძლიათ თავისუფლად ურთიერთობა სხვებთან, რადგან რეზერვაციაში ვერავინ აღწევს და ასევე ვერავინ გამოდის იქიდან. ჩემთვის ეს ორმაგი პრობლემაა. ადგილობრივები გაჭედილები არიან ასეთ რეზერვაციებში. ამიტომ ვსვამ კითხვას, რამდენად არიან ისინი „ადგილობრივები,“ თუ ეს უბრალოდ განსხვავებული კულტურაა. მაგრამ ამავდროულად ისინი ინახავენ და აგრძელებენ ძველ ტრადიციებსა და მისტიკას, რითაც ამაყობენ. გარკვეულწილად ისინი წარსულში ცხოვრობენ, რადგან მათ არ აქვთ ახალი საშუალებები აწმყოს გაგებისა და გათავისებისთვის.“

ალონსოს ფუნქცია, ისევე როგორც ყველა კარგი შემოქმედის, არა პასუხების გაცემაში, არამედ კითხვების დასმაშია. როგორც დასაწყისში გვითხრა, მისი ამოცანაა პერსონაჟების გამოცდილების ჩვენებაა, განსხვავებით ზემოთ ნახსენები „ფრანგული ტალღისგან“, რომელიც სიუჟეტზე, ამბავზე აფუძნებდა კინოს და არა თანდასწრებაზე, შთაბეჭდილებაზე, სივრცესა და დროში გადაადგილებაზე.

ცუდი იდეაა „ნელ კინოზე“ საუბრის დაწყება ამ სკოლის წარმომადგენელთან, რომლებიც, როგორც ჩანს, ვერ ივიწყებენ მარცხს, რაც „ნელმა კინომ“ განიცადა როგორც მიმდინარეობამ, მაგრამ არა როგორც მოვლენამ. ლისანდროს რეაქციამ ამაში დამარწმუნა, მან კითხვის დასრულებაც არ მაცადა და მომიჭრა, რომ „ნელმა კინომ“ მისთვის 15 წლის წინ შეწყვიტა არსებობა. ინტერვიუს ეს ფინალი იმდენად მრავლისმეტყველი და ჭეშმარიტებით სავსე იყო, რომ მეც თავისთავად დავთანხმდი საუბრის აქ შეწყვეტაზე, თან იმის ახსნაც აღარ მომიწევდა, რომ ქართულ კინოში სინელემ მხოლოდ ახლა დაიწყო შემოსვლა.

გიორგი რაზმაძე

View Comment (1)

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top