სიზმრების მბრძანებელი
გადმოსცე სიტყვებით თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორის, დიზაინერის, მხატვრისა და სცენოგრაფის, რობერტ ვილსონის თეატრალური სამყარო, ეს იგივეა,შეეცადო სიზმარი პროზაულ ენაზე აღწერო. უკვე რამდენიმე ათეული წელია,რობერტ ვილსონის სახელი განსაკუთრებულ თეატრალურ ენას, თხრობის სტილსა და გამომსახველობით ფორმას უკავშირდება.
გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ის დღემდე მსოფლიო თეატრის უდავო ავტორიტეტად და ლიდერად რჩება, რომელმაც გამორჩეული თეატრალური ენა და სამყარო შექმნა (როგორც ვთქვათ, ბრესონმა, კასავეტესმა ან ფელინიმ კინოში). მისი წარმოდგენები შეიძლება მოვიაზროთ დრამატული თეატრის, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების, მოდის, ცირკისა თუ თანამედროვე ცეკვის გადაკვეთაზე, რომელშიც დახვეწილი პლასტიკური ფორმა და ჯადოსნური შთაბეჭდილება ერთმანეთს ავსებს.
ვილსონის უმთავრესი და განსაკუთრებული „ინსტრუმენტებია“ არქიტექტურა, სცენოგრაფია და განათება, რომელთა საშუალებით სპექტაკლებში მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ, მომნუსხავ და მაგიურ სამყაროს ქმნის – ერთგვარ სცენურ სიზმარს, რომელშიც სიცოცხლე და აჩრდილები თანაარსებობენ.
რობერტ ვილსონი 1941 წელს, ამერიკაში, ტეხასის შტატში დაიბადა. სწავლობდა არქიტექტურასა და დიზაინს ნიუ-იორკში. 70-იანი წლებიდან გადადის ევროპაში, სადაც თავისი უჩვეულო წარმოდგენებით ცდილობს „თეატრალური ლანდშაფტი“ შეცვალოს. გარკვეულ მანიფესტად შეიძლება მივიჩნიოთ მისი ადრეული პერიოდის კონცეფცია: „თეატრში ყველაფერი მექანიკური უნდა იყოს. როდესაც მსახიობი თამაშს ავტომატიზმამდე სრულყოფს, ამით იგი თავისუფლდება კიდეც. მხოლოდ მექანიკა და სრულყოფილება იძლევა ამგვარი თავისუფლების შეგრძნებას“.
ვილსონი ინტენსიურად დგამს დრამატულ და მუსიკალურ სპექტაკლებს, ოპერებს, პერფორმანსებს, თანამშრომლობს მოდის, შოუ-ბიზნესისა თუ თანამედროვე ხელოვნების ცნობილ არტისტებთან.ამის მაგალითია „ინსტალაცია მსახიობებთან“ გუგენჰაიმის მუზეუმში, „ჯორჯო არმანის ისტორია“, ან პერფორმანსი მარინა აბრამოვიჩის მონაწილეობით („სიცოცხლე და სიკვდილი“)…
ვფიქრობთ, „ამარტას“ ექსკლუზიური ინტერვიუ „თეატრალური სიზმრების“ ნამდვილ მბრძანებელთან – რობერტ ვილსონთან, არამხოლოდ თეატრალებს დააინტერესებთ, არამედ მოდის, დიზაინის, მხატვრობისა და არქიტექტურის მოყვარულებსაც. და რადგან ჟურნალის ახალი, კონცეპტუალური ნომერი მთლიანად თეთრ ფერს ეძღვნება, ჩვენი პირველი შეკითხვაც ბუნებრივია, თეთრი ფერის მნიშვნელობას, მის განზომილებას, მრავალფეროვნებასა თუ ეგზისტენციას ეხებოდა : რას ნიშნავს სახელოვანი რეჟისორისათვის თეთრი ფერი, როგორია ასე ვთქვათ, „თეთრი ვილსონი“?
„სიმართლე გითხრათ, თეთრი ჩემთვის შავის გარეშე არ არსებობს. შავის ფონზე თეთრი უფრო თეთრდება და პირიქით, შავი უფრო შავდება. თეატრში, ყველაზე ჩაბნელებულ ეპიზოდებსაც კი შუქი აუცილებლად ჭირდება.“
თითქმის მაგიური მნიშვნელობის შავ-თეთრის გავლენა,რაზეც ვილსონი მიუთითებს, არამხოლოდ მის წარმოდგენებში იგრძნობა, არამედ ინსტალაციებსა და საოპერო დადგმებშიც.თეთრი ფერის დეკორაციას, კოსტიუმებს, განათებას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს 2007 წელს წარმოდგენილ პერფორმანსში „პორტრეტების სერია“, რომელშიც ბრედ პიტის, შარონ სტოუნის, ვაინონა რაიდერისა და იზაბელ იუპერის პორტრეტებია გაცოცხლებული. ასევე მნიშვნელოვანი და დომინანტურია თეთრი ფერი რუსეთში, კერძოდ პერმში ახლალხან დადაგმულ „ტრავიატაში“.
თავის დროზე, „ტრავიატას“ დადგმა მას პარიზის „გრანდ ოპერის“ ინტენდანტმა, ჟერარ მორტიემ შესთავაზა, თუმცა ვილსონს მაინცადამაინც არ იზიდავდა ვერდის ეს ოპერა, რომელსაც „სენტიმენტალურ კიჩად“ თვლიდა (ისევე ,როგორც პუჩინის „მადამ ბატერფლაის“)
„სირთულე ისაა, რომ აუცილებელია მოძებნო მუსიკის შესატყვისი ემოცია… ემოცია ეს ის არ არის, რაც შეიძლება აღწერო. თუ ის ნამდვილი და ჭეშმარიტია, აუცილებლად გამოვლინდება. თეთრი ჩემთვის სუფთა ტილოა, რომელზეც ხაზებს ვავლებ: იქნება ეს ხმასთან შერწყმაში, მოძრაობასთან კავშირში, თუ ზოგადად, კოსტიუმებიდან გამომდინარე. ეს არის ხაზები, რომელიც სივრცეში ჩანს და სივრცეს ავსებს. ჩემს წარმოდგენებს თითქმის ყოველთვის სრული სიბნელით ვიწყებ და მხოლოდ ამის შემდეგ ვამატებ შუქს. შუქი ქმნის სივრცეს, ხოლო შუქის გარეშე სივრცე არ არსებობს –რადგან თეთრი ყველა ფერის სპექტრია“.
გამორჩეულ მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ სპექტაკლი „შექსპირის სონეტები“, რომელიც ვილსონმა 2009 წელს,ბერტოლდ ბრეხტის მიერ დაარსებულ „ბერლინერ ანსამბლში“დადგა. სპექტაკლისთვის მუსიკა თავად ვილსონის დაკვეთით,ახალგაზრდა კომპოზიტორმა,რუფუს უაინრაითმა დაწერა. მანამდე „ბრეხტის სახლში“ვილსონმა „სამგროშიანი ოპერა“ განახორციელა, ხოლო კიდევ რამდენიმე წლით ადრე, რობერტ ვინეს ექსპრესიონისტული კინოშედევრის, „დოქტორ კალიგარის კაბინეტის“ სცენური ვერსია შექმნა. შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს მეტ-ნაკლებად ცნობილი დრამატული თუ საოპერო თეატრი ევროპაში, სადაც ვილსონს სპექტაკლი არ დაედგას, თუმცა ბერლინი მისთვის მაინც გამორჩეულ თეატრალური ქალაქია.
„პირველი, რაც ადამიანებს წარმოდგენის შემდეგ ამახსოვრდებათ, ეს არის განათების, ფერის, ფორმის, კონსტრუქციის შესახებ შთაბეჭდილება. ეს ეხება ნებისმიერ ავტორს, ბრეხტი იქნება თუ შექსპირი, ან თუნდაც მარინა აბრამოვიჩი…“
გარდა მარინა აბრამოვიჩისა, ვილსონი თანამშრომლობს მოდის, შოუ-ბიზნესისა და თანამედროვე ხელოვნების ცნობილ არტისტებთან .მაგალითად შეიძლება გავიხსენოთ „ინსტალაცია მსახიობებთან“ გუგენჰაიმის მუზეუმში, საოპერო საპექტაკლები პარიზში, ან პერფორმანსი „ჯორჯო არმანის ისტორია“… თუმცა „მარინა აბრამოვიჩის „სიცოცხლე და სიკვდილი“(სადაც თავად მარინა აბრამოვიჩი მონაწილეობდა) იმდენად მასშტაბური და მრავალმხრივი აღმოჩნდა, რომ ბუნებრივად აღძრავს ცნობისმოყვარეობას – როგორ ახერხებს რეჟისორი ეკონომიკური კრიზის პირობებშიც კი ყველაფერი ხელოვნების, არტის იდეის ფარგლებში მოაქციოს?
„მე ვფიქრობ, რომ ხელოვნებას არაფერი ესაქმება ეკონომიკასთან. ხელოვნება ცეცხლივითაა, მან შეიძლება გაგათბოს და ამავე დროს, დაგწვას და გატკინოს. მას გვერდზე დგომა ჭირდება და ის არის ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი, რომელიც 5 ათასი წლის მერეც იარსებებს. ისევე ,როგორც დღეს ვხედავთ 5 ათასი წლის წინ შექმნილ ხელოვნების დიდებულ ნიმუშებს“.
ვილსონის კავშირი მოდის სამყაროსთან ისეთივე საინტერესო და მრავალფეროვანია, როგორც მის მიერ დადგმული დრამატული და საოპერო სპექტაკლები. ასეთი ინტენსიური შემოქმედებითი ცხოვრების მიუხედავად, ის ახერხებს ერერას, ვერსაჩეს თუ არმანის მოდის სახლებთან თანამშრიმლობას, რაც კითხვებს ბადებს – ეს გაბედული, კრეატიული იდეები შეთავაზების გამო ხდება, თუ არსებობს გარკვეული საერთო და თანმხვედრი ინტერესები მოდის სახლებთან?
„მე ერთმანეთისგან არ ვანსხვავებ სიმღერას, ცეკვას, კაბის დიზაინს, არქიტექტურას, სცენური სივრცის შექმნას და იმ გადაწყვეტილებებამდე სვლას, რომელსაც დრო გვკარნახობს.
შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად გამიმართლა, რადგან სხვადასხვა დროს, ბერლინში ვნახე ვილსონის ბრწყინვალე თეატრალური წარმოდგენები – „შექსპირის სონეტები“ (ამ სპექტაკლზე მოხვედრა ცალკე ისტორიაა) და „სამგროშიანი ოპერა“ (გერმანული კინოსა და თეატრის ვარსკვლავის, ანგელიკა ვინკლერის მონაწილეობით) „ბერლინერ ამსამბლში“ და რაც მთავარია, დაუვიწყარი იზაბელ იუპერი „კვარტეტში“, (ჰაინერ მიულერის პიესის მიხედვით), რომლის ოცწუთიანი, საოცარი მონოლოგი ზმანებას უფრო ჰგავდა. ყველაზე საინტერესო ის არის, თუ როგორ აღწევს ვილსონი სიტყვით, სხეულით, გრიმით, მოძრაობით და განათებით ასეთი მაგიური თუ სიზმრისეული მდგომარეობა შექმნას….
„მე ამას უკვე 46 წელია ვაკეთებ. განსაკუთრებული არაფერი მისწავლია, უბრალოდ ავდექი და გავაკეთე, შევქმენი. შედეგი კეთებას, ცდას და პრაქტიკას მოაქვს. ჩვენ ხომ სიარულს დაცემისას ან სიარულისას ვსწავლობთ…“
არსებობს კრიტიკოსებისა თუ ჟურნალისტების მოსაზრება (რამდენად სწორი, ეს სხვა საკითხია), რომლებიც ვილსონის სცენურ სამყაროს ხან „პერფექციონისტულ თეატრს“ უწოდებენ და ხანაც „ეკოლოგიურ თეატრს“, სადაც ყველაფერი ზუსტად არის გათვლილი, ლამის მილიმეტრებში: მსახიობის დგომა სცენაზე, განათების ხარისხი, რაკურსი, პაუზები, სიჩუმის ინტენსივობა…
„ყველაფერს, რაც თეატრის შემადგენელი ნაწილია, დიდი სიმკაცრით ვუდგები. ჩემი მიმართულებები და მითითებები ინტერპრეტაციას არასოდეს საჭიროებს. ძალიან ფორმალური, ხშირად კონკრეტული მიდგომა მაქვს: სწრაფად, უფრო ნელა, მეტი ინტერიერი, მეტი ექსტერიერი, მეტი სიმშვიდე, უფრო ხმამაღლა, უფრო უხეშად, უფრო რბილად... ადამიანზეა დამოკიდებული,ამ ყველაფერს როგორ ასახავს, როგორ მოაქცევს ფორმაში. ბალეტის მოცეკვავეების მწკრივში ცეკვა ერთი და იგივე მოძრაობისგან შედგება, მას ერთი ხაზი აქვს, მაგრამ რატომ ხდება, რომ ერთი გამორჩეულად ლამაზია, ვიდრე დანარჩენები?. როგორც ენდი უორჰოლმა თქვა – „მე მინდა ვიყო მანქანა“.
შეგვიძლია მხოლოდ წარმოვიდგინოთ, თუ რა რთული ამოცანის წინაშე დგანან მომღერლები ვილსონის საოპერო წარმოდგენებში, რომლებსაც სუნთქვა ბოლომდე მოწესრიგებული უნდა ჰქონდეთ და თან, ვოკალისათვის საკმაოდ რთულ პოზიციაში უხდებათ არიის შესრულება.საინტერესოა, უქმნის თუ არა რეჟისორის ფანტაზია გარკვეულ პრობლემას მომღერლებს ან მსახიობებს?
„თუ მომღერლები ან მსახიობები არაკომფორტულ მდგომარეობაში არიან, ეს ნიშნავს, რომ ან მე ან ისინი რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. ჩემი მითითებები და მიდგომა ყოველთვის უნდა ეხმარებოდეს მომღერალს, რომ უკეთესად მღერის საშუალება შეეძლოს“
დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში, რობერტ ვილსონმა კოპენჰაგენში 12 საათიანი, უჩვეულო თეატრალური სანახაობა დადგა – „იოსებ სტალინის ცხოვრება და დრო“, რომელსაც კრიტიკოსებმა „მუნჯური ოპერა“ უწოდეს. სტალინის შესახებ ბიოგრაფიული ფაქტების თავმოყრა ერთ მუსიკალურ ნაწარმოებში და თავად პოლიტიკური მესიჯები (თუნდაც გასული საუკუნის!) უკვე ძალიან მნიშვნელოვანი გვეჩვენება, თუმცა არა ვილსონს, რომელიც სტალინის შესახებ დადგმულ „მუნჯურ ოპერას“ სოციალურ-პოლიტიკური კუთხით არ განიხილავს
„პოლიტიკური მესიჯის შესახებ განსაკუთრებულს ვერაფერს გეტყვით. ჩემი ნამუშევრები მრავალნაირ ასოციაციებს იწვევს. ისინი სავსეა სხვადასხვა მიგნებებით, თუმცა არასოდეს ვანიჭებ რაღაც კონკრეტულ, სპეციფიურ მნიშვნელობას. მუშაობის მიზანია გათქმევინოს – „რას ნიშნავს ეს“ და არ დასვას კითხვები რაიმე კონკრეტულზე. მაგალითად, სტალინის ცხოვრებაზე ბევრი რამ წავიკითხე, თუმცა ჩემი მიზანი მისი პორტრეტის სცენაზე გადმოტანა არ ყოფილა – ის, რაც წიგნებშია ასახული. მე ხელოვანი ვარ და ის, რაც სცენიდან ჩანს უფრო ვიზუალური პოემაა, რომელსაც ისტორიის ამსახველ წიგნებში ვერასოდეს იპოვით. ეს მხოლოდ თეატრალური სივრცისთვის შექმნილი პერფორმანსია და არა სტალინის საილუსტრაციოდ შექმნილი ნამუშევარი“.
აქვე დავძენთ, რომ სამწუხაროდ, ბატონ ვილსონს არაფერი სმენია ქართულ თეატრსა და რეჟისორებზე, თუმცა ამბობს, რომ ქართული სამზარეულო ძალიან უყვარს…. მაგრამ გასტრონომია, ჯერ-ჯერობით, ჩვენს თეატრალურ წარმატებაზე არ აისახება. მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო 70-80-იან წლებში თანამშრომლობა კომპოზიტორ ფილიპ გლასთან. სწორედ მისი ოპერა, უფრო ზუსტად, „პოეტური მედიტაცია“ სახელწოდებით„აინშტაინი სანაპიროზე“, ვილოსნმა გაბედულ რეჟისორულ და შემოქმედებით ექსპერიმენტად აქცა…
“ჩვენ დიდი ხანი ვთანამშრომლობდით და დღესაც სიამოვნებით დავდგამდი ფიპილ გლასის SATYAGRAHA-ს“.
ვილსონის ერთ-ერთ ცნობილ ვიდეოარტს ასე ეწოდება – „ლექცია არაფერზე“.საინტერესოა, რომ დღევანდელი, დაღლილი, ზოგჯერ სოციალური და ხშირად ფორმალისტური თეატრიც მაყურებელს სწორედ „არაფერზე“ უყვება. საინტერესოა, სად არის გამოსავალი და როგორ წარმოუდგენია ვილოსნს თანამედროვე ტექნოლოგიის პირობებში თეატრის მომავალი?
„მე ვფიქრობ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ჩვენ ვსწავლობთ თეატრში სხვანაირად მოსმენას და დანახვას. ეს ძალიან საინტერესო პროცესია და გაგრძელდება მომავალშიც“.
არსებობს ამგვარი მოსაზრებაც, რომ ვილსონი უბრალოდ მოდური და ტექნოლოგიურად კარგად „გამართული“ რეჟისორია; რომ ამაღლებულისა და ნაივურის შერწყმას სოციალური და პოლიტიკური სტერილურობის ხარჯზე აკეთებს; რომ დროსა და სივრცეს კარგად შემუშავებული, სრულყოფილი ტრიუკებით უსწორდება; რომ დიდი ხანია საკუთარი თეატრალური რეალობა შექმნა, რომელსაც ცალი თვალითაც რომ შეხედოთ, სხვაში არასოდეს აგერევათ….
და რაც მთავარია, ის სხვისი და საკუთარი სიზმრების მბრძანებელია!
დავით ბუხრიკიძე