Balenciaga-ს მუზა
24.05.2023
Eliza Douglas-ი ანდროგენული გარეგნობით, ტატუებითა და გაცვეთილი ჯინსებით, ევროპული cool-ის განსახიერებაა, რომელმაც გერმანელ არტისტთან და მის პარტიორთან, Anne Imhof-თან თანამშრომლობით გაითქვა სახელი. დუგლასის ხანგრძლივი კარიერა ხელოვნების, მოდის და მუსიკის ურთიერთკავშირით გამოირჩევა. სამოდელო ინდუსტრიის მხრიდან არაერთი უარის შემდეგ, დუგლასმა ფრანქფურტის სამხატვრო სკოლაში გადაინაცვლა, სადაც მის ხედვას „დამახინჯებული“ ნახატებით, ანიმე იმიჯებით, რეკლამებითა და ლოზუნგებით გამოხატავდა.
2015 წელს იმჰოფთან შეხვედრა არტისტის ცხოვრებაში გარდამტეხი იყო, რომელიც დუგლასის თქმით, მას საკუთარ თავში პოტენციალის დანახვაში დაეხმარა. მას შემდეგ, ის იმჰოფის შემოქმედების დიდ ნაწილად იქცა, მათ შორის 2017 წლის ვენეციის ბიენალეს ოქროს ლომის პრიზის მფლობელი „ფაუსტი“-ს. 2016 წელს, დუგლასმა Städelschule-ის Rundgang-ში, პირველად წარადგინა მისი ნამუშევრები. ის ევროპელი სტუდენტების ორგანიზებით კეთდება, რომელიც ცნობილი კოლექციონერებისა და კურატორების მოზიდვას და ახალგაზრდა არტისტების კარიერის წამოწყებას უწყობს ხელს. ღონისძიებამ დუგლასისთვის ახალ შესაძლებლობებს გაუხსნა გზა, კერძოდ, მოდის ინდუსტრიაში.
დემნა გვასალიას მიერ გამოწვეულმა ინტერესმა, არტისტი მოდის სცენაზე დააბრუნა და ის Vetements-ის და Balenciaga-ს ჩვენებების წამყვან სახედ იქცა. 2000-იანი წლების დასაწყისში, ის ჰელმუტ ლანგის ჩვენებებში იღებდა მონაწილეობას და როგორც თავად ხელოვანი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ოფისში ხშირად სპორტულებში ჩაცმული და არეული თმით მიდიოდა, ჰელმუტთან მუშაობა, განსაკუთრებით იმ ეპოქაში, სხვებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.
„როდესაც დემნას პირველად შევხვდი, მას ჩემი პოდიუმზე სიარულის ნახვა სურდა და საჭიროდ ჩავთვალე გამეფრთხილებინა, რომ მოდელივით სიარული არ ვიცოდი, რაზეც მან მიპასუხა – ‘კარგია. იარე ისე, როგორც ქუჩაში დადიხარ’“, გიხსენებს ელაიზა. ზოგადად, ქართველი დიზაინერის ჩვენებები ავთენტური მოდელებით გამოირჩევა; ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ დუგლასი Balenciaga-ს ესთეტიკას იდეალურად მოერგო.
დუგლასისთვის მოდელობის მთავარი ხიბლი სკოლის გარემოდან გაქცევის საშუალება იყო. მიუხედავად იმისა, რომ მან თავი განსხვავებულ სფეროში, კერძოდ მხატვრობაში დაიმკვიდრა, მოდა არტისტისთვის ერთგვარი თვითგამოხატვის საშუალებად იქცა. განსაკუთრებით დემნა გვასალიასთან თანამრომლობა, რომელიც მისი შემოქმედებითა და გავლენით მოდის დიზაინერის საზღვრებს სცილდება. სწორედ ამან განაპირობა დუგლასის და Balenciaga-ს მრავალწლიანი თანამშრომლობა.
Balenciaga-ს მუზის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჩვენება Balenciaga გაზაფხული-ზაფხული 2022 – Clones იყო. ეს ჩვენება, ტექნოლოგიით გამოწვეული ცვლილების პროცესს და ცხოვრებას ტექნოლოგიის თვალით ასახავს. სამყაროში, რომელსაც ფილტრით ვუყურებთ, ვეღარ ვანსხვავებთ ავთენტურსა და ყალბს, ფაქტს და ფიქციას. ტექნოლოგია ალტერნატულ რეალობას და იდენტობას ქმნის, ე.წ. ციფრული კლონების სამყაროს. ჩვენების კონცეფციის საილუსტრაციოდ, 2022 წლის გაზაფხულის კოლექციის ყველა look-ი დემნამ სწორედ ელაიზა დუგლასს მოარგო, რომელიც ბრენდის კამპანიების უმეტესობაში მონაწილეობდა და ხშირად ხსნიდა და ხურავდა მის ჩვენებებს. კვენტინ დერნოზიერის მიერ გადაღებულ ვიდეოში, დუგლასი ციფრული კლონის სახით გვევლინება, რომელთაგანაც ზოგიერთი deepfake-ია ან არტისტის ფოტოგრამეტრიით დაფიქსირებული და CG-სკანირებული ციფრულად გადანერგილი სახე.
დუგლასისთვის მოდის ინდუსტრიაში მუშაობა სიურპრიზებით აღსავსე აღმოჩნდა. კარიერის დასაწყისში, არაორდინალური გარეგნობიდან გამომდინარე არტისტი ხშირად კრიტიკის საგანი ხდებოდა, მას „ზედმეტად დიდად“, „დაკუნთულად“ ან „მამაკაცურად“ მიიჩნევდნენ. თუმცა, თანამედროვე მოდის სტანდარტებმა დროთა განმავლობაში მსგავსი მიდგომა შეცვალა, რაშიც დემნა გვასალიამ დიდი წვლილი შეიტანა. Balenciaga-სთან თანამშრომლობამ, თავად დუგლასის პერცეფციაც შეცვალა: „მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ნამდვილ მეგობრებს გავიჩენდი და ვიგრძნობდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანის ნაწილი ვარ. მადლობელი ვარ იმისთვის, რაც დემნამ ჩემს ცხოვრებაში შემოიტანა.“
ნინკა მამულაშვილი